რთველი იგვიანებს - კვირის პალიტრა

რთველი იგვიანებს

კახელები პრესასთან გულახდილ საუბარს მაინც ერიდებიან, "აქ ვაზსაც კი ყურები აქვსო"

"რთველი 2011" მთავრობამ გახსნილად გამოაცხადა, მაგრამ ყურძნის კრეფა აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა. კახელები მოსავლის აღებას არ ჩქარობენ - შაქრიანობა აქვს დაბალიო. სექტემბრის დასაწყისში გრილი ამინდები დაიჭირა და ყურძენმა მწიფობაში შესვლა ვერ მოასწრო. ხელისუფლების დათვლით, წლეულს კახეთში 100-120 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მოსავალი შედარებით მცირე იქნება, რადგან ჭარბი ნალექების გამო ვენახების მნიშვნელოვანი ნაწილი გაფუჭდა.

უკვე მეხუთე წელიწადია, საქართველოში ყურძნის შესყიდვა სახელმწიფო სუბსიდიით ხდება - გლეხებს ჩასაბარებელ მოსავალში თანხის ნაწილს დამამზადებელი უხდის, ნაწილსაც სახელმწიფო ფარავს ბიუჯეტიდან. ცნობისათვის, შარშანაც დაახლოებით იმავე მოცულობის ყურძნის მოსავალს ელოდნენ კახეთში, თუმცა მაშინ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სუბსიდიისთვის დაახლოებით 6 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. წლეულს ეს თანხა 10 მილიონ ლარამდე გაზარდეს. შარშან აცხადებდნენ, რომ კახეთში ყურძენს ღვინის 34 ქარხანა იბარებდა, წლეულს კი ჩამბარებელი პუნქტების რაოდენობა 30-მდე შემცირდა. გასული წლისგან განსხვავებით, კახეთში რთველი ჯერჯერობით მშვიდად მიმდინარეობს, შარშან კი ექსცესი მრავლად იყო. რთველში აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები, იყო ღვინის ქარხნების ხელმძღვანელი პირების დაკავებისა და თვითმკვლელობის ფაქტები. სწორედ ამ და სხვა გარემოებების გამო, შარშანდელ რთველს კახეთში დამსახურებულად ‘სპეცოპერაცია რთველი 2010" უწოდეს. მართალია, ახლა სიმშვიდეა, მაგრამ კახელები პრესასთან გულახდილ საუბარს მაინც ერიდებიან: აქ ვაზსაც კი ყურები აქვსო.

კახეთში რთველი ყველაზე ადრე დედოფლისწყაროში იწყება. ადგილობრივები მოსავალს არ უჩივიან, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ფასი, რომელსაც ღვინის ქარხანა საფერავის ჯიშის ყურძენში უხდის, ძალიან დაბალია. ყურძნის პირველი მოსავალი ჩაიბარა წნორის ღვინის ქარხანამ, სადაც 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენში გლეხებს 40 თეთრს უხდიან, რასაც ემატება სუბსიდიის დანამატი, 1 კგ-ზე 25 თეთრი. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს ფასი ძალიან დაბალია და ვენახის მოვლის ხარჯებსაც ვერ ფარავს.

"წნორის ღვინის ქარხანაში რქაწითელს 45 თეთრად იბარებენ, ამაში შედის სახელმწიფო ვაუჩერის 15-თეთრიანი დანამატიც. ესეც დაბალი ფასია, მაგრამ 65 თეთრი საფერავზე, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაცინვაა. შავ ყურძენზე ფასი, სულ მცირე, კილოგრამზე ლარი უნდა იყოს. ამბობენ, ახლა მოთხოვნა არ არის ამ ჯიშის ყურძენზე, მისგან დამზადებული ღვინო ძირითადად საექსპორტოა და ღვინის ქარხნები ზოგჯერ უარსაც ამბობენ საფერავის შესყიდვაზე - რაც გვაქვს, ის ვერ გაგვიყიდიაო. ჩვენ რა ვქნათ, როცა მოთხოვნა იყო, გავაშენეთ საფერავის ვენახები, ახლა კი გვეუბნებიან: აღარავის სჭირდებაო. საფერავის მოყვანას რქაწითელთან შედარებით მეტი ხარჯი აქვს. ბევრს ვალი აქვს ბანკიდან გამოტანილი და ისე მოიყვანა ყურძენი. ანაზღაურებული თანხა შესაძლოა ვალების დასარიგებლადაც არ გვეყოს. საფერავისგან დამზადებული ღვინო ძირითადად რუსეთის ბაზარზე გადიოდა. მაშინ მოთხოვნა ამ ჯიშის ყურძენზე ძალიან დიდი იყო და კილოგრამში 2 ლარსაც კი იხდიდნენ ღვინის ქარხნები. ახლა ყოველ წელს გვპირდებიან, რომ რუსეთის ბაზარს უკრაინითა და ბელორუსიით ჩაანაცვლებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოსავალი წლიდან წლამდე სულ უფრო იაფად ფასობს. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ ვიფიქრებთ ვენახების გაჩეხაზე და ამ ფართობზე სხვა რამეს მოვიყვანთ. ვაქირში, ნაქერალაზე ჰიბრიდული ყურძნის ვენახები რომ გააჩეხინეს ხალხს, კომპენსაციის სახით ორ-ორი ათასი ლარი დაურიგეს, ჩვენ კი ამასაც არავინ მოგცემს. როდესაც ფასი დაბალია, დაკრეფას არ ჩქარობ, ელოდები, იქნებ რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს, ამასობაში კი ყურძენი ვაზზე ჭკნება, წონას კარგავს და კიდევ უფრო ზარალობ. ხალხი ისეა გამწარებული, ზოგმა ისიც კი თქვა: ვენახს მოუკრეფავს დავტოვებ და ამ ფასად არ ჩავაბარებო", - ამბობენ ადგილობრივები. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ყურძენზე ფასი თითქმის არ შეცვლილა, მაგრამ იზრდება შესაწამლი მასალების, საწვავის, ტექნიკის მომსახურების ფასები, რაც მოსავლის მოყვანას კიდევ უფრო აძვირებს.

KvirisPalitra.Ge"ყურძენი წელს ბევრს გაუფუჭდა. ჯერ სეტყვის, შემდეგ კი ჭარბი ნალექების გამო მარცვალი დასკდა. ქარხნებში ჩასაბარებლად ძირითადად უხარისხო ყურძენი მიაქვთ და ისინი აბარებენ, ვისაც ვენახები ძალიან დიდ ფართობზე აქვთ და შედარებით მცირე-მცირე მოცულობებით ყურძნის გაყიდვა გაუჭირდებათ. ქარხანას რატომ ჩავაბარებ ყურძენს, როცა ბაზარზე ხუთმაგი და ექვსმაგი ღირს. რქაწითელზე მოთხოვნა დიდია. მაგალითად, გურჯაანში თბილისიდან ჩამოდიან სატვირთო მანქანებით, ყურძენი ტონობით მიაქვთ და სულ ცოტა, 80 თეთრს იხდიან. ვისაც გაყიდვა არ ეჩქარება და ვედრობით ყიდის ყურძენს, ქუჩაზე დადგმას არ აცლიან, მაშინვე იყიდება, თანაც საკმაოდ კარგ ფასად, კილოგრამი 1-1,2 ლარად. ვისაც ღვინის დასაყენებელი ჭურჭელი სახლში აქვს, ყურძენს თავად წურავს, შემდეგ ნაწილს ღვინოდ აქცევს, ნაწილისგანაც არაყს ხდის და მთელ წელიწადს ყიდის. ადგილობრივ ბაზარზე ლიტრი თეთრი ღვინო ახლა 3 ლარია, საფერავი კი 6 ლარად იყიდება. არაყი ლიტრი 5 ლარამდე გაძვირდა და მოთხოვნაც სულ არის. ასეთ პირობებში რატომ ჩააბარებს გლეხი ყურძენს ღვინის ქარხანას, რომელმაც კაპიკები უნდა გადაგიხადოს", - გვითხრა გურჯაანის მკვიდრმა ეთერ სამადაშვილმა.

"მიშამ რამდენიც უნდა იძახოს: რთველი დაიწყეთო, ყურძენს სანამ ბზიკი არ შეესევა, მისი მოკრეფა ნაადრევია. აგერ წნორის მხრიდან უკვე მოდიან ყურძნით დატვირთული ავტომობილები, მაგრამ ზედ დატვირთული ყურძნის მარცვალი ჯერ მწვანეა, რაც იმას ნიშნავს, რომ შაქრიანობა დაბალი აქვს. სოფელ ერისიმედში დიდი ვენახებია და როგორც ჩანს, ჯერ იქ დაიწყეს რთველი. როდესაც ყურძენი მწიფობაში უნდა შესულიყო, სწორედ მაშინ დაიჭირა გრილი ამინდები. ამ დილას, მაგალითად, ლეღვი დავკრიფე და ნაყოფს თრთვილი ედო. მოსავალი კი კარგი გვაქვს, ყველაფერი უხვად მოვიდა. ვენახი ვინც არც შეწამლა და არც შეფურჩქნა, იმასაც კი კარგი ყურძენი მოუვიდა, მაგრამ ვშიშობთ, ვაითუ ყურძენმა მწიფობაში შესვლა ვერ მოასწროს", - ამბობს ბაკურციხელი გიზო ნანობაშვილი.

კახეთში ყურძენს ჯერ მხოლოდ ორი ღვინის ქარხანა იბარებს. როგორც რთვლის საკოორდინაციო შტაბში გვითხრეს, იმ მომენტისთვის საწარმოებში სულ 110 ტონა ყურძენი იყო ჩაბარებული. წნორის ღვინის ქარხნის შემდეგ ყურძნის მიღება თელავში, "თელიანი ველის" ქარხანამაც დაიწყო. მაგრამ კომპანიის წარმომადგენლები თავად მიდიან ადგილზე და ვენახებს არჩევენ, რომ ყურძნის შაქრიანობის გრადუსი დამაკმაყოფილებელი იყოს. რთვლის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ სხვა ქარხნები ყურძნის მიღებას მას შემდეგ დაიწყებენ, როცა შაქრიანობა ნორმაზე დადგება. ასე რომ, წლეულს საქართველოში რთველი მოგვიანებით გახურდება.

ციფრების ენით

- ქართული ღვინის ექსპორტმა პიკს 2005 წელს მიაღწია, როცა შემოსავალი $81,3 მილიონამდე გაიზარდა, წინა წლის $48,7-დან.

- 2006 წელს ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი $41 მლნ-მდე დაეცა, როცა რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი აკრძალა. 2007 წლისთვის კი ის $29,2 მლნ-მდე დავიდა.

- 2010 წლის მაჩვენებელი $39,2 მლნ იყო, ხოლო 2011 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინიდან შემოსავალი $27,51 მლნ-ია.