”ბიზნესსაცობი” აღმაშენებლის გამზირზე - კვირის პალიტრა

”ბიზნესსაცობი” აღმაშენებლის გამზირზე

ერთ დროს მნიშვნელოვანი საქმიანი არტერია დაუსრულებელმა რემონტმა დააზარალა

რემონტი შინ ხომ გაგიკეთებიათ? საიდან იწყებთ მუშაობას? - ცხადია, ჯერ საკომუნიკაციო ქსელებს ცვლით, იატაკსა და კედლებს ამუშავებთ და როცა პარკეტს ან სხვა საფარს დააგებთ, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებთ კედლების შეღებვას ან შპალერის გაკვრას. ამ საქმეს ბოლოსთვის იმიტომ იტოვებთ, რომ ახალშეღებილი კედლები არ დაიმტვეროს და თავიდან შესარემონტებელი არ გახდეს. ეს მარტივი სქემა თბილისში არსებულმა ერთ-ერთმა მწვავე პრობლემამ გამახსენა.

აღმაშენებლის გამზირზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში (ერთ მონაკვეთზე) დაახლოებით ხუთჯერ აღმართეს ხარაჩოები და თავიდან გააკეთეს შენობების ფასადის რემონტი. ღმერთმანი, ისე არ გამიგოთ, რომ ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციის საწინააღმდეგო მქონდეს რამე, მაგრამ გაუგებარია ერთსა და იმავე კედელზე მთელი წლის განმავლობაში ხუთჯერ ხარაჩოების მიდგმა, ამდენჯერვე ერთი და იმავე საქმის კეთება, მონგრევა, ლესვა და ღებვა... რომ არ გინდოდეს, უნებლიეთ გაფიქრებინებენ, რომ ამ საქმის ორგანიზატორმა რეაბილიტაცია წინასწარ მომზადებული პროექტის გარეშე დაიწყო (თუ ბოლოდროინდელ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ეს გასაკვირი არ იქნება) და გზადაგზა აღმოაჩინა, რომ უკვე აღდგენილ ნაწილში გასაკეთებელი კიდევ ბევრი იყო. დავუშვათ, ერთხელ გამოგრჩა რაღაც, თუნდაც ორჯერ გამორჩენაც გასაგებია, მაგრამ როგორ გავიგოთ ერთი წლის განმავლობაში ხუთჯერ თუ ექვსჯერ ერთი და იმავე კედლის შეკეთება და შეღებვა...KvirisPalitra.Ge

უფრო მეტიც - საკომუნიკაციო ქსელების მოწესრიგება კედლების შეღებვის შემდეგ დაიწყეს. თამარ მეფის ხიდიდან მოყოლებული, მეტრო ”მარჯანიშვილამდე” გადათხრილ აღმაშენებლის გამზირზე, განსაკუთრებით საღამოობით, მტვრის ისეთი ბუღი დგას, ათი მეტრის იქით საგნების გარჩევა ჭირს. ახლად შეღებილ კედლებსაც ეფინება მტვერი და მუქად იბურება. თუმცა, მერედა რა - მშენებლები ისე მიეჩვივნენ ამ მონაკვეთზე (განსაკუთრებით, რკინიგზელთა კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე) ხარაჩოების გაშლა-დაკეცვას, რომ მალე ალბათ გინესის წიგნში მოხვდებიან ამ «ჟანრის» უნებლიე რეკორდით.

”ეკოპალიტრა” შეეცადა, ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან და მერიის სამსახურებიდან პასუხი მიეღო და როგორმე აეხსნა აღმაშენებლის გამზირზე არსებული ვითარება. სამწუხაროდ, ჩვენი შეკითხვების ადრესატებმა ვერ მოიცალეს და შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა, როდის დასრულდება აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. თუ სამუშაოები უსაშველოდ გაგრძელდება, ამით ალბათ უფრო გამყარდება მოარული ხმები, რომ ასეთ სამშენებლო საქმეებში დროის გაჭიანურებით მეტი ფული კეთდება. რა მექანიზმით? ეს ალბათ ცალკე თემაა. ამ ეტაპზე კი გაურკვეველია, არსებობს თუ არა აღმაშენებლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო პროექტი და არის თუ არა დათვლილი მიახლოებით მაინც, რა თანხა სჭირდება მის განხორციელებას. თუ პროექტი არსებობს, მაშინ რატომ ხდება, რომ ჯერ ფასადები რემონტდება და მერე იწყება მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა და გზის საფრის დაგება? ასე ხომ ახლად შეღებილი შენობების კედლები იმტვერება და ხელახლა სარემონტო ხდება.

პროექტის წარდგენისას, 2010 წლის იანვრის ბოლოს, გავრცელდა ცნობა, რომ სამუშაოების პირველ ეტაპზე, თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნამდე, სულ 70 სახლის აღდგენა იყო დაგეგმილი, ხოლო ხარაჩოში ჩასმული იყო და სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდებოდა 30 სახლს. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა. საინტერესოა, რომ თბილისის მერიის საიტზე დავით აღმაშენებლის გამზირზე სახლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ეგიდით დღესაც მხოლოდ 30 სახლის პროექტია გამოქვეყნებული...

დედაქალაქის ერთ დროს მნიშვნელოვან საქმიან არტერიაზე ზოზინით მუშაობა სხვადასხვა სახის ეკონომიკურ ზარალს იწვევს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღმაშენებლის გამზირზე ბევრი მაღაზია, მათ შორის ბრენდების მაღაზიებიც დაიხურა. ისინი კი, ვინც ჯიუტად გადაწყვიტა გადათხრილ და ხარაჩოებიან ქუჩაზე დარჩენა, წუწუნებენ და ნანობენ, რომ ადრევე არ იზრუნეს სხვაგან გადასვლაზე კლიენტს აღარ დავკარგავდით და წაგებასაც აღარ ვნახავდითო. მაღაზიებთან მისასვლელები ზოგან თითქმის აღარ არსებობს, რაც კლიენტურის სტუმრობაზე გავლენას უთუოდ ახდენს. მათ თვალს ვეღარც ხარაჩოებში მიმალული ფასდაკლების მანიშნებელი წარწერები იტაცებს.

პრობლემები არა მარტო ბიზნესს, არამედ იქ მცხოვრებლებსაც ექმნებათ. ერთმა ნაცნობმა შემომჩივლა - ”მადლობის მეტი რა მეთქმის, აღმაშენებელზე ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ვცხოვრობ და ჩემს ბინას მანსარდის სართულს აშენებენ. მაგრამ ესაა, რომ სახლი ორ თვეზე მეტია, სახურავახდილი დგას, მაისისა და ივნისის წვიმებმა ძვირფასი პარკეტის იატაკი დამილპო, კედლები კი ობის სოკოთი დაიფარა. მშენებლებმა მითხრეს, შიდა პრობლემები ჩვენ არ გვეხებაო. კი მაგრამ, ეს პრობლემები მე ხომ არ შემიქმნია? როდის დამთავრდება სახლის გადახურვა, არავინ იცის. ამასობაში წლობით ნალოლიავები ბინა და ავეჯი მენგრევა და მილპება, პასუხისმგებელი კი არავინაა. ქუჩის მხარეს ფანჯრები შეგვიცვალეს, იმასაც აღარ დავეძებ, რომ რამდენიმე ფანჯარა ზომაზე პატარა აღმოჩნდა... ეზოს მხარეს ამორტიზებული შუშაბანდის გამოცვლა მინდა, რასაკვირველია, ჩემი ხარჯით, მაგრამ უფლებას არ მაძლევენ: ამისთვის თურმე მერიისგან ნებართვა უნდა ავიღო, რაც საკმაოდ ხანგრძლივი და ძვირი პროცედურაა”.

აღმაშენებლის გამზირზე კი დრო მტვრის ბუღში, მოსახლეობის ნერვებსა და ფინანსურ დანაკარგებში გადის.