ჰიბრიდული სიმინდის "ჰოლივუდური ღიმილი" - კვირის პალიტრა

ჰიბრიდული სიმინდის "ჰოლივუდური ღიმილი"

"უცხო ხილი"

"ვერ ვიტყვი, რომ ამერიკული უგემურია ან საზიანო, თუმცა პირუტყვი რომ გამოვკვებეთ - არც ფრინველმა მოიმატა წონაში და არც ღორმა თუ ძროხამ"

ადგილობრივ ბაზარზე ამერიკული, "პიონერის" მარკის ჰიბრიდული სიმინდის პირველი მოსავალი გამოჩნდა. სიმინდის ყანების აღება ჯერ ნაადრევია, ამიტომ ბაზარზე ტარო შედარებით მცირე რაოდენობით იყიდება. ამერიკული სიმინდი ქართულთან შედარებით იაფი ღირს, თუმცა ვიზუალურად, მაგალითად, აბაშისას ბევრად სჯობია - ერთი ზომის, ბროლივით თეთრი სიმინდის უნაკლო მარცვლები დანახვისთანავე იზიდავს მომხმარებელს.

თუ ქართული სიმინდის ტარო ბაზარზე 40-50 თეთრი ღირს, ამერიკულ ჰიბრიდს 25-30 თეთრადაც შეიძენ. მომხმარებელი ტაროების შეხედვით ვერ განასხვავებს ადგილობრივ ჯიშს უცხოურისგან, მაგრამ გემოვნური თვისებები ჩვენსას უკეთესი აქვს. "ყველას ჩვენი სიმინდი უფრო მოსწონს, რადგან უფრო გემრიელია. იცით, რა არის უცნაური, ქართული ტარო შეიძლება გაფცქვნა და ზოგი ჭიანი აღმოჩნდეს, ამერიკული კი ჯერ ერთიც არ მინახავს ჭიანი. მომწოდებლებიდან ზოგი ამბობს, რომ წლეულს კარგ მოსავალს ელოდება. ვინც სიმინდი შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით დათესა, სასუქიც შეიტანა და მორწყვაც არ დააკლო, ამბობს, რომ ჰექტარზე 5-6 ტონა სიმინდი უნდა მიიღოს. მაგრამ ვისაც შესაფერისი პირობები არ ჰქონდა, ამბობს, რომ ორ ტონასაც ვერ მოიწევს ჰექტარზე", - მითხრა სიმინდის გამყიდველმა ყოფილი "დეზერტირების" ბაზრის ტერიტორიაზე.

სიმინდის ამერიკულ თესლთან დაკავშირებით საზოგადოებაში ისეთი ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდა, რომ "გენმოდიფიცირებული" ჭყინტი სიმინდის ჭამას ყველა ერიდება. გამყიდველიც დიდი მონდომებით მალავს, რომ სიმინდი, რომელსაც ყიდის, ამერიკულია და მზად არის, მთელ მის ოჯახსა და სანათესავოს ფიცით მუსრი გაავლოს, ოღონდ კი დაარწმუნოს მყიდველი, რომ ქართულ სიმინდს ყიდის. როგორც ბაზრის მოვაჭრეებმა მითხრეს, წლეულს ქართული სიმინდის მოსავალი წინა წლებთან შედარებით ბევრად ნაკლებია, ამიტომაც ღირს ამერიკულთან შედარებით ძვირი. ქართული სიმინდის მოსავლის სიმცირე მისი ამერიკული თესლით ჩანაცვლებამაც გამოიწვია. ყველაზე დიდი რაოდენობით "პიონერის" მარკის ნედლი სიმინდი ზღვისპირა კურორტებზე იყიდება, სადაც წლის ამ სეზონურ დელიკატესზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია.

წლეულს ჰიბრიდული სიმინდის პროექტის ფარგლებში, "პიონერის" თესლი საქართველოს მასშტაბით 23400 ჰექტარზე დაითესა.

სხვა საკითხია, რამდენად ვარგისია ეს სიმინდი საკვებად, თუ მას მხოლოდ საფურაჟე დანიშნულება აქვს. საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციაში განმარტავენ, რომ ახალი ჰიბრიდული სიმინდი უნივერსალური, მაღალმოსავლიანი, უწყინარი, "მორჩილი" და "მინდვრის დედოფალი" კულტურაა, რომლის ყოველი ნაწილის - მარცვლის, ღეროს, ფოთლებისა და ნაქუჩის გამოყენება შეიძლება სასურსათო პროდუქტებისთვის, მეცხოველეობისთვის, მრეწველობისთვის ნედლეულად და სხვ. კომპანია "პიონერის" ჰიბრიდებიდან სასურსათოდ უფრო მეტად თეთრმარცვლიანი ჰიბრიდია ვარგისი.

ამ სიმინდის მოყვანის გამოცდილება შიდა ქართლში აქვთ. აგვისტოს ომის შემდეგ კონფლიქტის ზონაში "პიონერის" ჰიბრიდული სიმინდით 12 ათასი ჰექტარი სავარგული უფასოდ დაითესა. როგორც გორის რაიონის გლეხებმა მითხრეს, ამჯერად სახელმწიფოს შეთავაზებას, ამერიკული სიმინდი საკუთარი სახსრებით დაეთესათ, თავი აარიდეს, რადგან შარშანდელი მოსავლით უკმაყოფილო დარჩნენ.

გულო ნადირაძე (გორის რაიონის მკვიდრი): "ამერიკული სიმინდის თესლით ბარაქიანი მოსავალი მოვიდა. თუ ქართული სიმინდი ერთ ღეროზე ორ ტაროს ისხამს, "პიონერმა" სამ-სამი ტარო მოგვცა ღეროზე. საკვებადაც ვიყენებდით, აბა, რა უნდა გვექნა, რადგან ომმა ყველაფერი გაგვინადგურა და რაც მოგვცეს, იმაზეც მადლობელი ვიყავით. რა თქმა უნდა, ქართული სიმინდი უფრო გემრიელია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამერიკული უგემურია ან საზიანო. თუმცა ერთი ისეთი თვისება აღმოაჩნდა, რის გამოც მეორე წელს მის მოყვანაზე უარი ვთქვით. ქართლში სიმინდი ძირითადად პირუტყვისა და ფრინველის გამოსაკვებად მოგვყავს. იმ წელს, როცა უცხოური ორგანიზაციის დახმარებით ამერიკული სიმინდის მოსავალი მივიღეთ და პირუტყვიც ამით გამოვკვებეთ, ძალიან ნაკლები შედეგი მივიღეთ - არც ფრინველმა მოიმატა წონაში და არც ღორმა თუ ძროხამ. როგორც ჩანს, ამ ამერიკულ სიმინდს ისეთი მაღალი კვებითი ღირებულება არა აქვს, როგორიც ქართულს. ამიტომაც მეორე წელს წავედით მუხრანის ბაზრობაზე და ქართული სიმინდის თესლი შევიძინეთ".