მარადიული(?) აღმშენებლობა აღმაშენებელზე - კვირის პალიტრა

მარადიული(?) აღმშენებლობა აღმაშენებელზე

აღმაშენებლის გამზირზე ახალი უძრავი ქონება გაჩნდა - არაერთ ნაგებობას სართული მოუმატეს

აღმაშენებლის გამზირი თვალსა და ხელს შუა იცვლება: შენობების ფასადები განახლდა, გაიზარდა სართულიანობა. შენობა-ნაგებობებს მეტწილად თითო, იშვიათ შემთხვევაში კი მეტი სართული დააშენეს. აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია თავის დროზე სწორედ ისტორიული, კულტურული ძეგლის მქონე შენობების აღდგენის საბაბით დაიწყო, რომელთა ხელყოფა კანონით აკრძალულია.

აღმაშენებლის გამზირზე მოსახლეობას, პირველ რიგში, მტვერი, უწყლობა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო წარმოქმნილი დისკომფორტი აწუხებს. კარგ დღეში არც ბიზნესია. დაიხურა არაერთი მაღაზია, მათ შორის სხვადასხვა ბრენდის. ხოლო მათ, ვინც სამუშაოების განმავლობაში ბიზნესის გადატანას დატოვება არჩია, კლიენტურა თვალში საცემად შეუმცირდა.

გამზირის ზოგიერთ მონაკვეთზე არაერთხელ აღმართეს ხარაჩოები და ფასადებიც არაერთხელ გაარემონტეს... ჯერ ფასადების დასრულება, შემდეგ კომუნიკაციებისთვის მიწის გადათხრა, მერე კვლავ ფასადის რემონტი - ნათელია, დასრულებული პროექტი თავიდანვე რომ არსებულიყო, სამშენებლო სამუშაოები ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა და უფრო იაფიც დაჯდებოდა. სხვათა შორის, არც ხარჯების საერთო მოცულობაა ცნობილი. რაკი ასეთი პროექტი არ ზღუდავდათ, რომელიმე პასუხისმგებელ მოხელეს არაფერი უშლიდა ხელს, დროდადრო ‘ახალი, უკეთესი იდეა" მოსვლოდა და მისი განხორციელებაც მოეთხოვა. ზოგადად, მოხელეებს აქვთ უფლებაც და მოვალეობაც, იდეები წამოაყენონ, მაგრამ ასევე მათი მოვალეობაა გადასახადების გადამხდელთა ფულის მოფრთხილება. გადაკეთება-გადმოკეთებები და სამშენებლო სამუშაოების დაუსრულებლად გაჭიანურება კი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.

პროექტი თავდაპირველად 2010 წლის იანვრის ბოლოს წარადგინეს, მაშინ ითქვა, რომ პირველ ეტაპზე 70 სახლის აღდგენა იყო დაგეგმილი თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნამდე, 30 სახლის რეაბილიტაცია კი უკვე დაწყებული იყო. ‘ეკოპალიტრა" წლევანდელი ზაფხულის დასაწყისშიც აღნიშნავდა, რომ მას შემდეგ წელიწადზე მეტია გასული და მერიის საიტზე, აღმაშენებელზე სახლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ეგიდით, კვლავაც მხოლოდ 30 პროექტია გამოქვეყნებული... ალბათ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, როდის დასრულდება სამშენებლო სამუშაოები და მოსახლეობაც და ბიზნესიც ჩვეულებრივ ცხოვრებას როდის დაუბრუნდება.

KvirisPalitra.Geჯერჯერობით უცნობია, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ვინ დაიდებს ბინას დაშენებულ ფართებში. გავრცელებული ინფორმაციით, დაშენებები თურქ ინვესტორებს ეკუთვნით, რომლებიც ამ ქონებას შემდეგ საკმაოდ სარფიანად გაყიდიან. ღიად ამაზე საუბარი არავის სურს, პირად საუბრებში კი დაშენებების წილში მერიის დიდმოხელეთა თანამონაწილეობაზეც საუბრობენ. მარჯანიშვილის ქუჩის მონაკვეთზეც, სადაც კაპიტალური შენობები არ იდგა, ახალმშენებლობაა წამოწყებული. დღეს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება ხვალ შესაძლოა ძალიან სარფიან საქმედ იქცეს, რადგან ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით შორს მიმავალი გეგმები არსებობს. სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში ეს ქუჩა საფეხმავლო გახდება, სადაც მხოლოდ ფაეტონები ივლიან. სხვათა შორის, ადგილობრივი მოსახლეობა ჭორად იმასაც კი ამბობს, რომ აღმაშენებელზე ფაეტონებით გადაადგილების ექსკლუზიური უფლება მომღერალ ბუბა კიკაბიძეს დაუბევებია...

მანუჩარ მაჩაიძე (ძველი თბილისის განვითარების ფონდის მთავარი არქიტექტორი): "ყველა დეტალი დაშენებების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდთან შეთანხმდა. მათ ისტორიული წყაროები მოიშველიეს, რომლის თანახმადაც, შესაძლებელი გახდა სართულიანობის გაზრდა.

არის ასეთი მოსაზრება, რომ ქუჩა შესაძლოა საფეხმავლო გახდეს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ამის მომხრე ვარ და ეს იქნება ერთ-ერთი ულამაზესი ქუჩა მთელ თბილისში.

ევროპული ქალაქების მაგალითები რომ ავიღოთ, მართალია, ზოგჯერ ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები იქმნება, მაგრამ სამაგიეროდ მივიღებთ ძალიან მშვიდსა და ლამაზ გარემოს, რომელიც ტურისტებს იზიდავს.

არაფერი მსმენია იმის შესახებ, რომ აღმაშენებლის გამზირზე შესაძლოა მხოლოდ ფაეტონებმა იმოძრაონ, თუმცა რატომაც არა. მაგალითისთვის ავიღოთ ბუდაპეშტი და ვენა, იქ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ფაეტონებით გადაადგილებაზე იმ შემთხვევაში იქნება მაღალი მოთხოვნა, თუ ტურისტები დაინტერესდებიან ამ სატრანსპორტო საშუალებით".

არისი ბოჭოიძე (თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი): "ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდა ან მიმდინარეობს აღმაშენებელსა და მარჯანიშვილის მოედანზე, არქიტექტურის სამსახურში შესაბამისმა საბჭომ განიხილა და რაც კეთდება, იმაზე დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული. იმისთვის, რომ ეს ქუჩა საფეხმავლო გახდეს, რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა შესრულდეს, რაც დამატებით დროს, შესაძლოა რამდენიმე წელიწადსაც საჭიროებდეს. შესაძლოა, რომ მართლაც იმოძრაონ აღმაშენებელზე ფაეტონებმა, მაგრამ დღეს და ხვალ ნამდვილად არა, ეს შესაძლებლობა უფრო შორეულ პერსპექტივაში განიხილება".

დავით კილაძე (თბილისის ვიცე-მერი): "ყოველ პროექტზე მუშაობენ გამოცდილი არქიტექტორ-რესტავრატორები. პარალელურად მუშაობენ არქიტექტორ-ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები.

ისინი იკვლევენ ყოველი შენობის ისტორიას, როგორი ხედი, სართულიანობა ჰქონდა, არსებული არქიტექტურიდან გამომდინარე, ძველი იერსახის შენარჩუნებითა და იმის გათვალისწინებით, რა მოუხდება XXI საუკუნეს. ჩვენ ვამბობთ, რომ მიმდინარეობს ქუჩის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. ეს ნიშნავს, რომ თუ რომელიმე კონკრეტულ შენობას განვითარების შესაძლებლობა გააჩნია, ის უნდა განვითარდეს. არის შენობები, რომლებზეც დაშენება არ შეიძლება, მაგრამ არის შენობები, რომლებიც ამის შესაძლებლობას იძლევა. იქ, სადაც მოსახლეობამ დაშენებაში თანამონაწილეობის მიღება შეძლო, განსაზღვრულ ფართებს ისინიც მიიღებენ, მაგრამ არის დაშენებები, რომლებიც მთლიანად ქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე გაკეთდა და ის ბუნებრივია, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ ფართში თოჯინების მუზეუმი განთავსდება, ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებები დაიდებენ ბინას.

როგორც კი სექტემბერ-ოქტომბერში მოვიწონებთ სპეციალისტების მიერ მომზადებულ მთავარ გეგმას რკინიგზის გადატანის პროექტთან დაკავშირებით, მთელი ის ნაწილი, საიდანაც რკინიგზა გადავა, ავტომაგისტრალებით იქნება დატვირთული. შესაბამისად, აღმაშენებლის მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ ქუჩის მცხოვრებლებისთვის, სპეციალური ჩიპებით (როგორც ტაბიძის ქუჩაზე). დაახლოებით ორ წელიწადში ეს იქნება კულტურისა და ვაჭრობის საფეხმავლო ქუჩა-ცენტრი. გვინდა, მთელი ეს მოედანი ღია კაფეების მოედნად გადაკეთდეს.

ძალიან ბევრი იდეა არსებობს, მათ შორის, ფაეტონებით გადაადგილება, მაგრამ მსგავს თემებამდე ჯერ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი".

ზურაბ აბაშიძე (თბილისის საკრებულოს წევრი): "პროცესები, რომლებიც ყოველდღიურად მიმდინარეობს, მათ შორის პროექტი ‘ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", ან აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია, ყველა გაუმჭირვალეა. უცნობია, რა თანხები იხარჯება, ინვესტორები არსებობენ თუ არა, როგორ გაიცა სამშენებლო ნებართვები. დღეს რომ რიგითმა თბილისელმა პატარა ფანჯარა შეცვალოს, მთელი ბიუროკრატიული პროცედურა უნდა გაიაროს და შესაძლოა ამის გამო ჯვარს აცვან. მაგრამ რაც ხელისუფლების ინტერესებში შედის, იმ გადაწყვეტილებებს ძალიან მარტივად იღებენ. ეს არასწორი მიდგომაა საკითხისადმი და ტენდენცია, რომელიც, სამწუხაროდ, დამკვიდრდა.

ფაქტია, რომ აღმაშენებლის გაზირზე დაშენებულია დამატებითი სართულები, რისი ნებართვებიც ძალიან მარტივად გაიცა. ჩვენთვის უცნობია, ეს შემდგომი გაყიდვისთვის არის განკუთვნილი, რათა მიღებული თანხა საარჩევნოდ თავის პიარს მოახმარონ, თუ სხვა დანიშნულება აქვს.

ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის ქალაქის მერიაა, საიდანაც ჩვენთვისაც კი ძალიან ძნელია ინფორმაციის მიღება. ხოლო თუ მიაღწიე და ინფორმაცია მიიღე, იქნება ძალიან დაგვიანებული, რომელსაც ვერაფერში ვეღარ გამოიყენებ.

გამზირი ყოველთვის სამანქანო გზა იყო, თუმცა ბევრი საცობი იქმნებოდა. საფეხმავლო თუ გახდება, არ მგონია, ამან ხელი შეუწყოს დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვას. მაგრამ საფეხმავლო ქუჩები რომ უნდა არსებობდეს, ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. ეს უნდა იყოს ექსპერტებთან შეთანხმებული, კარგად გათვლილი. დღეს ყველა საკითხს ერთპიროვნულად მიხეილ სააკაშვილი წყვეტს. იტყვის, რომ სადღაც რაღაც უნდა გაკეთდეს და ეს უმალ სრულდება, სპეციალისტებს არ ეკითხებიან ჭკუას. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა, რის გამოც ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები ვზარალდებით. ნებისმიერი ექსპერტი დღეს იმაზე წუხს, რომ თბილისის განვითარების გეგმა არ არსებობს".