ჩინელი ჰენრი ფორდი - ლი შუფუ - კვირის პალიტრა

ჩინელი ჰენრი ფორდი - ლი შუფუ

48 წლის ჩინელმა, კომპანია ძჰეჯიანგ Zhejiang Geely Automobile-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლი შუფუმ შარშან საავტომობილო ბაზრის ერთ-ერთი უდიდესი და მოულოდნელი გარიგება გაახერხა - "ფორდ მოტორსს" შეუთანხმდა კონცერნ "ვოლვოს" მსუბუქი ავტომობილების დანაყოფის შესყიდვაზე. უბრალო ჩინელი გლეხის ვაჟს მსოფლიო ავტოწარმოების გვირგვინის ერთ-ერთ მარგალიტზე მიუწვდა ხელი.

"ფორდთან" დადებული კონტრაქტის პირობებმა ჩინელი მილიარდერის ტალანტით ბიზნესის სამყარო აღაფრთოვანა... 1999 წელს "ფორდმა" შვედური კომპანია $6,45 მილიარდად იყიდა, ჩინელმა მაგნატმა კი ეს $2 მილიარდზე ნაკლებად მოახერხა. ამასთანავე, ფულის დიდი ნაწილით დაიფარა Volvo Cars-ის ვალები, საპენსიო ვალდებულებები და სხვ.

მსოფლიოში ცნობილ ავტობრენდს, პრაქტიკულად, "ფორდისგან" ნაჩუქარიც კი შეიძლება ეწოდოს. ეს დაუჯერებლად ჟღერდა, მაგრად თავად ლი შუფუს ამბავიც ‘ვოლვოს" გარიგებაზე არანაკლებ დაუჯერებელია.

ლი გლეხის ოჯახში დაიბადა, ხანჩჟოუს გარეუბანში, რომელიც ტურისტულ რუკებზე აღნიშნულია, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. თუმცა შუფუს გიდობის პერსპექტივა არ ხიბლავდა. ჯერ მშობლების ფულით ნახმარი ფოტოაპარატი იყიდა და სოფელში კუსტარული ფოტოსტუდია მოაწყო. შემდეგ ძველ საყოფაცხოვრებო აპარატებს ძვირფას ლითონებს აცლიდა და ჰყიდდა. მერე ახალგაზრდა ლი მამას 2 ათას იუანს ($300-ზე ნაკლები) ესესხა, თავისი მცირედი დანაზოგიც მიამატა და მაცივრებისა და მათი სათადარიგო ნაწილების კუსტარული საწარმო შექმნა. მას Geely უწოდა, რაც ჩინურად ნიშნავს "იღბალს გისურვებ". სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მისი "საფირმო" ბიზნესსტილი, რომლისთვისაც აღარ უღალატია.

ლის თავი არ შეუწუხებია ახალი ტექნოლოგიების შექმნითა თუ პატენტების შესყიდვით. იგი ცნობილი ბრენდების საქონელს აკოპირებდა და ნაწარმს დემპინგური ფასებით ჰყიდდა, პირველ რიგში, ექსპორტით. ბიზნესი ყვაოდა, ვიდრე 1989 წელს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნით, ჩინეთის მთავრობამ მკაცრი რეგულირება არ შემოიღო სამაცივრო დანადგარების ბაზარზე. მხოლოდ გულდასმით შერჩეულ კომპანიებს მიეცათ ნაწარმის ექსპორტის უფლება. რასაკვირველია, ლი შუფუს საამქრო ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა და ისიც დაუნანებლად გამოეთხოვა "სიცივის ინდუსტრიას".

1992 წლიდან Geely-მ ამერიკული და იაპონური მოტოციკლების ნაწილების შემოტანა დაიწყო. ორი წლის შემდეგ კი საკუთარი ორბორბლიანების აწყობას შეუდგა ჩვეული სქემით - კოპირება და წარმოება. 1996 წლისთვის Geely-ს 200 ათასზე მეტი მოტოციკლი და მოტოროლერი ჰქონდა გამოშვებული. საქმე კარგად მიდიოდა და ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა კვლავ მთავრობის ჩარევა. ხარისხისთვის ბრძოლისა და საავტორო უფლებების დაცვის ოფიციალურმა პოლიტიკამ ამჯერად მოტოტექნიკამდეც მიაღწია. ფხიანი ლი ბედის უკუღმართობას მედგრად დაუხვდა. მან თავის მშობლიურ ხანჩჟოუში გაკოტრების პირას მყოფი მოტოციკლების მწარმოებელი კომპანია შეისყიდა.

ამ შენაძენის მთავარი ხიბლი ის იყო, რომ საწარმო სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა. და აი, Geely-სთვის დასავლეთის კარი ფართოდ გაიღო! ლის კომპანიას მოტოციკლები 22 ქვეყანაში გაჰქონდა, მათ შორის აშშ-ში, გერმანიასა და იტალიაში. რამდენიმე წელიწადში Geely ბრუნვის მიხედვით მეოთხე კერძო კომპანია გახდა ჩინეთში. სწორედ ამ დროს გაამხილა ლიმ თავისი წარმატების საიდუმლო: "თუ ადვილად თქვით უარი რამეზე, იცოდეთ, რომ ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას"... ლი შუფუსთვის უმთავრეს საქმეზე - საავტომობილო იმპერიის შექმნაზე გადასვლის დრო დადგა.

ჩინური სასწაული

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ლიმ დაიბარა სამი ინჟინერი, რომლებიც ადრე ავტოქარხნებში მუშაობდნენ, და მათ შესთავაზა ჰენრი ფორდის იდეის ხორცშესხმა - ჩინეთისთვის იაფი ავტომობილების მასობრივი წარმოება. მაგრამ ინჟინრები ბიზნესმენს იდეის უპერსპექტივობაში არწმუნებდნენ. მეტიც, ვინც კი შეიტყო, მის ჩანაფიქრს ყველა დასცინოდა. არ იყო ჩინეთში ავტოტექნოლოგიები, საწარმოო ბაზები, კვალიფიციური კადრები. მაგრამ სიჯიუტე ლი შუფუს ერთ-ერთი ღირსება გახლდათ. 1997 წელს ერთმა ნაცნობმა ლის უთხრა, რომ სიჩუანის პროვინციაში პაწია ავტოქარხანა მცირელიტრაჟიან მანქანებს უმნიშვნელო პარტიებად უშვებდა, Haoging-ის მარკით. არსებითად, ეს იაპონური Daihatsu Charade-ს მოდიფიცირებული ასლები იყო.

იაპონელები ქურდობამ აღაშფოთა და ჩივილსაც აპირებდნენ, მაგრამ ლის დახმარების ხელი ჩინეთის მთავრობამ გაუწოდა - 2001 წელს Geely-მ მუშაობა დაიწყო სახელმწიფო პროგრამის ("ხარისხიანი პროდუქცია ზომიერ ფასად") ფარგლებში. "ოთხბორბლიან მტვერსასრუტად" შერაცხული პროდუქციით ბევრი იყო უკმაყოფილო, თუმცა ამ უკმაყოფილებას დაბალი ფასი - 40 ათასი იუანი (დაახლოებით $5.860) აქარწყლებდა. შემთხვევით არ გასულა ჩინეთი კრიზისის მიუხედავად, 2009 წლისთვის მსოფლიოში პირველ ადგილზე ავტომობილების გაყიდვის მხრივ.

თუმცა საავტორო უფლებათა დამცველები შუფუს მოსვენებას არ აძლევდნენ. 2007 წელს Geely-ს ბრალი დასდეს, რომ მისი თავდაპირველი ლოგოტიპი ძალიან წააგავდა ჩეხური "შკოდასას". შუფუმ ახალ ლოგოტიპზე გამოაცხადა კონკურსი და გამარჯვებულს $520 ათასს დაჰპირდა. თუმცა შერჩეული ნამუშევრის ავტორს, სავარაუდოდ, თანხა არ მიუღია, რადგან ახალი ლოგოტიპი ახლა უკვე "ტოიოტამ" მიამსგავსა თავისას და ბიზნესმენს ჩინეთის სასამართლოში უჩივლა. ლი წყლიდან მშრალი ამოვიდა - ეგღა აკლდათ მოსამართლეებს, სამამულო ავტომწარმოებელი დაეჩაგრათ....

დიდი ნახტომი

"მალე ჩვენი ავტომობილები ისევე გავრცელდება მსოფლიოში, როგორც ჩვენი სანთებელები", - თქვა ერთხელ შუფუმ და 2015 წლისთვის წელიწადში 2 მილიონი მანქანის გამოშვება დაიქადნა. 2007 წელს ლი შუფუმ რუსული ბაზრის დაპყრობა სცადა, თუმცა ამ გეგმაზე მალევე თქვა უარი. მანამდე, 2005 წელს ლი შუფუს კომპანიის აქციები ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე გავიდა. შარშან ამერიკულმა ინვესტბანკმა "გოლდმან ზახმა" ჩინურ კომპანიაში $334 მილიონი დააბანდა, რაც ფირმის გლობალური პოტენციალის აღიარებას ნიშნავდა.

და მაინც, საიდან გაუჩნდა ლი შუფუს "ვოლვოს" საყიდელი ფული? თუ ღია ინფორმაციას ვენდობით, Geely-ს აქტივების საერთო ღირებულება "მხოლოდ" $2,9 მილიარდი იყო. ცხადია, უზარმაზარი ავტოამბიციის მიუხედავად, ლი შუფუს არ გააჩნდა თავისუფალი თანხა "ვოლვოს" შთანთქმისა და მისი დამოუკიდებლად შენახვისთვის. ამასთან, უფრო მსხვილი ჩინური კომპანიებიც ცდილობდნენ "ვოლვოს" შეძენას. როგორც ამბობენ, "ჩინელ ჰენრი ფორდს" თავისი ქვეყნის მთავრობა დაეხმარა მას შემდეგ, რაც შუფუმ ჩინეთის მესაჭე ჰუ ძინტაო მოხიბლა საერთაშორისო ბაზრის დაპყრობის სტრატეგიული გეგმებით.

რაც შეეხება დეტროიტელ საავტომობილო მეფეებს, აქ საიდუმლო არაფერია. ‘ვოლვოს" გაყიდვა ‘ფორდის" ხელმძღვანელ ალან მალალის სტრატეგიით აიხსნება, რომელიც უპირატესობას ნაციონალური ბრენდის განვითარებას ანიჭებს. ამასთან, შვედური ქვეგანყოფილება ‘ფორდის" იმპერიაში ყველაზე წამგებიანად იქცა. მიზეზი უბრალოა: შვედები ძალიან ხარისხიან და საიმედო, მაგრამ არცთუ იაფ ავტომობილებს უშვებენ.

მაინც რის მიღებას იმედოვნებდა ლი შუფუ ამ ძვირფასი სათამაშოს ყიდვით? შვედური კომპანიის შესყიდვის შესახებ მხოლოდ მოარული ხმების წყალობით, ჰონკონგის ბირჟაზე Geely-ს აქციების ფასი ექვსჯერ გაიზარდა. ასევე, გამორიცხული არ არის, "ვოლვო" ჩინეთის ნომენკლატურისთვის მთავარ ავტომობილად იქცეს, თუ ჩინეთში მართლაც აშენდება შვედური ავტომობილების დამამზადებელი ქარხანა.

"ფორდისა" და Geely-ს მოლაპარაკებებში იყო ინტელექტუალური საკუთრების პრობლემა, არც Volvo Cars-ში ეხატებოდათ დიდად გულზე ჩინელის მმართველობის ქვეშ ყოფნა. მომხდარი არც შვედეთის ხელისუფლებას მოსწონებია. ვნებების დასაცხრომად ლი შუფუმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალი მფლობელი უცვლელად შეინარჩუნებდა "ვოლვოს" საწარმოო და სამეცნიერო-კვლევით ქვეგანაყოფებს, ლიდერთა მთელ ქსელს, გაახანგრძლივებდა ხელშეკრულებას შვედურ პროფკავშირებთან და არც ბრენდის სპეციფიკას შეცვლიდა...

KvirisPalitra.Geროგორც ჩანს, ლი შუფუ ჯანსაღ ავანტიურიზმზე უარის თქმას არ აპირებს და ახალ-ახალ ბაზრებზე უჭირავს თვალი. მაგალითად, წლეულს მაისში გამართულ კიევის ავტოსალონზე Geely-ს თავისი ბრენდის ხუთი სხვადასხვა მოდელის პრემიერა ჰქონდა. ახლახან, 20 სექტემბერს კი გაცხადდა, რომ უკრაინაში, სადაც კომპანია უკვე აწყობს თავის მანქანებს, კიდევ ერთი მოდელი გაიყიდება ორი მოდიფიკაციით. ამ ქვეყანაში, კრიზისის მოლოდინის მიუხედავად, ავტომობილების გაყიდვა რეკორდებს ხსნის და ზოგიერთი მოდელის დეფიციტიც კი შეიქმნა. Geely მართავს მოლაპარაკებებს ბელორუსიაშიც, სადაც შესაძლოა საავტომობილო კომპონენტების მწარმოებელი, ან სულაც ავტოსაამწყობო ქარხანა გაიხსნას. გაისად ჩინელი ჰენრი ფორდი დასავლეთ ევროპის ბაზარზე პირველ მოდელს გაიყვანს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ