იმედია, სიმინდს ყურძნის ბედი არ ელის - კვირის პალიტრა

იმედია, სიმინდს ყურძნის ბედი არ ელის

"გლეხები შიშობენ,  სიმინდის ფასი ადგილობრივ ბაზარზე ისე არ დაეცეს, რომ დანახარჯიც ვერ აინაზღაურონ"

ბოლო წლების სტატისტიკას რომ გადავხედე, აღმოვაჩინე, რომ სიმინდის ნათესი ფართობები, თურმე, ყოველ წელს მცირდებოდა. ბოლოს, 2010 წელს, მთელ საქართველოში 108 ათას ჰექტარზე ყოფილა ეს მარცვლეული კულტურა დათესილი. წელს გაცილებით მეტის ათვისება მოხერხდა. მხოლოდ ამერიკული ჰიბრიდული სიმინდით 23400 ჰექტარი დაითესა. მოსავლის აღება ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ 300000 ტონა მარცვლეულის მოწევას ვარაუდობენ. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო, გლეხები შიშობენ, რომ შესაძლოა, სიმინდის ფასი ადგილობრივ ბაზარზე ისე დაეცეს, დანახარჯიც ვერ აინაზღაურონ.

სიმინდის ყანების აღება რამდენიმე კვირაში დაიწყება. ტარო უკვე მოსულია და მწიფობაში შევიდა, ამიტომ ინტერნეტტელევიზია "პალიტრა ტვ"-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად გეზი საქართველოს აღმოსავლეთისკენ ავიღეთ, რათა ჩვენი თვალით გვენახა და მოგვესმინა, როგორ მიმდინარეობს ხელისუფლების მიერ ინიცირებული პროექტი.

ამერიკული სიმინდით დათესილი ყანები პირველად სოფელ სართიჭალაში ვნახეთ. გლეხები საჯაროდ სათქმელის თქმას ერიდებიან და ამას ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოსალოდნელი პრობლემებით ხსნიან, ამიტომ თავიანთ გასაჭირზე ძირითადად პირად საუბრებში ჰყვებიან. როგორც გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ სართიჭალაში ნოყიერი ნიადაგია და სარწყავი სისტემაც მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული, იქაურების დიდმა ნაწილმა ამერიკული სიმინდის თესლის შეძენა სიძვირის გამო ვერ შეძლო. მოსახლეობა ამბობს, რომ ჰიბრიდულ მარცვლეულზე მხოლოდ ერთეულებს მიუწვდებოდა ხელი. ისინიც ადგილობრივი ფერმერები არიან, ვისაც სავარგულების დიდი ფართობები იჯარით აქვთ აღებული. თუმცა ახალი ჯიშის სიმინდი მათაც შედარებით მცირე ფართობებზე, საცდელად დათესეს.

ფერმერების სიფრთხილე არც გაგვკვირვებია. ამერიკული ჰიბრიდის საქართველოში შემოტანას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგი ამბობდა, რომ ეს გენმოდიფიცირებული მარცვალი იყო, რომლის მოსავალიც სხვა კულტურებს დააზიანებდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაზაფხულზე, როდესაც სოფლად ხვნა-თესვა მიმდინარეობს, ადგილობრივი ხელისუფლება დაშინებითა და სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებით აიძულებდა გლეხებს ამერიკული თესლის შეძენას. თავდაპირველი გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფიქრობდა, რომ ახალი მარცვლეული კულტურით მთელი საქართველოს მასშტაბით 40000 ჰექტარს აითვისებდა, მაგრამ გლეხიცა და ხელისუფლებაც ბევრ სირთულეს წააწყდნენ.

გიორგი გელაშვილი, სოფელ სართიჭალის მკვიდრი:  "მეგობრებმა გადავწყვიტეთ დაგვეთესა სიმინდის ყანა საერთო ფართობზე, ასე, რვა ჰექტარზე. მოსავალს ნამდვილად არ ვემდური, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რა ფასად გავყიდით. ერთ ჰექტარზე 240 ლარის მხოლოდ თესლი დაგვჭირდა. სათესლე მასალასთან ერთად  მოხვნის, დათესვისა და სასუქის ხარჯებმა ჰექტარზე 1.000 ლარს მიაღწია. ყანა ორჯერ მოვრწყე. ქართული სიმინდის ჯიშები აქამდე ბევრჯერ მომიყვანია და განსხვავება ამერიკულთან შედარებით, თვალსაჩინოა. ჯერ ერთი, ღეროზე, სულ მცირე, სამი ტაროა. გარდა ამისა, ქართულ სიმინდზე ადრე შემოდის, დათესვიდან მოსავლის აღებამდე სულ 110 დღეა საჭირო. მაშინ, როცა ქართული სიმინდის მოყვანას ერთი თვით მეტი სჭირდება. ერთი ეგ არის, რომ სადაც ეს სიმინდი დიდ ფართობებზეა დათესილი, ჭია გაუჩნდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროდანაც ჩამოვიდნენ სპეციალისტები და ამის მიზეზებს სწავლობდნენ."

აღმოსავლეთ საქართველოში ამერიკული სიმინდი ყველაზე დიდ ფართობებზე ლაგოდეხის რაიონსა   და წნორში გვხვდება. კახეთის გზაზე მართლაც ბევრი სიმინდის ყანაა გვალვისგან გადამხმარი. ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, მორწყვის პრობლემა კახეთის რეგიონშიც მწვავედ დგას. შესაბამისად, ვინც ნათესები ვერ მორწყა და ვერც სასუქი შეიტანა, მოსავალიც ვერ მიიღო და იზარალა. უმეტესობას ჰიბრიდული სიმინდის თესლი განვადებით ჰქონდა ნაყიდი და შეთანხმებისამებრ, თანხა მოსავლის მოწევიდან შვიდი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადონ. თუმცა, მოუვლელ ყანებში სიმინდის ღერომ არათუ ტარო გაიკეთა, პირუტყვის საკვებადაც კი არ ვარგა.

წნორში გლეხებმა ძირითადად საფურაჟე ამერიკული სიმინდი მოიყვანეს. იმედი აქვთ, რომ ტაროიანს კილოგრამს 40 თეთრად მაინც გაყიდიან. ვარაუდობენ, რომ ჰექტარზე დაახლოებით 10-12 ტონა მოსავალი უნდა მიიღონ. "თუ ნათესებს მოვლას არ დააკლებ, ქართული სიმინდიც კარგი მოდის. ასე 6-7 ტონა ტარო მომიწევია. ახლა ამბობენ, რომ სპეციალური ტექნიკა შემოვა, რომელმაც ამერიკული სიმინდის ყანები უნდა აიღოს. ეს ტექნიკა თავად ახარისხებს მარცვალს ნაქურჩალისგან. როგორც ამბობენ, ერთ ჰექტარზე მოსავლის აღებას დაახლოებით 200 ლარი დასჭირდება. მოსავლით კმაყოფილი ვართ, ახლა მთავარია, მოწეული სარფიანად გავყიდოთ," - ამბობს ბოდბისხეველი გიზო ბიწკინაშვილი.

კახელები ამბობენ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ამ კუთხეში სიმინდის ყანები ასეთ დიდ ფართობზე არ დათესილა. შესაბამისად, ყველა ოჯახსა თუ სოფელში ამ მოცულობის მარცვლეულის შესანახი მეურნეობები არ არსებობს, სიმინდს კი რეალიზაციამდე გამოშრობა სჭირდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ კახეთში უკვე მიმდინარეობს ერთ-ერთი ასეთი საშრობის მშენებლობა, რომელიც 40-45 ათას ტონა მარცვლეულს დაიტევს. კიდევ ერთი ასეთი საშრობი გურიაში აშენდება. თუმცა პროგნოზირებული მოსავალი 300000 ტონაა და კითხვა - სად გამოშრება დანარჩენი მარცვლეული, გლეხებსაც აწუხებთ. როგორც აქაურები ამბობენ, სანამ მოსავალს არ დააბინავებ, შენად ვერ დაიგულებ. გლეხები შიშობენ, სიმინდის მოსავლის შემთხვევაშიც იგივე არ მოხდეს, რაც კახეთში ბოლო წლების განმავლობაში ყურძენთან დაკავშირებით ხდება, როდესაც ადგილობრივებს სახელმწიფოს სუბსიდიის გარეშე ყურძნის გასაღება უჭირთ. ხელისუფლება ირწმუნება, რომ სიმინდი საქართველოდან საექსპორტოდ გავა, მაგრამ ვინ გაიტანს, ან რა ფასად შეისყიდიან  მოსავალს,  ჯერ არავინ იცის.

ლევან სილაგავა, ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი: "ხორბლის ფასისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენთან მიბმულია მსოფლიო ფასებზე, სიმინდის ფასი საქართველოს ბაზარზე რეგულირდება ადგილობრივი მოთხოვნის მიხედვით. ამიტომაც, ჩვენში სიმინდის ფასი განსხვავებულია მსოფლიოში ამ კულტურაზე არსებული ფასებისგან. თუ პროგნოზი, რომელიც საქართველოში სიმინდის მოსავალთან დაკავშირებით გამართლდა და 300000 ტონას მივიღებთ, რა თქმა უნდა, საექსპორტო პოტენციალიც გაჩნდება. ამ შემთხვევაში სიმინდის საექსპორტო ფასი მიებმება შიდა ფასს და მასზე, ზრდის თვალსაზრისით, გავლენას მოახდენს. შესაბამისად, გლეხიც უფრო მომგებიანად გაყიდის თავის მოსავალს. მაგრამ თუ საექსპორტოდ სიმინდის გატანა არ მოხდება, ფასს ადგილობრივი ბაზარი დაარეგულირებს და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში სიმინდის ფასი დაბალი იქნება."

სიუჟეტი ამ თემაზე იხ.palitratv.ge-ზე.