ბურები არ ჩამოვიდნენ... - კვირის პალიტრა

ბურები არ ჩამოვიდნენ...

საქართველოს სოფლის მეურნეობაში სასწაულებს უნარიანი ფერმერებიც ვერ მოახდენენ

საქართველოში სამხრეთაფრიკელი ფერმერების ჩამოსახლების პროექტი, ფაქტობრივად, ჩაფლავდა. ამის შესახებ ხელისუფლება ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბურებმა ჩამოსახლებაზე უარი თქვეს. კახეთში ჩასული ერთ-ერთი დელეგაცია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ლამის ”აღთქმულ მიწას” ჰპირდებოდა, ჩვენი ქვეყნიდან იმედგაცრუებული გაბრუნდა.

ბური ფერმერების საქართველოში ჩამოყვანის იდეა სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიას ეკუთვნის. ფერმერებთან მოსალაპარაკებლად დავითაია სამხრეთ აფრიკაშიც იყო ჩასული. ქართველი მინისტრი ფერმერთა გაერთიანების შეკრებაზე საგანგებო მემორანდუმით მივიდა, რომლის ტექსტიც ასე იწყებოდა: „ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისა და მისი ხელმძღვანელობისთვის და გთხოვთ, აკურთხოთ მათი და ჩვენი გადაწყვეტილებები“. დავითაიასთან დაკავშირება ”ეკოპალიტრამაც”სცადა. გავითვალისწინეთ მისი პრესსამსახურის რჩევაც და მოუცლელ მინისტრს კითხვები წერილობითაც მივაწოდეთ, მაგრამ პასუხებზე მისი «კურთხევა» ორი კვირის განმავლობაშიც ვერ მივიღეთ. ამის შემდეგ დავითაიას მრჩეველ ნიკა ავალიანთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ კომენტარზე უარის მიზეზად მანაც მოუცლელობა შემოგვითვალა.

ამასობაში სი-ენ-ენზე სიუჟეტი გავიდა სამხრეთაფრიკელი ფერმერის, პიტ კემპის შესახებ, რომელიც გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში საქმიანობს. ჟურნალისტი იმოწმებს მის სიტყვებს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მეორედ დაიბადა... თუმცა სართიჭალელები ასეთ პიროვნებას ვერ იხსენებენ და მათ სოფელში ბური ფერმერის ჩამოსახლების შესახებაც არაფერი იციან. სამაგიეროდ, ბურები უნახავთ დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში. როგორც ზემო და ქვემო ქედის მცხოვრებლებმა გვითხრეს, აფრიკელი ფერმერების ჩამოსახლება სწორედ მათთან იგეგმებოდა, მაგრამ ბურებმა რომ ნახეს, ურწყავ მიწას სთავაზობდნენ, უკანმოუხედავად გაეცალნენ იქაურობას. არადა, ბურების ჩამოსახლების იდეის ავტორებს იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობას ეს დიდად წაადგებოდა. კეთდებოდა კონკრეტული გათვლებიც, რომ ბურების რამდენიმე ათასი ოჯახის ჩამოსახლების შემთხვევაში მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 8-დან 20%-მდე გაიზრდებოდა; მათი წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარსაც გააჯერებდა და ექსპორტზეც გავიდოდა. ჰოლანდიელი ემიგრანტების შთამომავლების ერთი ნაწილი აფრიკიდან საქართველოში წლის ბოლომდე უნდა ჩამოსახლებულიყო, მაგრამ ამ ეტაპზე ბურებს ვერ მივაგენით. ამაში ვერც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაგვეხმარა.

თამაზ კუნჭულია (პროფესორი, სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრი): ”გაცხადებული იყო, რომ ბურები საქართველოში ჩამოდიოდნენ საკუთარი კაპიტალით. სამხრეთ აფრიკაში ახლა მათ ავიწროებენ. მძიმე კრიმინოგენურ მდგომარეობას ისიც დაემატა, რომ იქაური ხელისუფლება მიწის რეფორმას გეგმავს, რაც ძირითადად თეთრკანიანი ფერმერებისთვის მიწის ჩამორთმევას გამოიწვევს. ბევრმა ფერმერმა მეურნეობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკვე გაიტანა. შესაბამისად, ისინი ეძებენ ალტერნატიულ მიწებს, თუ საქართველოში არა, მაშინ სხვაგან წავლენ, რადგან ყველა შემთხვევაში უნდა წავიდნენ იქიდან.

ჰოლანდიელი ემიგრანტების აფრიკელი შთამომავლები ძალიან მშრომელი ხალხია, მათი ჩამოსვლით საქართველოში დაინერგებოდა ახალი ტექნოლოგიები, რაც დღეს სოფლის მეურნეობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. აქამდე თუ უპირატესი იყო ბუნებრივი პირობები - კლიმატი, ნიადაგი, ბოლო დროს წინა პლანზე ტექნოლოგიები წამოვიდა. თუ ტექნოლოგია არ გივარგა, კონკურენტულ პროდუქციას ვერ აწარმოებ. რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ თურქული პროდუქცია სუბსიდირებულია, ამიტომ იყიდება იაფად და ადგილობრივი პროდუქტი კონკურენციას ვერ უწევსო, ეს პრობლემა იარსებებს, სანამ საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები უკეთესი პროდუქციის წარმოებას ვერ ისწავლიან. ბურების ჩამოსახლება კი ახალი ტექნოლოგიებს დანერგვას მოიტანდა.

დიახ, მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, მაგრამ რატომ რჩება ყოველწლიურად, ოფიციალური სტატისტიკითაც, სავარგულების 30-35% დაუმუშავებელი? რეალურად ეს მონაცემი გაცილებით მეტია. მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ გაბრუნებულან ბურები უკან, რომ ურწყავი მიწები შესთავაზეს. თავის დროზე დიდი ფართობები ირწყვებოდა, შემდეგ სისტემა მოიშალა და როდის გაკეთდება, არ ვიცით. ფერმერების ხარჯზე სარწყავი სისტემა არსად არ ეწყობა, ამას ყველგან სახელმწიფო აკეთებს. საირიგაციო სისტემა ძალიან ძვირი ჯდება, ამას ვერც ერთი ფერმერი ვერ დაფარავს, რადგან დანახარჯს ვერასოდეს ამოიღებს.

სამხრეთ აფრიკაში ბურებს სრული სერვისი აქვთ. მიწა ირწყვება, ტექნიკური მომსახურება უმაღლეს დონეზეა, მეწარმეს შეუძლია სასუქი შეიძინოს და საცდელ მეურნეობებში გამოსცადოს, რა ნიადაგზე, რომელ კულტურას რამდენი სასუქი სჭირდება. რაც მთავარია, არსებობს პროდუქციის გარანტირებული შესყიდვა. დღეს, ფერმერი ვიდრე მოსავლის დათესვას დაიწყებს, ვიდრე განაცხადებს, რომ რამე კულტურა მოჰყავს, მასთან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მიდიან და ხელშეკრულებას უფორმებენ, თანხის ნაწილს წინასწარ აძლევენ, რათა სასუქი, საწვავი შეიძინოს... გაყიდვის გარდა, ფერმერს შეუძლია მოწეული პროდუქცია შემნახველ საწარმოში შეინახოს, რაც მას ხელს არ შეუშლის საბანკო კრედიტით სარგებლობაში. მას ეძლევა ქონების ფლობის დამადასტურებელი საბუთი და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია, ეს მოსავალი გირაოშიც ჩადოს. ბანკები კრედიტის სახით ფერმერს ქონების ღირებულების 60%-ს აძლევენ.

ასე რომ, არა მხოლოდ ურწყავმა მიწამ ”დააშინა” ბურები, არამედ სერვისის არარსებობამ. წარმოიდგინეთ, უცხო ადამიანი ჩამოდის, ენა არ იცის და კიდეც ამდენი წინააღმდეგობა ხვდება. გასაგებია, რომ ვინც ფულის დაბანდებას აპირებდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში, ამ ეტაპზე თავი შეეკავებინა... თუნდაც 200-300 ოჯახის ჩამოსვლაც არ იქნებოდა ურიგო, საქართველოში კონკურენტუნარიანი მეურნეები გაჩნდებოდნენ. ეს იმ ამბის მსგავსი იქნებოდა, გერმანული დასახლებები რომ გაჩნდა ბოლნისსა თუ ასურეთში. გერმანელის კარმიდამო ისე იყო დაკრიალებული, რომ ხშირად ქართველებში შურს იწვევდა და ისეც მომხდარა, რომ ნაკელი უსვრიათ მათ ეზოებში.

საქართველოში ფერმერისთვის საბანკო სერვისი ხელმიუწვდომელია; 14-15 და 18%-იანი კრედიტი სოფლის მეურნეობისთვის არახელსაყრელია, დარგი, რომელიც გარემო პირობებზეა დამოკიდებული, ასეთი კაბალური პირობებით კრედიტს ვერ გაისტუმრებს. ყველაფერთან ერთად, სოფლის მეურნეობაში არც სადაზღვევო სისტემაა განვითარებული. ამხელა ხმაური ატყდა ამ ბურებთან დაკავშირებით და დაპირებები გაისმოდა, რომ სიამოვნებით აპირებდნენ ჩამოსვლას, მაგრამ იმედგაცრუებული გაბრუნდნენ საქართველოდან”.