ხორბალი გაიაფდა, პურის გაიაფება კი იგვიანებს - კვირის პალიტრა

ხორბალი გაიაფდა, პურის გაიაფება კი იგვიანებს

რამდენიმე თვის წინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ხორბლის ფასი დაეცემოდა, რადგან იანვარში ის ერთბაშად 6%-ით გაძვირდა. წლის დასაწყისში ყაზახური ხორბლის ფასი $390-ს უტოლდებოდა, უკრაინული ხორბლის ფასი კი $340-ს აღწევდა. გაზაფხულიდან ვითარება შეიცვალა, მარტიდან საერთაშორისო ბირჟებზე ხორბალმა გაიაფება დაიწყო. მაისთან შედარებით, ხორბალი 1%-ით გაიაფდა ივნისშიც, რაზეც გავლენა მოახდინა ევროპაში გამოდარებამ და რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული ერთწლიანი ემბარგოს მოხსნამ. ფასებზე დიდი გავლენა მოახდინა აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობამაც, რომ ამერიკელმა ფერმერებმა 5%-ით მეტი მარცვლეული დათესეს და ამდენითვე მეტ მოსავალს ელოდნენ.

საქართველოში საერთაშორისო ბაზრის ფაქტორებს თან დაერთო კახეთში უხვი მოსავლის მოლოდინი. სტატისტიკის თანახმად, რეგიონში ხორბალი 37,1 ათას ჰა-ზეა დათესილი, საიდანაც 8,34 ათასი ჰა ”ჯაგერის” ჯიშისაა. გურჯაანის რაიონში კი ჰექტარზე საშუალოდ ხუთ ტონა მოსავალსა და მეტსაც ელიან. სპეციალისტები ხორბლის უხვმოსავლიანობას სამი ფაქტორით ხსნიან: აგროვადების დაცვით, საკვები მინერალებით მდიდარი ნიადაგითა და კარგი ამინდით.

”ეკონომიკურ პალიტრასთან” საუბრისას კომბინატ ”პროგრესის” გენერალური დირექტორი დავით გალეგაშვილი ამბობს: როგორც ცნობილია, ორი-სამი თვეა, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი მცირდება, რაც, პირველ რიგში, დაკავშირებულია კარგი მოსავლის მოლოდინსა და ბაზარზე რუსეთის დაბრუნებასთან. ხორბლის ფასი დაახლოებით 20-25%-ით შემცირდა. შესაბამისად, იმპორტირებული ხორბალი საქართველოში უფრო იაფად შემოდის უკრაინიდან, რუსეთსა და ყაზახეთიდანაც, რის გამოც ფქვილის ფასმაც 20%-ით დაიკლო. იყო დრო, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 60 ლარს უახლოვდებოდა, დღეს კი მისი ღირებულება უკვე 41-42 ლარია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ბაზარი მოქნილია და მყისიერად მოქმედებს გაძვირებაზეც და გაიაფებაზეც. ჯერჯერობით ფასები სტაბილური გახდა, თუმცა აგვისტო-სექტემბერში, რუსეთსა და ყაზახეთში ახალი მოსავლის აღებასთან ერთად, ალბათ, ფასები კვლავ დაიკლებს.

- დაიკლებს თუ არა პურის ფასი საქართველოს ბაზარზე?

- ხორბლის ფასის შემცირება პურის ფასზე დაახლოებით 40%-ით აისახება, იმიტომ რომ პურის წარმოებისთვის საჭიროა ელექტროენერგია და სხვა ხარჯებიც ემატება. ჩემი ვარაუდით, თუ ხორბლის ფასმა 20%-ით მოიკლო, პურის ფასი 10%-ით მაინც შემცირდება, ანუ 80-თეთრიანი პური გახდება 70 თეთრი, 70-თეთრიანი კი 60 თეთრი”.

პურის გაიაფებას არ გამორიცხავენ მეხორბლეთა ასოციაციაშიც. ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ ლევან სილაგავას განმარტებით, დღეისთვის წისქვილკომბინატები ძირითადად ძვირად შეძენილ ხორბალს ამუშავებენ, როგორც კი ხორბალი და ფქვილი ახალი ფასით შემოვა, პური 5 თეთრით მაინც გაიაფდება. ჯერჯერობით კი პური მცხობელი კომპანიებიდან მხოლოდ თითო-ოროლამ თუ გააიაფა.

ხათუნა ჩიგოგიძე