ფინანსური კრიზისის მეცხრე ტალღა თუ გაზვიადებული პანიკა?! - კვირის პალიტრა

ფინანსური კრიზისის მეცხრე ტალღა თუ გაზვიადებული პანიკა?!

საქართველო მაინც "შუაშია"

მსოფლიოს ახალი ფინანსური კრიზისი ნელ-ნელა ძალას იკრებს. კრიზისის ტალღები კარგა ხანია, საბერძნეთის, ირლანდიისა და პორტუგალიის ეკონომიკებს აზანზარებს. ანალიტიკოსები ახლა იმას ითვლიან, როდის დაატყდება ეკონომიკური ცუნამი მსოფლიოს და რა შედეგებია მოსალოდნელი.

"განვითარებულ ქვეყნებს ათიდან ექვსი შანსი აქვთ, 2013 წლამდე ახალ ფინანსურ კრიზისში გადაიჩეხონ“, – აცხადებს ფინანსისტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ნურიელ რუბინი, რომელმაც თავის დროზე ზუსტად იწინასწარმეტყველა 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ახლა, მისი აზრით, ახალი კრიზისი უკვე იწყება და ის უფრო მალე დადგება, ვიდრე ბევრს ჰგონია:

"რამდენიმე თვის წინ ვფიქრობდი, რომ ჭექა-ქუხილი 2013 წელს ატყდებოდა, მაგრამ ახლა, აშშ-ის, ევროზონისა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური დასუსტების ფონზე, ვფიქრობ, მსოფლიო ეკონომიკა ახალ კრიზისში გაცილებით ადრე ჩაყვინთავს. კრიზისი პიკს 2013 წელს მიაღწევს, მაგრამ შესაძლოა პიკი უფრო ადრეც დადგეს. ეს ხელისუფლებების მიერ მიღებულ ზომებზეა დამოკიდებული. განვითარებულ ქვეყნებს ეკონომიკის ნგრევის 60%-იანი შანსი აქვთ.

საქმე რომ რთულად არის, ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებიც ადასტურებს. მისი თქმით, დიდი დეპრესიის შემდეგ ეს ყველაზე რთული კრიზისია, რომელიც უკვე მთელი მსოფლიოს პრობლემა გახდა. ეკონომიკური კრიზისის ცენტრმა ამერიკიდან ევროპაში გადაინაცვლა. იზრდება უნდობლობა ევროპის ბანკების მიმართ.

მართალია, ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ევროპაცა და ამერიკაც ყურადღებით აკვირდებიან რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. გასულ კვირაში რუსეთის საფონდო ბირჟებზე ვარდნა აღირიცხა და ანალიტიკოსებიც შეაშფოთა (ინდექსი ММВБ-ი 7,82%-ით შემცირდა, ხოლო ინდექსი РТС-ი - 8,61%-ით). შემცირების ლიდერები გახდნენ მეტალურგიული და ენერგეტიკული კომპანიები, მათი აქციების ფასები, შესაბამისად, 12%-ზე და 11%-ზე მეტად დაეცა. რუსეთის ბაზარი აშშ-ში დაწყებულ ტენდენციას განაგრძობს. იქ მკვეთრი ვარდნა მაშინ დაიწყო, როცა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ უარი თქვა დოლარის დამატებით ემისიაზე (რითაც აშშ ევროპას აიძულებს ევროს დამატებით ემისიას), ხოლო სარეიტინგო კომპანია Moody's -მა რამდენიმე უმსხვილეს ბანკს საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა. აქციების გაიაფებას ვერ გადაურჩნენ ცნობილი რუსული კომპანიები "გაზპრომი" (-7,2%), "ვითიბი" (-6,9%), "ლუკოილი" (-9,8%) და მრავალი სხვა.

საქმიანი აქტივობის ძირითადი მაჩვენებელი აშშ-ში - "დოუ ჯონსის" ინდექსი - 1,33%-ით დაეცა, ბირჟა "ნასდაქისა" - 2,83%-ით შემცირდა. ლონდონის, პარიზისა და ფრანკფურტის ბირჟებზე ვარდნა 4,67%, 5,25% და 4,96%-ია. საფრთხეს ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი, რომლის თქმით, მსოფლიო ეკონომიკა განვითარების სახიფათო ფაზაში შედის. მისი შეფასებით, ფონდის $400 მილიარდიანი რესურსი ხუნდება პოტენციური საჭიროებების წინაშე.

* * *

კრიზისის ეპიცენტრში – საბერძნეთში საპროტესტო აქციები მწვავდება. ანტიკრიზისულ გეგმას, რომლის მიხედვითაც საბერძნეთმა ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გაამკაცროს, შემოიღოს გადასახადები უძრავ ქონებაზე და ხარჯების ოპტიმიზაცია დაიწყოს, ცხადია, ქვეყანაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. არადა, საბერძნეთს ევროკავშირისგან მორიგი დახმარების იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს, თუ მითითებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. უამისოდ ქვეყანას დეფოლტი ემუქრება. 8 მილიარდი ევროს ტრანშისთვის უძრავ ქონებაზე გადასახადი უნდა დაწესდეს. საბერძნეთის დახმარება იკისრა გერმანიამ. კანცლერმა მერკელმა განაცხადა, რომ ევროს გადარჩენისთვის იზრუნებს და რომ ევრო - ევროპის ეკონომიკის მომავალია.

KvirisPalitra.Geრაკიღა ევროპის ლიდერმა სახელმწიფოებმა საჭიროდ მიიჩნიეს, საბერძნეთი ევროკავშირში მიიღეს და ევროს ზონაშიც შეიყვანეს, ალბათ, კეთილს ინებებენ და რამენაირად კიდეც დაეხმარებიან. კრიზისზე საუბრისას არსებითია, როგორ შეეხება ის საქართველოს, რას უქადის ჩვენს ქვეყანას ვისთვის უკვე დაწყებული და ვისთვის - სამომავლო ეკონომიკური კრიზისი.

ნოდარ ხადური (ეკონომიკის ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი): "კრიზისი იწვევს მოთხოვნის შემცირებას, შესაბამისად, ეს საქართველოს ისედაც მცირე ექსპორტის შეზღუდვას გამოიწვევს. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორებია. ევროკავშირის წევრი არ არის თურქეთი, მაგრამ მსოფლიო კრიზისი თურქეთზეც უეჭველად იქონიებს გავლენას, რადგან ის საერთაშორისო ეკონომიკაში საკმაოდ არის ინტეგრირებული. იმავდროულად, თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

კრიზისი უკვე იგრძნობა რუსეთში. რუსეთის საფონდო ინდექსები მნიშვნელოვან ვარდნას განიცდის. რუსეთის გავლენა კი საქართველოზე აუცილებლად აისახება, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში გადმორიცხული ფულის დიდი ნაწილი სწორედ რუსეთიდან მოდის. შესაბამისად, რუსეთში მცხოვრები ადამიანები საქართველოში მყოფ ახლობლებს ფულს ძველებურად ვეღარ გადმოურიცხავენ.

კრიზისი ჯერჯერობით ყველაზე მეტად საბერძნეთს დაატყდა თავს. არადა, სწორედ საბერძნეთშია სამუშაოდ ჩასულ ქართველთა რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ანუ საქართველოს არც საბერძნეთის კრიზისი უქადის არაფერს კარგს.

შესაძლოა, კრიზისს დროებითი დადებითი ეფექტებიც ექნეს. მაგალითად, 2008 წლის კრიზისისას მსოფლიოში ნავთობი მნიშვნელოვნად გაიაფდა და ავტომფლობელები გვარიანად გაიაფებულ საწვავს მოიხმარდნენ. თუმცა საბოლოო ჯამში ეს მაინც უარყოფითად უტრიალდება გლობალურ ეკონომიკასა და ქვეყნებს, რომლებიც მასში მჭიდროდ არიან ინტეგრირებული. კრიზისი, პირველ რიგში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საფონდო ბირჟებსა და ფასიან ქაღალდებზე. ამ მხრივ საქართველოს დიდი პრობლემა ნამდვილად არ ემუქრება. მთავარი ის არის, რა მასშტაბებს მიიღებს ახალი კრიზისი. 2008 წლის კრიზისის მსგავსის განმეორების შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გაცილებით მეტად დაზარალდება, რადგან 2008 წელს საქართველომ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების სალიკვიდაციოდ მსოფლიო თანამეგობრობისგან $4,5 მილიარდი მიიღო. ამჟამად კი მსგავსი დახმარების იმედი, ალბათ, არ უნდა გვქონდეს".

მსოფლიოში მიმდინარე კრიზისულ მოვლენებს ახლავს ნავთობისა და სხვა მსხვილი კომპანიების აქციების ფასის კლება, ასევე ევროს კურსის შემცირება დოლარის მიმართ. შემცირება უკვე ოქროს ფასმაც კი დაიწყო, რადგან ინვესტორები სახსრების გადარჩენას დოლარში დაბანდებებით იმედოვნებენ. ნოდარ ხადურის განმარტებით, მართალია, ევროს პრობლემები აქვს, მაგრამ დოლარის "ზედმეტად“ გამყარება არც თვით ამერიკას აძლევს ხელს. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დოლარსა და ევროს შორის დისბალანსი დიდად გაღრმავდეს.

დავით ნარმანიას, "კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის" აღმასრულებელ დირექტორსა და ეკონომიკის ექსპერტს კი მიაჩნია, რომ ამჟამინდელი საფინანსო კრიზისის გაიგივება 2008 წლის კრიზისთან უადგილოა, რადგან მაშინ მასშტაბი გაცილებით დიდი იყო. "ახლა კრიზისი ძირითადად საბერძნეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას - იტალიას, პორტუგალიას, ირლანდიას ეხება. კრიზისის გაღრმავება ან დაძლევა ევროკავშირის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. გერმანიამ, რომელიც ევროკავშირში ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე ქვეყანაა, საბერძნეთის დახმარება გადაწყვეტა. ეკონომიკისთვის ეს დადებითი სიგნალია. არ არის გამორიცხული, საფონდო ბირჟებზე ინდექსების ზრდაც დაიწყოს", - მიაჩნია ნარმანიას, რომლის შეფასებით, კრიზისის უფრო ღრმად არ წავა და ინდექსების ვარდნა ძირითადად პანიკას უკავშირდება...

ციფრების ენით

- დღეს მსოფლიოში უმუშევართა რაოდენობა 200 მილიონს აღწევს. ეს რიცხვი, პრაქტიკულად, დიდი დეპრესიის პერიოდის მონაცემებს უტოლდება.

- შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, გლობალური კრიზისის დაწყებიდან დღემდე 20 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა და ერთი ამდენი შესაძლოა 2012 წლის ბოლოსთვისაც გაუქმდეს.

თემურ იობაშვილი