საქართველო - არასაზღვაო ქვეყანა?! - კვირის პალიტრა

საქართველო - არასაზღვაო ქვეყანა?!

აღარ რჩება გემები, რომლებსაც ქართველი მეზღვაურებისა თუ კურსანტების  დასაქმების ვალდებულება ექნება

ბათუმის საოკეანო სანაოსნოს მფლობელი ამერიკული კომპანია "ისტვინდი" გაკოტრდა, მის მფლობელობაში არსებულ გემებს კი იაპონური ბანკი აპატიმრებს და აუქციონის წესით, ვალში ყიდის. 700-ზე მეტ ქართველ მეზღვაურს უმუშევრობა ემუქრება. მომავალში დასაქმების პრობლემა შესაძლოა ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტის კურსდამთავრებულებსაც შეექმნათ.

ქართული საოკეანო სანაოსნო კომპანია 1999 წლის ზაფხულში, ქართული საზღვაო სანაოსნოს ბაზაზე შეიქმნა და წინამორბედისგან სოლიდური ვალი, 143 მილიონი დოლარი ერგო, რომელიც ქართულ ფლოტს გასული საუკუნის 90-იან წლებში დაუგროვდა. 2004 წელს, სანაოსნო შპს Ocean Shipping-ისგან, ფაქტობრივად, ვალის ფასად, 107 მილიონ დოლარად, ბევრთათვის არცთუ სანდო რეპუტაციის მქონე დანიელმა ბიზნესმენმა იან ბონდე ნილსენმა იყიდა. ნილსენის Greenoak-ის მფლობელობაში 15 ქართული გემი გადავიდა, მათ შორის ორი ახალი ტანკერი - "ჟიული შარტავა" და "ჭაბუა ამირეჯიბი". 2005 წელს სანაოსნო კვლავ გამოიტანეს გასაყიდად და ტენდერში გამარჯვებულად ოფშორულ ზონაში, კარიბის კუნძულებზე დარეგისტრირებული, ავსტრიულ-ბრიტანული "არმსტრონგ ჰოლდინგ კორპორეიშენი" გამოცხადდა. თუმცა კომპანიამ აქტივებზე სწრაფადვე თქვა უარი და ქართული სანაოსნო მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ბრიტანულ-ამერიკულ კომპანია "ისტვინდს", პირდაპირი მიყიდვის წესით, 97 მილიონ დოლარად გადაეცა.

ბათუმის საოკეანო სანაოსნოს პრივატიზაციას, როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტის გასხვისებას, მაშინ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ, აგრესიული საპრივატიზაციო პოლიტიკის პირობებში, სანაოსნო ერთ წელიწადში, ფაქტობრივად, სამჯერ გაყიდა, ხოლო კრიტიკის საფუძველი რომ შეემცირებინა, "ისტვინდს" მთელი რიგი ვალდებულებები დააკისრა. ხელშეკრულების თანახმად, რომლის ერთ-ერთი კონტრაქტორი ეკონომიკის სამინისტროა, სანაოსნოს მფლობელი კომპანია ვალდებულებას იღებდა, ეზრუნა სანაოსნოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დაეფარა არსებულ მრავალმილიონიანი ვალი და 12 წლის განმავლობაში ქართველი მეზღვაურებისთვის სამუშაო ადგილები შეენარჩუნებინა. თუმცა მას შემდეგ, რაც "ისტვინდმა" თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ვლადიმერ  შელია ("საოკეანო საკრიუინგო კომპანიის" წარმომადგენელი): "ჩვენი კომპანია პარტნიორობას უწევდა ამერიკულ კომპანია "ისტვინდს", მათ გემებზე ქართველ მეზღვაურებს ვასაქმებდით. კომპანია 10 გემს ფლობდა, მაგრამ გლობალური კრიზისის გამო ფინანსური პრობლემები შეექმნა და თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ახლა მათ გემებს ბანკები ვალში, აუქციონის წესით ყიდიან. კომპანია გაკოტრების რეჟიმში იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას ვერ შეძლებს. ჩვენ ყველაზე მეტად უმუშევრად დარჩენილი მეზღვაურების პრობლემა გვაწუხებს. უმეტესად რიგითების, მაგალითად, მატროსების, მექანიკოსების დასაქმების პრობლემა დგას მწვავედ, სანაოსნო ოფიცრებზე კი მსოფლიო შრომით ბაზარზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია".

ანატოლი  ჩიჯავაძე (საქართველოს მეზღვაურთა კავშირის თავმჯდომარე): "წლეულს, ივნისის მიწურულს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საოკეანო სანაოსნოს მფლობელ კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა. 1-ელი ივლისიდან კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ჯამაგირი კი უკვე აპრილის თვიდან არ გვქონდა მიღებული. "ისტვინდთან" ხელშეკრულება 2005 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გააფორმა, პირობები მიმზიდველი იყო, 12 წლის გარანტიით აიღეს ვალდებულება, რომ ქართველ მეზღვაურებს დაასაქმებდნენ. სამწუხაროდ, არ იყო აღნიშნული, ფინანსური პრობლემებისა და ბანკროტობის შემთხვევაში მეზღვაურებს რა მოელოდათ. ხელშეკრულება 2005 წელს ამოქმედდა. ისიც კი ითქვა, თუ მაგალითად, გემთმფლობელი გაყიდდა ან გაასხვისებდა გემებს, იქ მომუშავეებს სხვა გემებზე დაასაქმებდა. ამერიკულმა კომპანიამ ესეც არ შეასრულა.

დღეს იმ რეალობის წინაშე ვართ, რომ ყველა გემი დაპატიმრებულია და ყველა მეზღვაური შიშშია. ჩვენს სასწავლებელთან ამ ერთადერთ კომპანიას ჰქონდა ხელშეკრულება დადებული, კურსანტები პრაქტიკულ სწავლებაზე გაჰყავდათ. დღეს კომპანია უკვე დაშლილია. სად გაივლიან ჩვენი კურსანტები პრაქტიკას, უცნობია. სასწავლებელს რომ ამთავრებ, აუცილებელია სამუშაო დიპლომის მიღება, ამისთვის კი გემზე მუშაობის გამოცდილება უნდა შეიძინო. გაიყიდა გემები და დღესაც არ ვიცით, ვინ იყიდა. თუ გემების ახალი მფლობელი ჩვენთან თანამშრომლობას განაგრძობს, ხომ კარგი, თუ არადა, სულ მცირე, 700 ქართველი მეზღვაურის დასაქმების საკითხი ღიად რჩება. ზოგადად კი 1000-ზე მეტი მოზღვაურის უმუშევრად დარჩენის პრობლემა დგას, ჩვენი სასწავლებელი ყოველწლიურად უშვებდა სამუშაოდ მეზღვაურებს სხვადასხვა ქვეყნის გემებზე, მაგრამ თუ პრაქტიკა ვერ გაიარეს, ვერც დასაქმდებიან.

ამჟამად 9 გემია დაპატიმრებული. 5 გემიდან ჩვენი მეზღვაურები უკვე ჩამოსვეს. ერთი გემი ჯართად გაიყიდა. სამი გემის შესყიდვაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბათუმის საოკეანო სანაოსნოს, ფაქტობრივად, ერთ-ერთი იაპონური ბანკი ფლობს, გემებიც მან დააპატიმრა. 8 გემი სარემონტო სამუშაოების შემდეგ, რომელიც ძირითადად ჩინეთში წარმოებდა, თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და მათი გამოყენება ნებისმიერ ნავსადგურში დასაშვებია. ერთი პრობლემა კი მოიხსნა: მეზღვაურთა პროფკავშირებმა და საერთაშორისო პროფკავშირებმა ვაიძულეთ, ბანკმა ყველა მეზღვაურს გადაუხადოს კუთვნილი ხელფასები, მიუხედავად იმისა, გაყიდიან გემს თუ არა. ხუთი გემის ეკიპაჟმა მიიღო ეს თანხები, დარჩა სამი ეკიპაჟი. ეს სამი ეკიპაჟი ახლა შედის ამერიკისა და გიბრალტარის ნავსადგურებში, იქაც მიიღებენ ხელფასს და ამით დამთავრდება ყველაფერი.

პრობლემა არის მომავალში სამუშაო ადგილების შენარჩუნება. წამოვჭერით ერთადერთი მოთხოვნა ადმინისტრაციის წინაშე - გადაწყდეს მეზღვაურების დასაქმების საკითხი. დღეს საქართველოს დროშის ქვეშ 200-ზე მეტი გემი ცურავს (უკრაინის, რუსეთის, თურქეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების) და შესაძლებელია, ადმინისტრაციამ დააყენოს ვალდებულება მათ წინაშე, რომ ამ გემებზე დაასაქმონ (რისი უფლებაც გვაქვს) 20%-მდე ქართველი მეზღვაურები. თითო გემზე 2-3 კაცი მაინც რომ წავიდეს, ასეულობით მეზღვაური შეიძლება დასაქმდეს. ვნახოთ, ველოდებით პასუხს ჩვენი ადმინისტრაციიდან".

გია ხუხაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "ეს ზოგადად ბნელით მოცული თემაა, რადგან გვახსოვს, რა პერიპეტიები ახლდა სანაოსნოს გაყიდვას. ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობიდან მოყოლებული, კრიმინალური ისტორიების მთელი კასკადი უკაშირდება სანაოსნოს. გემახსოვრებათ, დიდი დისკუსიები იყო სანაოსნოს გაყიდვასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ამას უწოდა უპრეცედენტო და არაჩვეულებრივი, მაქსიმალურად გააპიარეს, რომ ამხელა თანხა ავიღეთ. შედეგად მივიღეთ სრული კატასტროფა და დისკრედიტაცია. ამ შემთხვევაში ერთია მატერიალური ზარალი, მეორე კი ის, რომ შენი ქვეყნის სანაოსნოს მენეჯმენტკომპანია კოტრდება. ეს მეტყველებს იმ სისტემურ პრობლემაზე, რაც ზოგადად ქვეყანაში გვაქვს, როგორც პრივატიზაციის, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ეს სოციალურ პრობლემებშიც აისახება".