რთველი "გადამწიფდა" - კვირის პალიტრა

რთველი "გადამწიფდა"

ვაზისა და ღვინის ქვეყანაში ყურძენს ჩალის ფასი ადევს

საქართველოს ვაზისა და ღვინის ქვეყანაა, რთველი სიხარულსა და ზეიმთან ასოცირდება. წლეულსაც ასე იყო, საგანგებოდ გაიხსნა "რთველი 2011"-ის შტაბი. საზეიმო ცერემონიალს კი სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი ესწრებოდნენ. წარმოითქვა დაპირებები, რომ ყველაფერს იღონებდნენ, რათა გლეხებს ყურძნის გაყიდვა არ გასჭირვებოდათ. მაგრამ ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახეთში ღვინის ქარხნების უმეტესობა რქაწითელის ჯიშის ყურძენს არ იბარებს და თუ იბარებს, მეტად მცირე ფასად. გლეხები ჩივიან, რომ შესაძლოა ყურძენი ვენახებში დაულპეთ.

KvirisPalitra.Geყვარელში გლეხებს 1 კგ ყურძენში მხოლოდ 30 თეთრი შესთავაზეს. ლაგოდეხში ქარხნები რქაწითელის 55 თეთრად ჩაბარებას დათანხმდნენ (ფასები მოცემულია სუბსიდიის გარეშე), თუმცა იმ პირობით, რომ თანხის ნახევარს წლის ბოლოს ან 2012 წლის იანვარში გადაუხდიან. სიძნელეებია სიღნაღსა და თელავშიც. გლეხები იძულებული ხდებიან, წლის სარჩო მინიმალურ ფასად ჩააბარონ, რაც თვითღირებულებასაც ვერ ფარავს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ქარხნის დირექტორები კი ამას კატეგორიულად უარყოფენ.

დალი ცეცხლაძე (დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მკვიდრი): "სოფელი სულ ახლოს არის აზერბაიჯანის საზღვართან. იყო დრო, როცა ჩვენს სოფელში საფერავი 2 ლარი ღირდა, წლეულს კი მისი ფასი ძალიან დაბალი იყო. ხალხმა მაინც ჩააბარა, მოსავალს ვენახში ხომ ვერ დატოვებდნენ? ჩვენთან 55 თეთრი იყო საფერავის ფასი, 15 თეთრს კი მთავრობა გვიმატებდა. რქაწითელის ფასი უფრო ნაკლები იყო. ამბობენ, სხვა რაიონებში ყურძენს ძალიან იაფად იბარებენო, მაგრამ მე სამთაწყაროში რაც ხდებოდა, იმას გეუბნებით. ჩვენს სოფელში ყურძენი უფრო ადრე მწიფდება და რთველსაც ადრე ვასრულებთ, მაგრამ ამანაც ვერ გვიშველა, ფასი მაინც მცირე იყო. ხალხმა ის თანხაც ვერ ამოიღო, რაც მოსავლის მოსაყვანად დახარჯა. ბევრს ბანკიდან სესხი აქვს აღებული, არ უნდოდათ ყურძნის ასე იაფად ჩაბარება, მაგრამ როცა კაცს ბანკის ვალი აქვს, მოგებაზე ვეღარ ფიქრობს".

ტარიელ გაბუნია ("რთველი 2011"-ის შტაბის უფროსი): "ამ ეტაპზე კახეთში 25 ქარხანა მოქმედებს, რომლებიც ყურძენს იბარებენ. ფასის გამო გლეხებს პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ, რადგანაც წლევანდელი მოსავალი გაორმაგებულია და ყურძნის ფასი შარშანდელთან შედარებით დაბალია. ფასწარმოქმნაში ჩვენ ვერ ვერევით, ამას ბაზარი არეგულირებს. როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა, ყურძენი 2 ლარი ღირდეს? ისიც მინდა, ბენზინი 50 თეთრი ღირდეს, მაგრამ არ ღირს, რადგან ბაზარი ამ ფასს არ აწესებს. ასევეა ყურძენიც".

ზურაბ ტატულაშვილი (შპს "შატო ზეგაანის" ღვინის ქარხნის დირექტორი): "ყურძენს ახლაც ვიბარებთ და მომავალშიც ვაპირებთ მიღებას. სამწუხაროდ, წლეულს ისეთი ამინდები იყო, რომ შაქრიანობა დაბალია, ამიტომ ფასიც შედარებით მცირეა. ჩვენს ქარხანაში მაგალითად, რქაწითელი 30-35 თეთრი ღირს, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ გლეხები ყურძენს თვითონაც ყიდიან, მიაქვთ თბილისში, ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ვინ ამბობს, რომ ისინი მოსავალს ზარალობენ?"

გიორგი მოსიაშვილი (თელავის მკვიდრი): "თელაველი კაცი ვარ და ჩემზე უკეთ ვინ იცის, რა ხდება კახეთში. შვიდი-რვა წლის წინ საფერავის ჯიშის ყურძენი თუ ღირდა 2 ლარი, დღეს 65 თეთრი ღირს. ეს მაშინ, როდესაც გაძვირდა საწვავი, შხამქიმიკატები, ტექნიკა - ყველაფერი გაძვირდა. ამის გამო ბოლო წლებში კახეთში 10 ათას ჰექტარზე მეტი ვენახი გაიჩეხა. გვარწმუნებენ, რომ რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ხალხი დადარაჯებულია, ოღონდ კი რომელიმე ქარხანამ ყურძენი ჩაიბაროს, რიგში დგანან, რომ მთელი წლის ნაშრომი არ გაუფუჭდეთ. შაქრიანობას რაც შეეხება, სამთაწყაროში, სადაც ყურძენი მაღალ შაქრიანობას აღწევს, ხალხს ეუბნებოდნენ, ყურძენს წონის მიხედვით ვიბარებთო და მაღალი შაქრიანობის გამო ფასი არ გაუზრდიათ. იქ უკვე დასრულდა ყურძნის ჩაბარება და რთველმა გურჯაანში, თელავსა და ყვარელში გადმოინაცვლა. ახლა აქ ეუბნებიან, ფასს სწორედ შაქრიანობის მიხედვით ვადგენთო. ყველაფერს აკეთებენ, რომ გლეხებს ყურძენი ჩალის ფასად ჩააბარებინონ. კულუარული ინფორმაციით ვიცი, რომ ბევრი ქარხანა უსახსრობის გამო ყურძნის მიღებაზე უარს ამბობს, ხელისუფლება კი მიღებას აძალებს. ასე რომ, ვნახოთ, რა იქნება, წინ საინტერესო დღეები გველის".

გიორგი ჩადუნელი (სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი): "რთველი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. საფერავის ჯიშის ყურძნის მიღება-გადამუშავება დასრულდა, ახლა ქარხნები რქაწითელის ჯიშის ყურძენს იბარებენ. ყურძენს რამდენიმე ათეული ქარხანა იღებს და ამ მხრივ შეფერხება არ არის. სახელმწიფო გასცემს დახმარებას, ყოველ ჩაბარებულ 1 კგ რქაწითელზე 15 თეთრს, საფერავზე კი 25 თეთრს. ის ქარხნები, რომლებსაც თავიანთი ვენახები აქვთ, ბუნებრივია, გარეშე პირების ყურძენს ვერ მიიღებენ, ხოლო ისინი, რომლებსაც საკუთარი ვენახები არ აქვთ, ყურძენს შეუფერხებლად იბარებენ".

ხათუნა ჩიგოგიძე