უძრავი ქონების გაძვირების პირველი ნიშნები გამოიკვეთა - კვირის პალიტრა

უძრავი ქონების გაძვირების პირველი ნიშნები გამოიკვეთა

დეველოპერები გაყიდვის ზრდას ელოდებიან

ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობას 7 სამშენებლო კომპანია მიიღებს. თბილისის მერიაში 30 სექტემბერს ჩატარებულ აუქციონში 11 პრეტენდენტიდან გამარჯვებულად "არსი", "კალასი", "ბაგები სითი", "აქსისი", "ნიკე", "ოლიმპიური ვარსკვლავი" და "ეუბე ჯორჯია" დასახლდა. მათ ბანკიდან 53 მილიონი ლარის კრედიტის გამოსატანად მერია უშუამდგომლებს. ეს თანხა კომპანიებმა დაწყებული მშენებლობების დასასრულებლად უნდა გამოიყენონ. ახალაშენებულ ბინებში კი, ორი წლის ვადაში, ძველი, ავარიული სახლების მცხოვრებლები უნდა შეასახლონ.

პროექტი, რომელსაც თბილისის მერიაში "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" დაარქვეს, მენაშენეთა ასოციაციამ სამშენებლო კომპანიების გადასარჩენად მოიფიქრა. ეკონომიკური კრიზისისგან საქართველოშიც ყველაზე მეტად სამშენებლო სექტორი დაზარალდა. დეველოპერებს ბინების გაყიდვა ჩაუვარდათ და მშენებლობის საკუთარი ფულით გაგრძელება ვეღარ შეძლეს. კრედიტებზე ბანკებმაც უარი უთხრეს, რომლებიც ვალებში ჩავარდნილ დეველოპერებს აღარ ენდობოდნენ (ყველაზე დიდი ვალები ბანკებში ამჟამადაც სამშენებლო კომპანიებს ერიცხებათ). შედეგად მშენებლობები თითქმის გაჩერდა. ბევრი დეველოპერი, მათ შორის საკმაოდ პრესტიჟული და ძლიერიც, გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა. მათ დასახმარებლად მენაშენეთა ასოციაციაში ახალი პროექტი მოიფიქრეს: დეველოპერებს ბანკები კრედიტს მერიის თავდებობით მისცემენ, ამ თანხით ისინი დაწყებულ მშენებლობებს დაასრულებენ და იქ ავარიული სახლების მცხოვრებლებს შეასახლებენ. პროექტის მიხედვით, გამოთავისუფლებული ძველი სახლები მერიის საკუთრებაში უნდა გადავიდეს, რომელსაც შემდეგ ის ინვესტორებს მიჰყიდის. გეგმა, რომელიც პროექტის მონაწილე ოთხივე მხარისთვის მომგებიანი უნდა აღმოჩნდეს, მერიაში მოიწონეს და საუკეთესო პროექტების დასაფინანსებლად კონკურსი გამოაცხადეს.

მერიის სპეციალურმა კომისიამ კონკურსანტებს ქულები რთული ფორმულით მიანიჭა. ფორმულაში გათვალისწინებულია კომპანიის მიერ ერთ კვ.მ.-ში მერიისთვის შეთავაზებული ფასი, გამოთავისუფლებული მიწის ღირებულება, მშენებლობის დასრულების ვადა და სხვ. როგორც მერიაში ამბობენ, გამარჯვებისთვის მთავარი კრიტერიუმი ერთ კვ.მ.-ში შეთავაზებული დაბალი ფასები იყო. კომპანიებმა კვ.მ. 950-დან 1100 დოლარამდე შეაფასეს. მერიამ 1100 დოლარზე მაღალი ფასის გადახდაზე უარი თქვა.

პროექტში მონაწილეობის სურვილი 30-მდე სამშენებლო კომპანიას ჰქონდა, თუმცა ბევრმა მათგანმა აუქციონისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ვერ მოასწრო. ზოგი ავარიული სახლების დაცლაზე მოსახლეობასთან ვერ მორიგდა, ზოგმა ბანკთან ვერ მოილაპარაკა, ზოგიც კომისიის კრიტერიუმებში ვერ ჩაეტია. კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა ერთ-ერთმა უმსხვილესმა დეველოპერმა "ცენტრ-პოინტმა". როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა განაცხადა, "ცენტრ პოინტმა" მერიისა და ბანკისთვის შესათავაზებლად იმდენად მსხვილი პროექტი მოამზადა, რომ ამას პროექტის ბიუჯეტი არ ეყოფოდა, ამიტომ კონკურსში მონაწილეობამ აზრი დაკარგა. თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ ბანკები "ცენტრ პოინტს", რომელსაც არცთუ კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს, ვერ ენდნენ და სესხის მიცემა მერიის თავდებობითაც არ მოინდომეს. აუქციონში არ მონაწილებდა "მაგი სტილი", რომლის დამფუძნებლები ამბობენ, რომ დაწყებული მშენებლობებისთვის თანხა აქვთ, საბანკო სესხი ჯერ არ სჭირდებათ და კონკურსშიც ალბათ შემდეგ ეტაპზე ჩაერთვებიან.

გამარჯვებულებს შორის ყველაზე დიდი დაფინანსება კომპანია "არსმა" მიიღო -"ორთაჭალის ტურფის", ქავთარაძისა და დოლაბაურის ქუჩებზე მშენებარე სამი პროექტისთვის 8 მილიონი დოლარი. ვაკის პროექტისთვის დაფინანსების მიღებაზე კომპანია ბანკ "ქართუსთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ შეთანხმება ვერ მოასწრო და ის შემდეგი აუქციონისთვის გადადო. სამ დაფინანსებულ კორპუსში "არსი" ძველ სახლებში მცხოვრებ 72 ოჯახს შეასახლებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, მშენებარე კორპუსებში დანარჩენი ბინები უკვე გაყიდული აქვს. "აქსის პალასის" დასასრულებლად 1,3 მილიონი დოლარის კრედიტს მიიღებს კომპანია "აქსისი" და ამ თანხით 1300 კვ.მ. ფართს ააშენებს. კომპანია ვარაუდობს, რომ მშენებლობას აპრილში დაასრულებს და ძველი უბნების მობინადრეებს "აქსის პალასში" იმ დროისთვის გადაიყვანს.

პროექტში 4 ბანკი მონაწილეობს: "საქართველოს ბანკი", "თიბისი", "ქართუ" და ბანკი "რესპუბლიკა". გამარჯვებული კომპანიები სწორედ ამ ბანკების კლიენტები არიან. ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი მათ შორის "საქართველოს ბანკია", რომელიც "არსს", "ბაგები სითის", "ოლიმპიურ ვარსკვლავსა" ("ოლიმპიური ვარსკვლავი" "საქართველოს ბანკისგან" 4,5 მილიონ დოლარის კრედიტს მიიღებს) და "კალასს" აფინანსებს. სამმხრივი ხელშეკრულება გამარჯვებულს, მერიასა და კრედიტორ ბანკს შორის ათ დღეში უნდა გაფორმდეს. კომპანიები ბანკიდან მათ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას 15 ოქტომბრამდე ელოდებიან. დეველოპერები სამშენებლო გრაფიკის შედგენას უკვე შეუდგნენ და როგორც ამბობენ, მშენებლობას თანხის მიღებისთანავე განაახლებენ. ბანკები კომპანიებს კრედიტს ნაწილ-ნაწილ, ტრანშებად ჩაურიცხავენ. სამშენებლო კომპანიებმა კრედიტი წლიურ 18%-იანი განაკვეთით მიიღეს და მას როგორც სტანდარტულ სესხს, ისე დაფარავენ. სესხები სხვადასხვა ვადით გაიცემა.

პროექტში ჩართვა ბანკების ერთმა ნაწილმა არ მოისურვა. მასში მონაწილეობა არ მიუღია "ვითიბი ბანკს". ბანკის ხელმძღვანელობის თქმით, სამშენებლო სექტორისთვის სესხის მიცემა ჯერ კიდევ სარისკოა. ამასთან, ბანკს კლიენტებს შორის არც მსხვილი დეველოპერები ჰყავს, ვისაც ფულს ანდობდნენ. ბანკი უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაციის გამოსწორებას დაელოდება და ამ სექტორის დაფინანსებას შემდეგ დაიწყებს.

ირაკლი  როსტომაშვილი (მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე): "ამ პროექტის მონაწილე ყველა მხარე მოგებული რჩება. სამშენებლო სექტორში 53 მილიონი ლარი ჩაიდება, მშენებლობები განახლდება, 20-25 ათასი კაცი სამუშაოს დაუბრუნდება და დაახლოებით 9 ათასი კვადრატული მეტრი ახალი ფართი აშენდება. ბიუჯეტი ერთ კაპიკსაც არ იხდის. პირიქით, ის მოგებული დარჩება. სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით გადასახადები შევა, მათ შორის დღგ-ის სახითაც. მოგებას ნახავენ ბანკებიც, რომლებიც ძველი პორტფელების გაცოცხლებასაც შეძლებენ და დამატებით სარგებელს პროცენტითაც მიიღებენ. მოგებული დარჩება დედაქალაქის მერიაც, რომლის საკუთრებაში, პროექტის დასრულების შემდეგ, 35 ათასი კვადრატული მეტრი მიწა გადავა თბილისის ყველაზე ძვირად ღირებულ, პრესტიჟულ უბნებში. მას ამ მიწის კარგ ფასად გაყიდვა შეუძლია.

დეველოპერებმა უკვე მომავალი აუქციონისთვის დაიწყეს მზადება, რომელიც თებერვალშია დაგეგმილი. მენაშენეთა ასოციაცია იმუშავებს, რომ კომპანიებმა მშენებლობის გრაფიკი ზუსტად დაიცვან და ყოველი მოქალაქე, რომელმაც კონტრაქტს ხელი მოაწერა, ახალ ბინაში დაპირებულ ვადაში შევიდეს. სამშენებლო სექტორისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის ნდობის აღდგენაა".

სამშენებლო კომპანიებში კი ამბობენ, რომ ამ პროექტის დაწყებისთანავე მათ ოფისებში სატელეფონო ზარებმა მოიმატა. დეველოპერები გახარებული არიან, რომ კლიენტები ახალმა მშენებლობებმა დააინტერესა. მათ, ვისაც მშენებარე კორპუსებში თანხა აქვთ შეტანილი, იმედი გაუჩნდათ, რომ კომპანიები პროექტების ბოლომდე დასრულებას შეძლებენ. მერიის აუქციონში გამარჯვებული დეველოპერები გაყიდვის მატებას ელოდებიან.

უძრავი ქონების ექსპერტები ამბობენ, რომ თბილისის რეაბილიტაციის პროექტი უძრავი ქონების ბაზარს გაააქტიურებს, გარიგებების რაოდენობა მოიმატებს, რაც იმის წინაპირობა იქნება, რომ უძრავი ქონების ფასებმა უფრო ქვემოთ აღარ დაიწიოს. უძრავი ქონების ბაზარზე გამოცოცხლება ივნისიდან შეინიშნება. ბაზარი ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ გააქტიურდა. იმატა ბინების, კომერციული ფართებისა და მიწის ნაკვეთების გაყიდვამ. ამას ნაწილობრივ ბანკებმაც მისცეს ბიძგი. მსხვილმა ბანკებმა ბოლო სამი თვეა, იპოთეკური სესხის პორტფელი გაზარდეს და კრედიტების გაცემა მიწის ნაკვეთებზეც დაიწყეს.

ნონა ქვლივიძე