ევროკრიზისი ქართველებს საბერძნეთში მისწვდათ - კვირის პალიტრა

ევროკრიზისი ქართველებს საბერძნეთში მისწვდათ

"საბერძნეთი რეცესიაში, ბერძნები კი დეპრესიაში", - ასე შეაფასა საბერძნეთის ეკონომიკური მდგომარეობა "ევრონიუსმა“. ათენში საპროტესტო გამოსვლებს უკვე მსხვერპლიც მოჰყვა. ერთ-ერთი მომიტინგე, რომელიც საბერძნეთის ხელისუფლების პოლიტიკას უპირისპირდებოდა, ბერძენ სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლას შეეწირა. საბერძნეთის ბედი კვლავ დონორების ხელშია, რომლებიც ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას ახალი ფინანსური ტრანშის მიღებაში დაეხმარებიან, თუმცა სანაცვლოდ საბერძნეთის ხელისუფლებამაც საჭირო ნაბიჯები უნდა გადადგას. "დაუმორჩილებლობის" შემთხვევაში საბერძნეთს ეროვნულ სუვერენიტეტზე ნაწილობრივი უარის თქმას ან ევროზონის დატოვებასაც კი სთავაზობდნენ.

კარგი ამბები არ ისმის ევროპის გარეთაც. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ბანკებს "ანდერძის" დაწერას სთხოვს, სადაც დეტალურად გაიწერება ქმედებები მათი გაკოტრების შემთხვევისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კი აზიას კრიზისისთვის მზადების დაწყება ურჩია.

ბერძნებს ქამრები გადაუჭირეს

ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი 110 მილიარდი ევროს კრედიტის ტრანშის - 8 მილიარდი ევროს გამოყოფას სექტემბრის შემდეგ აჭიანურებს. დახმარების გარეშე საბერძნეთს, 350-მილიარდიანი ვალის გამო, დეფოლტი ემუქრება. საინფორმაციო საშუალებები უკვე იმ ვერსიებზეც წერენ, რა სახის დეფოლტი იქნებოდა საბერძნეთისთვის ოპტიმალური და რა მოცულობის ვალებზე მოუწევთ კრედიტორებს ხელის ჩაქნევა. თუმცა ევროპის ლიდერები ცდილობენ, საქმე დეფოლტამდე არ მივიდეს.

უწყვეტად მიმდინარე გაფიცვების ფონზე ხუთშაბათს, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის პარლამენტმა ბოლოს და ბოლოს დაამტკიცა ხარჯების შემცირების ახალი გეგმა. კრედიტორებმა დაარწმუნეს საბერძნეთის ხელისუფლება, რომ ხარჯების შემცირების გარეშე ტრანშს ვერ მიიღებდნენ. საბიუჯეტო სექტორში მომუშავეთა საშუალო ანაზღაურება შემცირდება დაახლოებით 20%-ით, რაც შარშანდელი 18%-იანი კლების გაგრძელება იქნება. სახელმწიფო კომპანიებში გათვალისწინებულია ანაზღაურების 45%-იანი შემცირება 2009 წელთან შედარებით. სულ იგეგმება 2 მილიარდამდე ევროს დაზოგვა წელიწადში.

იზარალებენ პენსიონერები, რომელთა პენსიაც 1000 ევროს აღემატება. მათ 20%-ით ნაკლებს მისცემენ. 55 წელზე ახალგაზრდა პენსიონერები (ძირითადად, სამხედროები, მეხანძრეები, სანაპირო დაცვის თანამშრომლები) 40%-ით ნაკლებ პენსიას მიიღებენ. დამატებითი პენსია შეუმცირდებათ სახელმწიფო სექტორში მომუშავე პენსიონერებს. შემცირდება პენსიასთან ერთად გასაცემი ხელფასები.

ახალი გეგმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს შრომის ბაზრის მეტი "მოქნილობა": სულ მცირე, 2014 წლამდე პროფკავშირებს არ შეეძლებათ კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმება, რაც სამუშაო ძალას გააიაფებს. 750 ათასი სახელმწიფო მოსამსახურიდან დაახლოებით 30 ათასს "შრომით რეზერვში“ გაშვება მოუწევს. მათ 1 წლის განმავლობაში ანაზღაურების 60%-ს გადაუხდიან, შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლებენ. შემცირება ძირითადად შეეხებათ მათ, ვისაც პენსიაზე გასვლამდე 1-2 წელიწადი თუ რჩებათ. დაიკლო დაუბეგრავი შემოსავლის მოცულობამ, წელიწადში 8000 ევროდან 5000 ევრომდე. შეჩერდება ნებისმიერი მოლაპარაკები ხელფასების მომატების შესახებ.

საბერძნეთის პროფკავშირები ასეთ პირობებს ქუჩაში გამოსულ ათიათასობით ადამიანთან ერთად აპროტესტებდნენ. ამასობაში საბერძნეთი სულ უფრო ღრმად ჩაეფლო ვალების ჭაობში. გასულ კვირაში ქვეყანაში მილიონობით ადამიანი გაიფიცა. გაფიცული იყვნენ პედაგოგები, ბანკის თანამშრომლები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და ავიადისპეტჩერებიც კი. საბერძნეთში ასობით ავიარეისი გაუქმდა.

ორი ლოკომოტივი ევროზონისთვის

ევროპის მომავალი ევროს სტაბილურობაშია, - ეს ფრაზა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ეკუთვნის, რომლის თქმით, გერმანია ძალას არ დაზოგავს ევროს სტაბილური მომავლისთვის. თუმცა ევროპაში კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. ძირითადი მიზეზი, რაც ზედაპირზეც ჩანს, ევროკავშირის ის ქვეყნებია, რომლებიც რეალურად გერმანიისა და საფრანგეთის ხარჯზე განაგრძობენ ევროზონაში ყოფნას.

პირველ რიგში ეს საბერძნეთს ეხება. საფრანგეთსა და გერმანიას უწევთ სუსტი ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც, მაგალითად, ირლანდიისა და პორტუგალიის. ფინანსური კრიზისი ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც უტევს. არც ესპანეთისა და იტალიის ეკონომიკაა საუკეთესო მდგომარეობაში - ამ ქვეყნების მსხვილ ბანკებს საკრედიტო რეიტინგები ერთდროულად ორმა სააგენტომ შეუმცირა.

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო, ვინც ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნებში უკვე გაისად უნდა დაიწყოს ბანკების დახმარება და არა 2013 წლიდან, როგორც აქამდე ვარაუდობდნენ. ბანკებმაც ჯერ კაპიტალის კერძო წყაროებით უნდა ისარგებლონ და შემდეგღა მიმართონ მთავრობებს დასახმარებლად.

კრიზისის დაძლევის მთავარი იმედი საფრანგეთისა და გერმანიის ძალისხმევაშია, თუმცა ჯერჯერობით ეს ქვეყნები ერთობლივ პოლიტიკაზე ვერ თანხმდებიან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაადასტურა, რომ ევროზონის კრიზისიდან გამოსვლის გეგმებზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამის მიზეზი გახდა უთანხმოება ორ ქვეყანას შორის სტაბილურობის ფონდის გაზრდის საკითხში. სარკოზი მერკელს შეხვდა და ლიდერებმა კომენტარები არ გააკეთეს. კითხვაზე, დაიძრა თუ არა საქმე მკვდარი წერტილიდან. საფრანგეთის აზრით, ფინანსური სტაბილურობის ფონდი ბანკად უნდა გადაიქცეს, რათა დაფინანსება ევროპის ცენტრალური ბანკიდან მიიღოს. თვით ცენტრალური ბანკი და გერმანია კი წინააღმდეგი არიან. თუმცა ევროკავშირის ლიდერები იმაზე შეთანხმდნენ, რომ სტაბილიზაციის ფონდი 440 მილიარდიდან 2 ტრილიონ ევრომდე გაზარდონ. სწორედ ამ ფონდის მეშვეობით აპირებენ ევროკავშირში კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას.

გაჭირვებულს ქვა" საბერძნეთშიც მიეწევა

როცა ორიოდე კვირის წინ "ეკოპალიტრაში“ კრიზისის შესახებ ვწერდით, ქართველი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ევროპის ფინანსური კრიზისი ჩვენს ქვეყანაზე ჯერ არ ასახულა და შესაძლოა დიდი გავლენა ვერც მოახდინოს. ის ძირითადად იმ ადამიანებს შეეხება, ვინც უშუალოს კრიზისის ეპიცენტრში იმყოფებიან და იქ მუშაობენო. ამჟამად, საბერძნეთში კრიზისის გამწვავებამ უკვე მოახდინა იმ ქართველებზე გავლენა, ვინც სამუშაოდ არის წასული. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი იძულებული ხდება, საბერძნეთი კრიზისი გამო დატოვოს. არსებული ინფორმაციით, მათ, ვინც საბერძნეთში ოჯახებში მუშაობენ, ხელფასს ვეღარ აძლევენ. საბერძნეთში მასმედიით მოუწოდებენ ბერძნებს, რომ ქალებმა საკუთარ მშობლებს თავად მოუარონ და საოჯახო საქმეებსაც თვითონვე მიხედონ - დამხმარეები გაუშვით და ეს ზედმეტი ხარჯი საკუთარ ოჯახს მოახმარეთო.

ბევრი ქართველი დაითხოვეს სამუშაოდან, იმიტომ რომ ხელფასს ვერ გადაუხდიან. საბერძნეთიდან უკან დაბრუნებულთა დასაქმების პრეტენზია გამოთქვა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიამ: "ვერ ვიტყვი, რომ ბოლო დღეების არეულობამ რამე განსაკუთრებული ნაკადი გამოიწვია, მაგრამ ვფიქრობ, ისიც იმოქმედებს ქართველთა უკან დაბრუნებაზე. ვმუშაობთ, რომ დაბრუნების შემთხვევაში, მათ იპოვონ კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისი სამუშაო ადგილები“.

საინტერესოა, როგორ დასაქმდებიან ეს ადამიანები საქართველოში, როცა აქ ასეთი უმუშევრობაა. ევროპაში კი, მიმდინარე კრიზისის გამო, შემოსავლის წყაროს კიდევ ბევრი ქართველი დაკარგავს.