რატომ ხშირდება გაფიცვები
26-09-2011
2011 წელი მთელ მსოფლიოში მრავალრიცხოვანი გამოსვლებითა და გაფიცვებით აღინიშნა: იტალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, ფინეთში ერთმანეთის მიყოლებით გაიფიცნენ მუშა-მოსამსახურეები, ლონდონში მათ სტუდენტებმაც მიჰბაძეს. განზე არც საქართველო დარჩენილა. თებერვალში გაიფიცნენ ტყიბულის მაღაროს მუშები, სადაც უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო წლებში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. გაფიცვა იყო ფოთის პორტში, ბათუმის ორ სამკერვალო ფაბრიკაში, რამდენიმე თვის წინ გაიფიცნენ ქუთაისელი მძღოლებიც. ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" თანამშრომელთა გაფიცვა კი ამ ყველაფრის ერთგვარი დაგვირგვინება გახლდათ.

ქუთაისში მეტალურგების გაფიცვასთან დაკავშირებულ
მოვლენებში, პროფკავშირების წარმომადგენლების გარდა, აქტიურად ჩაერთნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც და დამატებით თავიანთი რესურსებიც აამოქმედეს. "ჰერკულესის" თანამშრომელთა გაფიცვის დეტალები საგანგებოდ გააცნეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის კონფლიქტი წმინდა ეკონომიკურ ჩარჩოებს გასცდა...
პროფკავშირებმა აქციები წამოიწყეს როგორც დამქირავებლის ოფისთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან. იქმნება სოლიდარობის
ფონდი ქარხნიდან გათავისუფლებული 29 მუშის დასახმარებლად, სადაც თანხას უცხოეთიდანაც ჩარიცხავენ. მეტალურგების გაფიცვა საქართველოში პირველი გაფიცვა ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მსგავსი რეზონანსი ალბათ არც ერთ ადრინდელ გაფიცვას არ გამოუწვევია.

თამაზ დოლაბერიძე
(საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი): "ქარხანა "ჰერკულესის" სრულიად კანონიერი გაფიცვა არათანაბარი ძალით, პოლიციის ჩარევითა და ძალისმიერი მეთოდებით დაშალეს. დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც დღემდე მკაცრად აკონტროლებს პოლიცია, მათ პრობლემები ექმნებათ პრესასთან ურთიერთობის დროსაც კი. ჩნდება კითხვა - რატომ მოხდა ეს ყველაფერი?

ეს გახლავთ 2006 წელს პარლამენტის მიერ დამტკიცებული შრომის კოდექსის გამოძახილი, რომლის შედეგებს დღესაც ვიმკით. სახელმწიფო არ ახალისებს სოციალურ პარტნიორობას დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის. თუ დამსაქმებელმა და დასაქმებულმა ერთ მაგიდასთან დასხდომა და საერთო ენის გამონახვა ვერ ისწავლეს, ყოველთვის მოხდება მსგავსი შემთხვევები. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს, თუმცა დამსაქმებლისა და დასაქმებულის აზროვნება და საზრუნავი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია. ამიტომ ყოველთვის არსებობს მათ შორის სოციალური კონფლიქტის წარმოქმნის საშიშროება. სწორედ ამას სჭირდება რეგულირება სახელმწიფოსგან.

არსებობს ევროპაში შემუშავებული იურიდიული დოკუმენტები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები, ევროპის სოციალური ქარტია, რომლებსაც საქართველოც მიუერთდა. ამ დოკუმენტებს აქვს კანონის ძალა და დამსაქმებელი ვალდებულია, დაელაპარაკოს დასაქმებულთა მცირე ჯგუფსაც კი, თუ ისინი ამის სურვილს გამოთქვამენ. ამ უფლებების უგულებელყოფის კლასიკური მაგალითია 13 აგვისტოს ქუთაისში, "ჰერკულესის" ქარხანაში დაწყებული გაფიცვა: დასაქმებულები 7 ივლისის შემდეგ ცდილობდნენ ადმინისტრაციის ყურადღებას მიპყრობას, მაგრამ მათ არავინ მოუსმინა, მეტიც, ცინიკური პასუხები გასცეს. შარშან ივნისში "ჰერკულესის" ქარხნის ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის კონფლიქტი მოხდა, დააპატიმრეს შვიდი ლიდერი და ერთდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბოლო დღეების გაფიცვა სწორედ იმდროინდელი ამბის შედეგი იყო. მთელი წლის განმავლობაში დამსაქმებელს არ უცდია დასაქმებულებთან საერთო ენის გამონახვა. საწარმოებში მუშებისთვის მინიმალური პირობებიც კი არ არის შექმნილი, საერთოდ არ არის დაცული მათი შრომის უსაფრთხოება. რადგან დამსაქმებლებს არ სურთ ხარჯის გაწევა და არც ხელისუფლება ავალდებულებთ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ცუდი მდგომარეობა ბევრ საწარმოშია. ეს თუ არ გამოსწორდა, კონფლიქტები გახშირდება. სახელმწიფო უნდა ეცადოს, დაარეგულიროს ურთიერთობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის".

დავით ნარმანია (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "მთავარი პრობლემა შრომითი კანონმდებლობაა, განსაკუთრებით შრომის კოდექსი, რომელიც ძალიან ბევრ უფლებას აძლევს დამსაქმებელს, დასაქმებულის უფლებების დაცვის გარანტია კი მინიმალურია. ამგვარი ტიპის ლიბერალური შრომის კოდექსის პირობებში ძალიან ბევრი უფლება ეძლევა დამსაქმებელს: მას შეუძლია უაპელაციოდ გაათავისუფლოს დასაქმებული სამსახურიდან, დაითხოვოს ან თავისი პირობები წაუყენოს... ჩვენგან განსხვავებით ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში მშრომელთა უფლებები მკაცრად არის დაცული და როცა მასობრივი გაფიცვები იწყება, დამსაქმებლები იძულებული ხდებიან, ეს ფაქტორი გაითვალისწინონ. საქართველოში გაფიცვების მომრავლება კი ჩვენს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს უნდა დავაბრალოთ".
ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები