ბიზნესისგან თავისუფალი ტურისტული ზონა?! - კვირის პალიტრა

ბიზნესისგან თავისუფალი ტურისტული ზონა?!

დაპირებული შეღავათების მიუხედავად, ინვესტორები შემოსვლას არ ჩქარობენ

საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთ წამყვან დარგად არის მიჩნეული და მთავრობაც შავიზღვისპირა ზოლზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს. 2010 წლის შემოდგომაზე, თავისუფალი ტურისტული ზონის გასავითარებლად, ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე სასტუმროების ასაშენებლად 11,3 ჰა მიწის ნაკვეთი გამოიყო და ინვესტორებისთვის შეღავათები დაწესდა. გადაწყდა, რომ მშენებლობისთვის განკუთვნილ მიწას სიმბოლური ფასი ექნებოდა, ინვესტორები პროექტის სამშენებლო დოკუმენტაციას უფასოდ მიიღებდნენ, ხოლო თუ მშენებლობას 2011 წლის 1-ელ აგვისტომდე დაასრულებდნენ, 15 წლით გათავისუფლდებოდნენ მოგებისა და ქონების გადასახადებისგან. მსგავსი შეღავათებით ისარგებლებდნენ ის ინვესტორებიც, რომლებიც „ანაკლია-ზუგდიდის თავისუფალი ტურისტული ზონის" მშენებლობაში მიიღებდნენ მონაწილეობას.

შარშან ნოემბერშივე ცნობილი გახდა, რომ იმ კომპანიებს, რომლებმაც თავდაპირველად პროექტში მონაწილეობის ინტერესი გამოხატეს და ქობულეთში სასტუმროების მშენებლობა უნდა დაეწყოთ, რვა კომპანია გამოეთიშა. 27 სასტუმროდან კი ამ დრომდე მხოლოდ სამის მშენებლობაა დაწყებული. ერთ-ერთმა ინვესტორმა (შპს-მ) ქობულეთში სასტუმროს მშენებლობა გადაიფიქრა და არც კონკრეტული მიზეზები დაუსახელებია. ჩვენ დავინტერესდით და გავარკვიეთ, რომ ამ ფირმამ საქმიანობა საერთოდ შეწყვიტა... ხმაურიანი სამთავრობო და ტელერეკლამების მიუხედავად, როგორც ჩანს, ბევრი პოტენციური ინვესტორისთვის დაპირებები დამაჯერებელი არ აღმოჩნდა.

გია ხუხაშვილი (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ვირტუალური კეთილდღეობის სურათების შეტყუება ბიზნესმენებისთვის შეუძლებელია, იმიტომ რომ დაბალია მათი ნდობა ხელისუფლების მიმართ. ბევრი მიზეზის გამო გადაჭარბებულია აჭარის "ტურისტულ მექად" გამოცხადებაც. პირველი და უმთავრესი - ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვუწევთ კონკურენციას მეზობელ თურქეთს. ჩვენთან ფასები თურქეთთან შედარებით მაღალია, მომსახურება და კლიმატური პირობები კი უარესი. რა პარამეტრის მიხედვით უნდა გააკეთოს დამსვენებელმა არჩევანი საქართველოზე, რატომ უნდა ჩამოვიდეს თუნდაც ანაკლიაში, საიდანაც რამდენიმე კილომეტრში რუსული ტანკები დგას? ექსტრემალური ტურიზმით გატაცებული ადამიანიც კი არ ისურვებდა ასეთ ადგილზე დასვენებას. როცა ხელისუფლება ინვესტორებს შეღავათებს ჰპირდება, ისინი კი მაინც არ ინტერესდებიან, უტყუარი ნიშანია, რომ ეს ინვესტიციები მაღალ რისკს შეიცავს.

ვაჟა დიასამიძე (აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე): "ქობულეთში სამი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, ანაკლიაში კი ორი სასტუმრო შენდება. რამდენიმე ინვესტორთან დღემდე გრძელდება მოლაპარაკებები. როცა სხვადასხვა ქვეყანაში ჩავდივართ ტურისტულ თუ საინვესტიციო გამოფენებზე, ვცდილობთ, სხვა ინვესტორებიც დავაინტერესოთ. ვფიქრობ, ეს პროექტი საბოლოოდ მაინც წარმატებული იქნება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ინვესტორები მომავალშიც დააბანდებენ ფულს ამ საქმეში. მართალია, მშენებლობის ვადა 1-ელ აგვისტოს ამოიწურა, მაგრამ მსურველებს კიდევ ერთი შეღავათი გავუწიეთ და გადავწყვიტეთ, რომ შეუზღუდავი ვადით ისარგებლონ. მოსაზრებას თურქეთის შესახებ კი ვერ დავეთანხმები. აჭარის სანაპირო ზოლი არ უნდა შევადაროთ თურქეთისას, ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. სხვათა შორის, ბევრი თურქი ინვესტორი ჩამოდის აჭარაში და აქ ტურისტულ ინფრასტრუქტურას ქმნის".

პაატა შეშელიძე (ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი): "ვფიქრობ, ასეთი წერტილოვანი, სპეციფიკური ზონების შექმნა ნაკლებად ამართლებს. ქობულეთისა და ანაკლია-ზუგდიდის თავისუფალ ტურისტულ ზონებში ინვესტორებს მნიშვნელოვან შეღავათებს ჰპირდებოდნენ, მაგრამ მათ არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვალეობებიც ეკისრებოდათ. ბოლოს და ბოლოს, თითოეულ სასტუმროში 2-დან 4 მილიონამდე ლარი უნდა ჩაედოთ. როდესაც პროექტს ცენტრალური ხელისუფლება გეგმავს და აფინანსებს, ის ხშირად ძნელად განსახორციელებელი და არამომგებიანი ხდება. ამიტომ ინვესტორები ერიდებიან დაბანდებას ასეთ პროექტებში".

ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წელს აჭარამ საქართველოში ჩამოსული ტურისტების 85%-ს უმასპინძლა. 2009 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობამ 1,5 მლნ შეადგინა, 2010 წელს ამ ციფრმა 2 მილიონს გადააჭარბა. წლეულს მთავრობაში უკვე სამმილიონიან პროგნოზს აკეთებენ, არადა, მემილიონე ტურისტი მხოლოდ 2 სექტემბერს მიითვალეს...

ხათუნა ჩიგოგიძე