"საკონტროლო კანონი" ბანკებისთვის - კვირის პალიტრა

"საკონტროლო კანონი" ბანკებისთვის

ხელისუფლება ბიზნესზე კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. ახლო მომავალში, პარლამენტში ისეთი კანონპროექტების წარდგენა-განხილვას ელიან, რომლებიც საქართველოს კერძო სექტორისთვის შესაძლოა დამოკლეს მახვილად იქცეს. მთავრობას კი შესაძლებლობა ექნება, საგანგებო დამატებითი ძალისხმევის გარეშე, კონკრეტულ ბიზნესზე ნებისმიერი ინფორმაცია მოიპოვოს.

პარლამენტში უკვე ინიცირებული კანონპროექტით, საზედამხედველო ფუნქციების აღსასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის კონფიდენციალური, სებ-ის კომპეტენციის ფარგლებში. აგრეთვე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღსაკვეთად ეროვნულ ბანკს უფლება მიენიჭება, ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლოს. გამოდის, რომ კომერციული ბანკებისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის მიწოდება კლიენტებისთვის სარისკო ხდება, თუნდაც სოლიდური კრედიტის მიღების მიუხედავად. ვინ, როდის და რისთვის გამოითხოვს ამ ინფორმაციას ბანკისგან და შემდეგ როგორ გამოიყენებს ბიზნესის წინააღმდეგ, ამის წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს.

კიდევ ერთი კანონპროექტი პარლამენტში წარსადგენად შინაგან საქმეთა სამინისტროში იწერება; ძალოვანი უწყების ინიციატივის თანახმად, კომერციულ ბანკებში ინკასაციის განხორციელება დაცვის პოლიციის დაქვემდებარებაში გადავა და შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ სტრუქტურული დანაყოფს, "მეტისმეტად ბევრი" ეცოდინება კომერციულ ბანკებში თანხების მოძრაობის შესახებ - მიუხედავად ოფიციალური პირების მხრიდან დაუდასტურებლობისა, ეს ინფორმაცია დაჟინებით ვრცელდება. დეტალების გასარკვევად შსს-ს პრესასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით. კანონპროექტი პარლამენტში მოიკითხეთო, - მშრალად მოგვიგო სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ გვენეტაძემ და ტელეფონი გაგვითიშა.

შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი კომიტეტებში მოვიკითხეთ, თუმცა გვითხრეს, რომ არაფერი იციან, რადგან საკომიტეტო განხილვა ჯერ არ დაწყებულა. მეტიც, მას ახლახან ინიცირებულ კანონპროექტებს შორისაც ვერ მივაკვლიეთ. გავრცელებული ცნობებით კი შსს-ში უკვე ინკასაციის სამსახურსაც ქმნიან... კომერციული ბანკის წარმომადგნელებმა, "სანამ ასეთი გაურკვევლობაა", სიფრთხილე არჩიეს და საკითხის კომენტარებისგან თავი შეიკავეს.

გიორგი ცაგარეიშვილი (საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე): "სანამ კანონპროექტს არ გავეცნობით, მის შინაარსზე ლაპარაკი ძნელია, თუმცა ამ ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე დაახლოებით ვხვდები, რომ ეს იქნება ბიზნესსექტორში სახელმწიფოს ზედამხედველობისა და მეთვალყურეობის კიდევ უფრო გამკაცრებისკენ გადადგმული ნაბიჯი. როცა დაცვის პოლიციას ავალებ, ფულადი საშუალებების ინკასაცია განახორციელოს, ეს სწორედ ამგვარი მოვლენაა. აქამდე დაცვის პოლიცია ისედაც უზრუნველყოფდა ფულადი საშუალებების ტრანსპორტირებას. მსხვილ კომერციულ ბანკებს მასთან ჰქონდათ გაფორმებული შესაბამისი კონტრაქტები. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაახლოებით სამი წლის წინ კერძო დეტექტიური საქმიანობით დაკავებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის ტარება აეკრძალათ. ეს უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის თანამშრომლებს შერჩათ, რაც გააზრებულად გაკეთდა, ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტის მონოპოლიზებისთვის. ეს, ფაქტობრივად, საკანონმდებლო დონეზე შექმნილი სახელმწიფო მონოპოლიაა.

ინკასაციის გადასვლა დაცვის პოლიციის ხელში უკვე განხორციელებული ქმედებების შემდეგი ეტაპი იქნება. ეს არსებითად განსხვავდება თანხის ტრანსპორტირებისას მისი დაცვისგან. დაცვის სამსახური, ფაქტობრივად, უშუალოდ ერთვება ბანკის კომერციულ საქმიანობაში. ინკასაციის საშუალებით, სამუშაო დღის შემდეგ სახსრები თავს იყრის იმ განყოფილებაში, სადაც უკეთესად არის დაცული, ან ტრანსპორტირება ხდება ბანკების სხვა ფიალიალებში. ეს უკვე ბანკის კომერციულ საქმიანობაში ჩართვა იქნება, ეცოდინებათ ფულადი სახსრების მოძრაობა, სიხშირე, რაოდენობა და სხვ. რაც სამართალდამცავი უწყების საქმე არ არის და არც უნდა იცოდეს.

ბუნებრივია, ამ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გაიზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოსავლები, რადგან ინკასაცია მოხდება გვარიანი ანაზღაურების საფასურად. ცხადია, მას ექსკლუზიურად დააწესებს შსს. დარწმუნებული ვარ, ბანკებს არ ექნებათ შესაძლებლობა, სახელშეკრულებო ფასის თავისი პირობები უკარნახონ. ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი კაბალური კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შემოვა. საქართველოში ზოგადად ასეა, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს.

KvirisPalitra.Geკიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც უკვე შემოსულია პარლამენტში და მისი განხილვა და მიღებაც ალბათ უახლოეს ხანში დაჩქარებული წესით მოხდება, გულისხმობს, რომ ეროვნული ბანკის მეშვეობით სამართალდამცავ უწყებებს ხელი მიუწვდებოდეთ ბიზნესების კომერციულ საიდუმლოებზე. პრივატული საუბარიც კი ბანკსა და კლიენტს შორის შეიძლება სპეცსამსახურებისთვის ხელმისაწვდომი შეიქნეს... ასეთ შემთხვევაში ზედმეტია ლაპარაკი სანდოობაზე ბანკსა და კლიენტს შორის, ბანკსა და სახელმწიფოს შორის.

თუ სახელმწიფომ თავისუფლება არ მისცა კომერციულ ბანკებს, ისინი კლიენტებისგან თანხებს ვერ მოიზიდავენ. კლიენტიც ეცდება, თავისი სახსრები საზღვარგარეთ გაიტანოს და იქ დააბანდოს, ან დეპოზიტებზე განათავსოს; ეცდება, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდეს ბანკთან, რომელშიც შსს-ს ერთ-ერთი წარმომადგენელი ე.წ. "ოდეერად" არის ჩანერგილი. ისინი ყველა ბანკში არიან და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ყველა კომერციულ ბანკში შსს-ს უკვე ჰყავს სპეცწარმომადგენელი, რომელიც შიგნიდანაც აკონტროლებს ბანკის საქმიანობას. ამ ცვლილებებით კი, რომელიც ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ განხორციელდება, ეროვნულ ბანკს, შემდეგ კი მისი მეშვეობით შსს-ს, საშუალება ექნება, გააკონტროლოს კომერციული საიდუმლოები, საბანკო ანგარიშები და იქ რიცხული თანხები.

მიმდინარე ცვლილებები, ვფიქრობ, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი პოლიტიკურ ბედი მომავალი ათი წლის განმავლობაში. ამიტომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა გააკონტროლოს ყოველი თეთრი, პოლიტიკური აქტივობით დაკავებული ფიზიკური პირების ანგარიშები, პარტიების საქმიანობა, რათა ფინანსურ ნაკადებზე ტოტალური კონტროლი დაამყაროს".