კურორტმა ტურისტის ტყავი არ უნდა დახიოს - კვირის პალიტრა

კურორტმა ტურისტის ტყავი არ უნდა დახიოს

აჭარაში ტურისტული სეზონი პრაქტიკულად დასრულდა, ხავერდოვანი სეზონიც იწურება. ბათუმს, ზღვისპირეთის ამ მშვენიერ ქალაქს, მრავალი ქვეყნის უცხოელი ტურისტი სტუმრობდა. დამსვენებლებს ქალაქის სილამაზე და ბუნების მშვენიერება აღაფრთოვანებდა, რასაც ვერ ვიტყვით დასვენების აქაურ ხარჯებზე. მთავრობას აქვს ამბიცია, რომ აჭარა ევროპულ კურორტებს უნდა დაემსგავსოს და გაუსწროს კიდეც. მაგრამ ევროპული დონის მიღწევას კიდევ წლები დასჭირდება, დასვენების ხარჯებმა კი ნამდვილად გადაუსწრო ბევრ ევროპულ ქვეყანას. ამას უცხოელი ტურისტებიცა და ადგილობრივი მკვიდრნიც ადასტურებენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მონიტორინგიც კი წამოიწყო, რათა ბათუმის მერიასთან ერთად, კერძო სექტორისთვის საფასო პოლიტიკა შეეთავაზებინათ, კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებში ფასების 20-30%-ით შესამცირებლად. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის შეფასებით, სეზონზე ზოგიერთი ობიექტი 200-250%-იან მოგების მარჟაზე მუშაობდა...

"აჭარაში დასვენება ძვირი სიამოვნებაა. მეზობელი ქვეყნიდან თითქმის ყოველ წელს ჩამოვდივარ და ასეთი სიძვირე არასდროს ყოფილა. ძირითადად კვების ობიექტებს ვგულისხმობ. ძვირი სიამოვნებაა ისტორიული ღირსშესანიშნაობების მონახულებაც. ჩემი აზრით, ეს თქვენს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას შეუშლის ხელს", - გვითხრა ტურისტმა სომხეთიდან ალიოშა ნაზარიანმა.

ჩვენებური ტურისტული მომსახურებით სკეპტიკურად განწყობილ ფრანგ ტურისტ ფედერიკ ფრანსუას შთაბეჭდილებების შესახებ ვკითხეთ: "ამ ულამაზეს ქვეყანაში პირველად ვარ. ბევრი მსმენია თქვენი ქვეყნისა და სტუმარმასპინძლობის შესახებ და ამაში თავად დავრწმუნდი. აღფრთოვანებული ვარ აქაურობის სილამაზით. რაც შეეხება აქ მოგზაურობის ხარჯებს, ვფიქრობ ნორმალურია, მაგრამ უფრო იაფი რომ იყოს, მისასალმებელი იქნებოდა. უფრო მეტი სერვისით ვისარგებლებდი". ფრანგი ტურისტისგან განსხვავებით, შეფასებისას ძალიან მკაცრი იყო უკრაინელი ტურისტი. მისი თქმით, ტურისტული მომსახურების მხრივ საქართველოს, ბევრ ევროპულ ქვეყანას შორის, სიძვირის ლიდერებში შეიყვანდა. ტურისტის დასკვნით, სერვისი ძალიან ძვირია და ფასები კერძო კვების ობიექტებში ხელოვნურად არის გაზრდილი: "თქვენი ქვეყნის სტუმართმოყვარეობით აღფრთოვანებული ვარ და ამიტომაც მინდოდა ერთი თვით დარჩენა, მაგრამ თორმეტ დღეში ამომეწურა მთელი ბიუჯეტი. მომავალში ალბათ ჩამოვალ, ოღონდ უფრო ცოტა ხნით".

ადგილობრივ მცხოვრებთა შეფასებით, აუცილებელია შიდა ტურიზმის განვითარება, რისთვისაც ხელოვნურად გაზრდილი ფასები უნდა შემცირდეს. ძვირია ისტორიული ღირშესანიშნაობების მონახულებაც. "ჩვენი ქალაქი წლეულს ტურისტების ნაკლებობას უჩიოდა. აქაურთათვის შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია. მძიმე სოციალური ფონი და მაღალი ფასები ხელის შემშლელი ფაქტორია ტურისტებისთვისაც და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვისაც. ტურისტმა კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი, კარგად დაისვენოს და კარგი მოგონებები მთელი წელიწადს გაჰყვეს", - ამბობს ბათუმის მკვიდრი ნაირა დუმბაძე.

კვების ობიექტების მესვეურები ინტერვიუზე დაგვთანხმდნენ, ოღონდ ვინაობის გამხელის გარეშე. უმრავლესობის შეფასებით, მაღალი ფასები საკვების სიძვირემ განაპირობა და ხელოვნურად გაძვირების ბრალდებას უპასუხისმგებლოსა და სრულიად უსაფუძვლოსაც კი უწოდებენ. ერთ-ერთის თქმით, ‘შეძენის შემდეგ საკვები მრავალგვარ დამუშავებისას გადის, სანამ მზა კერძს მივიღებთ. ცხადია, უნდა გადავუხადოთ დაქირავებულ პერსონალს, ამას ერთვის სხვა მრავალი ხარჯი, კომუნალური გადასახადები და სხვ. რა ვქნა, ამდენი შრომის საფასურად ჩემს შვილებსაც არ მივუტანო რამე?! წლეულს კი საგრძნობლად ცოტა იყო ტურისტი და მოგების მიღება კი არა, ვცდილობდი, პატარა ვალი დამრჩენოდა".

რესტორნების მფლობელების მსგავსად, კერძო და საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებიც ტურისტების ნაკლებობას უჩივიან. კერძო სასტუმროს მფლობელ გულნარა დიასამიძის თქმით, წლეულს სულ რამდენიმე უცხოელი და შიდა ტურისტი მიიღო. მისი საოჯახო სასტუმრო ერთდროულად 25 სტუმარს იტევს: "ზაფხულის დადგომა მიხარია, რადგან ჩემი შემოსავლის წყარო საოჯახო ტურიზმია. თუმცა წლეულს არასახარბიელო მდგომარეობა შემექმნა. სტუმრებისთვის მეტი კომფორტი რომ შემეთავაზებინა, ბანკიდან სესხი ავიღე, თუმცა მგონი წლეულს ვერ გავისტუმრებ და უფრო მეტი პრობლემები შემექმნება".

პატარა სასტუმროებში ძირითადი დატვირთვა შიდა ტურიზმზე მოდის. ივნისი წვიმიანი იყო და სეზონიც ცუდად დაიწყო. შარშანდელი ტურისტული ბუმის განმეორებას ელოდნენ, მაგრამ არ გამართლდა. ტურისტები კვების ობიექტებისა და ექსკურსიების სიძვირეს უჩიოდნენ. ადგილობრივი ტურსააგენტოები ვერ სთავაზობდნენ მაღალი სტანდარტების შესაბამის საექსკურსიო მომსახურებასა და ოპტიმალურ ფასებს, რამაც ტურისტების უკმაყოფილება გამოიწვია... სეზონმა ნაკლებად გაუმართლა ქობულეთელებს, რომლებმაც შემოსავლის მიღების იმედით ახალი კრედიტები აიღეს ან ძველები გადაავადეს. დღეს თითქმის ორ ასეულ მოვალეს ქობულეთში უძრავი ქონების ჩამორთმევა ემუქრება. ისინი გამოსავლის პოვნას ცდილობენ და დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართეს. ტურიზმის დეპარტამენტში კი 2011 წლის ზღვის სეზონზე აჭარაში 1 მლნ 700 ათასი ტურისტი დათვალეს, შარშანდელზე 30%-ით მეტი, საიდანაც 380 ათასი უცხოელი იყო (+40%) და მიაჩნიათ, რომ ესეც არ არის ცუდი შედეგი. ქობულეთში შექმნილი პრობლემები აქ დიდწილად თვით მოვალეთა არასწორი გათვლების შედეგად მიაჩნიათ და ალბათ რამე კონკრეტული დახმარება მოსალოდნელი არ არის.

მაია ბლადაძე