"მოგუდული" ყველი ქართულად - კვირის პალიტრა

"მოგუდული" ყველი ქართულად

ქართული სურსათის დასახელებების რეგისტრაცია გადახდის ვალდებულებას არ შექმნის?

ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 18 დასახელების შემდეგ, "საქპატენტმა", სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცხადების საფუძველზე კიდევ სამი ადგილწარმოშობის დასახელებისა და 16 გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია დაიწყო. ადგილწარმოშობის დასახელებებისაა მინერალური წყლები "ბორჯომი", "ნაბეღლავი" და "საირმე", ხოლო გეოგრაფიულ აღნიშვნებში შედის "თუშური გუდა", "იმერული ყველი", "სვანური სულგუნი", "მაწონი", "მეგრული სულგუნი", "სულგუნი", "გუდა", "ჩურჩხელა", "ჭაჭა" და სხვ. აგრეთვე, პარლამენტში ამ დღეებში განიხილება სამოქალაქო კოდექსის ცვლილებები, რითაც ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების "საქპატენტის" გვერდის ავლით უცხოეთში რეგისტრაცია კანონდარღვევად შეირაცხება. ფიზიკური ან იურიდიული პირები სხვა სახელმწიფოში რეგისტრაციის უფლებას მხოლოდ ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების საქართველოში რეგისტრაციის შემდეგ მოიპოვებენ.

პირველი გაღიზიანებული გამოხმაურება რუსეთიდან გაისმა, სადაც ქართულ სამზარეულოს საკმაოდ კარგად იცნობენ. გამოითქვა "მუქარები", რომ "საქპატენტის" მოთხოვნას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომ ქართული კერძების რეგისტრაციის დოკუმენტს რუსეთში ძალა არ ექნება და "გამოსავალსაც" მიაგნეს: რეცეპტურაში უმნიშვნელო ცვლილებების შეტანით, პრაქტიკულად იმავე პროდუქტის სხვა სახელით გაყიდვას.

რუსეთის ტრადიციულად მტკივნეული რეაქცია იქით იყოს, მაგრამ კითხვები ადგილობრივ მწარმოებლებსაც გაუჩნდათ: ქვემო ქართლში მცხოვრები სვანები სვანურ სულგუნს ვეღარ დაამზადებენ, ხოლო ბარად დამკვიდრებული თუშები - თუშურ ყველს? ამას გარდა, მაწვნისა თუ სხვა პროდუქტების დამზადებით არაერთი ოჯახი იღებს შემოსავალს. რეგისტრირებული აღნიშვნის გამოყენებისთვის ხომ არ მოუწევთ მათ "ვინმესთვის რამის" გადახდა? როგორც აღმოჩნდა, მსგავს კითხვებზე ჯერჯერობით მხოლოდ სავარაუდო პასუხები არსებობს.

ირაკლი ღვალაძე (საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, "საქპატენტის" თავმჯდომარე): "გეოგრაფიული ადგილწარმოშობის რეგისტრაცია ნიშნავს, რომ პროდუქტი ქვეყანას უნდა იყოს მიბმული. ანუ ქართული ღვინოები, რომელიც ჩამონათვალშია, უნდა იყოს აუცილებლად საქართველოდან. არ შეიძლება, "ქინძმარაული" და "ხვანჭკარა" ჩამოისხას რუსეთში, ბულგარეთში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში, რაც ახლა მრავლად ხდება. ამავე დროს, როცა რომელიმე დასახელება აღიარებულია შენი ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებად, ეს არის დაცვა, რომ ამ დასახელებით სასაქონლო ნიშნები სხვა ქვეყნებში არ დაარეგისტრირონ. სამართლებრივად, ასე უნდა მოხდეს რუსეთშიც. არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, თუ ერთი ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა აღიარებულია, სხვაგან იმავე დასახელების სასაქონლო ნიშანი არ უნდა დაარეგისტრირო, რასაც ახლა ქართულ ღვინოებთან დაკავშირებით ყიზლარის ღვინის ქარხანა ცდილობს.

რაც შეეხება კონტროლს ქვეყნის შიგნით, ღვინის შემთხვევაში ასეა, რომ დასახელების გამოყენების უფლება მხოლოდ იმ კომპანიას აქვს, რომელიც ნამდვილად კრეფს ყურძენს იმ რეგიონებში, რომელსაც კონკრეტული ადგილწარმოშობის ღვინო ეკუთვნის. საამისო დოკუმენტაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო გვაძლევს. ჩვენ "სამტრესტი" გადმოგვცემს ინფორმაციას, შეგვყავს კომპანია სპეციალურ სიაში და კეთდება ნუსხა, ვის აქვს კონკრეტული დასახელების უფლების გამოყენება. ღვინის ბაზრისთვის წლეულს ეს რეგულაცია პირველად ამოქმედდა. უცხოეთში ქართული დასახელების ღვინოებს კანონიერ საფუძველზე ვერავინ ჩამოასხამს და ვერ გაყიდის.

- გასაგებია, რომ ‘ბორჯომი", "ნაბეღლავი" თუ ‘საირმე" აუცილებლად საქართველოში უნდა ჩამოისხას, მაგრამ რაც შეეხება "თუშურ გუდას", "სვანურ სულგუნს", "ქართულ ყველს", "მაწონს" - შესაძლებელია თუ არა ამ დასახელების პროდუქცია აწარმოონ, მაგალითად, უცხოეთში?

- თუ რამეს სულგუნი ერქმევა, ის აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს წარმოებული.

- რატომ არ შეიძლება, ამერიკაში მყოფმა ადამიანმა ამოიყვანოს სულგუნი. ძროხები იქაც იწველებიან, მთავარია, ყველის დამზადების ტექნოლოგიას ფლობდე?

- როგორც ფრანგულ ყველ "პარმეზანს" ვერ აწარმოებ საქართველოში, სწორედ ასეთი აკრძალვა უნდა გავრცელდეს უცხოეთში ქართული პროდუქციის წარმოებაზე.

- სულგუნს გავანებოთ თავი, მაწვნის დაყენება ან ჩურჩხელების ამოვლება ხომ არ არის რთული საქმე?

- მაწონს ნუ დაარქმევენ და სხვა რაც სურთ, ის დაარქვან. ზოგს ამაზე ეცინება, მაგრამ ასეა მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც შემოდის თანდათან ეს ტენდენცია. ჩვენთვის მთავარია, ამ ეტაპზე ქართული ღვინო დავიცვათ. იმის ილუზია ნამდვილად არ გვაქვს, რომ მაგალითად, სოჭში ადგილობრივად წარმოებული ჩურჩხელების გაყიდვა შეწყდება, მაგრამ მთავარია, ეს გეოგრაფიული აღნიშვნა არავინ დაირეგისტრიროს, რათა შემდეგ სასამართლოს ძალით არ გაგვიხდეს დასაბრუნებელი.

- ადგილობრივ მწარმოებლებს, ვინც რომელიმე რესგიტრირებულ პროდუქტს აწარმოებს, თუ ექნებათ რამე რეგისტრაციის ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე?

- ეს უკვე სამომავლო ეტაპია, რომელიც მთლიანად სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივაა. ის ყველა ვალდებულებას დაარეგულირებს. ამჟამად ჯერჯერობით რეგულაციები ღვინოზე ვრცელდება.

- სამომავლოდ დარეგისტრირება და სპეციალურ სიაში შესვლა მოუწევთ იმ ადამიანებსაც, ვინც მაწონს ადედებს ან სულგუნი ამოჰყავს?

- შინ, ვისაც რა სურს, ის გააკეთოს...

- ძალიან ბევრი ოჯახი მაწვნის ან ყველის გაყიდვით ირჩენს თავს...

- ჯერ კონკრეტულად დადგენილი არაფერია. რას გადაწყვეტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენ ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციას ვახდენთ. ვისაც რა განაცხადი შემოაქვს, იმას ვარეგისტრირებთ".

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინასწარი განმარტებით, იმ ქართული კერძებისთვის, რომლებიც გეოგრაფიული აღნიშვნის რეესტრში მოხვდება, დაახლოებით ისეთ სურათს მივიღებთ, როგორც იტალიური პიცის შემთხვევაშია. "მაგალითად, ქართულ ჩურჩხელას უცხოეთში თუ დაამზადებენ, აუცილებლად უნდა მიუთითონ, რომ ეს ქართული კერძია და დამზადებისას დაცულია დამზადების სრული მეთოდი", - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.