მილიონი რობოტი ჩვენს ერაში - კვირის პალიტრა

მილიონი რობოტი ჩვენს ერაში

ალბათ ყველა გაიხსენებს კადრს ცნობილი ჰოლივიდური ბლოკბასტერიდან "არმაგედონი", სადაც ამერიკელი ასტრონავტი ქალი ხომალდის ჩართვას ამაოდ ცდილობს. მას რუსი გაუპარსავი კოლეგა გვერდზე გასწევს შეძახილით - "ამერიკული ელექტრონიკაცა და რუსულიც, ყველა ტაივანშია აწყობილი" და ვეებერთელა ქანჩგასაღების რამდენიმე დარტყმით ძრავის სისტემებს აამუშავებს.

ცხადია, ეს ირონიაა, თუმცა ისიც ცნობილია, რომ ყველა ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი. საქართველოშიც ადვილად გაიხსენებენ, რომ მთელი ქვეყნის საყოველთაო კომპიუტერიზაცია სწორედ "ყვითელი აწყობის", ძირითადად ტაივანური ტექნიკით მიმდინარეობდა.

ლამის მითადქცეულ ტაივანურ ელექტრონულ წარმოებას სხვებს შორის გამორჩეული კონკრეტული სახეც ჰყავს - ტაივანური კომპანია Foxconn-ი, რაც Hon Hai Precision Industry Co. (Ltd.)-ის სავაჭრო დასახელებაა. ის ელექტრონიკის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. "ფოქსკონის" დამზადებულ პროდუქციას სავაჭრო მარკების დასახელებებით ჰყიდიან "ეპლი", "სონი", "მოტოროლა", "ნოკია", მის მოწყობილობებს იყენებს ჩისცო, "ინტელისთვის" კი ტაივანელები დედაპლატებს ამზადებენ. შემკვეთებს შორისაა "დელი", "ჰიულეტ-პაკარდი", "ეისერი", "ასუსი", "ნინტენდო" და სხვ. "ფოქსკონის" ქარხნებში 1,2 მილიონი ადამიანი მუშაობს(!), რომელთა უმეტესობაც ჩინეთშია დასაქმებული.

კომპანია 1974 წელს დააფუძნა ტერი გოუმ (ტერი ტაი-მინგ გოუ), ის მაშინ 24 წლის გახლდათ. საწარმოში პლასტმასის ნაკეთობებს ამზადებდნენ. 1988 წელს ფირმამ თავისი პირველი ქარხანა გახსნა ჩინეთში, 1994 წელს იყიდა საწარმოები აშშ-სა და იაპონიაში, შემდეგ - დიდ ბრიტანეთში. 2007 წელს მისი საწარმოები გაჩნდა ჩეხეთში, უნგრეთში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, ვიეტნამში, შარშან ამ სიას რუსეთიც დაემატა.

Hon Hai Precision Industry არაერთხელ გაუკრიტიკებიათ საწარმოებში შრომის მძიმე პირობების გამო. 2010 წელს, მუშებს შორის მომხდარი 13 თვითმკვლელობის შემდეგ, რომელმაც საქმიანი სამყარო შეძრა, კომპანია იძულებული გახდა, თანამშრომლებისთვის ხელფასები გაეზარდა. გავრცელებული ცნობებით, თვითმკვლელებმა კონვეიერზე სამუშაო დატვირთვას ვერ გაუძლეს. წლეულს მაისში iPad 2-ების მწარმოებელ ქარხანაში ჩინეთში სამი ადამიანი დაიღუპა და თხუთმეტი დაშავდა სავენტილაციო მილებში აფეთქების შედეგად. როგორც გაირკვა, კომპანიას ორი კვირით ადრე აფრთხილებდნენ, რომ ზოგიერთ საწარმოო სათავსოში ალუმინის მტვერი დიდი რაოდენობით გროვდებოდა.

თანამშრომლებმა წლეულს საჩივრის წერილები "ეპლის" თავკაცს, აწ განსვენებულ სტივ ჯობსსაც გაუგზავნეს. "ეპლმა" აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და პირობა დადო, რომ მიზეზებს დაადგენდა. რამდენიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ და შემკვეთმა დამკვიდრებული სამუშაო პირობების საკითხი წამოჭრა. "ფოქსკონი" უარყოფდა ‘ოფლმდენი ფაბრიკების" არსებობას, უსაფრთხოების რამდენიმე დამატებით ზომა მიიღო და ეგზორცისტსაც კი მიმართა საწარმოო ფართობების "წაბილწვისგან განსაწმენდად". ხმაური მინელდა, მაგრამ როცა წლეულს, 19 ივლისს, 21 წლის თანამშრომელი სახურავიდან გადმოვარდა და დაიღუპა, პრეტენზიები კვლავ განახლდა. კორპორაციაში თავს იმართლებდნენ, რომ დაღუპული სულ ერთი თვე იყო, რაც მათთან ირიცხებოდა და ზენორმატიულად ორ საათზე მეტი არ უმუშავია.

თვითმკვლელობებისა და აფეთქებების სერიის შემდეგ ადამიანების რობოტებით შეცვლა გადაწყდა. კომპანიის დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ტერი გოუს განმარტებით, სამრეწველო რობოტებს ანდობენ შედუღებას, დამტვერვასა და მონტაჟს. "ფოქსკონის" ქარხნებში, სადაც ამჟამად 10 ათასი რობოტი გამოიყენება, ერთ წელიწადში მათი რიცხვი 300 ათასს მიაღწევს, ხოლო სამ წელიწადში - 1 მილიონს. ავტომატიზაციით ჩინური პერსონალის ისედაც მცირე ხელფასების ფულიც დაიზოგება, თუმცა ძველი საწარმოების გადაიარაღება ადვილი საქმე არ იქნება. ბოლო 30-40%-იანი გაზრდის შემდეგ კორპორაციის თანამშრომლების ხელფასმა $299-ს მიაღწია. დაბალი ხელფასი თვითმკვლელობების ერთ-ერთი მიზეზია. ამის საპასუხოდ კორპორაციას რამდენიმე ქარხანა ჩინეთის კიდევ უფრო ღარიბ პროვინციებში გადააქვს.

ტერი გოუ დღეს ფირმის აქციების 30%-ს ფლობს და "ფორბსის" უმდიდრეს ადამიანთა 2011 წლის რეიტინგში 179-ე ადგილზეა 5,7 მილიარდი დოლარით.