ჩემი მეზობელი ”ჯაშუშია” - კვირის პალიტრა

ჩემი მეზობელი ”ჯაშუშია”

კერძო ინსპექტორი ყველაზე პატარა ობიექტებსაც გააკონტროლებს

შემოსავლების სამსახურის ახალი საპილოტე პროგრამა - ”კერძო ინსპექტორი” უკვე ამოქმედდა. ამ ინიციატივის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ გაცხადდა და მსურველების მიღებაც დაიწყო. როგორც შემოსავლების სამსახურში გვითხრეს, ინსპექტორობის სურვილი უკვე 53 ადამიანმა გამოთქვა და თითქმის სამი კვირაა, მოვალეობის შესრულებასაც შეუდგნენ.

პროექტის თანახმად, მეწარმეთა კონტროლი და შემოწმება, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ნაცვლად, რიგით მოქალაქეებს დაევალებათ. კერძო საგადასახადო ინსპექტორობის მსურველებს კონკურსის წესით არჩევენ და შესაბამის უფლებებსაც ანიჭებენ, თუმცა მათ მუშაობა თვითდაფინანსებაზე მოუწევთ. კერძო საგადასახადო ინსპექტორებს დარღვევების გამოვლენა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის, სალარო ჩეკის ამოურტყმელობის ან განგებ მცირე რაოდენობით თანხის მითითების შემთხვევაში ევალებათ. რამდენ კანონდამრღვევ მეწარმესაც გამოავლენენ, იმდენ ფულად სარგებელს მიიღებენ შემოსავლების სამსახურისგან ბონუსების სახით. შესაბამისად, ამას მოჰყვება საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის ოფიცრების ფუნქციების შეცვლა. მათი ძირითადი მოვალეობა დარღვევების პრევენცია, მეწარმის გაფრთხილება და საგანმანათლებლო სამუშაოები იქნება.

კერძო საგადასახადო ინსპექტორის პროექტი რომ ამოქმედდა, ამის შესახებ პირველად ჩემ მეზობლად მდებარე მაღაზიაში გამყიდველმა შემატყობინა. თვალით დახლთან მდგარ მამაკაცზე მანიშნა და ძლივს გასაგონად მითხრა: იცანი? უკან ქუჩაზე ცხოვრობს, ახლა საგადასახადოს ”ჯაშუში” გამხდარა და მაღაზიების დასაჯარიმებლად დაძრწისო. სწორედ მისგან გავიგე, რომ ამ კერძო ინსპექტორის წყალობით რამდენიმე ახლომდებარე სავაჭრო ობიექტი შემოსავლების სამსახურს უკვე დაუჯარიმებია. ”ხომ იცი, როგორ ხდება, მაღაზიების უმეტესობას თავისი კლიენტი ჰყავს, ბევრ მათგანს პირადად იცნობ უკვე, ზოგს ნისიადაც ატან პროდუქტს. როცა კლიენტს იცნობ, შესაძლოა ხან ჩეკის ამორტყმა დააგვიანო, ხან მცირე თანხაზე არც ამოარტყა. უცხო ადამიანთან ასეთ რამეს არ გააკეთებ, იმის შიშით, რომ საგადასახადოს წარმომადგენელი არ აღმოჩნდეს. ახლა კი ამის გაკეთება აღარც შინაურებთან შეიძლება. სწორედ ამისთვის ჰყავთ კერძო საგადასახადო ინსპექტორები, რომ ნაცნობი მეწარმეები დაასმინონ დარღვევებისთვის, რაშიც თურმე ფულს უხდიან. ასე რომ, თუ შენი მეზობელი ან მეგობარი საგადასახადო სამსახურის ”ჯაშუში” აღმოჩნდა, არ უნდა გაგიკვირდეს”, - მითხრა გამყიდველმა.

ამ შემთხვევიდან ცოტა ხანი არ იყო გასული, რომ სხვა ამბავიც შევიტყვე. ახლობლის კომპანიაში სავიზიტო ბარათებსა და საინფორმაციო ბუკლეტებს ბეჭდავენ. რამდენიმე დღის წინ ორი ახალგაზრდა მისულა და ერთი სავიზიტო ბარათის დაბეჭდვა უთხოვიათ. ”გამიკვირდა, ასეთი შეკვეთა არასდროს გვქონია, მაგრამ ვუთხარი, დიზაინი წარმოედგინათ. მხრები აიჩეჩეს და მითხრეს, რომ დიზაინი ჩემი გემოვნებით დამემზადებინა. მივხვდი, სხვა რამისთვის იყვნენ მოსული და ვცადე ამეხსნა, რომ ჩვენი კომპანია პროდუქციის დიზაინზე არ მუშაობს. მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდნენ ოფისში და ბოლოს გამოტყდნენ, რომ შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობდნენ, კერძო საგადასახადო ინსპექტორები იყვნენ და ცდილობდნენ, დარღვევაზე დავეჭირე”, - მითხრა ჯარიმას გადარჩენილმა ახლობელმა.

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ამ პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში 200-300 მოხალისე ინსპექტორის დასაქმება იგეგმება. მოქმედმა ინსპექტორებმა უკვე გამოავლინეს თურმე მეწარმეთა დარღვევის ფაქტები. დაჯარიმებულ მეწარმეს თუ მიაჩნია, რომ ჯარიმა უსამართლოდ დააკისრეს. უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიმართოს. მაგრამ მეწარმეთა მწარე გამოცდილება ცხადყოფს, რომ ასეთ შემთხვევაში დაკისრებული ფულადი სანქციის გასტუმრება ტყავის გადარჩენის საუკეთესო საშუალებაა. ასე რომ, უფრთხილდით კერძო საგადასახადო ინსპექტორებს!