რა იმალება დაბალი გადასახადების უკან - კვირის პალიტრა

რა იმალება დაბალი გადასახადების უკან

ახლახან მიღებული ეკონომიკური თავისუფლების აქტის მთავარი პრინციპებია დაბალი გადასახადები და გამარტივებული ადმინისტრირება. შეიძლება ითქვას, ეს სახელმწიფო მიერ ოფიციალურად გამოცხადებული კურსია. ბიზნესის მიმართ კეთილი ნების გამოხატვა სიახლე არ არის, გადასახადების რაოდენობა 21-დან 6-ამდე ადრევე შემცირდა, დროდადრო უცხოელი ბიზნესმენებიც აღნიშნავენ, რომ დაბეგვრის განაკვეთები საქართველოში მაღალი არ არის, მაგრამ ეს ვითარების მხოლოდ გარეგნული მხარეა.

ბოლო წლებში ბიუჯეტი, ბიზნესის შემოსავლებთან ერთად, სხვა გადასახდელებითაც ივსება. განსაკუთრებით ამაღლდა ჯარიმებისა და საპროცესო შეთანხმებების როლი. უკვე წლებია ტენდენციად იქცა მსხვილი თუ წვრილი ბიზნესების დაჯარიმება და დიდი სანქციების დაკისრება. არაოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურას, მათ შორის ისეთებსაც, რომელთაც უშუალო შეხება თითქოს არ აქვთ ბიზნესსა და ბიუჯეტის შემოსავალთან, აქვთ კონკრეტული დავალებები, რა მოცულობის თანხების მოზიდვას უნდა ”შეუწყონ ხელი” ბიუჯეტში.

რამდენიც უნდა იძახო, რომ ქვეყანაში დაბალი გადასახადებია, ბიზნესისთვის მნიშვნელობა აქვს რეალურად გადახდილ თანხას, რა მიზეზითაც უნდა ხდებოდეს ეს და არა კონკრეტულად მოგების გადასახადის განაკვეთს. თუ ბიზნესს ყელში ხელს წავუჭერთ და თანხას მაქსიმალურად გამოვწურავთ ბიუჯეტის სასარგებლოდ, მეორეხარისხოვანი გახდება, ამას გადასახადები დაერქმევა თუ სანქციები. შესაძლოა კონკრეტულ ბიზნესებს რაღაც დროით აცალონ დაბალი გადასახადებით მუშაობა, ხოლო მერე სახელმწიფო სტრუქტურებმა, მათ ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით, ”დანაკლისი” ერთი-ორად აინაზღაურონ.

ეს დაახლოებით იმ ვითარებას ჰგავს, რომელიც საბანკო კრედიტების სფეროში შეიქმნა. სესხები გაიცემოდა განსაზღვრული წლიური სარგებლით, მაგრამ როგორც სესხის გაცემისას ირკვეოდა, ამას ემატებოდა სხვადასხვა, წინასწარ უცნობი ხარჯები: დაზღვევის თანხა, სესხის გამოტანის საკომისიო, თანხის შენატანის საკომისიო, კრედიტინფოში ინფორმაციის გადამოწმების საფასურიც კი და სხვ. საბოლოო ჯამში ე.წ. ეფექტური პროცენტი წინასწარ შეპირებული წლიური სარგებლისგან საგრძნობლად განსხვავებული გამოდიოდა. პრობლემა იმდენად თვალში საცემი შეიქნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) იძულებული გახდა, საგანგებო რეგულაცია შემოეღო და ბანკებისთვის დაევალებინა პოტენციური კლიენტისთვის ეფექტური პროცენტის წინასწარვე გაცნობა.

სახელმწიფოსა და ბიზნესმენის ურთიერთობაც შეგვიძლია შევადაროთ ბანკისა და კლიენტის ურთიერთობას, ხოლო გადასახადის ოფიციალური განაკვეთი - წლიურ სარგებელს, რომლითაც ბანკი კლიენტებთან მუშაობს. თუ ბიზნესის მიერ გადასახადების განაკვეთების მიხედვით გადახდილ თანხას დავუმატებთ სანქციების, ჯარიმა-საურავების თანხას, შეიძლება ითქვას, მივიღებთ ”ეფექტურ განაკვეთს”, რომლითაც ბიზნესი რეალურად იბეგრება...

თუ საბანკო სექტორში არსებობს ორგანო (სებ), რომელიც პასუხისმგებლობას კისრულობს ამ პრობლემის მონიტორინგზე, ბიზნესი ბიუჯეტის პირისპირ ასეთი ”მაშველი ორგანოს” გარეშეა დარჩენილი. საბანკო სექტორში თუ შესაძლებელია კრედიტების ეფექტური პროცენტის დათვლა, ბიზნესისთვის ეფექტური განაკვეთი რამდენი გამოდის - 15%, 30% თუ 90%, მხოლოდ ღმერთმა უწყის.

ბიზნესების დაჯარიმების პრაქტიკა განსხვავებულია, ზოგს მეტი სანქცია ეკისრება და ზოგს ნაკლები - გააჩნია შემოსავალს, აგრეთვე, ცხადია, აღმოჩენილ დარღვევებსაც. საქართველოში შემოსავლის მქონე ბიზნესმენების საკმაოდ მეტ ნაწილს ან უკვე მოუწია ამა თუ იმ ფორმით ფულის ბიუჯეტში ”ჩატანამ”, ან საგადასახადო დავაშია ჩაბმული დაკისრებული სანქცია-საურავების როგორმე შესამცირებლად.

KvirisPalitra.Geასევე მეტისმეტად ბევრი იძულებული გახდა ბიუჯეტისთვის გასაღები თანხა სამართალდამცავებთან შეეთანხმებინა ფართოდ გავრცელებული საპროცესო გარიგებების სახით. თუ სამიზნეში ამოღებულ კომერსანტს მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღმოაჩნდა, იმას ედავებიან, რაც თავისი ბიზნესით უშოვია, ანუ ”შინ რაც წაიღო” (თითქოს თავისი საკუთრებით არ ესარგებლოს). ხოლო თუ კანონდარღვევები მაინც უპოვეს, მოსალოდნელია, რომ მამა-პაპის დანატოვარ ქონებასაც ”უძირო” ბიუჯეტი ჩაყლაპავს.

სოსო ცისკარიშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): ”ეფექტურ პროცენტს რაც შეეხება, ხელისუფალნი ამას სათავისოდ კარგად ანგარიშობენ, მაგრამ საჯაროდ არავინ იტყვის, რადგან ამ შემთხვევაში საჭირო გახდება მისი სრულად ბიუჯეტისკენ მიმართვა. ეს კი ჩვენი ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. ამიტომ მხოლოდ გამჭვირვალობა შეიძლება გახდეს ასეთი ჭირის მოშორების საფუძველი. თუ არ აღმოჩნდა ბიზნესმენთა განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც საკუთარ ღირსებას უფრო მაღლა დააყენებს, ვიდრე კეთილდღეობას, ქართული ბიზნესი განწირულია, იყოს მანქურთის როლში და ნებისმიერი თანხის გადახდის მზადყოფნა დაადასტუროს, თუნდაც სატელეფონო ზარის საფუძველზე. არის ქვეყნები, სადაც გადასახადები ოფიციალურად არის მაღალი, მაგრამ აბა ჰკითხეთ, ვთქვათ, შვედს ან დანიელს, რომელთა შემოსავლის ნახევარი გადასახადებში მიდის - აქვთ უკმაყოფილების განცდა ამის გამო? რადგან შემდეგ მათი მოთხოვნილებები, ჯანმრთელობის დაცვასთან თუ სხვა სოციალურ შეღავათებთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია. იქ ყველა ხვდება, რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის იხდის ამ გადასახადებს.

ჩვენთან კი ბიზნესიდან ამოღებული ფულის მიმართულება გაუგებარია, ხოლო რაც ჩანს, გულის გამხეთქია, თუ ის ბიუჯეტის ხარჯზე ხორციელდება. ბიზნესის დატერორების, მათგან ფულის ამოღების მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ მოქმედი ხელისუფლებისთვის საფრთხეს მდიდარი ქართველი წარმოადგენს, რომელმაც შესაძლოა არა ნაციონალური მოძრაობისკენ მიმართოს თავისი კაპიტალი. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ განკულაკების ეტაპზეა, მადა ხელისუფლებისა არ მცირდება, მხოლოდ იზრდება. აქედან გამომდინარე დუმილი და მზაობა - ოღონდ თავი დამანებეთ და წაიღეთ, რაც გსურთ - ამრავლებს ასეთი ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება ცდილობს, ყველა ბიზნესი თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, რათა შემდეგ უფრო იოლად დაავალოს, ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტის სასარგებლოდ”.

ციფრების ენით

-2010 წლის განმავლობაში სასამართლოების მიერ დაკისრებული ჯარიმებისა და საპროცესო შეთანხმებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 112.795.907 ლარი შევიდა. ეს ინფორმაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგის მიერ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ანგარიშშია მოცემული.

-მონაცემებში არ ჩანს, კონკრეტულად რა თანხა შევიდა ბიუჯეტში მხოლოდ საპროცესო შეთანხმების შედეგად. ოფიციალური ცნობებით, 2010 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში 19 956 ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენებიდან 79.5%-ში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.