მიკროავტობუსები ავტობუსების წინააღმდეგ?! - კვირის პალიტრა

მიკროავტობუსები ავტობუსების წინააღმდეგ?!

ახალი წლიდან სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი შესაძლოა 1 ლარი გახდეს

ახალი წლიდან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ერთ ლარამდე გაძვირდება. ამ ინფორმაციას მიკროავტობუსების მძღოლები ავრცელებენ და მყარი არგუმენტიც მოჰყავთ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ სამარშრუტო ტაქსიზე მუშაობა არამომგებიანია, რადგან შემოსავალი ხარჯებს ძლივს ფარავს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ "სამარშრუტო ბიზნესი" კერძოა და შესაბამისად, ისინი ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან. კომენტარზე კატეგორიულ უარს ამბობენ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსშიც", რომელიც თბილისის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანის უფლებას მთელი 20 წლით ფლობს.

წარსულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული მართლაც არაფერია. მგზავრობის ტარიფი შესაძლოა კიდევ გაძვირდეს და მეტიც, ყველა ის ინფორმაცია იქცეს რეალობად, რომელიც სატრანსპორტო ბიზნესის კულუარებში ამჟამად ვრცელდება. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თბილისის საქალაქო ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად მოიმატებს. სამარშრუტო ტაქსების მფლობელი კომპანია ყველაზე დიდ იმედებს შემოსავლის მიღების თვალსაზრისით სწორედ ამ პერიოდზე ამყარებს, მაგრამ მთავარ კონკურენტად მუნიციპალურ ტრანსპორტს, ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ხედავს... გავრცელებული ცნობებით, სამარშრუტო ბიზნესს გავლენიანი ლობი ჰყავს ხელისუფლებაში, ამიტომ ჩვენი ინფორმაციით, რომელიც კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა, ამჟამად მერიაში საქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების გეგმა-გრაფიკი განიხილება. მის თანახმად ქალაქში, პიკის საათებში ე.წ. ყვითელი ავტობუსების შემცირებული რაოდენობა იმოძრავებს, რათა მიკროავტობუსებს მეტი მგზავრი ჰყავდეთ. კიდევ სხვა გეგმის მიხედვით კი ავტობუსების გაჩერებებს სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებისგან უფრო შორს გადაიტანენ, რათა მიკროავტობუსებს სამუშაოდ მეტი ასპარეზი მიეცეთ...

ტენდერის დასრულების შემდეგ გამარჯვებული კომპანიები ერთი ქოლგის ქვეშ ოფიციალურად გაერთიანდნენ და "თბილისის მიკროავტობუსის" სახით ქალაქში სატრანსპორტო მონოპოლისტი ღიად შექმნეს. თუმცა ამ მონოპოლისტსაც პირობა აქვს შესასრულებელი, რომლის თანახმად, ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანა გაისად იანვარში უნდა დაასრულოს. ამას კი დიდი ფულადი რესურსი სჭირდება. სწრაფი ამონაგები, თუნდაც სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ხარჯზე, ახლა კომპანიისთვის ყველაზე მეტად არის აუცილებელი.განმკითხავიც არავინ არის, ამიტომაც ვმგზავრობთ ყოველდღე 80 თეთრად ხალხით გადაძეძგილ ახალ კომფორტულ ტრანსპორტში არაკომფორტულად, ან ამავე ფასად ძველ ტრანსპორტში. მგზავრებს ხშირად ფეხზე უწევთ დგომა, ბარგისთვის განკუთვნილ თაროს ჩაჭიდებულებს. მიზეზი ის გახლავთ, რომ კონკრეტულ მარშრუტებზე ავტომობილების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირეს (მაგალითად, #135 მარშრუტს 13 მანქანა მოაკლდა), ან რამდენიმე მარშრუტი გააერთიანეს (მაგალითად, #2 და #2ა), რათა ერთ მანქანაზე მგზავრთა რაოდენობა გაზრდილიყო.

მგზავრობის საფასურის "მეტრომანის" ბარათით გადახდისას, ზოგჯერ მეორე და მესამე მგზავრობისას სალარო კვლავაც 80 თეთრს აჭრის, ნაცვლად 65-ისა, ხოლო სოციალურად დაუცველი პირები დღემდე არ სარგებლობენ დაპირებული შეღავათებით. აღარაფერს ვამბობ კონდიცირების გარეშე მგზავრობაზე, მძღოლები ხან გრილ ამინდს იმიზეზებენ, ხანაც თავიდან იცილებენ აბეზარ მგზავრებს, კონდიცირების სისტემა გაფუჭებულიაო. მოკლედ, ძვირი კომფორტიც სანატრელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ივლისის დასაწყისში მოეწყო ჯერ კიდევ ჩამოსაყვანი მიკროავტობუსების პრეზენტაცია, სადაც ქალაქის მერი გიგი უგულავაც მონაწილეობდა. იმ ავტომობილების გამოღებულ კარში მოჩანდა ხელის მოსაკიდებლები მგზავრებისთვის, რომლებიც ჩამოყვანილ მოდელებს არ მოჰყოლია.

ჯაბა სამუშია (თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე): - ახალი, სატენდერო წესების თანახმად, სამარშრუტო ტაქსიში მგზავრობისას ფეხზე დგომა არ შეიძლება. ერთ-ერთი პირობით, დაშვებული იყო ფეხზე მხოლოდ სამი მგზავრის დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება ხელშეკრულების პირობების ამ უხეშ დარღვევაზე თვალს ხუჭავს და შესაძლებლობას აძლევს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რაც შეიძლება მეტი მგზავრი გადაიყვანოს. ამისთვის ზოგ შემთხვევაში ტენდერის გამართვამდე სამარშრუტო ტაქსის მძღოლები დაუჯარიმებიათ კიდეც, ახლა ამაზე თვალს ხუჭავენ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ხელისუფლება ლობირებს კონკრეტულ კომპანიას.

მეორე დარღვევა გვხვდება მგზავრობის ტარიფთან დაკავშირებით. არაერთხელ გვითქვამს, რომ ფასწარმოქმნის მექანიზმი არ არის დამუშავებული. უნდა დაასაბუთონ, რატომ უნდა გადაიხადოს ადამიანმა 50, 80 თეთრი ან 1 ლარი. თუ დასხდებიან კომპეტენტური ადამიანები და დაიანგარიშებენ მარშრუტის მანძილს, ხარჯებს, მოგების წილს - შესაძლოა, ფასები დიფერენცირებულიც იყოს. ზოგიერთ სამარშრუტო ხაზზე მგზავრობა 40 თეთრი ეღირება, ზოგ მარშრუტზე გადაადგილების ფასი 70-80 თეთრი იქნება. აქედან გამომდინარე, ყველა სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის საფასურის ერთნაირად გაზრდა დანაშაულია. ტენდერის მსვლელობისას ერთმნიშვნელოვნად იყო ნათქვამი, რომ ფასი არ უნდა მომატებულიყო, მაგრამ მოუმატეს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში მგზავრობის ფასი ერთ ლარამდეც გაიზარდოს. ეს ბიზნესი ძალიან დიდი შემოსავლის წყაროა განსაზღვრული სახელისუფლებო კლანებისთვის და ფულს, შეიძლება ითქვას, ისრუტავენ მოსახლეობის ჯიბეებიდან. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ‘მარშრუტკის" მძღოლი ახლა უკვე მხოლოდ და მხოლოდ დაქირავებული ადამიანია, რომელიც ამ კონკრეტულ კომპანიას ემსახურება.

KvirisPalitra.Ge- როგორც მძღოლებმა მითხრეს, ბევრმა უარი თქვა ახალ სამარშრუტო ტაქსიზე მუშაობის დაწყებაზე...

- მძღოლების 70%-ზე მეტი უკმაყოფილოა იმ პირობებით, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესთავაზა. მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, სამაგიეროდ, გაიზარდა მძღოლის პასუხისმგებლობა, და ამან მძღოლებს დისკომფორტი შეუქმნა. დავიწყოთ იმით, რომ ეს გახლავთ "ფორდის" მარკის, თურქეთში წარმოებული, შედარებით იაფი და შესაბამისად, უხარისხო ავტომობილები. ეს მანქანები საქართველოში მანამდეც შემოჰყავდათ. თავის დროზეც ვერ იმუშავეს ექსპლოატაციის ვადის ამოწურვამდე.

KvirisPalitra.Ge- ვისაც ახალი "ფორდ ტრანზიტის" მიკროავტობუსის უკანა სავარძელზე უმგზავრია, დამეთანხმება, რომ ძალიან არაკომფორტულია, რადგან ხისტი ამორტიზაცია აქვს. სხვათა შორის, სწორედ ხტუნვა-ხტუნვით მგზავრობისას გამახსენდა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ეს სატვირთო მიკროავტობუსები იყო და საქართველოში შემოსაყვანად ააწყვეს სამგზავროდ.

- დიახ, იყო ამგვარი ინფორმაცია, რომ საქართველოში სატვირთო ავტომობილები უნდა შემოეყვანათ უფრო იაფად და აქვე გადაეკეთებინათ სამგზავროდ. როგორც შემდეგ გამოჩნდა, მიკროავტობუსები თურქეთში აიწყო, სადაც უკვე ვეღარ მივადევნეთ თვალი ამ პროცესს. მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პრობლემები შეექმნა ახალი ავტომობილების კიდევ შემოყვანასთან დაკავშირებით, რადგან პრობლემები თავად მწარმოებელს აქვს.

სატენდერო პირობები ორ ძირითად პარამეტრს ითვალისწინებდა: ავტომობილების ხარისხსა და განრიგს - რა დროში უნდა შემოეყვანათ მანქანების საჭირო რაოდენობა. მეტი დრო ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიებისთვისაც რომ მიეცათ, ისინიც შემოიყვანდნენ ახალ სამარშრუტო ტაქსებს. გამარჯვებულმა კომპანიამ ყველაზე მოკლე ვადები დაასახელა: მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 2012 წლის იანვრის ჩათვლით. ჯერჯერობით მიკროავტობუსების შემოყვანა წინსწრებით დაიწყო, მაგრამ იანვრის ბოლოსთვის თბილისში სულ 3600 ახალი სამარშრუტო ტაქსი უნდა დადიოდეს. ეს არის საკმაოდ დიდი ინვესტიცია, ათეულობით მილიონი დოლარის მოცულობის, ტენდერში მონაწილე კომპანიებს კი ამხელა კაპიტალი არ ჰქონიათ. თუმცა ჰქონდათ იმედი, რომ სამარშრუტო ტაქსების პირველი პარტიის შემოყვანისა და მგზავრობის გაძვირების შემდეგ, ძალიან მოკლე დროში სოლიდურ შემოსავალს მიიღებდნენ და რეინვესტირებას მოახდენდნენ. მაგრამ ისინი შეცდნენ. არსებობს ეჭვი, რომ ახლა "მარშრუტკების" შემოსაყვანად სახსრების პრობლემა აქვთ და შესაძლოა ტენდერის მთავარი პირობაც დაირღვეს. ამაზეც თუ დახუჭა თვალი მთავრობამ, აშკარა იქნება, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლებისა და კერძო ბიზნესის ტანდემთან. დადგება დრო და ეს ტანდემი და მისი საქმიანობა სათანადო გამოძიების საგანი გახდება.

სიუჟეტი ამ თემაზე იხილეთ PalitraTV.ge-ზე