ოქროს მაძიებელი, რომელმაც განძს მიაგნო - კვირის პალიტრა

ოქროს მაძიებელი, რომელმაც განძს მიაგნო

ბრაზილიელი ეიკე ბატისტა მსოფლიოში უმდიდრესად გახდომას გეგმავს

მსოფლიოს უმდიდრესთა სიაში მერვე ადგილზე მყოფი ბრაზილიელი ეიკე ბატისტა კონკურენტებს ემუქრება, რომ ქონებას $100 მილიარდამდე გაზრდის. 54 წლის ბრაზილიელი ბიზნესმენი ფლობს სამთამადნო კომპანიას, გაზნავთობის კორპორაციას, ინფრასტრუქტურულ კონგლომერატს და ცხოვრების ტალღებზეც მისი საყვარელი სწრაფი კატერების სიჩქარით დაცურავს. სულ რაღაც ექვსი-შვიდი წლის წინ კი განიცდიდა, რომ სამშობლოში დამოუკიდებელ პიროვნებად არ მიიჩნევდნენ...

KvirisPalitra.Geეიკე სხვებისთვის ყოფილი მინისტრის, სახელმწიფო სამთო-მომპოვებელი კორპორაცია Vale-ს თავმჯდომარე ელიეზერ ბატისტას შვილი იყო, ანდა მსახიობის, მოდელისა და სამბას მოცეკვავე ლუმა დე ოლივეირას ქმარი. მაგრამ უკვე 2008 წელს ეიკე ბატისტა "ფორბსის" უმდიდრესთა სიის დებიუტანტი გახდა $6,6 მილიარდით (142-ე ადგილი), ერთი წლის შემდეგ კი, გაგანია კრიზისისას, როცა კოლეგა-მდიდრები ქონებას კარგავდნენ, ეიკე პირიქით, ფულს შოულობდა და $7,5 მილიარდით 61-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. 2010 წელს ბატისტამ მართლაც გიგანტური ნახტომით მერვე ადგილზე აინაცვლა $27 მილიარდით. წლევანდელ რეიტინგში კი, როგორც აღვნიშნეთ, ის კვლავაც მერვე ადგილზეა, ოღონდ უკვე $30 მილიარდით. ჩანს, არც მისი კონკურენტი მილიარდერები მსხდარან გულხელდაკრეფილი.

დონ ეიკე მოკრძალებულობით არ გამოირჩევა და მომდევნო ათწლეულში ქონების $100 მილიარდამდე გაზრდით პირველ ადგილს უმიზნებს. მის მშობლიურ ბრაზილიაში ბევრს სჯერა, რომ ეს ლიტონი სიტყვები არ არის.

მამის ჩრდილში

ოჯახში ეიკეს ბავშვობიდან ესმოდა საუბრები ოქროზე, რკინის საბადოზე, ნავთობზე, სატრანსპორტო და საპორტო მეურნეობებზე. მამა, ელიეზერ ბატისტა და სილვა სამთო ინჟინერი გახლდათ და ბრწყინვალე კარიერაც გაიკეთა. ხანგრძლივად ხელმძღვანელობდა სახელმწიფო სამთო კომპანიას, იყო მინისტრი. 1960-იან წლებში უფროსი ბატისტა ევროპაში მიავლინეს, სადაც, ცოლი და შვიდივე შვილი წაიყვანა. ქალაქიდან ქალაქში გადასვლა ცუდად აისახებოდა ბავშვების განათლებაზე, თუმცა გერმანელმა დედამ შვილები დისციპლინასა და პასუხისმგებლობას მიაჩვია. სამაგიეროდ, ენებს ითვისებდნენ ადვილად. ეიკე თავისუფლად ლაპარაკობდა პორტუგალიურ, ესპანურ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე. 18 წლისა აახენის უნივერსიტეტის მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. თავმოყვარე ყმაწვილმა გავლენიანი მამის ჩრდილიდან გამოსვლა და თვითდამკვიდრებისთვის ფულის დამოუკიდებლად შოვნა გადაწყვიტა. მისი პირველი სამსახური დაზღვევის აგენტობა იყო. სწორედ მაშინ იგრძნო, რომ მოწოდებით მეწარმე იყო.

70-იანი წლების ბოლოს ეიკე ბრაზილიაში დაბრუნდა და ოქროს შესყიდვას მიჰყო ხელი, მაგრამ მას სიძნელეები და თავგადასავლები უხმობდა და პრაქტიკულადაც აითვისა სამთამადნო სფერო. მამის მხრიდან რამე დახმარებას ბატისტა კატეგორიულად უარყოფდა: ‘მისი გავლენა ის იყო, რომ ფართოდ აზროვნება მასწავლა".

ციფრების მაგია

ოქრომ ეიკეს პირველი მილიონი მოუტანა, რომელიც კანადურ ოქროს მომპოვებელ კომპანიაში დააბანდა. ათასწლეულის დასაწყისში მან ეს წილი თითქმის მილიარდ დოლარად გაყიდა და ახალი ბიზნესი წამოიწყო. ამონაგები თანხის დიდი ნაწილი რკინისა და სხვა მადნის მოპოვებაში ჩადო, დააარსა კომპანია MMX Mineracao e Metalicos-ი და მალე საერთაშორისო არენაზეც გავიდა - ააგო ხუთი ოქროს მომპოვებელი მაღარო ბრაზილიაში, ერთი ჩილეში, ორიც კანადაში. ჰქონდა ორი შახტა რუსეთში, კამჩატკაზე.

ძვირფასი ლითონების ბაზარზე მუშაობის 25-წლიანი სტაჟის შემდეგ ბატისტა ფსონს ნავთობზე ჩამოვიდა. ნავთობკომპანია OGX-ის შექმნიდან ოთხი თვის შემდეგ სახელმწიფო ნავთობკომპანია "პეტრობრასმა" ქვეყანაში უდიდესი ახალი საბადოს აღმოჩენის შესახებ განაცხადა. ბატისტამ "პეტრობრასიდან" შვიდი გამოცდილი მენეჯერი გადაიბირა, თავისი გავლენა და სამთავრობო კავშირები გამოიყენა ნავთობმოპოვების ლიცენზიის აუქციონებზე უცხოური კორპორაციების ჩამოსაშორებლად, თვით "პეტრობრასის" დასაჯაბნად ინვესტიციები მოიზიდა და ყველა საჭირო ლიცენზია შეიძინა... დღეს OGX-ი უკვე $20 მილიარდი ღირს.

2001-2008 წლებში ბატისტამ რამდენიმე ახალი კომპანია შექმნა: MPX-ი (ენერგეტიკა), ხსენებული OGX-ი (ნავთობი და გაზი), LLX-ი (ლოჯისტიკა), მთავარი კომპანია EBX-ის ქოლგის ქვეშ. სიმბოლო "X" სახელწოდებებში შემთხვევითი არ არის. ოკულტურ ნუმეროლოგიაში ეს ქონების გამრავლების ნიშანია. ბატისტა კი, "როგორც ნებისმიერი ბრაზილიელი", ცრუმორწმუნეა. ყოფილი ცოლის, ლუმა დე ოლივეირას თქმით, ეიკემ შვილებს ოთხასოიანი სახელები შეურჩია, რადგან 4 ძალისა და სიმტკიცის სიმბოლოა.

ბატისტასთვის კიდევ ერთი ბედნიერი რიცხვია 63. მისი ყველა მრავალმილიონიანი ფსონი ნავთობის ლიცენზიების აუქციონებზე 63 ცენტით ბოლოვდებოდა. ცხადია, ქონების სწრაფ ზრდას სხვა ახსნაც აქვს. თავად წარმატების გასაღებად რისკი მიაჩნია. მილიარდერი არც ფულს იშურებს საუკეთესო კადრების მოსაზიდად... არსებობდა უფრო პროზაული მიზეზიც: მსოფლიო კრიზისის მწვავე ფაზის შემდეგ გაძვირდა ნედლეული, მათ შორის ოქრო და ნავთობი, განვითარებადი ქვეყნების მომპოვებელი კომპანიების აქციებიც სულ უფრო ძვირდებოდა. აი, სად იყო ციფრების ნამდვილი "მაგია".

"იდიდე, სამშობლოვ!"

ბრაზილიის კერძო სექტორის სწრაფი განვითარების ერთ-ერთი საიდუმლო ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოლიტიკაშია. ‘ამ მხრივ ბრაზილია ნამდვილი სამოთხეა. მთავრობა ზრუნავს გადასახადებსა და სამთავრობო ანგარიშებზე და კერძო ბიზნესს მუშაობის შესაძლებლობას აძლევს", - ამბობს ბატისტა, რომელიც დედამიწაზე პირველობის სურვილსაც პატრიოტიზმით ხსნის. ‘მინდა, ხუთი წლის შემდეგ ბილ გეიტსს გავუსწრო, - თქვა 2008 წელს ბატისტამ, - ბრაზილია პირველი უნდა გახდეს".

მილიარდერის მიზანია, რიო-დე-ჟანეიროს, სადაც მისი ოფისი მდებარეობს, ძველი დიდება დაუბრუნოს. რიო - ოდესღაც სამოთხის სინონიმი, სიღატაკეში იძირება და ლათინურ ამერიკაში დღეს "კრიმინალის სამოთხედ" არის ცნობილი. ეიკე აფინანსებს სასმელი წყლის ფილტრაციას რიოს ღარიბ კვარტლებში და დასუფთავებას. თუმცა ქალაქისთვის წამოწყებული პროექტები უმეტესად კომერციულია: რესტორანი ლუქსის კლასის იახტაზე თუ ისტორიული სასტუმრო "გლორიას" ყიდვა-რესტავრაცია. ბატისტა ქალაქის კრიმინალური "დიდების" აღსასრულს საერთო კეთილდღეობის ამაღლებაში ხედავს.

KvirisPalitra.Geყოფილი სპორტსმენი ეიკე ბრაზილიის, ლათინური ამერიკისა და მსოფლიოს ჩემპიონია სწრაფმავალი კატერებით ნაოსნობაში. მან მხარი დაუჭირა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გამართვას რიო-დე-ჟანეიროში, ამ საქმისთვის $10 მილიონი გამოყო და ოლიმპიური ობიექტების მშენებლობასა და ქალაქის კეთილმოწყობაში დაბანდებებსაც გეგმავს.

დიადი მიზანი

ბატისტას თავისი სიმდიდრის სულაც არ ერიდება. პრესასთან თამამად მსჯელობს თავის 26-მილიონიან იახტაზე; მის ვილაში რიო-დე-ჟანეიროში, სასტუმრო ოთახში, როგორც ინტერიერის ნაწილი, თვალს მოგჭრით Mercedes-Benc SLR McLaren-ის ნახევარმილიონიანი მოდელი.

სამაგიეროდ, დუმილის აღთქმა აქვს დადებული პირად ცხოვრებაზე, განსაკუთრებით, 2004 წლის შემდეგ, როცა კარნავალების დედოფალ ლუმა დე ოლივეირას გასცილდა. "სამბას დედოფალი" ეიკემ დიდგვაროვან ქალიშვილთან დაგეგმილ ქორწინებამდე ერთი თვით ადრე გაიცნო და თავიც დაკარგა. მათ 13 წელიწადს იცხოვრეს ერთად და ორი შვილიც ჰყავთ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ოღონდ ბატისტას ძალიან აღიზიანებდა, როცა გაიგონებდა: "აა, თქვენ ლუმას მეუღლე ხართ?" - უზომოდ პატივმოყვარე კაცისთვის ეს აუტანელი გახლდათ.

ტაბლოიდები წერდნენ, ამბობენ, რომ ოლივეირამ მილიონერი ქმარი უბრალო მეხანძრის გამო მიატოვაო, თუმცა ეს ჭორს უფრო ჰგავს, რადგან ყოფილ მეუღლეებს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ყოფილმა ქმარმა ქალს დიდებული სახლი მეზობლად უყიდა და შვილებს ხშირად სტუმრობს. ამჟამად ბატისტას სატრფო 29 წლის იურისტი ფლავია სამპაიოა, რომელიც ზოგჯერ მოდელობას ითავსებს.

ბიზნესმენს კარგი რეპუტაცია აქვს. მართალია, იყო საჩივრები გადასახადების გადაუხდელობისა და მიწასთან დაკავშირებული მაქინაციების გამო, გარემოს დამცველთა ბრალდებები და უთანხმოება ტუპი-გუარანის ინდიელთა ტომთან, მაგრამ არც ერთ მათგანს დიდი რეზონანსი არ გამოუწვევია.

პირადი თვისებებით ბატისტა ალბათ უმდიდრეს ადამიანად გახდომის საუკეთესო კანდიდატია, თუმცა სკეპტიკოსები მისგან დამოუკიდებელ გარემოებებზეც მიუთითებენ. ბიზნესიმპერია ეფექტიანი მართვისთვის მეტისმეტად დიდი ხდება; ნედლეულის ბაზრის კონიუნქტურა შესაძლოა შეიცვალოს, საფონდო ბირჟების რყევებმა კი დასაშვებია, ბრაზილიური "ტიტანიკი" ფსკერისკენ გაუშვას. თუკი, რა თქმა უნდა, რიცხვი 63 არ გადაარჩენს...

მოამზადა ნატა ენუქიძემ