"ყვავ-ყორნები" ხორცის ბაზარზე - კვირის პალიტრა

"ყვავ-ყორნები" ხორცის ბაზარზე

ხორცი სეზონურად წლეულს არ იაფდება

წლის ამ დროს, როგორც წესი, საქონლის ხორცის ფასი მცირდება (დაახლოებით 20-25%-ით), მსხვილფეხა პირუტყვი მთიდან ბარში ჩამოჰყავთ და შედარებით მეტი რაოდენობით იკვლება, ბაზარი ახალი ხორცით ჯერდება და ეს ფასებზეც აისახება. მაგრამ წლეულს ახალი ხორცის ფასი, უკვე რამდენიმე თვეა, სტაბილურად მაღალია და საცალო ქსელში 1 კგ-ზე 13-16 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ყასბები ამბობენ, რომ სეზონური ფაქტორი ხორცის ფასზე მაშინ ახდენდა გავლენას, როცა თავისუფალი კონკურენცია იყო და ფასს ბაზარი არეგულირებდა. მას შემდეგ, რაც ნატახტარისა და თელეთის სასაკლაოების სახით მონოპოლისტები გაჩნდნენ, ბაზარს ფასს მომწოდებელი კარნახობს. ხორცის რეალიზატორები იმასაც ამბობენ, რომ თელეთსა და ნატახტარში საქონლის ხორცს კილოგრამს 12,25 ლარად ყიდულობენ. ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯები. შემდეგ ხორცს ახარისხებენ, რბილ ნაჭრებს უფრო ძვირად ყიდიან, ძვლიანს კი შედარებით იაფად და ხარჯსა და შემოსავალს ასე აბალანსებენ.

მას შემდეგ, რაც ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც გასაყიდი პირუტყვი მხოლოდ სასაკლაოზე უნდა დაიკლას, ხორცის ფასმა ბაზარზე ერთბაშად კილოგრამზე 5-6 ლარით მოიმატა. ბუნებრივია, ამან მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია. ხორცის რეალიზატორები სასაკლაოსკენ იშვერდნენ ხელს, სასაკლაოს ადმინისტრაცია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი კი რეალიზატორებს ფასებით სპეკულაციაში ადანაშაულებდნენ. მაშინ კვეზერელმა პირობა დადო, რომ ხორცის უპრეცედენტოდ მაღალი ფასები დასტაბილურდებოდა, მაგრამ...

KvirisPalitra.Geყასბები არც იმას გამორიცხავენ, რომ გაიაფების ნაცვლად საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდეს. "გაიზრდება ფასი თუ შემცირდება, ეს სასაკლაოზეა დამოკიდებული, ისინი კარნახობენ ბაზარს ფასს, საკუთარი მაღაზიებიც აქვთ. იძულებულს ხდიან ადამიანს, პირუტყვი მათ მიჰყიდონ. უამრავი შემთხვევაა, როდესაც დასაკლავად შეჰყავთ საქონელი და ცოტა ხანში პატრონს ეუბნებიან, დაავადებული იყო და უნდა დავწვათო. რა თქმა უნდა, უკან არ ატანენ. რამხელა ზარალია გლეხისთვის, რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში გამოზარდა პირუტყვი, შორი გზა გამოატარა, ახლა კი ხელცარიელს უშვებენ. ამიტომაც აღარავინ ენდობა სასაკლაოს და ურჩევნიათ, ის მინიმალური მაინც აიღონ, რასაც სთავაზობენ", - ამბობენ ხორცის გამყიდველები.

ბოლო დროს ასევე გაიზარდა ღორის ხორცის ფასიც. "ღორი რაოდენობრივად ცოტაა, რადგან ზოგს ავადმყოფობამ დაუხოცა, ზოგმაც საკვების არქონის გამო გამოზრდა ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ, ბოლო დროს ბაზარზე ღორის ხორცი კილოგრამი დაახლოებით ორი ლარით გაძვირდა", - ამბობენ ხორცის რეალიზატორები. ყასბები იმასაც ელიან, რომ შესაძლოა ახლო მომავალში სასაკლაოზე დაკვლის აუცილებლობა ღორზეც შემოიღონ. "ყველანაირად ცდილობენ, რომ გაყინული, იმპორტირებული ხორცის ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი, საქართველოდან ცოცხალი პირუტყვი კი საზღვარგარეთ გასაყიდად გაიყვანონ. საწყალი გლეხებისგან სასაკლაო ცოცხალ წონას კილოგრამს 2-3 ლარად ყიდულობს, თვითონ კი გასაყიდად 12 ლარად გამოაქვთ, ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ. ამის შემდეგ ვიღას ექნება სურვილი, საქონელი გასაყიდად გამოზარდოს. გასაყიდად კი არა, საკუთარი მოხმარებისთვისაც ვერ დაუკლავს კაცს საქონელი იმის შიშით, რომ დააჯარიმებენ.

სახლში, საკუთარი მოხმარებისთვის პატარა ხბოს თუ დაკლავ კაცი, აბა სად გაგონილა, რომ მთლიან ძროხას ან ხარს უმკლავდებოდეს ერთი ოჯახი. ამიტომ, როგორც წესი, სოფლებში ხშირ შემთხვევაში პირუტყვი საზიაროდ იკვლება და ხორცს რამდენიმე ოჯახი ინაწილებს. კანონის თანახმად კი ხორცის სახლიდან გატანა იკრძალება და მნიშვნელობა არ აქვს, გასაყიდად გინდა თუ მეზობელს უნდა აჩუქო. ხალხი ისეა დაშინებული, რომ ღამღამობით მიდი-მოდიან ერთმანეთთან, რომ ზიარად გაზრდილი საქონლის ხორცი გაინაწილონ", - შემომჩივლეს ნავთლუღის საკოლმეურნეო ბაზარში ხორცით მოვაჭრეებმა.

თუ კანონის დაცვაზე მიდგება საქმე, სხვათა შორის, კანონში ვეტერინარიის შესახებ წერია, რომ სასაკლაოზე უნდა დაიკლას გასაყიდად განკუთვნილი ფრინველიც, თუმცა კანონის უზენაესობა რატომღაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე ვრცელდება. "ცხოველისა და ფრინველის სახორცედ დაკვლა მათი რეალიზაციის მიზნით დაიშვება მხოლოდ საწარმოში (სასაკლაოზე) უფლებამოსილი ორგანოს ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ", - ნათქვამია კანონში. კიდევ ერთი ციტატა: ‘მუნიციპალიტეტში ასეთი საწარმოს არარსებობის შემთხვევაში ცხოველისა და ფრინველის სახორცედ დაკვლა მათი რეალიზაციის მიზნით დაიშვება უფლებამოსილი ორგანოს თანხმობით და მისი უშუალო ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ".

კომპანია "იბერმითში" უარყოფენ სასაკლაოს გავლენას ხორცის ფასზე და ამბობენ, რომ ფასი, რომელსაც ყოველი მომხმარებელი კილოგრამი ხორცისთვის იხდის, ხორცის რეალიზატორისა და პირუტყვის მეპატრონის გარიგების შედეგად დგება. თუმცა არ უარყოფენ, რომ ხორცის მაღაზიათა ქსელი თავადაც აქვთ. ფაქტია, რომ ამ ურთიერთბრალდებებში ყველაზე მეტად ის ზარალდება, ვისაც ხორცში მაღალი ფასის გადახდა უწევს - მომხმარებელი.

კახა მაზანაშვილი (კომპანია "იბერმითის" დირექტორის მოადგილე): "ჩვენი ხორცკომბინატი საქონელს არც ყიდულობს და არც ყიდის. თუ არ ვყიდულობთ, არც ფასნამატს ვაკეთებთ. შესაბამისად, ჩვენ ვერც ფასების ზრდასა და ვერც მის კლებაზე ვიქონიებთ გავლენას. სასაკლაოს ტერიტორიაზე მოწყობილია მცირე ბაზარი, სადაც გლეხები ან გადამყიდველები, რომლებსაც ჩამოჰყავთ საქონელი, მაღაზიების, რესტორნებისა თუ სხვა ობიექტების წარმომადგენლებთან ცოცხალი პირუტყვით ვაჭრობენ. ჩვენი კომბინატი კი შემდეგ მათ მომსახურებას უწევს. კანონით განსაზღვრული ყველა პირობის დაცვით ვკლავთ საქონელს. ეს მომსახურება 1 კგ პირუტყვზე 1 ლარი ჯდება. უკვე დაკლული საქონლის აწონვის შემდეგ მეპატრონე იხდის კიდევ 10 ლარს, რაც გულისხმობს ანგარიშფაქტურის ღირებულებას, ვეტერინარულ შემოწმებას, ფორმა #2-ის გაცემას. ჩვენთან დღეში 80-100 თავი საქონელი იკვლება. მომსახურების ფასი კი პირიქით, შევამცირეთ. უწინ დაკვლის ღირებულება 1 კგ-ზე 1,20 ლარი იყო. პირობებიც გვაქვს, რომ პირუტყვი გავაჩეროთ, გამოვკვებოთ, სანამ მეპატრონე მყიდველს ურიგდება. რა თქმა უნდა, ეს დამატებით ხარჯებს უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ბიზნესი გვაქვს და ამ სერვისის შეთავაზება გვიღირს. ამ გაყიდვების პროცესს ჩვენ ვაკვირდებით, როგორც მესამე პირი და შემიძლია გითხრათ, რომ ხორცის ფასი 7-9 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მოვიდეს ჩემთან, ვთქვათ, ორი რეალიზატორი და მითხრან, რომ სასაკლაო ყიდულობს საქონლის პატრონებისგან ხორცს და მერე მოვაჭრეებზე ჰყიდის. დებატებში ვიწვევ, რადგან არ არის ასე...

ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ პირუტყვი სასაკლაოზე უნდა დაიკლას და ხეზე არ უნდა ჩამოატყავონ, რომ ბუზი არ დაესიოს. აქ ჩვენ კრემატორიუმიც გვაქვს და თუ ვეტერინარული შემოწმებისას რამე დაავადება აღმოაჩნდა, საქონელი იწვება.

ზოგჯერ ცოცხალ პირუტყვს ავადმყოფობა არ ეტყობა და მხოლოდ დაკვლის შემდეგ ვლინდება. ამ ბოლო დროს, თუ შენიშნეთ, მაღაზიებში დეფიციტური გახდა ე.წ. ჯიგარი. როცა ვეტერინარს პასუხისმგებლობა აკისრია და პირუტყვის შინაგან ორგანოებს ამოწმებს, მცირე დეფექტიც რომ ნახოს, მაშინვე წუნი ედება. უწინ კი ვეტერინარის ბეჭედს ბაზრებში, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ ურტყამდნენ. რა თქმა უნდა, მეპატრონეებიც აპროტესტებენ, როცა მათ პირუტყვს ვეტერინარის შემოწმების შემდეგ წუნი ედება, მაგრამ ამისთვის არსებობს კერძო ლაბორატორიები, სადაც შეუძლიათ ნიმუშის წაღება. ტრანსპორტირებას ჩვენ ვიკისრებთ. თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი ლაბორატორიის დასკვნა მცდარია, რა თქმა უნდა, ზარალს ავუნაზღაურებთ".

საქმე ის არის, რომ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში კვლევა ძვირი ჯდება. ბუნებრივია, გლეხი ალტერნატიული კვლევის ჩატარებაზე უარს იტყვის, იმის შიშით, რომ ზარალს შესაძლოა კიდევ მნიშვნელოვანი ხარჯი დაემატოს, რასაც მისი ჯიბე ვერ გასწვდება.

მოკლედ, ხორცის გამყიდველები ამბობენ, რომ ამ პროდუქტზე დაბალ შესასყიდ და მაღალ გასაყიდ ფასებს სასაკლაოები ინარჩუნებენ. თვით სასაკლაოებზე კი ხორცის ყიდვა-გაყიდვას საერთოდ უარყოფენ. მაგრამ საკუთარი მაღაზიების ქსელის მოსამარაგებლად რაღაც რაოდენობით ხორცის შესყიდვა მათ მაინც სჭირდებათ. ბაზარზე ბითუმად შესასყიდ ფასთა კარნახიც, სავარაუდოდ, აქედანაც ხდება. მერე კი საცალო ქსელში ხორცის ხელსაყრელად გაყიდვა ხომ სასაკლაოს მაღაზიათა ქსელშიც ხელს აძლევთ და ნებისმიერ სხვა მაღაზიასა თუ საზკვების ობიექტშიც...