გადაყრილი 5 მილიონი? - კვირის პალიტრა

გადაყრილი 5 მილიონი?

თბილისის მერიის მიერ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისთვის 5 ლარის ჩუქებამ ერთი ანეკდოტი გამახსენა.

"მეგრელი ეკითხება გამვლელს:

- გინდა პიანინო 5 ლარად?

- ტყუილია!

- ტყუილია, მაგრამ სამაგიეროდ, იაფია...“

5 ლარი დიდი ვერაფერი შეღავათია, თუმცა თბილისის მერია ამტკიცებს, რომ 5-ლარიანი საჩუქარი მნიშვნელოვანი შეღავათია თბილისელებისთვის.

"ჩვენ გადავწყვიტეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით შევეხიდოთ თბილისელებს და წარმოგიდგენთ ვაუჩერს, რომელიც შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ მგზავრობისთვის 5 ლარი ნიშნავს გარკვეულ შეღავათს სატრანსპორტო ხარჯებში“, - განაცხადა 17 ოქტომბერს დილით გიგი უგულავამ. შეხიდების რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პირველი ეფექტი მეტროს ჩასასვლელების "გახიდვა“ კი გახდა. მერიამ 17 ოქტომბრამდე საიდუმლოდ შეინახა, რომ 5 ლარის ჩუქებას აპირებდა და არც ის განმარტეს მკაფიოდ, ამ საჩუქრის მიღება ახალ წლამდე რომ იყო შესაძლებელი. სალაროებს იმდენი ხალხი მიაწყდა, მეტროში ჩასასვლელად გრძელ რიგში ჩადგომა გახდა საჭირო.

საინტერესოა, ვისთვის არის მნიშვნელოვანი ეს 5 ლარი? ვინც უმუშევარია, ვინც პენსიონერია თუ ვინც მუშაობს კიდეც, არც საჭმლის ფული უჭირს და ტრანსპორტით მგზავრობასაც ახერხებს? თუ ხელისუფლება სოციალურად დაუცველებზე ფიქრობს, მაშინ ჯობდა, ეს თანხა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის მიეცა. თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს დახმარება ყველასთვის მნიშვნელოვანია - გამოდის, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ბარათის მქონე დაახლოებით მილიონი ადამიანი - ყველა ღატაკი ყოფილა.

სამგზავრო ბარათით დაახლოებით მილიონი ადამიანი სარგებლობს და სულ მცირე, 5 მილიონი ლარი თბილისის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. როცა ინფლაციის სახიფათო მაჩვენებლებსა და დაუფიქრებელი ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე გველაპარაკებიან, საინტერესოა, ხელისუფლებაში ვინმე თუ ფიქრობს, რომ მსგავსი აქციები კარგს არაფერს მოიტანს ინფლაციის შემცირების კუთხით? თანაც ვაუჩერების ჩუქებას რომ სამომხმარებლო ფასების მატება მოჰყვება ხოლმე, ეს ძველი ამბავია, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება ვერ ეშვება სოციალისტურ-პოპულისტური ნაბიჯებით ხალხის გულის მოგების მცდელობებს.

საბჭოთა კავშირის დამხობამ ბევრ სოციალისტს დასწყვიტა გული. ამჟამად ევროპული სოციალიზმის მოტრფიალენი ხედავენ, რომ გაუაზრებელმა სოციალურმა პოლიტიკამ დიდი პრობლემები უმდიდრეს ევროპას შეუქმნა. თუ მაინცდამაინც შეჭირვებულთა დახმარება იყო 5 მილიონის დახარჯვის მიზანი, განა თბილისში ამ ფულით უკეთესი საქმის გაკეთება არ შეიძლებოდა? ვთქვათ, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით რამდენიმე კარგი პროექტის დაფინანსება, რაც არაერთ ადამიანს დაასაქმებდა და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდაშიც პატარა წვლილს შეიტანდა.

ასეთი პროექტი ვერ ნახეს მერიის წარმომადგენლებმა? ვერც ისეთი ადამიანები იპოვეს, ვისთვისაც, მაგალითად, ოპერაციის ფულის უქონლობის გამო სიცოცხლის დღეები დათვლილია? ვერც იმ ნიჭიერ ბავშვებს მიაგნეს, უფულობის გამო სწავლას რომ ვერ ახერხებენ? ვერც ის მარტოხელა მოხუცები ნახეს, პურის მიმწოდებელი რომ აღარ დარჩენიათ? იქნებ, ვერც ის დევნილები იპოვეს, ვისთვისაც ბინების შეძენა შეიძლებოდა ამ 5 მილიონით, რაც არაერთ ოჯახს მნიშვნელოვან პრობლემას გადაუჭრიდა? თუ ეს ვერაფერი ნახეს, მაშინ ხელისუფლებამ იქნებ საერთოდ უარი თქვას მსგავსი ხარჯების გაწევაზე იმ ბიუჯეტიდან, რომელიც ყოველი ჩვენგანის გადასახადებით არის შევსებული.

თუ ხელისუფლებამ იმ ცნობილ ბიზნესმენთან შეტოქება სცადა, 5 მილიარდი რომ აქვს, 5 ლარად რაღაც შედეგი კი მიიღო - როგორც ვნახეთ, მეტროს სადგურებს იმდენი ხალხი მიაწყდა, სალაროებთან ტევა არ იყო...