ოთხსულიანმა ოჯახმა, თურმე, თვის განმავლობაში 266 ლარი უნდა იკმაროს - კვირის პალიტრა

ოთხსულიანმა ოჯახმა, თურმე, თვის განმავლობაში 266 ლარი უნდა იკმაროს

ხორბლის პური - 250 გრამი, ლობიო - 20 გრამი, ძროხის და ხბოს ხორცი - 40 გრამი, მაწონი - 25 გრამი, ჭარხალი - 15 გრამი - ეს "უგულავას დიეტა" არ გეგონოთ, მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობაა. სტატისტიკის სამსახური ფიქრობს, რომ ამ პროდუქტების დღიური ნორმა სრულიად საკმარისია შრომისუნარიანი მამაკაცის გამოსაკვებად. შესაბამისად, საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის გაანგარიშებული საარსებო მინიმუმი 158,60 ლარია, ხოლო საშუალო ოჯახმა, თურმე, თვის განმავლობაში 266 ლარი უნდა იკმაროს(?!).

ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაძვირდა სურსათი და მომსახურება, თუმცა საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა. იმისათვის, რომ არსებული რეალობა სტატისტიკურ მაჩვენებლებზე არ ასახულიყო, სტატისტიკის სამსახურმა სასურსათო კალათის გაანგარიშების მეთოდი "მცირედ" შეცვალა. უფრო სწორად, ადამიანის ფიზიოლოგიური არსებობისთვის საჭირო კალორიების რაოდენობა უცვლელი დატოვა ძვირად ღირებული პროდუქტების იაფით ჩანაცვლების ხარჯზე. ოფიციალურად გამოცხადებული საარსებო მინიმუმი, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში 7 ლარით კიდევ გაიაფებულა, მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ რეალურ მაჩვენებელს, რომელიც ადამიანის არსებობისთვის არის აუცილებელი.

იოსებ არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

- საარსებო მინიმუმს საქართველოს სტატისტიკის სამსახური ანგარიშობს და ითვლება, რომ შრომისუნარიანი მამაკაცისთვის ეს არის დაახლოებით 159 ლარი, ხოლო ოთხსულიანი ოჯახისთვის - 266 ლარი. ამ მაჩვენებლების გაანგარიშებას საფუძვლად უდევს გარკვეული მეთოდიკა, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ. ვფიქრობ, სტატისტიკური მაჩვენებლები რეალურად ვერ ასახავს შექმნილ მდგომარეობას. ამის თქმის საფუძველს კი მაძლევს ის გარემოება, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად, მსოფლიოში, იქნება ეს ამერიკა, თუ ახალი ზელანდია, დოვლათის ზრდის შესაბამისად იზრდება მოსახლეობის მოთხოვნილებაც და ვიღებთ, გარკვეულწილად, მულტიპლიკატორულ შედეგს. პირობითად, თუ ჩვენი სიმდიდრე, დოვლათი იზრდება 1%-ით, ჩვენი მოთხოვნილებები 1,5-2%-ით იმატებს. აქ მოქმედებს გლობალიზაციის ფაქტორიც. მაგალითად, როდესაც ადამიანი ხედავს ტელეეკრანზე ან კინოთეატრში, თუ რა ცხოვრების წესი, მოხმარების ნომენკლატურა აქვს შედარებით განვითარებული ქვეყნის მოქალაქეს, მასაც მსგავსი მოთხოვნილება უჩნდება, რაც შემდეგ წარმოშობს მოტივაციას, ეს კი მიგრაციის სურვილს, თუ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება ადგილზე არ ხერხდება. ანუ ეს მთელი კომპლექსია, რის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს რეალური საარსებო მინიმუმის გაანგარიშება.

მაგალითისთვის ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობა.

ამერიკაში საარსებო მინიმუმი ერთ სულზე შეადგენს წელიწადში 10 890 დოლარს, ხოლო ოთხსულიან ოჯახზე - 22 350 დოლარს, ანუ ეს არის 3.082 ლარი თვეში, თუ ლარისა და დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით ვისარგებლებთ. გამოდის, რომ ჩვენი ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის თანაფარდობა, ამერიკულთან შედარებით, დაახლოებით 9%-ია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური მონაცემებით კი, ჩვენთან საერთო შეწონილი ფასების დონე  ამერიკაში არსებულთან შედარებით 53%-ია და მიმდინარე მონაცემებით, შესაძლოა, უფრო მაღალიც. ე.წ. "ბიგმაკის" ინდექსის თანახმად, ჩვენთან ბიგმაკის ფასი, ამერიკის დონესთან შედარებით, 82%-ია. რა გამოდის? ჩვენი სტატისტიკით, საქართველოში ფასების დონე, ამერიკულთან შედარებით, 9%-ია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით - 53%, ხოლო "ბიგმაკის" ინდექსით - 82%. ამიტომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ოფიციალური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი, რათა მივუახლოოთ იმ რეალობას, რომელშიც მართლა გვიხდება ცხოვრება.

- რამდენი უნდა იყოს საქართველოში საარსებო მინიმუმი?

- იმის თქმა ნამდვილად არ მინდა, რომ ის ერთბაშად უნდა გაიზარდოს და დღეს თუ 159 ლარია, ხვალ 1059 ლარი უნდა გახდეს. თუმცა, დროა, ეტაპობრივად გადაიდგას ნაბიჯები. უპირველესად, უნდა გაიზარდოს იმ საქონლის ნომენკლატურა, რომელიც უნდა შევიდეს მინიმალური სამომხმარებლო კალათის დაანგარიშებაში. ამერიკულ სამომხმარებლო კალათაში დიდი ადგილი უკავია კომუნიკაციებსა და სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის - იჯარას, ლიზინგს და, მაგალითად, საახალწლო წვეულებისთვის სამასკარადო სამოსის ქირაობას. ბოლო წლებში ჩვენთანაც ფართოდ გავრცელდა ასეთი სახის მომსახურება და, ფაქტობრივად, ჩვენი მოხმარების სტრუქტურა შეიცვალა. მაგალითად, 20 წლის წინ არ იყო მოთხოვნილება მობილურ ტელეფონებზე, დღეს კი მობილური ტელეფონის ქონა, მისი მომსახურების ღირებულება, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენს მინიმალურ სამომხმარებლო კალათაში.

კაცობრიობის ისტორია არის ინფლაციის ისტორია - ფასები გამუდმებით იზრდება და ამას ვერსად გავექცევით. მაგალითისთვის ბოლო 6-7 წელიწადში მხოლოდ სურსათზე ფასები სულ მცირე, 2-3-ჯერ არის გაზრდილი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა,  ყველაზე მეტი დარტყმა მიადგა დაბალშემოსავლიან ოჯახებს. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდი - მაღალკალორიული ცხოველური წარმოშობის პროდუქტები შედარებით იაფი პროდუქტით ჩაანაცვლეს. შესაძლოა, მიღებული კალორიების რაოდენობა იგივე დარჩა, მაგრამ სასურსათო კალათის ღირებულებითი შეფასება შეიცვალა. ეს იგივეა, ნიგვზის მაგიერ შაქრიანი წყალი რომ დალიო და ამით დაიკმაყოფილო კალორიების დღიური მოთხოვნილება. შესაბამისად, ის მივიღეთ, რომ 2005 წლის გაზაფხულისთვის არსებული საარსებო მინიმუმი იგივე იყო, რაც დღეს, 2011 წლის ზაფხულისთვის გვაქვს. არადა, თუ ძველი მეთოდოლოგიით და დღევანდელი ფასების ინდექსით დავითვლით საარსებო მინიმუმს, არსებულზე სულ ცოტა, 1,5-ჯერ მეტი უნდა იყოს.

თუ დასავლური ორიენტაცია გვაქვს, ის უნდა გამოიხატოს არა მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურებთან დროშების ფრიალით, არამედ ინსტიტუციონალურად და ცხოვრების წესთან დამოკიდებულებითაც.

ამერიკაში, მაგალითად, არსებობს საარსებო მინიმუმის გაანგარიშების რამდენიმე წესი სხვადასხვა შტატის სპეციფიკის გათვალისწინებით. ზოგ ქვეყანაში თვლიან, რომ ღარიბია ოჯახი, თუ მისი შინამეურნეობის ხარჯების მესამედზე მეტი სურსათზე იხარჯება, ზოგ ქვეყანაში კი ოჯახი ღარიბია, თუ მისი შემოსავალი ქვეყანაში არსებული საშუალო შემოსავლის ნახევარზე ნაკლებია. ჩვენი სამომხმარებლო კალათის 70% სურსათზე მოდის, ხოლო დანარჩენი 30% - არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე. აუცილებელია, რომ პროპორცია შეიცვალოს სურსათის წილის მნიშვნელოვანი შემცირებით, რათა მხოლოდ სიღარიბეზე არ ვიყოთ ორიენტირებული.

თუ, მაგალითად, ამერიკელებს საარსებო მინიმუმის განსასაზღვრად კალათაში აქვთ, პირობითად, 100 ერთეული დასახელების პროდუქტი, ჩვენ გვაქვს მხოლოდ 20 ერთეული.

შესაბამისად, ამ ოცი ერთეულის ფასი, ღირებულებითი ფორმით, იძლევა ნაკლებს, ვიდრე - 100 ერთეულის. ანუ ამერიკელების აზრით, ადამიანებს არსებობისთვის სჭირდებათ უფრო მეტი მომსახურება და პროდუქტი, ვიდრე ამას საქართველოში მიიჩნევენ. მეტიც -  ზოგი სამომხმარებლო საქონლის მიხედვით ჩვენთან ფასები, დოლარის და ლარის ოფიციალური კურსის გათვალისწინებით, გაცილებით მაღალია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგალითად, 1 კილოგრამი ხორცი ჩვენთან 13,38 ლარი ღირს, ამერიკაში  კი - 11,72 ლარის შესაბამისი. ჩვენთან საწვავის ფასი 1,4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკაში. 1,3-ჯერ უფრო ძვირია ჩვენთან კვერცხი. 1 კილოგრამი ბანანის ფასი საქართველოში 3,69 ლარია, ამერიკაში კი  - 2,24 ლარი.

- მაგრამ თუ საარსებო მინიმუმი რეალურ მაჩვენებელს მიუახლოვდება, ანუ თქვენი გათვლებით, 1,5-ჯერ მაინც გაიზრდება, მაშინ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება სხვაობა საარსებო მინიმუმსა და ხანდაზმულობის პენსიას შორის. გამოდის, რომ სახელმწიფოს თავისი მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენა, ფაქტობრივად, შიმშილით სიკვდილისთვის ჰყავს განწირული.

- მსოფლიოში დაბერების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და საპენსიო ასაკის მოსახლეობის თანაფარდობა შრომისუნარიან მოსახლეობასთან სულ უფრო იზრდება. ოპტიმალური ვარიანტია, როდესაც 3-4 დაქირავებულ დასაქმებულზე ერთი პენსიონერი მოდის. ეს საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებაში შესაბამისი რესურსი შეიქმნას, რათა ბიუჯეტში მათი შენატანის საფუძველზე მოხდეს საპენსიო ფონდების ფორმირება. დღეს საქართველოში ერთ პენსიონერზე გვყავს არა 3-4 დასაქმებული, არამედ - 0,75, ანუ პენსიონერთა რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად აღემატება დასაქმებულთა რაოდენობას.

ამიტომ ქვეყანაში საშუალო ბიზნესს მეტი ხელშეწყობა სჭირდება და აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ყოველი დასაქმებული ადამიანი - ეს არის არა მხოლოდ კიდევ ერთი უზრუნველყოფილი ოჯახი, არამედ წინა პირობა იმისა, რომ ხანდაზმულმა მოსახლეობამ უფრო იმედიანად შეხედოს ხვალინდელ დღეს.