”კუნძულეთის ხელმწიფეები” - კვირის პალიტრა

”კუნძულეთის ხელმწიფეები”

მდიდარი ადამიანების ნებაყოფლობითი რობინზონიადა

$191 მილიონი - სწორედ ამდენი ღირს საბერძნეთის პატარა კუნძული სკარპიოსი, რომელიც, როგორც ამბობენ, ცნობილმა დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ იყიდა. თავად არმანი კი ამტკიცებს, რომ კუნძული არ უყიდია, თუმცა ბერძნული კუნძულების ყიდვის სურვილი მდიდარსა და ცნობილ ადამიანებს არ განელებიათ. ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო იმედოვნებს, რომ მიწების კერძო საკუთრებაში გაყიდვით დეფოლტს თავს აარიდებს. დღეს კუნძულები ინვესტორებს ნამდვილად იზიდავს, თუმცა იყო დრო, როცა ისინი არავის აინტერესებდა.

უძრავი ქონების ყიდვა ნებისმიერ დროში კაპიტალდაბანდების ყველაზე საიმედო საშუალებად მიიჩნეოდა. თუმცა უძრავ ქონებასაც გააჩნია. ფული თუ გაქვს, შეგიძლია გახდე შემოსავლიანი სახლების, საოფისე ფართების, სავაჭრო ცენტრების, პლანტაციების, გოლფკლუბების, ატრაქციონების მფლობელი, მაგრამ აქედან ვერც ერთი გაგრძნობინებს თავს სრულუფლებიან ბატონ-პატრონად. ამ გრძნობის განსაცდელად მეტი ხელგაშლილობაა საჭირო რომელიმე სახელმწიფოს ისტორიული ოლქის ან ვთქვათ, კუნძულის შესაძენად.

ჭეშმარიტი მილიონერობის სავიზიტო ბარათად ამჟამად კუნძულის ფლობა მიიჩნევა. ადრე კი საქმე სხვაგვარად იყო. ძველ არისტოკრატიასა და ახალ ფინანსურ-სამრეწველო ელიტას დედაქალაქების მაჯისცემაზე ედო ხელი და თავს უფლებას ვერ მისცემდა, დიდი ხნით გასცლოდა მას. მდიდრები კი მოგზაურობდნენ, მაგრამ აზრადაც არ მოსდიოდათ ერთი-ორი თვით სადმე შორეულ კუნძულზე დასვენება. თანაც ოკეანის სიღრმეში განმარტოებული ვინმე ბანკირი თუ კორპორაციის ხელმძღვანელი სრულიად მოსწყდებოდა თავის ბიზნესს, სატელეგრაფო კაბელის გაჭიმვა ძვირიც ჯდებოდა და მისი ყველგან მიყვანაც შეუძლებელიც იყო...

დროთა განმავლობაში კუნძულებისადმი ინტერესი ჟიულ ვერნის მსგავსმა მწერლებმა გააღვივეს. პირველად სწორედ ჟიულ ვერნმა მოგვითხრო კუნძულზე, სადაც მხოლოდ მილიონერები ცხოვრობენ. 1895 წელს დაწერილ რომანში ”მცურავი კუნძული”, მან აღწერა უზარმაზარი ”სტანდარტ-აილენდი” - ხომალდი, ზომით 7კმX5კმ-ზე, ნამდვილი ქალაქი, სადაც მილიონერები ბობოქარ ცხოვრებას გარიდებიან.

დროდადრო ჩნდებოდა ვინმე შერეკილი, ვინც საცხოვრებლად კუნძულზე გადაბარგდებოდა. ასეთი გახლდათ საფრანგეთის კონსერვატორიის დირექტორი, ცნობილი კომპოზიტორი ამბრუაზ ტომა, რომელმაც ბრეტანის სანაპიროსთან, კუნძულ ილესზე სახლი აიშენა. და მაინც, კუნძულებით ნამდვილი გატაცება შეუძლებელი იყო, ვიდრე სატრანსპორტო საშუალების განვითარებამ მდიდრებს ახალი, მობილური ცხოვრების ათვისება არ შეაძლებინა.

მაიამური ლეგენდის დაბადება

XIX-XX სს-ის მიჯნაზე გამოჩნდნენ მოგზაური მილიონერები, რომლებიც აღმერთებდნენ დედამიწის ირგვლივ მოგზაურობასა და რეგატებს. მაგრამ კუნძულებზე ნამდვილი მოთხოვნის გაჩენას სჭირდებოდა ადამიანი დიდი კომერციული ნიჭითა და მდიდარი წარმოსახვით. ის XX ასწლეულის დასაწყისში გამოჩნდა. კარლ ფიშერი ამერიკული ოცნების განსახიერება გახლდათ. მან რამდენიმე წლის განმავლობაში განვლო გზა ველოსიპედების გამყიდველიდან მილიონერამდე. 1904 წელს ფიშერმა, კომპანიონთან ერთად, შეიძინა პატენტი აცეტილენის ფარების წარმოებაზე და მალე აშშ-ში დამზადებული ყველა ავტომობილი გზას ამ ხელსაწყოთი ინათებდა. ფიშერი თამამად აბანდებდა ფულს ახალი გზების მშენებლობაშიც, რადგან კეთილმოწყობილი გზები საავტომობილო ბაზარს აფართოებდა.

1915 წელს აგებული დიქსი-ჰაივეის ავტოტრასა ფიშერის საყვარელი ქმნილება იყო. გზას მონრეალი და მაიამი უნდა დაეკავშირებინა. ფიშერს გაუჩნდა იდეა, ფლორიდაში აეგო ჟიულვერნისეული მილიონერთა კუნძულის მსგავსი რამ, სადაც მდიდარი ავტომობილისტები შეუხვევდნენ. მან სანაპიროსთან ახლოს მდებარე დიდი კუნძული იყიდა და მას მაიამი-ბიჩი დაარქვა. გაასუფთავა კუნძული ეკალ-ბარდებისაგან, ააგო ხიდები და გაიყვანა გზები, ააშენა პირველი სასტუმრო და წამოიწყო დიდი სარეკლამო კამპანია. მაიამი-ბიჩის სარეკლამო პოსტერები პირდაპირ მიზანში ხვდებოდა. ”ჩვენ უმშვენიერეს გოგონებს საბანაო კოსტიუმებით შევმოსავთ, მერე კი მათ ფოტოებს მთელ ქვეყანაში გავავრცელებთ”, - ამბობდა ფიშერი.

დეველოპერის თავგამოდებამ სასურველი შედეგი გამოიღო - 1920-იანი წლებიდან მაიამის შემოგარენში ეგრეთ წოდებული ფლორიდის მიწის ნაკვეთების ბუმი დაიწყო. 1926 წელს ფიშერმა გაყიდა სამფლობელო მაიამი-ბიჩზე და $100 მილიონიც იშოვა, თუმცა ერთი პატარა კუნძული თავისთვის დაიტოვა. ეს იყო 1919 წელს შექმნილი ხელოვნური კუნძული, რომელიც მფლობელის სახელს ატარებდა.

1925 წელს ფიშერის კუნძულს შემქმნელის ვაჟის, კარლ ფიშერის მეგობარი, რკინიგზის მაგნატის, უილიამ ვანდერბილტის შვილი უილიამ II ეწვია.უმცროსი ვანდერბილტი აღმერთებდა მოგზაურობას, იახტებსა და ავტომობილებს. სწორედ ამ საერთო გატაცებამ დააახლოვა ის კარლ ფიშერთან.

გამჭრიახმა ფიშერმა ადვილად დაარწმუნა უილიამი, რომ ფლორიდის ნაპირთან საკუთარი კუნძულის ფლობა სწორედ ის იყო, რაც მას სჭირდებოდა. რკინიგზის მაგნატის მემკვიდრემ კუნძული თავის დიდებულ იახტაზე გაცვალა. ამ გარიგების შესახებ უმალვე გახმაურდა. მას შემდეგ კუნძულის ყიდვა გაიგივდა უმაღლეს ბრწყინვალებასა და ექსტრავაგანტურობასთან, რისი უფლებაც საკუთარ თავს მხოლოდ ამ ცხოვრების ჭეშმარიტმა ბატონ-პატრონმა შეიძლება მისცეს.

რობინზონის მემკვიდრეები

საკუთარი უკაცრიელი კუნძულების მოდა სწრაფად გავრცელდა. კინოვარსკვლავები და სხვა ცნობილი ადამიანები კუნძულების შეძენით დაინტერესდნენ. ცნობილმა ამერიკელმა ავიატორმა ჩარლზ ლინდბერგმა საფრანგეთში სწორედ ის კუნძული, ილესი იყიდა, სადაც ოდესღაც კომპოზიტორი ამბრუაზ ტომა ცხოვრობდა. თუმცა დიდხანს ვერ გაძლო იქ და ამერიკაში დაბრუნდა.მოგვიანებით კუნძულები როკ-ვარსკვლავებმა შეიძინეს - 1967 წელს ჯონ ლენონმა 1,7 ათას გირვანქა სტერლინგად იყიდა ირლანდიის მახლობლად კუნძული დორნიში, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ქვრივმა იოკომ ონომ 30 ათასად გაყიდა.

KvirisPalitra.Ge

საკუთარი კუნძულების დიდ პოპულარიზატორად ცნობილი ბერძენი გემთმფლობელი მაგნატი არისტოტელე ონასისი იქცა. მან 1968 წელს ამერიკის პრეზიდენტის ქვრივ ჟაკლინ კენედიზე სწორედ საკუთარ კუნძულზე, სკარპიოსზე იქორწინა. მას შემდეგ ზღვით შემოსაზღვრული მიწის ნაგლეჯის ფლობა მრავალი მილიონერისთვის ლამის აკვიატებულ იდეად იქცა, სხვათა შორის, მათთვისაც, ვინც მილიონერობას ჯერ კიდევ მხოლოდ გეგმავდა.

კუნძულებზე მოთხოვნა იზრდებოდა. სულ უფრო მეტი ბიზნესმენი ითბობდა ხელს ამ საქმიანობით. ცნობილ ბრენდ Virgin-ის შემქმნელმა რიჩარდ ბრენსონმა მოიფიქრა კუნძულის გამოყენება საკუთარი მუსიკალური სტილის გასავითარებლად.

1979 წელს ბრენსონმა 180 ათას გირვანქა სტერლინგად იყიდა ვირჯინიის არქიპელაგში შემავალი კუნძული ნეკერი, ნამდვილი ტროპიკული სამოთხე, და იქ ზეპური საზოგადოებისთვის კურორტი გააშენა. თუმცა თავდაპირველად მას კუნძულის ყიდვა სურდა არქიპელაგში, რომლის ინგლისური სახელწოდება (Virgin Isles) ისე ჟღერდა, როგორც მისი ბრენდისა. ამჟამად ბრენსონი ფლობს ხუთ კუნძულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ერთ-ერთ მათგანს ინგლისი ჰქვია და ის დუბაისთან გაშენებულ ხელოვნურ არქიპელაგში შედის. ეს არის ”მსოფლიო”, რომლის კუნძულებსაც კონტინენტების ფორმა აქვს.

დღეს კუნძულებზე საქმიანობენ როგორც მთავრობები, ასევე ინვესტორები. ამ უკანასკნელთა მიზანია, შეძენილ კუნძულზე ააგონ სასტუმროები, განავითარონ ინფრასტრუქტურა, შემდგომ კი სარფიანად გაყიდონ. ასეთი სარფიანი საქმისთვის ნამდვილად ღირს ხელის განძრევა, რადგან კუნძულები გაიაფებას სულაც არ ”აპირებენ”. ”კუნძულთმფლობელთა” რიცხვიც გამუდმებით იზრდება. ამ სიაში არიან ჯონი დეპი, მელ გიბსონი, ლეონარდო დი კაპრიო, სელინ დიონი და სხვა მრავალი. სახელმწიფოები კუნძულებს ყიდიან ან ხანგრძლივი არენდით გასცემენ, რათა ბიუჯეტი რამდენიმე მილიონი დოლარით შეავსონ. სწორედ ამდენი ღირს საშუალოდ კარგი კუნძული.

მოამზადა ნატა ენუქიძემ