რატომ იმატებს მკვეთრად ეკონომიკური დანაშაული - კვირის პალიტრა

რატომ იმატებს მკვეთრად ეკონომიკური დანაშაული

...ეს მაშინ, როცა დანაშაულის საერთო რაოდენობა მუდმივად მცირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, ბოლო რვა თვის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ეკონომიკური დანაშაულის ერთ-ერთი სახეობის - გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტები. სამწუხაროდ, არავინ იკვლევს ამ დანაშაულის ზრდის გამომწვევ მიზეზებს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ სულ უფრო მეტი მეწარმე ცდილობს თავი აარიდოს გადასახადების გადახდას და ე.წ. შავი ბუღალტერია აწარმოოს, რაც მკაცრი ადმინისტრირების პირობებში ნაკლებად შესაძლებელია; ან ბრალდების მხარე გახშირებულად ადანაშაულებს მეწარმეებს ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენებაში. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მტყუან-მართლის გარჩევა, ფაქტობრივად, აღარ ხდება.

"თუ ფულს გადავიხდი, ჩემს მეუღლეს სასჯელს მოუხსნიან. თუ არა და, ეკონომიკური დანაშაულისთვის ხუთი წელიწადს ციხეში ჯდომა მოუწევს", - შემომჩივლა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მსჯავრდებულის მეუღლემ. აღმოჩნდა, რომ ასე მომატებული ეკონომიკური დანაშაულის შემთხვევების უმეტესობა საპროცესო გარიგებითა და საგადასახადო შეთანხმებით სრულდება.

მსჯავრდებული ყველა შემთხვევაში ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულს იხდის. იმისგან დამოუკიდებლად, განზრახ იყო თუ არა ჩადენილი დანაშაული, თუ გადასახადების გადაუხდელობა შეცდომამ გამოიწვია, ან საერთოდ, იყო თუ არა რამე დარღვევა, როგორც წესი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, ეს კი ხშირად პატიმრობასთან ერთად, დაყადაღებული ქონების იძულებით გაყიდვასაც გულისხმობს. კანონის ეს მუხლი აქტიურად გამოიყენება, რადგან ასეთი საქმეები საგადასახადო ინსპექტორის დონეზე აღარ გვარდება, სამაგიეროდ სახელმწიფო კანონს იყენებს სათავისოდ და საპროცესო გარიგებითა და საგადასახადო შეთანხმებით ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა შედის.

პაატა სალია (ადვოკატი): "ბოლო დროს ძალიან ხშირად აღიძვრება საქმე სისხლის სამართლის 218-ე მუხლის შესაბამისად, რაც გადასახადებისთვის თავის არიდებას გულისხმობს. ეს ხშირია იმიტომ, რომ საგადასახადო ორგანოები გადამხდელებს ამოწმებენ და როგორც წესი, სამართალდარღვევებს გამოავლენენ ხოლმე. მიიჩნევენ, რომ ჩადენილია საგადასახადო სამართალდარღვევა, ადგენენ შემოწმების აქტს და აჯარიმებენ. გამოიწერება საგადასახადო მოთხოვნა და შემდგომ იწყება პროცედურები - გადასახადის გადამხდელს შეუძლია გაასაჩივროს, თუ ამას არ გააკეთებს, ამით მოთხოვნას აღიარებს. მოქმედებს იძულების მექანიზმები, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული წესით მოთხოვნის უზრუნველყოფა და ამოღება.

როგორც წესი, გადასახადის დარიცხვისას თანხა 25 ათას ლარს აღემატება. სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს, რომ დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 5-დან 8 წლამდე. 25 ათასი ლარი და ზემოთ არის დიდი ოდენობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 75 ათასი ლარი და ზემოთ.

შემდგომ, კანონმდებლობით დატოვებულია არჩევანი, რათა თავიდან აიცილონ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, უფრო მარტივად კი, ციხეში ჩაჯდომა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის მხარისთვის წარდგენიდან 45 სამუშაო დღის ვადაში, პირს უფლება აქვს, ეს თანხა გადაიხადოს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა წყდება, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება. სხვა ვარიანტია დაკისრებული თანხის გადახდის შეჩერება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, გადავადებისთვის ან კორექტირებისთვის.

ეს ცვლილება 2011 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. წინა რედაქციით, თანხა 45 დღის ვადაში ან უნდა გადაეხადათ, ან, გადავადება ანაც გადასახდელად დაკისრებული თანხის კორექტირება უნდა მომხდარიყო. 45-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად დგებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ახალი რედაქციით, ვადა გადაიწევს, თუ გადასახადის გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე. ეს მაშინ ხდება, როცა პირი საგადასახადო მოთხოვნას ასაჩივრებს (გასაჩივრების უფლება ნებისმიერ თანხაზე აქვს). გასაჩივრება გადახდის ვალდებულებას აჩერებს. 1-ელი იანვრიდან ამოქმედებული რედაქციით, თუ პირი გაასაჩივრებს, მას შეჩერებული აქვს გადახდის ვალდებულება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომის ვადა.

გადახდის ვალდებულება ჩერდება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე. არსებობს გასაჩივრების საფეხურები: შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოები, შემდეგ სასამართლო. თუ სასამართლოც გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, უკვე აღსრულება იწყება.

აქ არის ერთი ცუდი რამ. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, მიუხედავად ამისა, საგადასახადო ორგანოს შეუძლია იძულებით მოახდინოს აღსრულება და დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაყიდოს. ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ შესაძლოა პირი მისცენ უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც. იმავდროულად, მას პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. თეორიულად, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, ამიტომაც არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო, თუმცა სააპელაციოში დავა შესაძლოა გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ დასრულდეს, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ ამასობაში ქონება აუქციონზე გაუყიდეს და ციხეშიც მოასწრო ჩაჯდომა. ასეთი საკანონმდებლო ნორმა უკვე სააპელაციოსაც ზღუდავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან მაშინ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამდენად, ზიანის ანაზაღაურებაც მოუწევთ, გაყიდული ქონების დაბრუნებაც და სხვ.

შეთანხმება შესაძლებელია როგორც სასჯელზე, ასევე ბრალზე. თუ ბრალდებული თავს მიიჩნევს დამნაშავედ, მას უფლება აქვს, შეუთანხმდეს პროკურატურას. როდესაც ბიუჯეტისთვის მიყენებულია ზიანი, საპროცესო შეთანხმება არ გულისხმობს ამ გადასახადისგან გათავისუფლებას, თანხის ძირი ყველა შემთხვევაში უნდა დაიფაროს. მხარეს შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს, დაეთანხმოს ან არა, განსხვავებული თანხა შესთავაზოს და მოითხოვოს საგადასახადო შეთანხმების გაფორმება. როგორც წესი, ეს თანხა ყოველთვის მერყეობს დარიცხული თანხის 50-60%-ის ფარგლებში.

ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ეს თანხები უსამართლოდ არის დარიცხული, უამრავი ფაქტი მქონდა პრაქტიკაში ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში. არაერთი დავა მქონია, რომლის დროსაც ძირითადად შედეგს ვერ ვაღწევდით. საკმაოდ ხისტია მიდგომა. რა თქმა უნდა, დარღვევებიც ბევრია გადასახადის გადამხდელებს შორის, მაგრამ მაკონტროლებლებიც ბევრს სცოდავენ. აბსურდულ დარიცხვებსაც წავწყდომივარ. მქონია ისეთი შემთხვევაც, როდესაც მაკონტროლებელი სასამართლოზე ადასტურებდა თავის შეცდომებს, მაგრამ სასამართლოს ეს არ გაუთვალისწინებია... იძულებული გავხდით, საგადასახადო შეთანხმება გაგვეფორმებინა, რადგან დირექტორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგებოდა. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გარკვეულწილად, ბერკეტია".

მეტყველი სტატისტიკა

- შსს-ს სტატისტის თანახმად, 2011 წლის პირველ შვიდი თვის განმავლობაში აღირიცხა გადასახადისთვის თავის არიდების 198 შემთხვევა. შარშან იმავე დროს კი ეს მაჩვენებელი 152 ერთეული იყო (+30,3%). თითქმის შვიდ ათეულ ჯგუფად დახარისხებულ დანაშაულთა ჩამონათვალში მხოლოდ ცხრა გრაფაშია რიცხვი გაზრდილი, სამ გრაფაში დანაშაულის რაოდენობა უცვლელია, ხოლო დანარჩენი სახეობის დანაშაული ერთი წლის განმავლობაში შემცირებულია. ყველაზე მაღალი ზრდა კი სწორედ გადასახადისთვის თავის არიდებაზე მოდის.

- პირველი რვა თვის მონაცემებით, აღნიშნული ტენდენცია კიდევ უფრო მყარდება. გადასახადისთვის თავის არიდების სტატისტიკა 173-დან 228-მდეა გაზრდილი (+31,8%).

- აღსანიშნავია, რომ ყველას სახის დანაშაულის საერთო რაოდენობა, ერთი წლის წინანდელ იმავე პერიოდთან შედარებით იკლებს: პირველი რვა თვისთვის კლების მაჩვენებელი 8,3%-ია, ხოლო პირველი შვიდი თვის მონაცემებით - 12,3%.