"ქართული ბაყაყის" უკანონო ბიზნესი - კვირის პალიტრა

"ქართული ბაყაყის" უკანონო ბიზნესი

შარშან ამ დროს სოფელ ცაიშში ხმა გავრცელდა: ნიანგმა გოჭი შეგვიჭამაო. ეს ამბავი სოფელ ცაიშში ნიანგების სანაშენე მეურნეობის გამო ატყდა და არცთუ უსაფუძვლოდ - სანერგე მეურნეობაში, სადაც ენდემური ჯიშები გამოჰყავთ და ბუნებრივი თერმული წყლები მოედინება, რამდენიმე ახალგამოჩეკილი რეპტილია გამოჩნდა.

სირაქლემების, ბაყაყების, ნიანგებისა და ლოკოკინების ბიზნესის განვითარების იდეა ორიოდე წლის წინ საქართველოში ძალიან პოპულარული იყო. სუპერმარკეტებში თელეთში მოშენებული სირაქლემის ხორცი და კვერცხიც იყიდებოდა. ცაიშში არგენტინიდან ჩამოტანილი ოთხი კვერცხიდან ნიანგებიც გამოიჩეკა. სამომავლოდ კი ნიანგის ხორცის ევროპაში გატანა 40 ევროდ, ტყავის გაყიდვა კი 500 ევროდ იგეგმებოდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგზოტიკური ცხოველების მოშენების პროექტი, რომელსაც ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ერთად ახორციელებენ, ჩავარდა.

ორი წლის განმავლობაში საქართველოდან ბაყაყების ექსპორტი თურმე ძირითადად საფრანგეთში ხორციელდებოდა. 2009 წელს კომპანია "კურსალი 47"-ს, რომლის კვალსაც ვერსად მივაგენით, ევროპაში 250 000 ქართული ბაყაყი გაუყვანია. აღარც კომპანია "ლოგო ჯორჯია" არსებობს, რომელიც იმავე პროდუქციის ექსპორტს საქართველოდან საფრანგეთში 2010 წელს ახორციელებდა. სამაგიეროდ მივაკვლიეთ კომპანია "ონეი ინტერნეიშენალ ექსპორტს", რომელიც ამ უკანასკნელს იურიდიულ მომსახურებას უწევდა. აქვე დაგვიდასტურეს, რომ "ლოგო ჯორჯია" საქართველოში ბაყაყებს ისე იჭერდა, ლიცენზია და ნებართვა არ ჰქონდა, თუმცა ლიცენზია მაინც არავის მოუთხოვია. იურიდიულ კომპანიაში ამბობენ, რომ წერილითაც კი მიუმართავთ გარემოს დაცვის სამინისტროსთვის და იქიდან პასუხი მიუღიათ: ბაყაყების ჭერას ნებართვა არ სჭირდებაო.

ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი საქმიანობისთვის დაახლოებით ორი თვის წინ საქართველოში კიდევ ორი კომპანია დარეგისტრირდა. მათ შორის ერთი "ოზკამი", რომელიც ბათუმშია რეგისტრირებული და თურქ ბიზნესმენს ეკუთვნის. KvirisPalitra.Geევროპაში ბაყაყის თათებზე დიდი მოთხოვნაა, რადგან გურმანებში დიდი მოწონებით სარგებლობს. კილოგრამი ბაყაყის ხორცი ევროპაში დაახლოებით 8 ევრო ღირს, ამიტომაც გაჩნდა წლების წინ იდეა, რომ საქართველოში, სადაც არსებობს ბუნებრივი პირობები ამ ამფიბიის მოსაშენებლად, ბაყაყების სანაშენე მეურნეობები გაეკეთებინათ.

ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ბაყაყების სანაშენე მეურნეობებს ვერსად მივაკვლიეთ. საქართველოში ბაყაყების სანაშენე მეურნეობის არარსებობას სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ადასტურებენ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ ბაყაყების ხელოვნურად მოშენება არ ხდებოდა, როგორ გადიოდა საქართველოდან ბაყაყის ხორცი ევროპის ქვეყნებში? მით უფრო, რომ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ცხადყოფს, რომ 2009 წელს საქართველოდან 4175 კილოგრამი ცოცხალი ბაყაყი გაიყვანეს, 2010-ში - 1100 კილოგრამი, თითო დაახლოებით 5 ცენტად. აღმოჩნდა, რომ კომპანიები, რომლებიც ამ ბიზნესით იყვნენ ან არიან დაკავებული, ბაყაყებს ჭაობიან ადგილებში იჭერენ და მათი ხელოვნური მოშენება, გამრავლება არ ხდება. ამასთან, ექსპორტიორ კომპანიებს ამ საქმიანობისთვის ნებართვა და ლიცენზია არა აქვთ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ამბობენ, რომ თუ ბაყაყი განსაკუთრებული სახეობის არ არის ან "წითელ წიგნში" არ არის შესული, მის დასაჭერად შესაბამისი უწყების ნებართვა საჭირო არ არის. მეტიც, ამ სახელმწიფო უწყებაში განმარტავენ, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვა ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და ბაყაყების მოპოვების ლიცენზია იქ უნდა მოვიკითხოთ. ენერგეტიკის სამინისტროში კი ამის შესახებ არაფერი იციან(?!).

შესაბამისად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ბიზნესი საქართველოდან უკანონოდ ხორციელდებოდა და "მწვანეების" განმარტებით, ის, ვინც ახლა იჭერს ბაყაყებს მასობრივად შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კანონს არღვევს. შედეგად, მივიღეთ ის, რომ ამ ამფიბიის პოპულაცია საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ცხოველთა სამყაროს ბუნებრივი ჯაჭვის ჰარმონიულ თანაარსებობას. მაგალითად, ხობის მოსახლეობის თქმით, უკვე წლებია ქალაქის მიმდებარე ჭაობიან ადგილებში ბაყაყების ჭერა ინტენსიურად მიმდინარეობს.

გიორგი გაჩეჩილაძე, მწვანეთა პარტიის გენერალური მდივანი: \

"მოგეხსენებათ, ბაყაყი ძირითადად ჭაობიან ადგილებში ბინადრობს. სავარაუდოდ, ბაყაყების ჭერა უმეტესწილად კოლხეთის ნაკრძალში ხდებოდა, რომელსაც რამსარის კონვენცია იცავს. ასეთ ადგილებში კი ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიაზე გავრცელებული ცხოველების ჭერასთან, აკრძალულია.

გარეულ ცხოველთა სახეობებით, მათი დერივატებითა და ცხოველმოქმედების პროდუქტებით ვაჭრობის, მისი ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ."

"კვირის პალიტრა" ცაიშში ნიანგების მოშენების იდეის ავტორებსაც დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ არც ამ ეგზოტიკური ბიზნესის იდეამ გაამართლა, ოთხი ნიანგისგან მხოლოდ ორი გადარჩა და ისიც გაასხვისეს.

ირაკლი ჩოკოლაია (კომპანია "ფაზის-პლანტის" მთავარი სპეციალისტი): "მსოფლიოს ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ მოითხოვა ძალიან ბევრი საბუთი, რათა საქართველოში ნიანგების ფერმის გაშენების ნებართვა მოგვეპოვებინა. პოტენციურად საქართველოში ყველა ცხოველის მოშენების შესაძლებლობა არსებობს, მათ შორის, ბეჰემოთისაც, მაგრამ ამ ყველაფერს ლიცენზია სჭირდება. ჩვენ უბრალოდ საექსპერიმენტოდ ჩამოვიტანეთ ნიანგის ოთხი კვერცხი არგენტინიდან, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს ჩანაფიქრი ექსპერიმენტის ფორმატს ვერ გასცდა. ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ ნიანგის ხორცსა და ტყავზე მზარდი მოთხოვნის გამო, რეპტილია დაცული უნდა იყოს მთელ მსოფლიოში. ამიტომ ძალიან რთულია ნიანგსაშენზე ლიცენზიის მოპოვება. მაგალითად, ფერმას თუ გააკეთებ, ასი კვერცხიდან რა რაოდენობის ნიანგსაც მიიღებ, ნახევარი ველურ ბუნებაში უნდა დააბრუნო, რომ ბუნებრივი ბალანსი არ დაირღვეს. სწორედ ამ პირობის შეუსრულებლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ლიცენზია, რადგან საქართველოდან ცოცხალ ნიანგებს არგენტინაში ვერ დავაბრუნებდით, წარმოუდგენელი იქნებოდა მათი ტრანსპორტირება".