რა ელის სურსათის ფასებს? - კვირის პალიტრა

რა ელის სურსათის ფასებს?

ადგილობრივ ბაზარზე სურსათზე ფასების ზრდა უკვე პერმანენტული გახდა. აგვისტოს ომის შემდეგ საკვები პროდუქტების გაძვირება რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვას ბრალდებოდა. მოგვიანებით დეფიციტი სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციით შეივსო, მაგრამ სურსათის ფასები დროდადრო მაინც იზრდება.

არადა, საერთაშორისო კრიზისის ფონზე, სხვადასხვა ქვეყანაში სურსათზე ფასები შემცირდა კიდეც. კრიზისი მოსახლეობის ჯიბეზეც აისახა და წარმოების მოცულობებზეც. მოსახლეობამ საკვები პროდუქტების მოხმარება ნაწილობრივ შეზღუდა ან უფრო იაფფასიანი პროდუქტების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. მწარმოებლებმაც, ფინანსური კრიზისისა და სურსათზე მოთხოვნის ვარდნის გამო, წარმოების მოცულობა შეამცირეს. სურსათის გაიაფების მიზეზად ნავთობზე ფასის შემცირებაც სახელდებოდა.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ბაზარზე თითქმის ყველა სახის სასურსათო პროდუქტი გაძვირდა. ზოგის ფასი შარშანდელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. გაძვირება ერთნაირად შეეხო როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებულ პროდუქტს.

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზარზე, კიდევ უფრო გაძვირდა შაქარი. საცალო ქსელში კილოგრამი შაქრის ფასი 1,60 ლარიდან 1,80 ლარამდე გაიზარდა. საბითუმო ბაზარზე კი ტომარა შაქრის ფასმა 75 ლარს მიაღწია. შაქრის იმპორტიორები თავს იმართლებენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე შაქრის ნედლეულისა და თეთრი შაქრის დეფიციტია. მაგრამ არ გამორიცხავენ, შაქარზე ფასი კიდევ გაიზარდოს და შესაძლოა უახლოეს მომავალში კილოგრამი შაქარი 2 ლარიც კი ღირდეს. საინტერესოა, რომ შაქარზე გლობალური დეფიციტის მიუხედავად, ქართველ იმპორტიორები ადგილობრივ ბაზარზე მარაგის შემცირებას არ ვარაუდობენ და მზად არიან, გაზარდილი მოთხოვნაც დააკმაყოფილონ.

საცალო ქსელში კი შაქარზე ფასების ზრდის სულ სხვა მიზეზებზე საუბრობენ.

ნოდარ  ზღულაძე (სასურსათო მაღაზიის მეპატრონე): "ახლა შაქარზე მოთხოვნა დიდია. ხალხი ზამთრის მარაგს აკეთებს, იკრიფება ყურძენი და იშვიათად, რომ ვინმემ ღვინო შაქრის გარეშე დააყენოს. ეს კი მშვენივრად იციან მათ, ვინც საქართველოში შაქრის დისტრიბუციას ახორციელებს და მაღალი მოგების მისაღებად ფასებს ზრდიან. ამის გაკეთება ჩვენს პირობებში ძალიან იოლია, რადგან შაქარი ადგილობრივ ბაზარზე, ფაქტობრივად, ერთ კომპანიას შემოაქვს, რომელსაც სახელისუფლებო წრეებში ლობირებენ. შაქარი რომ გაძვირდა, საკონდიტრო პროდუქციის ფასიც გაიზარდა, მათ შორის, იმპორტირებული საკონდიტრო პროდუქციისაც. დისტრიბუტორები მიზეზად საბაჟო ადმინისტრირების გამკაცრებას ასახელებენ.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში 3-5 თეთრით გაძვირდა კვერცხიც. კვერცხი სეზონურად ძვირდება ან იაფდება. ზაფხულობით, კვერცხის ფასი 16-18 თეთრამდე ეცემა, წლეულს კი არ გაიაფებულა. ასეთ პირობებში ყველაზე მეტად მომხმარებლის ჯიბე ზარალდება და ჩვენც იმის მესამედსაც ვეღარ ვვაჭრობთ, რასაც ადრე ვვაჭრობდით".

ემზარ  ჯგერენაია (ეკონომიკის ექსპერტი): "ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ყველა სასურსათო პროდუქტი გაძვირდა ან გაიაფდა, არ არის სწორი. ზოგი პროდუქტები, მაგალითად შაქარი, ზეთი, ბრინჯი და კაკაო გაძვირდა. დეფიციტურია თაფლი, სოიო, ხილი და ეს პროდუქტები, რა თქმა უნდა, გაძვირდება. წლეულს შაქრის მოსავალი საკმაოდ ცუდი იყო, ამიტომ ფასებმა მოიმატა. ცუდი იყო მზესუმზირის მოსავალიც, აღარაფერს ვამბობ სიმინდზე, რაც მნიშვნელოვანი პროდუქტებია ზეთის წარმოებისთვის.

საქართველოში შაქრის მოხმარების მაჩვენებელი არ შეცვლილა, როგორიც იყო - 180-200 ათასი ტონა წელიწადში, ისევ ის დარჩა. კრიზისის პირობებში გაიზარდა ზეთის, ხორბლის მოხმარება და ფასიც გაიზარდა. შემოსავლების კლების ფონზე, სამომხმარებლო კალათაში მთელი ყურადღება პირველადი მოხმარების საქონელზე გადავიდა. არ ყიდულობენ, მაგალითად, ხორცს, მაგრამ ყიდულობენ შაქარს. რა თქმა უნდა ბაზარზე, სპეკულაციური მომენტებიც არსებობს. ცნობილია, რომ შაქრის, ბრინჯის, ასანთის ბიზნესები მონოპოლიზებულია რამდენიმე კომპანიის მიერ. ეს პროდუქტები სამომხმარებლო კალათის პირველ ხუთეულში შედის, ამიტომ ეს ბაზარი ყველა ქვეყანაშია მონოპოლიზებული. შაქრის იმპორტიორთა რაოდენობა ბაზარზე მინიმალურია, ამიტომ ცალკე შესწავლის საგანია, რამდენადაა კარტელური შეთანხმების შედეგი ბაზარზე დღეს არსებული შაქრის ფასი".