ერნესტო ბერტარელი "საოცრებათა ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

ერნესტო ბერტარელი "საოცრებათა ქვეყანაში"

კომერსანტის გზა ბიოტექნოლოგიიდან იახტებით ასპარეზობამდე

რატომ სურთ ადამიანებს იშოვონ დიდი ფული? - ოცნებების ასასრულებლად. ოცნება და სურვილი კი ყველას სხვადასხვაგვარი აქვს - ზოგს ძალაუფლება ხიბლავს, ზოგი უსაფრთხოებას ესწრაფვის, ზოგი კი ბავშვობის დროინდელ ოცნებებს ისრულებს. ერნესტო ბერტარელიც ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება. იტალიური წარმოშობის შვეიცარიელმა, მრავალმილიარდიანი მემკვიდრეობა წამლის ბიზნესის წყალობით მიიღო. ერნესტოს შეეძლო უწყვეტად გაეზარდა ოჯახური ქონება პერსპექტიული ბიზნესის - ბიოტექნოლოგიების წყალობით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა, რომ მთელი მსოფლიოს ფულს ვერ მოიხვეჭ, სიცოცხლე კი ერთია და არცთუ ხანგრძლივი. მილიარდერმა ერნესტო ბერტარელიმაც შეწყვიტა ნერვიულობა და დაიწყო... ცხოვრება.

"ვერცხლის კოვზით პირში"

იტალიელები იღბლიანზე ასე ამბობენ, პირში ვერცხლის კოვზით დაიბადაო. ეს გამონათქვამი სავსებით მიესადაგება ერნესტო ბერტარელის. ჯანმრთელი, მშვიდი და ხალისიანი ბიჭუნა 1965 წელს დაიბადა რომში, შეიძლება ითქვას, იდეალურ ოჯახში. მამამისი ფაბიო ფარმაცევტულ ფირმა Serono-ს ხელმძღვანელობდა. კომპანია 1906 წელს დააარსა ჩეზარე ბერტარელიმ, რომელიც კვერცხის გულისგან პროტეინებს აწარმოებდა ანემიის სამკურნალოდ. 60-იან წლებში Serono-ს ბიოტექნოლოგებმა, პირველებმა ევროპაში, წარმოებაში ჩაუშვეს უშვილობის სამკურნალო წამალი. ეს იმ დროისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ.

კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტს ვატიკანი ფლობდა, მაგრამ 1974 წელს ფაბიო ბერტარელიმ წმინდა ტახტისგან აქციები გამოისყიდა და შერონო-ს მფლობელი გახდა. მსხვილ მეწარმეს ამან დიდი უსიამოვნებაც მოუტანა. 70-იან წლებში იტალიაში პოლიტიკური ტერორი მძვინვარებდა. ‘წითელი ბრიგადის" მებრძოლები მილიონერებს "რევოლუციის გადასახადს" სთხოვდნენ. წერილი ასეთი მოთხოვნით სენიორ ბერტარელიმაც მიიღო. ტერორისტების მიერ ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერ ალდო მოროს მხეცური მკვლელობის შემდეგ დამფრთხალმა მდიდრებმა მეზობელ ქვეყნებს შეაფარეს თავი. ასე აღმოჩნდა ბერტარელების ოჯახი შვეიცარიაში.

ახალგაზრდა ერნესტომ კარგი განათლება მიიღო აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტში. ცოლად ყოფილი "მის დიდი ბრიტანეთი" შეირთო. ვინც არ იცნობდა, ყველა იღბლიანს უწოდებდა, თუმცა თავის წარმატებებს ბერტარელი-უმცროსი იმდენად მამიკოს ფულებს არ უმადლოდა, რამდენადაც საკუთარ თვისებებს - მუშაობაში ორგანიზებულობასა და ადამიანებთან ურთიერთობის ცოდნას. ოჯახურ საქმიანობაში ჩასართავად, სენიორ ფაბიო პატარა ერნესტოს საშობაოდ თანამშრომლებისთვის საჩუქრების დარიგებას ავალებდა. 15 წლისა კი პირველად წარდგა დირექტორთა საბჭოს წინაშე. ფირმა Serono SA სწრაფად ვითარდებოდა. 1987 წელს ის გენური ინჟინერიის ბაზარზე გავიდა, 80-იანების ბოლოს კი Saizen-ი წარმოადგინა - ბავშვებში ზრდის ჰორმონის დეფიციტის სამკურნალო პირველი ბიოტექნოლოგიური პროდუქტი.

1996 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ, ერნესტო ბერტარელი კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მან მემკვიდრეობით მიიღო "ბარაქიანი", თუმცა ცოტა ძველმოდური წარმოება. სწორედ აქ იჩინა თავი ერნესტოს ამერიკულმა განათლებამ - არ გასულა ოთხი წელიწადი, რომ ოჯახური კონცერნის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განთავსდა; ფირმის ფასიანი ქაღალდების ფასის დადგენა (კოტირება) დაიწყო ლონდონში.

ბედის ნებიერ ახალგაზრდას შეეძლო მთელი ღამეები მეგობრებთან ერთად კლუბებში გაეტარებინა, დილით კი ამოღამებული თვალებით სამსახურში მისულიყო. მიუხედავად ამისა, საქმეს ყველაფერზე წინ აყენებდა. მას არ ეშინოდა სხვებისთვის ფართო უფლებების მინიჭებისა, რადგან თავს ყოველთვის პირველ კაცად გრძნობდა, ყველაზე პასუხისმგებლადაც და არც შედეგების მოთხოვნა უჭირდა.

ახალი ათასწლეულის დასაწყისისთვის ერნესტოსა და მისი დის, დონატელას ქონება $11 მილიარდად იყო შეფასებული. ათ წელიწადზე ცოტა მეტის განმავლობაში ბერტარელი-უმცროსმა Serono ბიოტექნოლოგიის ასად აქცია - მან მესამე ადგილი დაიკავა მსოფლიოში თავის სფეროში. ერნესტოს მმართველობისას ფირმის ბრუნვა ოთხჯერ გაიზარდა. 2001 წელს წმინდა მოგებამ $317 მილიონი შეადგინა. 2002 წელს ბერტარელის ფირმამ შთანთქა გენური ინჟინერიის ბაზრის ლიდერი, ფრანგული კომპანია Genset -ი. გაყიდვის ჰიტად იქცა გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პრეპარატი Rebif -ი. პრეპარატზე დაუჯერებელი მოთხოვნა იყო და კომპანიის შემოსავლის ნახევარზე მეტი სწორედ ღებიფ-ს მოჰქონდა, მაგრამ ეს ფირმის ცალმხრივ განვითარებასა და ასორტიმენტის სიმწირეზე მიანიშნებდა. ერნესტო არჩევანის წინაშე აღმოჩნდა - ან უნდა ეძებნა ფული ახალი ინვესტიციებისთვის, ან თავისი ბიზნესი სარფიანად გაეყიდა. "მთავარია არჩევანი: ან მეწარმედ რჩები, ან უბრალოდ მდიდარი ხდები", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ბერტარელიმ.

ცნობილი კომპანიის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს ფარმაცევტული ბაზრის ოთხი ვეშაპი ეცილებოდა: ინგლისური Glaxo-Smith-keire (GSK) , შვეიცარიული Roche და Novartis -ი, გერმანული Merck KGaA. 2007 წელს გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა - გერმანულმა კომპანიამ თითო აქცია 690,5 ევროდ შეიძინა, ანუ Serono 10,6 მილიარდ ევროდ იყიდა.

KvirisPalitra.Geერნესტო - შტურმანი

ბერტარელიმ პასუხისმგებლობის ტვირთი კი ჩამოიხსნა, მაგრამ რიგით რანტიედ არ ქცეულა. სანუკვარი ოცნების ასრულებას ის უკვე ეძებდა მსოფლიო ოკეანეში. ვის ვის და, $10,3 მლრდ-ის მფლობელი ოჯახის წევრს (დედასა და დასთან ერთად), მსოფლიოს უმდიდრესთა სიაში რიგით 75-ეს, ნამდვილად შეეძლო თავისთვის ამის უფლების მიცემა ("ფორბსის" 2011 წლის მარტის მონაცემებით, ამჟამად ოჯახს $10 მლრდ აქვს და ნუსხაში 81-ეა).

ბავშვობაში ერნესტომ და მისმა დამ, დონტელამ "ალინგი" უწოდეს თავიანთ გამონაგონ ზღაპრულ ზღვის სამყაროს, სადაც მოლაპარაკე დელფინები ცხოვრობდნენ, ულამაზეს კუნძულებზე კი თბილ ქარებს ტროპიკული ზღვის სურნელება მოჰქონდათ. სწორედ "ალინგი" უწოდა მილიარდერმა ოკეანეების დასალაშქრად შექმნილ რაზმს და მოგვიანებით თვალწარმტაც აფრიან ხომალდსაც. ის "ყველაზე სწრაფი და დაუმარცხებელია", ერნესტო ბერტარელისთვის კი ლამის სიცოცხლეზე მეტია.

ჯერ კიდევ ყმაწვილმა ერნესტომ პირველად ჟენევის ტბაზე იასპარეზა აფრიანი ნავით, მაგრამ რა იყო ეს ერთდღიანი ტურნირი? იგრძნო, რომ დიდი სივრცეები უხმობდა. 2000 წელს ბერტარელიმ კრისტი როუპზე იქორწინა, ვისთანაც დღეს სამი შვილი ჰყავს. სწორედ ამ წელს მთავარი საზღვაო ნადავლის, ამერიკის თასის მოსაპოვებლად 53-მეტრიანი იახტა "ვივათი" ერნესტო ახალი ზელანდიისკენ გაემართა. მილიარდერი იახტაზე რიგით მეზღვაურად იყო. მაშინ მათ ეკიპაჟს დასცინოდნენ: "შვეიცარიელები იახტაზე იგივეა, რაც აფრიკელები ალპების თოვლიან ტრასებზე". მაგრამ ბერტარელის უკან დახევა არ სჩვეოდა... ბოლოს და ბოლოს, ამერიკელებისა და ახალზელანდიელების 152-წლიანი "ბატონობის" შემდეგ, ამერიკის თასი შვეიცარიელებმა იგდეს ხელთ. 2003 წელს "ალინგიმ" ერთიმეორის მიყოლებით დაჯაბნა ყველა მეტოქე, მათ შორის Oracle BMW Racing-ი, რომელიც ლარი ელისონს ეკუთვნის, უმდიდრესთა რეიტინგში მეხუთე პოზიციის მპყრობელს. როცა დიზაინერ გრანტ სიმერის მიერ შექმნილი 25-მეტრიანი იახტა ოკლენდის პორტში შედიოდა, მილიარდერი პატარა ბიჭივით ცეკვავდა გემბანზე და შამპანურით წუწავდა მეგობრებსა და ცოლს.

ამერიკის თასის წესებით თანახმად, მორიგ შეჯიბრებას ის ქვეყანა მართავს, რომლის ეკიპაჟიც ტრიუმფატორი ხდება. ვინაიდან შვეიცარიას ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ბერტარელიმ ევროპის საზღვაო ქვეყნებს შანსი მისცა. ზღვისპირა ქალაქისთვის ასეთი ფორუმის ორგანიზება ნამდვილი ციური მანანაა - ახალი სამუშაო ადგილები, შემოსავალი რეკლამებიდან, სასტუმრო კომპლექსების განვითარება. სხვა ქალაქებს ვალენსიამ აჯობა და "ალინგიმაც" იქ ჩაუშვა ღუზა. ბერტარელის საკუთარი თავისთვის არ უღალატია, საგანგებოდ დააარსა კომპანია America's cap Management (ACM) (ACM). ბიოტექნოლოგიური ფირმის მემკვიდრისგან ის მსოფლიო ვარსკვლავად, მსოფლიოს უმდიდრეს სპორტსმენად იქცა. ამერიკის თასის ევროპის სხვადასხვა ზღვისპირა ქალაქში გათამაშებას (ACM)-ისთვის წლიური 30 მლნ ევრო მოჰქონდა.

2008 წლის შემდეგ ბერტარელიმ საინვესტიციო კომპანია დააარსა, შეიძინა წამყვანი ევროპული ფირმების აქციები, ჩაერთო სამეცნიერო კვლევებსა და წარმოებაში და რამდენიმე მიმართულებით შესანიშნავ შედეგებსაც მიაღწია. 2010 წელს ახალი ფირმა ერნესტომ აქტივების სამართავად შექმნა. "შორეული ნაოსნობის" შემდეგაც 46 წლის კომერსანტი კვლავ დიდ ბიზნესშია და არც ოკეანის მარილიან ქარში ქროლვაზე უარის თქმას აპირებს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ