"ვიკიპედიის" მამის ამერიკული ოცნება
სახელგანთქმულ Wikipedia-ს ათი წელი შეუსრულდა. ინტერნეტისთვის ეს მთელი ეპოქაა. ქსელური ენციკლოპედია "ვიკიპედიის" შემქმნელი ჯიმი უეილსი, ჟურნალმა "ტაიმმა" მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა.

უეილსმა პაწია, ვირტუალური ღილაკის ("რედაქტირების") შექმნით სამყარო რადიკალურად შეცვალა. "არისტოკრატი" პროფესორების ძალაუფლება რიგით მომხმარებლებს გადააბარა, რითიც მსოფლიო დემოკრატიული რევოლუცია მოახდინა. თავდაპირველად ფრაზა - "ვიკიპედიაში" წავიკითხე" დილეტანტობის სინონიმად ჟღერდა, დღეს კი ჯიმბომ (უეილსის ვირტუალური თიკუნი) ყველას დაუმტკიცა, რომ კოლექტიური გონება არცთუ ცუდია. უბრალოდ, ის ჯერ კარგად უნდა
ჩამოაყალიბო, მერე კი... ხელი აღარ შეუშალო.

KvirisPalitra.Geლიბერტარიანელი... ბავშვობიდან

ჯიმი უეილსი მოკრძალებული ადამიანია, პატივს სცემს სხვის აზრს, თუმცა მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღებაც შეუძლია. "ვიკიპედიის" ამქარში კი მასზე შეხედულებები დიამეტრალურად განსხვავებულია. ერთნი მას ტირანად მიიჩნევენ, რომელიც "ვიკიპედიის" თავისუფალ განვითარებას უშლის ხელს, სხვებს ის უცდომელ ვიკი-ღმერთად მიაჩნიათ. ისე კი,
უეილსს, ვისაც თუ ვიკი-ღმერთი არა, ვიკი-მამა თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ, სკანდალები არ ელევა: ხან პორნოგრაფიით და ხანაც ცენზურით გატაცება, ორი ქორწინება, კანადელი სატრფო-ჟურნალისტი, რომელიც უეცრად "ვიკიპედიაში" თავისი ბიოგრაფიის გასწორებას ითხოვს, პირადი სარგებლობისთვის კომპანიის ქონების გახარჯვის განთავსების ბრალდება... რაღაც მეტისმეტია "ღმერთისთვის", რომელიც იაფფასიან კორეულ მანქანას არჩევს, მის "ფერარის" კი ავტოფარეხში მტვერი ედება.

ჯიმი დონალ უეილსის ბიოგრაფია სრულიადაც არ წააგავს იმ უნივერსიტეტელი ბიჭებისას, ნულიდან რომ დაიწყეს ყველაფერი. ის საათობით არ მჯდარა კომპიუტერთან ელიტურ ჰარვარდში მარკ ცუკერბერგის მსგავსად ("ფეისბუკის" დამაარსებელი) არც საძიებო პორტალის პროტოტიპები უძერწია თავის გარაჟში სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის მსგავსად ("გუგლი"). ჯიმბო განსხვავებულია, თავისი "ვიკიპედიასავით".

დაიბადა 1966 წლის 7 აგვისტოს, ალაბამის შტატის ქალაქ ჰანტსვილში. მამამისი, ასევე ჯიმი უეილსი, პენსიონერობამდე მენეჯერად მუშაობდა სურსათის მაღაზიაში. მასზე მომავალი ენციპლოპედისტი ბევრს არაფერს ამბობს. დედას - დორისსა და ბებია ერმას ქალაქში კერძო სკოლა ჰქონდათ, სახელწოდებით "ცოდნის სახლი". სოფლის სტილის ასეთი დაწესებულება მეტად პოპულარული იყო ამერიკულ პროვინციაში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ჯიმის სულ სამი თანაკლასელი ჰყავდა, საგნებს დედა ასწავლიდა, მაგრამ "ცოდნის სახლს" ჩვეულებრივი სკოლისგან განათლების განსაკუთრებული სისტემა განასხვავებდა. მოსწავლე თავად ირჩევდა შესასწავლ მასალას და დროს, რამდენის დათმობაც მისთვის სურდა. უეილსის თქმით, სწავლების მეთოდი უცნაური ჩანს, მაგრამ ნამდვილად გაამართლა, რადგან ამ სკოლის მოწაფეები თავიანთი განვითარების დონით თანატოლებს რამდენიმე წლით "უსწრებდნენ".

ამერიკელი მოხელეები, ცოტა არ იყოს, შურით შესცქეროდნენ "ცოდნის სახლის" წარმატებებს და ამიტომ ხშირად ამოწმებდნენ. ხან სახელმძღვანელოები არ ვარგაო, იმიზეზებდნენ, ხანაც მასწავლებლებს არ გაევლოთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები. ეს ყველაფერი ჯიმის თვალწინ ხდებოდა. შედეგად ბიჭს ჩამოუყალიბდა სიმპათია ობიექტურობისა და ლიბერტარიანელობისადმი - სახელმწიფოს ჩაურევლობისადმი მოქალაქეების პირად თავისუფლებაში. წლების შემდეგ ის გააფთრებით დაიცავს "ვიკიპედიის" დამოუკიდებლობას ჩინეთში, საიდანაც თვით დიადი და მრისხანე "გუგლიც" კი გამოაძევეს.

KvirisPalitra.Geმშობლიურ ჰანტსვილში უეილსის საყვარელი საქმიანობა ენციკლოპედიების კითხვა იყო. ყმაწვილს ცოდნის მიღების ეს ფორმა გატაცებად ექცა. იგი ადვილად მოხვდა რანდოლფის სკოლის მოსამზადებელ კოლეჯში, შემდეგ კი ობერნის, ალაბამისა და ინდიანის უნივერსიტეტებში. ჯიმიმ საფუძვლიანი განათლება მიიღო ფინანსების განხრით, კარგად შეისწავლა საბირჟო ოპციონების ფასწარმოქმნის თეორია, თუმცა მეცნიერებას მალე შეეშვა და ცოდნა პრაქტიკულად გამოსცადა. 1994 წელს ის თავის პირველ ცოლთან ერთად ჩიკაგოში დასახლდა, მუშაობა იქაურ კომპანიაში დაიწყო და 2000 წლამდე მისთვის ოპციონებით ვაჭრობდა. გვარიანი ქონება დააგროვა, მეორედ დაქორწინდა და ფლორიდაში, სენტ-პიტესბერგში გადაბარგდა.

პორნოდილერი

90-იანი წლების ბოლოს ინტერნეტბუმი დაიწყო. ჯიმი უეილსმა ბირჟაზე ნაშოვნი ფულის ნაწილით კოლეგა ტიმ შელთან ერთად 1996 წელს კომპანია Bomis-ი გახსნა, საძიებლით "მამაკაცებისთვის", და მხარს უჭერდა ლიბერტარიანულ ვებგვერდებს. უეილსს ამ თემების განვრცობა არ უყვარს, პორნოგრაფიული წარსულისგან გასამიჯნად საკუთარი ბიოგრაფიაც კი რამდენჯერმე შეასწორა "ვიკიპედიაში", რაც მის მიერვე შემოღებული წესებით იკრძალება. რასაკვირველია, ამას სკანდალიც მოჰყვა. ის მდიდრდებოდა ფასიანი პორნოგრაფიული რესურსის, premium.bomis.com-ის ხარჯზე, თუმცა იმხანად თითქმის ყველა ინტერნეტბიზნესმენი პორნოს წყალობით იმართებოდა წელში. ეს იყო სარფიანი საქმე დიდი ბრუნვით.

ჯიმი-კომერსანტი მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა და 2000 წელს ახალი პროექტი Nupedia აამოქმედა, რომელსაც უფასო ინტერნეტენციკლოპედიის ცარიელი ნიშა უნდა შეევსო, მაგრამ მთავარ რედაქტორად დანიშნულმა მეცნიერ-ფილოსოფოსმა ლარი სენგერმა Nupedia -ს არსებობის განმავლობაში მასში მხოლოდ 24 ინფორმაცია განათავსა და ჯიმბოს რისხვაც დაიმსახურა. უეილსმა გადაწყვიტა, რომ ასე შორს ვერ წავიდოდა და 2001 წელს შვილობილი პროექტი Wikipedia გახსნა.

WIki-იმპერია
ჰავაელთა ენაზე ჭიკი სწრაფს ნიშნავს. ინტერნეტსლენგზე კი აღნიშნავს საიტს, რომლის შინაარსის შეცვლა თვით მომხმარებლებსაც შეუძლიათ. თავდაპირველად ‘ვიკიპედია" ჯიმბოს ნაშოვნი პორნოფულით არსებობდა. საქმე კი სწრაფად მიიწევდა წინ. უკვე 2003 წელს შეიქმნა Wikipedia Foundation - ნამდვილი სახელმწიფო მსოფლიო ქსელში. ფონდმა ათი პროექტი გააერთიანა: Wikipedia, Wiktionary, Wikibooks, Wikiquote, Wikisource, Wikinews, WIkiversity, Wikispecies, Wikimedia Commons, MediaWiki... დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რიცხვი 33 მლნ-ს აღემატება, ანონიმთა და "მავნებელთა" რიცხვი კი გაცილებით მეტია. "სახელმწიფოს" რწმუნებულთა საბჭო მართავს. მისი მოქმედი თავმჯდომარე ტინ ჩენგია. მთელი დე ფაქტო ძალაუფლება არა ჯიმბოს, არამედ მის ხელშია.

თეორიულად "ვიკიპედიის" რედაქტორობა (ფონდის სხვა პროექტისაც) ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ანონიმსაც კი, თუმც კი მაინც შეზღუდული იქნება. თუ თავდაუზოგავად იმუშავებს ენციკლოპედიის საკეთილდღეოდ, შესაძლოა, რწმუნებულთა საბჭოში ადგილსაც კი გამოჰკრას ხელი, მანამდე კი საფეხურები უნდა გაიაროს - "ადმინისტრატორის", "ბიუროკრატის" "რევიზორის", ‘სტიუარდის" და ‘ჩეკიუზერის". შესაძლებელია მოხელედ მუშაობაც ომბუდსმენთა კომისიაში, არბიტრაჟში ან ენის კომიტეტში. ვირტუალური ვიკი-იმპერიის ერთადერთი რეალური წარმომადგენლობა არის ოფისი სან-ფრანცისკოში, სადაც 57 თანამშრომელი ემსახურება სერვერებს, ინფრასტრუქტურას, პიარსა და პროექტში ფულის მოზიდვას.

...ჯიმბომ ქსელი დაიპყრო, ქსელმა კი მას დიდი რისხვა დაატეხა. მორიგი სკანდალი მას შემდეგ მოხდა, რაც უეილსმა ლარი სენგერი გაათავისუფლა და გულდასმით წაშალა "ვიკიპედიიდან" ნებისმიერი ცნობა მასზე, როგორც პროექტის დამფუძნებელზე. ხოლო როცა მან ხელის აუკანკალებლად წაშალა ფონდის სერვერებიდან ყველა ეროტიკული გამოსახულება, გაერთიანებაში ნამდვილი ქარიშხალი დატრიალდა. ჯიმბო ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს და მისი "ტახტიდან ჩამოგდება" მოითხოვეს. საბოლოოდ მან უარი თქვა ფონდის პროექტებში თავის ყველა ტექნიკურ შესაძლებლობაზე და ეს ფუნქციები გაერთიანებას გადააბარა.

პორნობიზნესთან გამომშვიდობებამ ფინანსები შეამცირა და უეილსმა სხვა სფეროებს მიმართა. პროექტის საიტზე გაჩნდა ბანერი შემოწირულობების გაღების მოწოდებით. სახსრების დიდ ნაწილს "ვიკიპედია ფაუნდეიშნი" ქველმოქმედებით იღებს. მაგალითად, შარშან, 2010 წელს, ამ გზით $18 მილიონი შეგროვდა. წარმოგიდგენიათ, რამდენ ფულს იშოვიდა ჯიმბო, "ვიკიპედიაში" რეკლამები რომ განეთავსებინა! თუმცა ამაზე უარი მთლად არ უთქვამს. ჯერ კიდევ 2004 წელს მან შექმნა კომპანია Wiki-ა, ჰოსტინგი Wiki-საიტებისთვის, სადაც ბევრი რეკლამაა. მაგრამ მისი წარმატების გასაღები ამაში არ არის, მსოფლიო აღიარება სავსებით უნაზღაურებს უეილსს ხელიდან გაშვებულ ფინანსებს. ან კი რაღა უნდა? - იმოგზაურე მსოფლიოში ჯერ კიდევ ჩიკაგოს ბირჟაზე ნაშოვნი ფულით, იკითხე ლექციები ათი ათასობით დოლარად და მიიღე უზარმაზარი ინვესტიციები ერთი პაწია სავიზიტო ბარათის სანაცვლოდ! განა სწორედ ეს არ არის წმინდა წყლის ამერიკული ოცნება?..

მოამზადა ნატა ენუქიძემ
gio
05 ოქტომბერი 2011 19:14
ოო დიდებული სტატია, კარგადაა დაწერილი. რესპექტ. მეტი ყურეადღება რომ დაეთმოს ვიკის და ცოტა მოტივაცია აამაღლოთ ქართველ მომხმარებელში ვიკიში წაიმუშაოს სულ უკეთესი იქნება :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა