"გამაგრილებელ სასმელებს ესენციებით ამზადებენ" - კვირის პალიტრა

"გამაგრილებელ სასმელებს ესენციებით ამზადებენ"

საქართველოს ბაზრის 70-80% იმპორტულ პროდუქციას უჭირავს

ქართულ ბაზარზე გამაგრილებელი სასმელებისა და წვენების ბუმია. რა შემადგენლობის, ფერისა და ფორმის სასმელს არ წააწყდებით, რომელთაც გარკვევით აწერია, რომ ეს ნატურალური და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტებია. ქვეყანაში, სადაც ნატურალური სასმელების წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი მიტროფანე ლაღიძე, ბაზარზე არსებულ ვითარებას საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები.

ნანა ჩახაია (სააქციო საზოგადოება "ლაღიძის" დირექტორის მოადგილე ტექნოლოგიის დარგში): "ლაღიძის წყლები" უძველესი ტრადიციების საწარმოა. ის 1887 წელს ქუთაისში დააარსა მიტროფანე ლაღიძემ, 1906 წელს თბილისშიც გახსნა მაღაზია და ის ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა. 47 წელიწადია ამ საქმეს ვემსახურები და ფალსიფიკაციის უამრავი შემთხვევა მახსოვს. ერთი-ორი წლის წინ ყოველ კუთხე-კუნჭულში იდგნენ ქალები, რომლებიც უხარისხო, შინაურ პირობებში მოდუღებულ სითხეს ასაღებდნენ, როგორც "ლაღიძის წყალს." ხშირად ვაჟინი (‘სიროპი") ჩვენგან მიაქვთ მხოლოდ სახელის გამო, ხელშეკრულებებს ჩაიგდებენ ხელში და მერე ფალსიფიკაცია უფრო ადვილდება. ვიცით, რომ ერთმა სომეხმა მეწარმემ ამერიკაში ზუსტად ჩვენი ეტიკეტით გამოუშვა "ლაღიძის წყლები". სასამართლო პროცესი მოვუგეთ ყოფილ ჩინოვნიკ გურამ აბსანძესაც, რომელიც რუსეთსა და უკრაინაში ავრცელებდა ფალსიფიცირებულ "ლაღიძის წყლებს". არ შემიძლია არ ვახსენო კომპანია, რომელიც უკვე აღარ არსებობს - "გრეიტერ მასტერ კომპანი", რომელიც ჩვენი დისტრიბუტორი იყო. ჩვენი ფულით გახსნეს ქარხანა და გამოუშვეს ლიმონათი "ლაღი", მომხმარებელს კი არწმუნებდნენ, ლაღიძის შვილობილი კომპანიიდან ვართ, მაგრამ "ძე" საცობზე არ დაეტიაო... ახლაც ჩვენი ვალი აქვთ დარჩენილი და ახალ სასამართლო პროცესს ვიწყებთ მათ წინააღმდეგ. ამ ხალხს აინტერესებს მხოლოდ სახელწოდება ‘ლაღიძის წყლები" და მეტი არაფერი. რას მიაწვდიან მოსახლეობას, ამაზე არც კი ფიქრობენ.

აბსოლუტურად ყველა დიდი ფირმა თავის პროდუქციას ესენციებით ამზადებს. ჩვენ რვა ლიტრი ნატურალური კომპოზიცია გვჭირდება 1 ტონა სასმლის დასამზადებლად, ხოლო წვენი - 500 ლიტრი. მათ კი 200 გრამიც ჰყოფნით და ბუნებრივია, მოგებაც მეტი აქვთ. ამჟამად ჩვენი პროდუქცია იყიდება სპორტის სასახლესთან და რუსთაველზე არსებულ კაფეებში. მათ მივეცით უფლება, ლაღიძის სახელი გამოიყენონ. თუ გნებავთ, სასამართლოს წინაშეც კი ვიტყვი და დავამტკიცებ, რომ აბსოლუტურად ყველა სასმელი, რომელიც გამოდის საქართველოში, ცნობილი ფირმების ესენციებზეა დამზადებული. ძველ, "ბორჯომის" ბოთლებში ჩამოსხმულ ლიმონათებზე აღარაფერს ვამბობ, რომელსაც კუსტარულად, აბაზანებშიც კი ამზადებენ. ესენცია არ მოწამლავს ადამიანს, ხოლო კუსტარულ პირობებში ჩამოსხმული სასმელი მართლაც საშიშია. საშიშია შაქრის შემცვლელიც, რომელსაც ნაწილობრივ ყველა კომპანია იყენებს, ეკონომიის მიზნით".

ლევან ჩხაიძე (შპს "კამპას" მარკეტინგის დირექტორი): "ბაზარზე 2009 წლიდან ვართ. გვაქვს ორი ხაზი, 50%-იანი ნექტარის წვენები და 100%-იანი უშაქრო, პრემიუმკლასის წვენები, შედარებით მაღალშემოსავლიანი სეგმენტისთვის. ჩვენ გარდა ბაზარზე აქტიურად საქმიანობენ "კულა", ‘სანტე" (თუმცა ამ კომპანიისათვის მთავარი მაინც რძის ნაწარმია), უნდა დავასახელო "რთველი 2008"-ც. დაახლოებით 70-80% ქართული ბაზრისა იმპორტულ პროდუქციას უჭირავს, რომელიც რუსეთიდან, უკრაინიდან, იტალიიდან შემოდის. ჩვენი პირდაპირი კონკურენტი სწორედ იმპორტირებული პროდუქციაა. თუმცა რამდენიმე ქვეყანაშიც დაინტერესდნენ ჩვენი წვენების იმპორტით და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა ასორტიმენტის გაზრდა და საექსპორტო პოტენციალის გამოყენებაა, თუმცა ჯერჯერობით ექსპორტს არ ვაწარმოებთ. ჩვენ მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებზე ვამზადებთ წვენებს და ამ მხრივ კომპრომისს არ ვუშვებთ. სხვა კომპანიებში რა ხდება, ნამდვილად ვერ გეტყვით..."

პაატა გაბუნია (შპს "სიტროს" დირექტორი): "2010 წელს გავაფორმეთ ათწლიანი გენერალური ხელშეკრულება "ლაღიძის წყლებთან" და ისინი ნატურალური წვენებით დამზადებულ კომპოზიციას გვაწვდიან, საიდანაც სამი სახეობის ლიმონათს ვაწარმოებთ. ვაპირებთ იმავე პროდუქციის მინის ბოთლებში გამოშვებასაც. ჩვენი პროდუქცია გავიდა უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ევროპაში... კომპანიის წარმომადგენლობა მოლაპარაკებებს ყაზახ და ბელორუს პარტნიორებთან აწარმოებს. რაც შეეხება ესენციებზე დამზადებულ პროდუქციას, მავნებელი მაშინვე არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანის ჯანმრთელობაზე მაინც უარყოფით გავლენას ახდენს".

ხათუნა ჩიგოგიძე