თხილის მოსავალს წლეულს ბედმა გაუღიმა - კვირის პალიტრა

თხილის მოსავალს წლეულს ბედმა გაუღიმა

თურქეთში დაბალი მოსავლის წყალობით, საქართველოში შესასყიდმა ფასმა მოიმატა

ახლა საქართველოში ის დროა, როდესაც თხილი მასობრივად იკრიფება. ზოგმა მოსავალი უკვე მოიწია და თხილს არჩევს გასაყიდი სახის მისაცემად. წლევანდელი მოსავლით გლეხები ძირითადად კმაყოფილი არიან. კარგი მოსავალი მიიღეს გურიაშიცა და სამეგრელოშიც. კახეთში თხილის ნარგავები ჯერ ახალგაზრდაა, ამიტომ იქ მოწეულ მოსავალს ორიოდე წლის შემდეგ დავითვლით.

უხვი მოსავალია აფხაზეთში, მაგრამ გაყიდვა იქ კვლავ პრობლემაა. გალელები ამბობენ, რომ ადგილობრივად თხილის გაყიდვისგან თავს იკავებენ, რადგან მიღებული შემოსავლის გამო შესაძლოა ყაჩაღობის მსხვერპლი გახდნენ. სარისკოა ასევე თხილის გადმოტანა ენგურს გამოღმა, რადგან აქაც მოსალოდნელია საფრთხე, ძირითადად რუსი სამხედროების მხრიდან.

თურქეთში დაბალი მოსავლის გამო, წლეულს საქართველოში თხილის გასაყიდი ფასი შარშანდელთან შედარებით მაღალია, თუმცა გლეხები აღნიშნავენ, რომ ფასით უფრო ექსპორტიორები ხეირობენ. საქართველოდან თხილი საექსპორტოდ ძირითადად ევროპის ქვეყნებში გადის და ქვეყნის სასურსათო ექსპორტში 24%-იანი წილი უჭირავს. მსოფლიოში კი თხილზე მოთხოვნა ყოველწლიურად დაახლოებით 2%-ით იზრდება.

ლიანა ხომერიკი (ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომის მკვიდრი): "თხილი არის "მეწელიწლე" - ერთ წელიწადს თუ კარგი მოსავალია, მეორე წელს მოსავალი შედარებით მცირეა. შარშან ცუდი მოსავალი იყო, მაგალითად, შარშან ვისაც 300 კილოგრამი მოუვიდა, წლეულს იმავე ფართობზე 1 ტონამდე თხილი მიიღო. ყველას კარგი მოსავალი მოუვიდა. ახლა ადგილზე თხილს 2,70 ლარად იბარებენ. ოზურგეთში უნდა აიტანო და ჩააბარო, დაახლოებით 14 ჩამბარებელი პუნქტია გახსნილი. თხილზე მოთხოვნა დიდია, რამდენიც უნდა გქონდეს, მაინც შეისყიდიან. შარშან ამ დროს თხილის ფასი 2 ლარი იყო. ზამთარში ფასი აუცილებლად მოიმატებს, ალბათ 3,50-4 ლარი შეიქნება. ამბობენ, რომ წლეულს თურქეთში თხილი არ არის და ამიტომაც არის ძვირიო. მანდარინთან შედარებით თხილი ბევრად მომგებიანია. მანდარინზე მოთხოვნაც ნაკლებია და შენახვაც ჭირს, ერთ თვეში გვილპება".

მარიკა დოლიძე (ჩოხატაურის რაიონის მკვიდრი): "წლეულს არც ისეა, როგორც აქ რომ იტყვიან, მოსავალი "გასკდაო", მაგრამ არც დაბალ მოსავლიანობას უჩივიან აქაურები. ძალიან შრომატევადი კულტურაა თხილი. უცებ შემოდის და რაც უნდა მრავალსულიანი ოჯახი იყოს, უჭირთ რომ ერთად შეესიონ და მთელი მოსავალი უცებ აიღონ. არადა, დაგვიანებისას შესაძლოა მთელი მოსავალი ძირს მოეფინოს. ამიტომ ძალიან ძნელია მოსავლის სრულად, უკლებლივ სახლში შეტანა. შეიტან და არავითარი საშუალება არ არსებობს, რაც ადამიანს თხილის გარჩევაში დაგეხმარება. მეზობელ სოფელში ჩამოუტანიათ მგონი თურქეთიდან, მაგრამ არ გამოდგა, ნახევარ კაკალს ამტვრევსო. წარმოიდგინეთ, რამდენი თხილის მარცვალი უნდა მოიწიო და ადამიანი ყოველ მარცვალს ორჯერ ეხება: ერთხელ, როდესაც კრეფს და მეორედ, როცა არჩევს. ასეთი შრომის საზღაური კი ბევრად მეტი უნდა იყოს. კილოგრამი თხილის ფასი ჯიშების მიხედვით 1,30 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასი კილოგრამზე 2,70 ლარს აღწევს. ყველაზე გავრცელებულია ჯიში, რომელსაც აქ შვილისყურას ეძახიან, შედარებით ხარისხიანი კი ე.წ. ბერწულაა.

ზამთრამდეც ვერ ინახავ თხილს, რომ შემდეგ უფრო მაღალ ფასად გაყიდო. ჯერ ერთი რომ წონას კარგავს და მეორეც, მღრღნელი არ უნდა გააკარო. ძირითადად 5-6 წლიანი ნარგავებია და უკვე აქვთ მოსავალი. ერთი ჯგუფი ასეთი ფასებით კარგად ხეირობს. ლარადაც ჩააბარებენ, აბა რა უნდა ქნან".

იასონ ნაჭყებია (სოფელ რუხის მკვიდრი): "წლევანდელ მოსავალს ნამდვილად არ ვუჩივით, მაგრამ ადგილობრივი ფასი მაინც ძალიან დაბალია. დღეს აქ რომ კილოგრამ თხილში 2,80 ლარს გადაგიხდიან, ხვალ მას სამმაგ და ოთხმაგ ფასად გაიტანენ საზღვარგარეთ გასაყიდად. მაგრამ ჩვენ რა გვიჭირს, ჩვენზე გაჭირვებულ დღეში აფხაზეთში მცხოვრებნი არიან. ყაჩაღთა ბანდები დათარეშობენ და თუ გაიგეს, რომელიმე ოჯახმა თხილი გაყიდა, მიადგებიან. საწყლები იძულებული არიან, მოსავალი გასაყიდ ფასზე ბევრად იაფად ისეთ გადამყიდველს მიჰყიდონ, ვისაც "ზურგი" აქვს და თხილს გასაყიდად უსაფრთხოდ გაიტანს, ან მალულად ზუგდიდში გადმოაქვთ".

ბეგი სიორიძე (თხილის საექსპორტო კომპანიის დამფუძნებელი): "წლეულს საუკეთესო მოსავალია, მეტიც, ასეთი მგონი ჯერ არც ყოფილა. მთელ საქართველოში წლეულს ალბათ დაახლოებით 35 ათას ტონას მოვიწევთ. დღევანდელი ფასი შემიძლია გითხრათ - 2,80 ლარად ვყიდულობთ 1 კილოგრამს. ეს ყველაზე ხარისხიანი თხილის ფასია და შედარებით დაბალი ხარისხის თხილი უფრო იაფიც ღირს, დაახლოებით 2,25 ლარი. თურქეთში წლეულს მოსავალი შედარებით ნაკლები მოვიდა, ამიტომაც ჩვენთან, უხვი მოსავლის მიუხედავად, მაღალი ფასი დამყარდა. ჩვენი მოსავალი როგორიც უნდა იყოს, თხილის ფასზე ზეგავლენას ვერ ახდენს. მსოფლიოს ფასს თურქეთი კარნახობს. ნაჭუჭიანი თხილის საექსპორტო ფასი ამჟამად 2,60-2,65 დოლარია, მაქსიმალურ ოდენობას კი თებერვალში აღწევს. თუმცა ძნელია განსაზღვრა, რა ზღვრამდე შეიძლება გაიზარდოს თხილის ფასი მარაგების ამოწურვამდე".

ეკა ქავთარაძე