სამარშრუტო ბიზნესში ფასები ”აიჭრა” - კვირის პალიტრა

სამარშრუტო ბიზნესში ფასები ”აიჭრა”

მგზავრობის გაძვირების შესახებ მერიაში განაცხადი ერთი თვით ადრე უნდა შესულიყო...

მერიამ მგზავრობის გაუფრთხილებლად გაძვირებისთვის კომპანიები დააჯარიმა?!

თბილისში ძველი მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფის გაძვირებას მძღოლები სკანდალურ მიზეზს უკავშირებენ. კერძოდ, #135 და #50 მარშრუტებზე მომუშავე მძღოლთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ მათთან კომპანია ”თბილლაინისა” და ”თბილისის მიკროავტობუსის” წარმომადგენლები პოლიციის თანხლებით მივიდნენ და მოსთხოვეს მინაზე ინფორმაციის გაკვრა, მგზავრობის 80 თეთრამდე გაძვირების შესახებ. ”წინააღმდეგ შემთხვევაში ხაზზე არ გატარებთ, ან ფეხზე მდგომ მგზავრებს თუ დავინახავთ, საპატრულო პოლიცია დაგაჯარიმებთო. პოლიციელებმაც თავის დაქნევით დაუდასტურეს მუქარა და შეგვახსენეს, აქამდე ბევრ სხვა დარღვევაზეც ვხუჭავდით თვალსო”, - ამბობენ მძღოლები.

მუქარის მიუხედავად, #50 მარშრუტზე მძღოლებმა უარი თქვეს მგზავრობის გაძვირებაზე. #135-ზე კი მორჩილად მიაკრეს ”80 თეთრი”. შესაბამისად, თუ აქამდე ეს მარშრუტი მუდამ გადატვირთული იყო და #135-ის ძველისძველ მიკროავტობუსებში ფეხს ვერ აადგამდი, ტარიფის გაძვირების შემდეგ ნახევრად ცარიელი დაქრიან. მგზავრთაგანაც ზოგი იხდის 80 თეთრს, ზოგიც ძველებურად 50 თეთრს ტოვებს, საპროტესტო განცხადებების თანხლებით. ერთმა ნაწილმა კი მეტროს მიაშურა.

მძღოლები შიშობენ, რომ მიკროავტობუსით მგზავრობის საყოველთაოდ გაძვირების შემთხვევაში, გაკოტრდება ბევრი სამარშრუტო ხაზი, რომელიც მეტროს მარშრუტს ემთხვევა. #50 მარშრუტის მძღოლები ამბობენ, რომ გაკოტრების ტალღაში ისინი პირველი მოჰყვებიან, რადგან მათ სვლაგეზზე მეტროს რამდენიმე სადგურია და მგზავრი უთუოდ აირჩევს შედარებით იაფ ტრანსპორტს. მძღოლები ეჭვობენ, რომ ახალი მიკროავტობუსების სრულად, ყველა ხაზზე შემოსვლის შემდეგ, შესაძლოა მეტროთი მგზავრობაც გააძვირონ, სხვაგვარად კონკურენციას ვერ გაუძლებენო. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია, ისევე როგორც კიდევ უფრო არასასიამოვნო ვერსია, რომ თითქოს მგზავრობა საბოლოოდ კი არა, ნაწილობრივ გაძვირდა და ტარიფები 1 ლარიდან 1,2 ლარამდე დიაპაზონში დაწესდება. ძნელია თქმა, რეალობასთან რამდენად ახლოს დგას ეს ვერსიები, თუმცა გამორიცხული არაფერია - ახლახან, ივლისის პირველ რიცხვებში, ”ეკოპალიტრასთან” კომენტირებისას ”თბილლაინში” კატეგორიულად უარყოფდნენ უახლოეს ეტაპზე გაძვირებას და ამით კვერს უკრავდნენ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, რომელიც ამ მხრივ ცვლილებებს საერთოდ გამორიცხავდა.

ჯარიმა, როგორც დარღვევის ნებართვა

”თბილლაინისა” და ”თბილისის მიკროავტობუსის” წარმომადგენლები ახლაც ამბობენ, რომ ტარიფი ძველ ”მარშრუტკებში” მათ არ გაუზრდიათ (თუმცა ახლებში ხომ გაზარდეს?!). ”ეკოპალიტრასთან” საუბრისას ისინი აცხადებენ, რომ მძღოლები ცრუობენ. ”ჩვენი მხრიდან არანაირი ძალადობა არ ყოფილა, საერთოდაც არავისთვის არაფერი მოგვითხოვია. ახალი მიკროავტობუსი რომ შემოვიდა #4 მარშრუტზე, რატომღაც დანარჩენმა მძღოლებმაც თვითნებურად გააძვირეს. გვერწმუნეთ, ეს გაძვირება თვითნებურია და ძველი ”მარშრუტკებით” თქვენი მგზავრობის დროს გაძვირებული ტარიფის გადახდის შემთხვევაში, ფული არ შემოდის ჩვენს ანგარიშზე”, - განმარტავენ ”თბილისის მიკროავტობუსში”. ”თბილლაინს” კი პასუხი არ აქვს კითხვაზე, თუ ორი კვირის წინ ამტკიცებდნენ, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა არ გაძვირდებოდა, რატომ გაიზარდა ტარიფი?

საავტომობილო ტრანსპორტის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანიას თქმით, ტარიფის მოსალოდნელი გაძვირების შესახებ ერთი თვით ადრე უნდა შესულიყო განაცხადი მერიაში, რაც არ მომხდარა და ამის გამო თვითნებურად მგზავრობის გამძვირებლები უნდა დაისაჯონ. მერიაში ”ეკოპალიტრას” განუცხადეს, რომ თვითნებური საქციელისა და კანონის დარღვევის გამო დამრღვევები დაჯარიმდნენ. საქმეც ამით დასრულებულა - თურმე საჯარიმო სანქცია მხოლოდ ფულად გადასახადს გულისხმობს და არაკანონიერად განხორციელებული აქტის აკრძალვას არ ითვალისწინებს... ამ ეტაპზე კომპანია ”თბილლაინი” და ”თბილისის მიკროავტობუსი” მხოლოდ ასი ლარით დაჯარიმებულან. (?!) მერიაში განაცხადეს, თუ მათი მხრიდან კვლავ აღინიშნება თვითნებური საქციელი, მაშინ ტენდერის პირობები გადაიხედებაო, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, გადახედვაში რას გულისხმობდნენ.

ამგვარი ვითარება იწვევს ეჭვს, რომ ვერსიები მერიის, საკრებულოსა და კერძო კომპანიების გარიგების თაობაზე საფუძვლიანია. მოარული ხმების თანახმად, როდესაც ტენდერში გამარჯვებულებმა საკრებულოს მგზავრობის ტარიფის გაზრდის აუცილებლობაზე დაუწყეს ლაპარაკი, წინააღმდეგობა შეხვდათ. პასუხად ულტიმატუმი წამოუყენებიათ, თუკი მგზავრობის 80 თეთრამდე გაძვირებას ვერ უზრუნველყოფთ, ახალ მიკროავტობუსებს სომხეთში გადავიყვანთ და ტენდერს ჩავშლითო. რა გამოდის - საკრებულომ და მერიამ თანხმობა მისცეს, დაარღვიე კანონი და ჩვენც სათქმელი გვექნება, რომ ჯარიმა გადაგახდევინეთო?! უცნაურია, რომ ასეთი თვითნებობისთვის, თუ ეს მართლა მათი მხრიდან მოხდა და არა იძულებით, რატომ არ დასაჯეს ძველი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები. მერიის პრესსამსახურს ამ კითხვის პასუხი არ აქვს.

”თბილლაინსა” და ”თბილისის მიკროავტობუსში” აცხადებენ, რომ ტარიფის გაძვირება გარემოებამ აიძულათ, - ”ეს იმის შედეგია, რომ დღემდე მიკროავტობუსებით მგზავრობისთვის არ არსებობდა ლეგალური დაბეგვრის რეჟიმი, მგზავრობის თანხა იყო ე.წ. შავი ფული. დღეიდან კი, საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მგზავრობის მომსახურება იბეგრება. ამასთან ჩვენს მიერ შემოყვანილი ახალი ტრანსპორტი სათანადო ფორმაში რომ იყოს, გაცილებით მეტი ხარჯის გაწევა სჭირდება, ვიდრე ძველ ”მარშრუტკებს” და გაძვირების მიზეზიც ეს გახდაო”. კომპანიაში არ პასუხობენ, ამ მოტივით გაძვირების შესახებ განაცხადი რატომ არ გაკეთდა ერთი თვით ადრე და რატომ იცრუეს ივლისის დასაწყისში, რომ ტარიფი არ გაძვირდებოდა. ”ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთო”, - მოკლედ მოგვიგეს. აქ არც ის იციან, მგზავრობა კიდევ გაძვირდება თუ არა. ამბობენ, რომ ამიერიდან მგზავრობის ტარიფი 80 თეთრი იქნება, ოღონდ უცნობია - როდემდე. სანამ ეს ტარიფი მოქმედებს, ”მეტრომანის” ბარათით მგზავრობისას დღის განმავლობაში პირველი მგზავრობა 80 თეთრი ეღირება, ყველა მომდევნო კი 65 თეთრი.

”ეკოპალიტრამ” ასევე გაარკვია, რომ თუ ახალი მიკროავტობუსებით დაკომპლექტებულ ხაზებზე მგზავრების ფეხზე დადგომა აიკრძალება, როგორც ეს თავდაპირველად იყო განზრახული, საავტომობილო ტრანსპორტის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია სასამართლოსაც მიმართავს. მისი განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტების საქალაქო ტიპის ტრანსპორტზე, რომელსაც აქვს სავარძელსა თუ ჭერზე მიმაგრებული ხელის მოსაკიდებელი, მგზავრის ფეხზე დგომა დასაშვები უნდა იყოს. მძღოლების თქმით, ეს აბსურდული აკრძალვა იქნება, რადგან მაშინ ”მარშრუტკები” კომპანიებს ვერ შეუტანენ იმდენ თანხას, რომ იქიდან დაპირებული დღიური გასამრჯელო 40 ლარიც გაიცეს, ტრანსპორტის მოვლასაც ეყოს და და მოგებაც დარჩეს...

ტარიფი ”გაიშალა”

- თბილისში მოძრავი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ორ ტარიფს - 50 და 80 თეთრს მესამე ტარიფი - 60 თეთრიც დაემატა.

- 80 თეთრი იმ მიკროავტობუსებით მგზავრობა ღირს, რომლებიც შედარებით გრძელი მარშრუტით მოძრაობენ. მოკლემარშრუტიანი მიკროავტობუსებით მგზავრობა ძირითადად 50 ან 60 თეთრი ღირს.