ხელფასით მილიარდერი
"მაიკროსოფტის" გენერალურ დირექტორ სტივ ბალმერს აღმოსავლეთევროპული ფესვები და ამერიკული მიზანდასახულობა აქვს. მას მსოფლიოში ყველაზე შრომისმოყვარე მილიარდერი შეარქვეს და ჭეშმარიტად ერთადერთია, ვინც ნამდვილად დაიმსახურა ეს სახელი.

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ნუსხაში "მაიკროსოფტის" გენერალური დირექტორის, სტივ ბალმერის ფიგურა გამორჩეულია: ის პირველი და ერთადერთია მსოფლიოს მილიარდერთა კლუბიდან, ვინც უზარმაზარი ქონება, არც მეტი, არც ნაკლები, იმ ხელფასით დააგროვა, რომელსაც კერძო კომპანიაში დაქირავებულ მენეჯერად მუშაობისთვის უხდიდნენ; მით უფრო, რომ ის არც ამ კომპანიის დამფუძნებელი ყოფილა და
არც დამფუძნებლის ნათესავი.

ყველაფერი 1980-იანი წლებიდან დაიწყო. სწორედ მაშინ მიხვდა ბილ გეიტსი, რომ მის სწრაფმზარდ ბიზნესს პროფესიონალი ბიზნესმენეჯერი სჭირდებოდა და ყოფილ მეზობელს ჰარვარდის საერთო საცხოვრებლიდან წინადადება შესთავაზა. "მაიკროსოფტის" დამფუძნებელმა 24 წლის ბალმერი წლიურ 50-ათას დოლარსა და აქციების 7%-ზე დაიყოლია. ბალმერმა სტენფორდის ბიზნესსკოლა უყოყმანოდ მიატოვა.

იმხანად
კომპანიაში სულ რაღაც 23 თანამშრომელი იყო, გაყიდვის წლიური მოცულობა კი $12,5 მლნ-ს არ აღემატებოდა. ახალბედა მენეჯერის პირველი ნაბიჯი იყო კომპანიის ხანგრძლივი სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შტატების გაორმაგება. ასე დაიბადა ერთ-ერთი უშესანიშნავესი პარტნიორობა თანამედროვე ბიზნესის ისტორიაში: გეიტსის ტექნოლოგიური გაქანებები, პლუს ბალმერის ბიზნესსტრატეგია და ფინანსური პოლიტიკაა.

მოთმინება და შრომა

თერთმეტი წლის შემდეგ, 1991 წელს, ბალმერმა თავისი პირველი მილიონი მოიხვეჭა. 2011 წლის მარტის მდგომარეობით კი $14,5 მლრდ-ით მსოფლიოს უმდიდრესთა "ფორბსისეულ" სიაში 46-ე ადგილზე იყო. მისი ხელფასი დიდი ხანია, წელიწადში $1 მილიონს გასცდა. რასაკვირველია, მის სიმდიდრეში ლომის წილი ფასიან ქაღალდებს უდევს - ის დღეს კომპანიის აქციების 3,85%-ს ფლობს.

სტივ ბალმერი ხისტი და ნიჭიერი მმართველია. კომპანიაში თითქმის არ არსებობს განყოფილება, სადაც მას არ უმუშავია. 1998 წელს სტივმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. 2000 წელს, როცა ბილ გეიტსმა გადაწყვიტა, მხოლოდ თავისი ქმნილების კრეატიულ-ტექნოლოგიურ საქმიანობაში ჩაფლულიყო, კომპანიის მართვის სადავეები მთლიანად პარტნიორსა და მეგობარს გადაულოცა. ყოველ დაწინაურებას ბალმერი კიდევ უფრო ენერგიული მუშაობით პასუხობდა. ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, რომ ჟურნალმა "ფორბსმა" იმავე წელს `მაიკროსოფტის~ გენერალური დირექტორი მსოფლიოში ყველაზე შრომისმოყვარე მილიარდერად დაასახელა.

ბალმერის სამუშაო დღე 7:30 სთ-ზე იწყებოდა და შუაღამეზე ადრე არ მთავრდებოდა. ის Excel-ში, სპეციალურ ცხრილში დღის განრიგს გეგმავდა, განაწილებული ჰქონდა დრო შემკვეთებთან შეხვედრებისთვის, თანამშრომლებისთვის და სხვ. ის თვითონ კითხულობდა პირად ფოსტას და ამისთვის თანაშემწეს არ საჭიროებდა.

პაპის ალი-კვალი

სტივ ბალმერს სამეწარმეო ნიჭი და გაქანება მემკვიდრეობით გადმოეცა. მამამისმა, შვეიცარიელმა ემიგრანტმა, "ფორდის" კორპორაციაში საშუალო რგოლის მენეჯერის თანამდებობას მიაღწია და ამასვე ოცნებობდა თავისი შვილებისთვის. თუმცა ოჯახში მიაჩნდათ, რომ სტივის ხასიათსა და არჩევანზე ძლიერი გავლენა მოახდინა დედის მამასთან, ბელორუსიის პატარა სოფლიდან ემიგრირებულ შლომო დვორკინთან სიახლოვემ. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ბაბუა დეტროიტში ძველი მანქანების ნაწილებით ვაჭრობდა.

უცნაური იყო დვორკინის მიდგომა ბიზნესისადმი. იგი მანქანების სასაფლაოზე უვარგის, დამტვრეულ ნაწილებს აგროვებდა, დაფხავებულ ბორბალს, რომლის უმაღლესი ფასიც 50 ცენტი თუ იქნებოდა, თან გადაჰყვებოდა, გააახლებდა და 5 დოლარად გაყიდდა. სწორედ ეს ანიჭებდა განუზომელ სიამოვნებას და არა ის, რომ დავუშვათ, ვინმეს უვარგის ბორბალში მისთვის 50 დოლარი გადაეხადა. მას თვით ბიზნესის არსი ხიბლავდა, გარჯა და კეთება მოსწონდა. იქნებ სწორედ ამ თვისების გამო აღმერთებდა სტივი ბაბუას.

"მე ჩინებული ბიჭი ვარ"

ბილ გეიტსის შემდეგ, სტივ ბალმერი მეორეა კომპანიაში მუშაობის ხანგრძლივობით. "მაიკროსოფტს" მან ცხოვრების ნახევარზე მეტი მიუძღვნა, პირადი ბედნიერებაც აქ იპოვა. მისი ცოლი, კონი სნაიდერი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობდა, მათ სამი შვილი ჰყავთ. დღესდღეობით ბალმერის მთავარი ამოცანაა "ადამიანის შესაძლებლობების გაფართოების კონცეფციის რეალიზაცია პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილსა და ნებისმიერ დანადგარზე". კომპანიის საუკეთესო ძალები დაკავებული არიან მომავალი თაობის ვინდოუს-სერვისების შემუშავებით ყველა სახის კომპიუტერის, სერვერების, გამომთვლელი ხელსაწყოებისა და ინტერნეტისთვის.

ბალმერის ყოველი გამოჩენა საზოგადოების წინაშე ყოველთვის ერთი მსახიობის თეატრად იქცევა, დაუსრულებელი თემით "მე - ჩინებული ბიჭი ვარ". მან მსმენელამდე სიტუაციის ხედვის მიტანის თავისებური და ერთობ ექსტრავაგანტური მანერა გამოიმუშავა, სულერთია, იქნება ეს ხალხმრავალი კონფერენცია თუ ვიწრო ჯგუფის სხდომა. ბალმერს შეუძლია ყოველგვარი უხერხულობის გარეშე იხტუნაოს, წაიცეკვოს, მაიმუნივით დაიმანჭოს, ათლეტივით ოფლად დაიღვაროს სცენაზე და იმღეროს კიდეც. ინტერნეტი სავსეა ამ სცენების ამსახველი ვიდეორგოლებით.

ექსცენტრიკულობა, კონკურენტების ლანძღვა მისი ხასიათისთვის ისეთივე ორგანულია, როგორც სიმკაცრე, მომთხოვნელობა და პრობლემის გადაჭრის გამაოგნებელი უნარი. მის ამ თვისებას თვით გეიტსიც შეეჯახა. ბილის რამდენიმე მცდელობას, ბალმერის გადაწყვეტილებაში ცვლილებები შეეტანა, ეს უკანასკნელი ვეტოს ადებდა: "შენ გამხადე კომპანიის საქმეებზე პასუხისმგებელი, მაშ, მომეცი უფლება, თავად მივხედო ამას". როცა Linux-ის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ამ სისტემას სავსებით უსასყიდლოდ სთავაზობდნენ ნებისმიერ მომხმარებელს, ბალმერმა გააპროტესტა: "Linux-ი კიბოა, რომელიც ყველაფერს შთანთქავს, რასაც კი შეეხება - ინტელექტუალური საკუთრების თვალსაზრისით".

ბალმერისაგან ყველაზე მეტი "მაიკროსოფტიდან" "გუგლში" გადასულებს "მოხვდათ". საქმე სკამის სროლამდეც კი მივიდა, როცა ინჟინერ ლუკოვსკის "გუგლში" გადასვლის განზრახვის შესახებ შეიტყო. მაგრამ ბალმერს ნებისმიერი არაპოლიტკორექტულობა მიეტევება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ათეულობით კოლეგისგან განსხვავებით, მისი საქმიანობა კონკრეტული შედეგით გამოირჩევა: მხოლოდ ბოლო ორი, ეკონომიკისთვის არცთუ სახარბიელო წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 20%-ით გაიზარდა, გაყიდვის მოცულობა კი 28%-ით.

მჯობთა მჯობნი მოდიან

ბალმერისაგან უცნაურ გამოხტომებს ელოდნენ Yahoo!-სთან დაკავშირებითაც, როცა წლის დასაწყისში მან თავისებური ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო ამ პოპულარული საძიებო სისტემის შესაძენად. თავისი ტალანტების, მასშტაბებისა და ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, "მაიკროსოფტს" ახალი თაობის ინტერნეტის ბიზნესშესაძლებლობები გამოეპარა, რასაც დღეს "გუგლი", "იაჰუ" ანდა "ფეისბუკი" განასახიერებენ... მაგრამ "იაჰუ" აქტიური და კარგი გაგებით აგრესიული კომპანიიდან ბიუროკრატიულ ჯაბახანად გადაიქცა და დიდ თანხებს კარგავდა. "მაიკროსოფტმა" $45 მილიარდად დააპირა მისი ყიდვა, ანუ თითოეულ აქციაში საბაზრო ღირებულებაზე 62 ცენტით მეტს იხდიდა. საქმე ყველას გადაწყვეტილი ეგონა, მაგრამ "იაჰუს" ახალგაზრდა და ამბიციურმა დამფუძნებელმა ჯერი იანგმა წინადადება უარყო, - ფული იცოტავა! ბალმერი განსაცვიფრებლად თავშეკავებული იყო. მან სიტყვა გადაუკრა ინვესტორთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობაზე და თავისი წინადადების უკან წაღებითაც დაიმუქრა... მომდევნო 2009 წელს "მაიკროსოფტი" და "იაჰუ" ათწლიან კვლევებზე შეთანხმდნენ, "გუგლისთვის" ერთობლივად უკეთესი კონკურენციის გასაწევად.

შტორმი, შტურმი და ხისტი ქმედებები ხელფასიანი მილიარდერის, სტივ ბალმერის სტიქიაა, თუმცა მეტისმეტ თავდაჯერებულობას ცუდი სამსახურის გაწევა სჩვევია, "მაიკროსოფტი" არ არის ლიდერთა შორის სმარტფონების საოპერაციო სისტემების ბაზარზე. მისმა პლანშეტებმა "ვინდოუს 7"-ის ბაზაზე კი პირწმინდად წააგო "ეპლის" გამოშვებულ კონკურენტებთან. ამაოდ არწმუნებდა პირადად სტივ ბალმერი ხალხს, რომ "ჰიულეტ-პაკარდის" პლანშეტებს, "ვინდოუს 7"-თან ერთად, მომავალი ეკუთვნოდა. ახლა ისინი მაღაზიის თაროებზე იმტვერება და უკვე მოძველებულად მიიჩნევა. "ჰიულეტ-პაკარდიმაც" თავისი პლანშეტებისთვის ცალკე საოპერაციო სისტემაც დაწერა, რაკიღა "მაიკროსოფტის" პროგრამამ არ გაუმართლა, მაგრამ წარმატება და გაყიდვის ზრდა არც ამას მოჰყოლია...

ეს ბიზნესია. თვით "მაიკროსოფტსა" და სტივ ბალმერსაც, რაც უნდა დიდ რესურსებს ფლობდნენ და ჭკვიანი პროფესიონალების მთელი არმია ეხვიოთ, თავისთავად გარანტირებული არაფერი აქვთ. წარმატებების ათწლეულებით განებივრებულ ვეშაპებს ყოველთვის შეიძლება ენერგიულმა, შედარებით ახალგაზრდა კონკურენტებმა დაასწრონ და ბაზრის სექტორებში, განსაკუთრებით, ახალი სექტორებში თავად დამკვიდრდნენ.

მოამზადა ნატა ენუქიძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები