ქართული სამზარეულო საზღვრების გარეშე - კვირის პალიტრა

ქართული სამზარეულო საზღვრების გარეშე

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რესტორან-სასადილოებში სამუშაოდ საქართველოს მოქალაქეები მიდიან

ქართულ სამზარეულოს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეხვდებით. ქართული რესტორნების ბიზნესი განსაკუთრებით კარგად მუშაობს პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოსკოვში ქართული რესტორნების მთელი ქსელია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. მართალია, მოსკოვისგან განსხვავებით ოკუპირებულ სოხუმში, რესტორნებს "სულიკოსა" და "გენაცვალეს" ვერ არქმევენ, მაგრამ სოხუმის ყველაზე პოპულარული რესტორნის, "ნარტაას" მენიუში მითითებული აქვთ, რომ მათი საფირმო კერძი აჭარული ხაჭაპურია. ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგ, ქართულ ხინკალსა და ხაჭაპურზე მოთხოვნა გაჩნდა ცხინვალსა და ჩრდილოეთ ოსეთში. სამუშაოდ კი ქართულ კულინარიაში გარკვეულ ქალბატონებს საქართველოდან იწვევენ და აქაურ სტანდარტებთან შედარებით, საკმაოდ კარგ გასამრჯელოსაც უხდიან, თვეში დაახლოებით 1000 დოლარის ოდენობით. ქართული რესტორნების გარდა, ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთში მოთხოვნაა სულუგუნზე, ამიტომ იქაურ ფერმებში სულუგუნის ტექნოლოგიის სპეციალისტები სჭირდებათ და გამოღმა საქართველოშიც აღმოჩნდნენ იქ დასაქმების მსურველები.

შემოვლითი გზები, რომლებითაც ცხინვალსა და ვლადიკავკაზში დასაქმების მსურველები სარგებლობენ, რამდენიმეა. ისინი გამყოლის დახმარებით გადადიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რუსეთის ფედერაციაში. რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობისას სრული უსაფრთხოების გარანტიები არ აქვთ, მაგრამ როგორც ამბობენ, უკიდურეს გაჭირვებას გაურბიან.

პაატა ზაქარეიშვილი (კონფლიქტოლოგი): "ვლადიკავკაზში მინახავს კიდეც ქართული რესტორნები, ერთს "თბილისი" ჰქვია, რესტორანი "ფიროსმანიც" უნდა იყოს. არ არსებობს რუსული ქალაქი, მეტიც, ქალაქი პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ქართული რესტორანი რომ არ იყოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ცხინვალში, როგორც ასეთი, ქართული რესტორნები არ არსებობს, მაგრამ ყველა რესტორნის მენიუში შეხვდებით ქართულ სამზარეულოს, მათ შორის არის ხაჭაპური, ღომი და სხვ. მეტსაც გეტყვით, იქაური მოსახლეობის კვების ყოველდღიურ რაციონშია ეს კერძები შესული და თავადაც შესანიშნავად ამზადებენ. იმდენად ინტეგრირებული იყვნენ ქართულ კულტურასთან, ქართულ რეალობასთან, რომ ოჯახის სამზარეულო ხშირად არის ზოგადად ქართული. სიახლე ის არის, რომ წლების განმავლობაში ქართულ ყველს ამზადებდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. მაგალითად, სულუგუნს საბჭოთა დროიდან მოყოლებული ამზადებდნენ რუსეთში. იყო პერიოდი, როდესაც სულუგუნი რუსეთიდან ჩამოჰქონდათ თბილისში, რადგან იქ უფრო იაფი ღირდა. ქართული მეურნეობები რუსეთში, მათ შორის ციმბირშიც, ჩვეულებრივი ამბავია და არც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გაჩერებულა. უკვე დიდი ხანია, ქართველები რუსეთში სამუშაოდ მიემგზავრებიან და მათ, პირველ რიგში, სწორედ რომ ქართულ სამზარეულოებში ასაქმებენ.

აფხაზეთში კი, მაგალითად, სოხუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი კვების ობიექტს "აჭარული ხაჭაპურები" ჰქვია. იქ მოსახვედრად რიგი წინასწარ უნდა დაიკავო. აფხაზები ქართულ სიმღერებსაც კი უსმენენ, სხვათა შორის, მხოლოდ ოჯახებში კი არა, არამედ ღიად, საჯაროთ, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც გაიგონებთ ქართულ სიმღერას. დარწმუნებული ვარ, რომ ცხინვალშიც უსმენენ ქართულ სიმღერებს. ცხინვალის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ქართული ენა და ზოგადად ქართული კულტურა მშობლიურია".

მამუკა არეშიძე (ექსპერტი კავკასიის საკითხებში): "რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთს, ქართული რესტორნისა და ქართული კერძების მომზადების კულტურა იქ ადრეც არსებობდა. იქ დღემდე ცხოვრობს ქართველთა დიდი ჯგუფი და მოქმედებს ქართული სკოლა, რომლის დირექტორიც ქართველია. ახლა კი ქართული სამზარეულოთი დაინტერესდნენ. არ არის გამორიცხული, ვლადიკავკაზში მომუშავე ქართული რესტორანი ახლა პოპულარული იყოს. გამომდინარე აქედან, სხვებმაც გადაწყვიტეს მიბაძვა. ამ დიდი რესტორნის გარდა, არის კიდევ რამდენიმე ქართული სამზარეულო, სასადილოს ტიპისა, სადაც ძირითადად ხინკალი მზადდება და ეს კერძი იქ ძალიან პოპულარულია. როგორც ვიცი, იქ ძირითადად მოხევეები არიან დასაქმებული. რადგან ეს ბიზნესი წარმატებული აღამოჩნდა, როგორც ჩანს, სხვებმაც დაიწყეს მასობრივად ამ ბიზნესის კეთება. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამიტომ იწვევდნენ სამუშაოდ იმ ქალბატონებს, ვინც ამ სამზარეულო საქმეში გარკვეულია. ყველის თემაც ამას უკავშირდება. შემიძლია გითხრათ, რომ ოსური ყველი გემოვნური თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება ქართულ ყველს და მიმაჩნია, რომ ჯავის ყველი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სულუგუნისა და ჭყინტი ყველის წარმოებასთან.

ცხინვალში ნამდვილად არ არის ასეთი ვითარება. ცხინვალში ომამდეც არ ყოფილა ისეთი რესტორანი, შესვლა რომ ღირდა. შედარებით ნორმალური იყო "ყაზბეგის" რესტორანი, რომელიც "ყაზბეგის" ქარხანასთან არსებობდა. ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს ვახლდი იქ გოგი თოფაძეს რესტორნის გახსნაზე. ეს რესტორანი მიიჩნეოდა ერთ-ერთ საუკეთესოდ ცხინვალში, ახლაც მოქმედებს, მაგრამ ის დონე აღარ არის, რაც იყო. არ არის გამორიცხული, რომ ქალბატონების გარკვეული ნაწილი სასადილოებში დასაქმდეს. KvirisPalitra.Geობიექტურად მინდა გითხრათ, რომ ოსური სამზარეულოს ის ნაწილი, რომელიც ხაჭაპურს შეეხება - წახარჯინი, ხაბიზგინი, ძალიან გემრიელია, მაგრამ მაინც მწირია. მხოლოდ ხაჭაპურისა და მწვადის კულტურა აქვთ. ახლა მოთხოვნა მრავალფეროვნებაზეც გაჩნდა, რადგან ბევრი ადამიანი სტუმრობს იქაურობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ იქ უამრავი ხალხი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები მუშაობენ მშენებლობებსა და სხვა სამუშაოებზე. მაგრამ ინვესტიციები იქ არ შესულა, ეს ტრანშებია, რომლებიც მოსახლეობის ჯიბეებამდე ვერც აღწევს და იხარჯება ან მშენებლობა-რესტავრაციაზე, ან ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდის. სხვათა შორის, კოკოითის აპარატის ყოფილი უფროსის, ბოლშაკოვის სიკვდილი, სწორედ ამას უკავშირდება... თუ ვინმე ხსნის ამ რესტორნებს, ცხადია, საქმეში ადგილობრივი ჩინოვნიკები მონაწილეობენ. თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ მაღალი დონის მაინც არ იქნება, რადგან მომხმარებელი არ არის გადახდის მაღალი უნარის მქონე. არც ის მგონია, ყველას 1000-დოლარიანი ხელფასები შესთავაზონ.

მეორე - რამდენად უსაფრთხოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამგზავრება? წლეულს უკვე საქართველოს ასამდე მოქალაქეა დაკავებული ასეთი გადასვლის გამო რუსი მოსაზღვრეების მიერ ახალგორსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. შარშან ამავე მიზეზით საქართველოს 120 მოქალაქე დააკავეს. ცოტა ხნის წინ ცხინვალის ციხეში სამი ქართველი მონადირე გამოამწყვდიეს. რა თქმა უნდა, ეს სარისკოა, მაგრამ არ არსებობს საზღვარი, რომლის დარღვევა არ შეიძლებოდეს. გავიხსენოთ უაღრესად დაცული ამერიკა-მექსიკის საზღვარი, რომელსაც დღეში საშუალოდ 30 ადამიანი არღვევს მექსიკის მხრიდან. აქაც არის ეს ხვრელები და ჩემთვისაც ცნობილია ყველა ეს გზა, რომლითაც სარგებლობს ხალხი - დაკრძალვისას იქნება, ლხინის სუფრისთვის თუ სხვა, მით უფრო, თუ დაინტერესებული ადამიანი არსებობს იქითა მხრიდან. ჩვენ ვიცით რუსი კორუმპირებული სამხედროების ამბავი, მცირე შემოსავლის გამო ტანკს გაატარებენ იქ. გადასვლა ადვილდება, როცა ქართველებს ოსი გამყოლები აცილებენ. თუმცა თუ რუსებს ტვინი გადაუბრუნდათ, და ასეც მომხდარა, ოსი გამყოლებიანად დაუპატიმრებიათ. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო და მარშრუტის კარგად განსაზღვრა.

მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ ჩვენს მოქალაქეებს სამუშაოთი და ისინი მტრულად განწყობილ ქვეყანაში მიდიან. უნდა გითხრათ, რომ სამხრეთ ოსეთსა და ცხინვალში, ჩემი ვარაუდით, 150-მდე ქართველი ჯერ კიდევ ცხოვრობს, ზოგი ოსზეა გათხოვილი, მაგრამ ისეთი ოჯახები ვიცი, სადაც ცოლიც და ქმარიც ქართველია. როცა ადამიანი სამუშაოდ საბერძნეთში ან თურქეთში მიდის, კიდევ გასაგებია, როდესაც რუსეთში მიდის სამუშაოდ, იძულებულია ეს ნაბიჯი გადადგას. ეს ნონსენსი და საკუთარი სახელმწიფოს მასხარად აგდებაა. ხელისუფლება დეკლარირებს ერთს, ხოლო ხალხი აკეთებს მეორეს. ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელი წასულიყო გერმანიაში სამუშაოდ და პირიქით".

ციფრების ენით

ფასები ერთ-ერთ ქართულ რესტორანში რუსეთის ფედერაციაში

-სულუგუნი 100გრ- 80 რუბლი (დაახლ. 4,59 ლარი)

- ხინკალი 1 ცალი - 25 რუბლი (1,43 ლარი)

- "შქმერული" -340 რუბლი (19,5 ლარი)

-მწვადი კეცზე - 220-240 რუბლი (12,6-13,77 ლარი)

-კუპატი - 210 რუბლი (12,04 ლარი)

-ტყემალი, 50 გრ -40 რუბლი (2,3 ლარი)

-ხაჭაპური იმერული -150 რუბლი (8,6 ლარი)

-ხაჭაპური აჭარული - 220 რუბლი (12,6 ლარი)

- ლავაში - 25 რუბლი (1,43 ლარი)

- ჩიხირთმა- 120 რუბლი (6,88 ლარი)