საქართველო - ერთი ყველას წინააღმდეგ?! - კვირის პალიტრა

საქართველო - ერთი ყველას წინააღმდეგ?!

რუსეთის მსო-ში შეშვება ეკონომიკურად მომგებიანია, პოლიტიკურად - ძალიან წამგებიანი

რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირების ერთ-ერთი საგანი რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში (მსო) გაწევრებაა. რუსეთს სურს ორგანიზაციის წევრი გახდეს, საქართველო კი პირობებს უყენებს, რომელთა შეუსრულებლობის გამო, მსო-ში წევრობის უფლებასაც არ აძლევს. ბოლო მცდელობა რუსეთს ახლახან ჰქონდა, თუმცა საქართველო კვლავ არ დათანხმდა. საქართველო რუსეთისგან სანაცვლოდ როკის გვირაბსა და მდინარე ფსოუსთან საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას ითხოვს. რუსეთი ქართული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია 153 ქვეყანას აერთიანებს, რუსეთი კი უკვე 18 წელიწადია ცდილობს, მისი წევრი გახდეს. შვეიცარიაში მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ დაადასტურა, რომ რუსულმა მხარემ უარი თქვა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე და განმარტა, რომ თუკი რუსეთი პოზიციას არ შეიცვლის, საქართველოს მსო-ში მისი გაწევრების ბლოკირება მოუწევს.

KvirisPalitra.Geბოლოს დროს უკვე აშშ და ევროპაც აშკარად გამოხატავენ დაინტერესებას, რუსეთი მსო-ს წევრად იხილონ. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა რონ კერკმა რწმენაც კი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები დამაკმაყოფილებლად დასრულდება, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თბილისში ყველას გასაგონად თქვა, რომ საფრანგეთი რუსეთს თავის მეგობრად მიიჩნევს და სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს.

ასე რომ, რუსეთის მსო-ში გაწევრება ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც მისაღებია და ვითარებამ მოიტანა, რომ ლამის ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება დიდი რუსეთისთვის პატარა საქართველოა. მსო-ს წესდებით, ახალი წევრის მიღებას ყველა წევრების თანხმობა სჭირდება. სარკოზის ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე თანახმაა, მაგრამ ‘ადრე თუ პრობლემა ის იყო, რომ რუსეთი ამაზეც ჯიუტად ამბობდა უარს, ახლა, მოლაპარაკებების დროსაც, უარობს, ქვეყნად მიგვიჩნიოს და ტერიტორიულ-ეთნიკურ ერთეულად განგვიხილავს".

წევრობა - ბაზრის გახსნის სანაცვლოდ?!

რუსეთის ხელისუფლების პოზიციის გამომხატველი გენადი ონიშჩენკო, რომლის გადაწყვეტილებასაც უკავშირდება რუსეთში ყველა ქართული პროდუქტის აკრძალვა, ახალ დაპირებებს იძლევა. როგორც "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი აცხადებს, "ისტერიული განცხადებების" მიუხედავად, რუსეთში ქართული მინერალური წყლების დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, წლის ბოლომდეც მიიღონ. როგორც ამბობენ, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების სანაცვლოდ, რუსეთი საქართველოსგან მსო-ში შესვლაზე თანხმობას ითხოვს. რამდენად სავაჭროა ეს თემა და ღირს თუ არა საქართველოს დაფიქრება ამ საკითხზე, ცალკე საკითხია.

ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე რუსეთის მსო-ში გაწევრებაში, თუნდაც დღევანდელი მდგომარეობის პირობებში, საქართველოსთვის სასარგებლო მომენტებსაც ხედავს. მისი თქმით, საქართველოსთვის შეიძლება უკეთესიც კი იყოს რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა, რადგან რუსეთი რაც მეტად იქნება საერთაშორისო ნორმებზე დამოკიდებული, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის. თუმცა ექსპერტს პროგნოზის გაკეთება უჭირს: "არავინ იცის, რას იზამს რუსეთი: შეასრულებს თუ არა მსო-ს წევრობის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს". თუ რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის გაიხსნება, ეკონომიკური თვალსაზრისით, შეშელიძის თქმით, დაფიქრება ღირს. მაგრამ ამ ბაზარს რუსეთი ხელახლა როდის გადაკეტავს, ესეც უცნობია და შესაბამისად, სარისკოა ქართული მხარისთვის.

"რას გვეუბნება" ამერიკა

აშშ-ისა და რუსეთის დიდმოხელეები მოლაპარაკებებს მართავენ და ორივე მხარის განწყობა იმედიანია. საქართველო მათი სურვილის წინააღმდეგ გამოდის და სადამდე ეყოფა ძალა და რა შედეგს შეიძლება მიაღწიოს, მალე გაირკვევა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი რონ კერკთან მართავდა შეხვედრებს და ორივე მხარე დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის მსო-ში შესვლის პროცესი წინ მიიწევდა. თუ რუსეთი მართლაც გახდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, მაშინ აშშ-სა და რუსეთს ურთიერთვაჭრობისთვის ბევრი რამის შეჯერება მოუწევთ. ამ მიზეზით შუვალოვმა ამერიკის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთანაც გამართა შეხვედრები.

რუსეთის პრემიერმა და მომავალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას შემდეგ, რაც 8 ოქტომბერს ქართული მხარე კვლავ წავიდა რუსეთის სურვილის წინააღმდეგ და არ დათმო, განაცხადა: "კითხვა მებადება: ჩვენს ძირითად პარტნიორებს, აშშ-სა და ევროკავშირს, სურთ თუ არა რუსეთის მსო-ში შესვლა? არ არის საჭირო საქართველოს საკითხის უკან დამალვა. თუ სურთ, ძალიან სწრაფად მოაგვარებენ. თუ არა - საქართველოს პრობლემასაც წამოწევენ და სხვასაც მოიგონებენ. მზად ვართ სრულმასშტაბიანი წევრობისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის მიუღებელ მოთხოვნებს არ წამოგვიყენებენ".

პოლიტიკა VS ეკონომიკა

ეკონომიკის ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ეს თემა თითქმის მთლიანად პოლიტიკურია. მისი თქმით, პოლიტიკა რომ განზე გავწიოთ და წმინდა ეკონომიკურად მივუდგეთ საკითხს, მაშინ საქართველო შეიძლებოდა რუსეთის წევრობას დათანხმებოდა. ქართული პროდუქციისთვის დღემდე მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზარი. მართალია, ევროკავშირში ბევრად მეტია მოსახლეობა და დიდია მათი მშპ, მაგრამ იქაურ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია ძალიან მცირე რაოდენობით თუ ახერხებს შეღწევას.

რაც შეეხება საქართველოზე ზეწოლას, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ და ევროპა საქართველოს კატეგორიულ მოთხოვნას ალბათ არ წაუყენებენ. თუმცა იქნება რეკომენდაციები. ასეთ შემთხვევაში კი რეკომენდაციებს ცოტა მეტი დატვირთვა აქვთ, ვიდრე უბრალო რჩევებს.

ნოდარ ხადური: 'სარკოზის თბილისური გამოსვლის შემდეგ საქართველოს მხრიდან რუსეთის მსო-ში დაბლოკვა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ევროკავშირის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმასაც ნიშნავს. იგივე სიტუაციაა აშშ-სთან დაკავშირებით, ის დაინტერესებულია რუსეთის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრებით. დღევანდელ პირობებშიც, თუ რუსეთი მსო-ს წევრი გახდება, საქართველოს პროდუქციის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება ვეღარ ექნება. წევრი ქვეყნებისთვის არსებობს სასამართლო და იქ საკმაოდ ხშირად აშშ-საც კი წაუგია“.

პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ აშშ რუსეთთან ურთიერთობის დათბობით არის დაინტერესებული და მის ხელშეწყობას შეეცდება. ნოდარ ხადური ყურადღებას რუსეთსა და აშშ-ში გასამართ არჩევნებზე ამახვილებს. პუტინი ეცდება, გაპრეზიდენტებამდე რუსეთი მსო-ს წევრი გახდეს და ‘გადატვირთვის" პოლიტიკით დაინტერესებული ბარაკ ობამაც იმავეს შეეცდება, თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირები საქართველოზე ზეწოლას გამორიცხავენ.

რა სახით მოუწევს საქართველოს დათანხმება, ძნელი სათქმელია. ნოდარ ხადურის თქმით, პირდაპირი თანხმობა და ხელის აწევით მხარდაჭერა გაჭირდება, მაგრამ თუ საქართველო "თვალს დახუჭავს" და წინააღმდეგ არ წავა, შესაძლოა მნიშვნელოვანი დახმარებაც მიიღოს იმავე აშშ-ისა თუ ევროკავშირისგან. ექსპერტის ვარაუდით, ამაოა მოლოდინი, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ პოლიტიკას შეცვლის და საქართველოს წამოყენებულ პირობებს დააკმაყოფილებს.