ქართული ბიოღვინო - მსოფლიოსთვის - კვირის პალიტრა

ქართული ბიოღვინო - მსოფლიოსთვის

რამდენიმეწლიანმა გააზრებულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო

სანამ რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის დაიხურებოდა, საქმე კარგად მისდიოდა. ალაზნის პირას გაშენებულ ვენახს უვლიდა, საფერავის ჯიშის ყურძენი მოჰყავდა და ყოველ რთველზე სარფიანად აბარებდა ღვინის ქარხნებს. საფერავის ღვინო დიდი მოთხოვნით სარგებლობდა მეზობელი ქვეყნის ბაზარზე, ამიტომაც ადგილობრივი ქარხნები უშურველად იხდიდნენ კილოგრამში 1,80-2 ლარს. 2006 წლის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა. მცირე მოთხოვნის გამო საფერავის ფასი ერთბაშად, სამ-ოთხჯერ შემცირდა და ამ ფასსაც სახელმწიფო დღემდე სუბსიდიებს აშველებს. ვისაც ვენახი გასაჩეხად არ ემეტებოდა, აუცილებლად უნდა ეპოვა სხვა გამოსავალი. ალტერნატიული ბაზრების მოძიება ძნელი და ხანგრძლივი პროცესია, სახელმწიფოს ძალისხმევის მიუხედავად, ღვინის ექსპორტის 2006 წლამდე არსებულ მაჩვენებლებს ჯერაც ვერ მივაღწიეთ. ამიტომ საჭირო იყო რაღაც სხვა, სრულიად განსხვავებული.

პირველი ქართული ბიოღვინოს დამზადების იდეა მალევე გაჩნდა, მაგრამ სამ წელიწადს ელოდა გივი ნიკოლაშვილი ევროსტანდარტების ბიოსერტიფიკატის მიღებას. მევენახემ უარი თქვა ქიმიური სასუქების, ჰერბიციდებისა და პესტიციდების გამოყენებაზე და ვაზს ბუნებრივად განვითარების საშუალება მისცა. ახლა მისი ბიოღვინო - საფერავი, ადგილობრივი ბაზრის გარდა, უცხოეთშიც იყიდება. ხოლო ბიომეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს.

"ცოტა ხნის წინ ფინეთიდან მივიღე შეკვეთა და 300 ბოთლ ღვინოს ვგზავნი. ხუთ თვეს სწავლობდნენ ჩემს ღვინოს ლაბორატორიულად და საბოლოოდ დაადგინეს, რომ ნამდვილად ბიოპროდუქტია. ფინეთში ძალიან სიმკაცრეა ამ თვალსაზრისით, ყველა პროდუქტს, რომელიც მათ ბაზარზე შედის, ზედმიწევნით მკაცრი კრიტერიუმებით ამოწმებენ. არ ვიცი, რა ფასს დაადებენ ამ ღვინოს ფინეთში, ჩემგან ბოთლი 3,5 ევროდ შეიძინეს. ტრანსპორტირების ხარჯებს თავად ანაზღაურებენ. რა თქმა უნდა, მერჩივნა, 4 ევრო გადაეხადათ ბოთლში, მაგრამ მაინც კარგი ფასია. მთავარია, ახლა საქმე დავძრათ, პრეცედენტი გაჩნდეს... სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ფინეთში გაიმართა ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია და 21 ბოთლი ღვინო გავგზავნე წარსადგენად. მათ შორის ექვსი ბოთლი ჩემი ღვინო იყო, დანარჩენი კი სხვა მწარმოებლების. ზოგი ღვინო ძალიან მოეწონათ, ზოგიც ნაკლებად, ერთი დაგვიწუნეს. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და ჩემი ღვინო ასე შეაფასეს: არანაირი პრეტენზია არ გვაქვსო.

ქართული ღვინო ისედაც ნაკლებად არის ცნობილი მსოფლიო ბაზრებზე და მით უფრო, ‘ქართული ბიოღვინო", რომელიც ეს-ეს არის გამოჩნდა. ფინეთის ბაზარი რომ გაიხსნება, ეს იქნება ბიძგი, რომ სხვა ქვეყნებმაც გაგვიცნონ, როგორც ბიოღვინის მწარმოებლები".

რატომ "ბიო"

"ჩემი ვენახი გურჯაანის რაიონში, ალაზნის პირას, პაპისეულ ადგილას, საავტომობილო გზიდან სამი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მოკლედ, ადგილმდებარეობის თვალსაზრისით ყველა პირობაა დაცული, რაც ბიოპროდუქტის მოსაყვანად არის საჭირო. ვენახს საერთოდ არ ვრწყავ. კომუნისტების დროს ირწყვებოდა, რომ მოსავალი გაეზარდათ. ხუთ ჰექტარზე ცოტა მეტი მაქვს, თითქმის სულ საფერავის ჯიშის ყურძენია გაშენებული, მხოლოდ ხუთი-ექვსი რიგია რქაწითელი. მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩვენში ვაზის ისეთი დაავადებები გაჩნდა, როგორიც ფილოქსერა და ჭრაქია, გლეხებმა წამლობისთვის ბორდოს ხსნარის გამოყენება დაიწყეს. შემდეგ ქიმიური მრეწველობა განვითარდა და შეიქმნა სისტემური პრეპარატები. ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება კონტაქტურისგან. მაგალითად, საკმარისია, სისტემური პრეპარატის ერთი წვეთი მოხვდეს მცენარეს და ის შიგნით შეიწოვება, მის წვენთან ერთად მოძრაობს. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც ჭრილობის მოშუშება გარეგანი დამუშავებითაც შეგიძლია, ან პრეპარატის მიღებით, რომელიც სისხლთან ერთად იმოძრავებს ორგანიზმში. რა თქმა უნდა, ჭრილობასაც მოაშუშებს, მაგრამ შესაძლოა სხვა უკუჩვენებაც ჰქონდეს. სისტემური პრეპარატით მოყვანილი პროდუქტის მიღებისას ის ადამიანის ორგანიზმშიც ხვდება. ბიოპროდუქტის წარმოებისას დაშვებულია მხოლოდ კონტაქტური პრეპარატების გამოყენება, რომლებიც მხოლოდ ზედაპირულად მოქმედებენ. მაგრამ წინასწარ უნდა შეეგუო, რომ ასე მოყვანილი მოსავალი შესაძლოა ბევრად მცირე იყოს, ვიდრე სისტემური პრეპარატების გამოყენებისას. ბიოპროდუქტის მოყვანა უფრო შრომატევადიც არის. აუცილებლად უნდა ჩაატარო მწვანე ოპერაცია: გაფურჩნო ვაზი, ზედმეტი ფოთოლი მოაცილო, მტევნები მზეზე გამოყარო.

საერთოდ, სისტემური პრეპარატის გამოყენება ვაზის წამლობისთვის მხოლოდ ორჯერ არის დასაშვები, მათ შორის ერთხელ, ვაზისთვის ყველაზე საფრთხილო - ყვავილობის პერიოდში. სისტემური პრეპარატის გამოყენებიდან მხოლოდ 21-ე დღეს არის დასაშვები მისი საკვებად მიღება. მაგრამ ჩვენთან ეს სფერო ყოველგვარი რეგულირების მიღმაა დარჩენილი. ვაზის შემთხვევაში 21-დღიან პერიოდს კიდევ დაიცავ, მაგრამ პომიდვრისა და სხვა ბოსტნეულის შეწამვლა რომ ხდება სისტემური პრეპარატებით, მაგალითად, რიდომილით და შეწამვლიდან მეხუთე-მეექვსე დღეს ჯერ ჩვენს სუფრაზე, შემდეგ გი ჩვენს კუჭში აღმოჩნდება, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ზიანს მიაყენებს ადამიანის ორგანიზმს.

ბიომეურნეობაში დაუშვებელია პესტიციდების გამოყენება. ვენახში ძალიან ბევრი სარეველა იზრდება. წლეულს ვენახის ნაწილი ამიბალახდა და მოსავალი იმ მონაკვეთზე სულ გამიფუჭა. დროდადრო უნდა გათიბო ბალახი ვაზის რიგებში, ან გათოხნო. წვიმიან ზაფხულში, როგორიც წლეულს იყო, ამის გაკეთება ძნელია. დღეს რომ გათიბავ, ხვალ ახალი ამოვა. ვიღაც კი დაასხამს ჰერბიციდს და კარგა ხანს არ ამოვა ბალახი მის ნაკვეთში, სამაგიეროდ ის ნიადაგი დაბინძურდება, რომლითაც მცენარე იკვებება".

KvirisPalitra.Geვაზის "თვითმკურნალობა"

"ბიომეურნეობის განვითარება ევროპაშიც ახალი ხილია, 20 წელიწადი ასეთი დარგისთვის არაფერია, ჩვენთან კი მით უფრო. თუ ამ მეთოდებს კიდევ 20-30 წელიწადს გამოვიყენებთ, შესაძლოა რაოდენობრივი თვალსაზრისით, სისტემური პრეპარატებით მოყვანილ პროდუქციაზე მეტიც მოვიწიოთ. დროდადრო მოულოდნელად მოდიან იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ბიოსერტიფიკატი მიანიჭეს ჩემს პროდუქციას და მამოწმებენ, ხომ არ ვარღვევ ბიოპროდუქტის წარმოების ნორმებს. ერთხელ ვენახში გერმანელი სპეციალისტები მესტუმრნენ. შევჩივლე, ვაზის ფოთოლს რაღაც თეთრი ფიფქების მსგავსი შევნიშნე-მეთქი. დააკვირდნენ და გაეღიმათ: ეს ის მიკროორგანიზმებია, რომლებიც ჭრაქსა და სხვა დაავადებებს თავად ანადგურებენო. როდესაც მცენარე სისტემური პრეპარატით იწამლება, ჭრაქსაც ვსპობთ და მათთან ერთად სხვა სასარგებლო მიკროორგანიზმებსაც. რაღაც დროის შემდეგ სისტემური პრეპარატი პირვანდელ ეფექტს აღარ იძლევა, ამიტომ იგონებენ ახალ-ახალს.

უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მოსავალი შესაძლოა შედარებით მცირე, მაგრამ სუფთა და ხარისხიანი მივიღოთ. საქართველოში ბიოპროდუქტების წარმოებისთვის დიდი პოტენციალი არსებობს. ევროპაში ბიოპროდუქტების წარმოება, ჩვენგან განსხვავებით, ძვირიც ჯდება. ჯერ ერთი, მუშახელია კატასტროფულად ძვირი. იქ წარმოუდგენელია დაიქირავო ადამიანი, რომელიც მაგალითად 40 გრადუს სიცხეში დადგება და ვაზს გაგიფურჩნის. ერთი მწკრივი რომ გააკეთოს, სამ საათს მაინც უნდა იდგეს მზისგულზე".

"ხომ გეუბნებოდი, გაფრინდებიან-მეთქი!"

"როცა მევენახეობა დავიწყე, მაშინ 1 კილოგრამი საფერავი 1,80-2 ლარი ღირდა. წელიწადში 50-70 ათასი ლარი უნდა მიმეღო, რაც გლეხი კაცისთვის ურიგო შემოსავალი არ იქნებოდა. მახსოვს, ახალი მოსავალი უნდა მომეწია, როცა ყურძნის ფასი კატასტროფულად შემცირდა. ამხელა ბაზრებზე რომ დაიმკვიდრო თავი, რაღაც განსაკუთრებული უნდა თქვა. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციასა და სასერტიფიკაციო ორგანოსთან გავაკეთე განაცხადი, რათა ბიოპროდუქციის წარმოების ლიცენზია მიმეღო. სამი წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ მოულოდნელად ჩამოდიოდნენ და მამოწმებდნენ, როგორ ვუვლიდი ვენახს და მხოლოდ ამის შემდეგ მომცეს სერტიფიკატი.

მეზობლებსაც შევთავაზე ამის გაკეთება, მაგრამ ბევრი არ გამომყვა: სამი წლის შემდეგ რა იქნება, არავინ იცისო. მართალია, სამი წლის განმავლობაში გამიჭირდა, მოსავალი წლიდან წლამდე მცირდებოდა, მაგრამ ვისწავლე ბუნებრივი გზით ყურძნის მოყვანა და ერთ წელს 38 ტონა საფერავიც კი მოვიწიე. ეს იყო ერთგვარი გამოსავალი ჩემთვის, როგორც ინდმეწარმისთვის, რომ ამ კონკურენტულ ბრძოლაში გამემარჯვა.

ჩვენთან მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რა იყო ბიომეურნეობა, ბიოწარმოება. მივდიოდი მაღაზიაში და ვუხსნიდით, რა იყო ბიოღვინო, ბევრი იმასაც გვეკითხებოდა, ეს უალკოჰოლო ღვინოაო? შემდეგ ვიწყებდით ახსნას, ზოგს სჯეროდა, ზოგსაც არა. სხვათა შორის, უცხოელი თუ შედის მაღაზიაში და თვალი შეავლო წარწერას ორგანული, ანუ ბიოღვინო, აუცილებლად ყიდულობს. ერთი კი უკვირთ, "ორგანიკის" ნიშნით აღნიშნული ღვინო ასე იაფი რატომ ღირსო. რაც მიჯდება, იმის მიხედვით საშუალო ფასი დავადე, "გუდვილში", "ჯიმარტში", "პოპულსა" და სხვა დიდ სუპერმარკეტებში საშუალოდ 25 ლარად იყიდება. ყიდულობენ როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე საჩუქრად, ეკლესიისთვის შესაწირად, რადგან იციან, რომ სუფთა და ორგანული პროდუქტია".

რა სარგებლობა მოაქვს გაჩერებულ ქარხნებს

"წელიწადში საშუალოდ 25 ათას ბოთლს ვაწარმოებ. გაყიდვა კი 2009 წლის აპრილიდან დავიწყე. პირველი წელი ნამდვილი კატასტროფა იყო, მხოლოდ რამდენიმე ბოთლი გავყიდე. ექსპორტზე პირველად ლატვიაში გავიტანე. თავად მომძებნეს, მთხოვეს, რამდენიმე ნიმუში გამეგზავნა. 1400 ბოთლი გავიდა ლატვიაში და იქ 15 ევროდ ყიდდნენ ბოთლს.

ცოტა ხნის წინ ჩემი შვილი იმყოფებოდა კანადაში და რამდენიმე ბოთლი ბიოღვინო გავატანე. აღმოჩნდა, რომ ქართული ღვინო კანადაშიც იყიდება, მაგრამ ბევრმა არაფერი იცის საქართველოს შესახებ. ტორონტოში ერთი ძალიან ცნობილი რესტორანია, სადაც 800 დასახელების მხოლოდ ღვინო იყიდება. ამ რესტორნის კლიენტთა უმეტესობა ოფიციალურად მილიონერია, რომლებიც წელიწადში ორჯერ მაინც სტუმრობენ იქაურობას. ჩემი შვილი ამ რესტორანში ქართულ ჩოხა-ახალუხში სწორედ იმ დროს მივიდა, როცა იქ ღვინის დეგუსტაცია მიმდინარეობდა და ქართული ღვინის დაგემოვნება შესთავაზა. შედეგად 4 ათასი ბოთლი გავაგზავნეთ კანადაში და 100-დოლარიანი ღვინოების სექტორში იყიდება იმ რესტორანში. პოლონელებმაც მოითხოვეს ნიმუშები".

"სხვათა შორის, ერთ წელს ბიომეთოდით მოვიყვანე პომიდორი. თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში სპეციალური კუთხე დამითმეს და კარგადაც ვყიდდი, მაგრამ პომიდორს ბევრი დანაკარგი აქვს, თუ გადამმუშავებელი მრეწველობაც არ გაქვს. მაშინ თბილისის მერიას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი თბილისის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით მომარაგებაზე. მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა კი არა, ბიოპროდუქტები შევთავაზე, მაგრამ დაკრედიტება არ მომცეს. იმპორტირებული ბიოპროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე ძალიან ძვირი ღირს, ჩვენ კი შეგვიძლია ვაწარმოოთ ბევრად უფრო იაფად და ექსპორტზე გავიტანოთ. საქართველოს ბიომეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რომ იტყვიან ჭირი შესაძლოა ხეირად გვექცეს. ფაბრიკა-ქარხნები ჩვენთან არ მუშაობს, ამიტომ შეგვიძლია ვაწარმოოთ ის, რაზეც უცხოურ ბაზრებზე დიდი მოთხოვნილებაა".