"ჯიხურების უდიდესი ნაწილი მონოპოლისტური ქსელის საკუთრებაში იქნება" - კვირის პალიტრა

"ჯიხურების უდიდესი ნაწილი მონოპოლისტური ქსელის საკუთრებაში იქნება"

ბარათაშვილის ქუჩა #2, ნავთლუღის ბაზრის ტერიტორია, ყაზბეგის გამზირი - ნაკვეთი #382, მეტრო "სამგორის" ამოსასვლელი, ვაშლიჯვარი - ავეჯის სახლის მიმდებარედ - ეს იმ ტერიტორიების მცირე ჩამონათვალია, სადაც მერიის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში სულ მალე ახალი, მოდერნიზებული ჯიხურების ჩადგმა დაიწყება.150 ადგილზე ელექტრონული აუქციონი უკვე გამოცხადებულია და 7 ნოემბერს პირველი გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან.

მერიის მიერ სავაჭრო ჯიხურებისთვის ახალშერჩეული ადგილებიდან ზოგი უკვე არსებული ჯიხურის ადგილს ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ძველი ჯიხურების დემონტაჟის მომსწრე კიდევ ერთხელ გავხდებით. იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ქალაქის მუნიციპალიტეტმა მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი უწოდა, კომპაქტური სავაჭრო ობიექტებისთვის ახალ ტერიტორიებსაც აითვისებენ, თუმცა ადვილი შესაძლებელია, მოდერნიზებული ჯიხური სწორედ იქ "აღმოცენდეს", სადაც მანამდე გარემოვაჭრეს სახელდახელო დახლი ჰქონდა მოწყობილი ან პრესითა და წვრილმანი საკანცელარიო ნივთებით მოვაჭრეს სტელაჟი ედგა. ახალ ჯიხურებში კანონით ნებადართული ყველა პროდუქცია გაიყიდება და ძნელი გამოსაცნობი არ არის, რამდენად უფრო მომგებიანი იქნება შერეული პროდუქციით ვაჭრობა, იქ, სადაც მაგალითად, მხოლოდ პრესა იყიდება.

ამის მიუხედავად, მერიაში ამბობენ, რომ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქალაქში 1000 ჯიხური უნდა დაიდგას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით კეთდება და რომ ბიზნესის დაწყება საგრძნობლად მარტივდება. გაცხადებული პირობების თანახმად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში, აირჩიოს მისთვის სასურველი ადგილი, გადაიხადოს 500 ლარი ბეს სახით და აუქციონის მსვლელობისას 50-ლარიანი ბიჯით ივაჭროს. გამარჯვებული სავაჭრო ჯიხურის ხუთწლიანი იჯარის უფლებას მოიპოვებს. იჯარის საწყისი წლიური ფასი 1000 ლარია. მერია გამარჯვებულს ჯიხურის დიზაინის მისთვის სასურველ ესკიზურ პროექტს საჩუქრად გადასცემს.

ბოლო წლებში თბილისში, უბრალო მოკვდავთათვის, ახალი ჯიხურის დადგმა კი არა, უკვე არსებულის ნებართვის გაგრძელებაც შეუძლებელია. ახლა კი მერიამ რატომღაც გადაწყვიტა, ერთბაშად 1000 ახალი ჯიხური ჩადგას და თან ნებართვის აღებაც გაამარტივოს.

დავით ჭედია (თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი): "თითო ჯიხურის ჩადგმით, სულ ცოტა, ორი და მაქსიმუმ ოთხი ადამიანი უნდა დასაქმდეს. ჩვენ თუ ათასზე მეტ ჯიხურს გამოვიტანთ, გამოვა, რომ დაახლოებით 4000 ადამიანი დასაქმდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯიხურების უმეტესობა ქალაქში უსახურია, ისინი ახალი ჯიხურებით ჩანაცვლდება და ქალაქი ნორმალურ იერსახეს მიიღებს. გამარტივდა ნებართვის აღების პროცედურა და მოიხსნა ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერი. თუ ადრე საჭირო იყო ჯერ ნებართვის მიღება, შემდეგ პროექტის შედგენა, არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმება, - დღეს ამის გაკეთება ძალიან მარტივად, შინიდან გაუსვლელად შეიძლება, არავითარი დოკუმენტი არ სჭირდება. მსურველმა ელექტრონულ აუქციონზე მხოლოდ უნდა მონიშნოს მისთვის სასურველი ადგილი და ივაჭროს. თუ აუქციონს მოიგებს, მერია საჩუქრად იმ ჯიხურის რამდენიმე საპროექტო ვარიანტს გადასცემს, რომლის დადგმაც შეუძლია მოცემულ ადგილას.

- ვინ განსაზღვრა ადგილები, სად უნდა დაიდგას ჯიხურები და თუ დაემთხვა ისინი უკვე არსებული ჯიხურების ტერიტორიებს?

- მერიამ წინასწარ განსაზღვრა, სად განთავსდება ჯიხურები: მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა რაიონში, სადაც მარიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ჯიხური უნდა დაიდგას და ქალაქის იერსახე არ გააფუჭოს, სადაც ვაჭრობა სხვას არ შეუშლის ხელს. არსებული ჯიხურებიდან ზოგს ნებართვის ვადა ამოეწურა, რაც ნიშნავს რომ იქ ჯიხური აღარ უნდა იდგეს და ამ ადგილზე აუქციონი გამოცხადდება. ვისაც ნებართვა აქვს და ვადა არ გასვლია, მერია არც ერთი მეწარმის კანონიერ უფლებას არ შელახავს, მაგრამ ეტაპობრივად, როგორც კი ნებართვას ვადა გაუვა, იმ ტერიტორიაზე აუქციონი გამოცხადდება. ამიერიდან ჯიხურის ჩადგმის უფლება ამ პრინციპით გაიცემა ".

დავით გონგლაძე (მეწარმე): "ოთხი წელიწადია, ნებართვას ვითხოვ თბილისში რამდენიმე ჯიხურის ჩასადგმელად და ვერაფერს გავხდი. 2006 წელს დაიწყო ქალაქის "გაწმენდა" ჯიხურებისგან. 2007 წლის დასაწყისში მერიამდე მივაღწიე და ჩემი პროექტი ვაჩვენე გიგი უგულავას, რომელმაც გადამამისამართა მამუკა ახვლედიანთან. პროექტი გულისხმობდა ახალი, მოდერნიზებული ჯიხურების ჩადგმას ნებადართულ წერტილებში. მერმაც, ვიცე-მერმაც მოიწონეს ჩემი პროექტი და არქიტექტურის სამსახურში გადამამისამართეს. ყველა საჭირო პროცედურა გავიარე, ყველა გადასახადი გადავიხადე და დასაწყისისთვის, როგორც მითხრეს შევიტანე ნებართვის მოთხოვნა 15 ჯიხურზე. საბოლოოდ, მერიასთან რვა ჯიხურზე შევთანხმდით. ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი მაქვს. ჩავაბარე საბუთების სრული პაკეტი პროცედურის დასასრულებლად, მაგრამ მერიიდან პასუხი არ მაღირსეს.

2008 წლის მაისის არჩევნების წინ ისევ შევხვდი მამუკა ახვლედიანს, რომელმაც მითხრა, რომ გერმანელები რაღაც პროექტს აკეთებდნენ, რომელიც მაისის ბოლოს დასრულდება და ამის შემდეგ ნებართვის მიღება გარანტირებული გაქვთ, პირველი იქნებითო. მითხრეს, რომ ტენდერი გაიმართებოდა ჯიხურების ქსელის შესაქმნელად და მონაწილეობას მივიღებდი. ამასობაში სპონსორიც ვიშოვე, მაგრამ ჩემს პროექტს საშველი არ დაადგა. არავითარი ტენდერი არ გამოცხადებულა, ისე მომრავლდა მას შემდეგ ქალაქში სოკოებივით სხვადასხვა ფირმისა და ფორმის ჯიხურები. კიდევ შევხვდი ქალაქის მერს, ახლა უკვე სამების ეკლესიაში წითელ პარასკევს. შეხვედრა ვითხოვე, რაზეც თანხმობა მივიღე. მაგრამ შემდეგ, როცა ვურეკავდი, მისი თანაშემწე, ლალი კოზმავა მპასუხობდა ტელეფონზე. შევახსენე: თქვენც ხომ ნახეთ, სამებაში თავად დამპირდა, რომ შემხვდებოდა-მეთქი, მაგრამ არ მომეშვა, მითხარით, რა საკითხზე ხართო. როდესაც ვუთხარი, უკმეხად მომიგო: დაივიწყეთ ჯიხურები, ჯიხურები ქალაქში უკვე იდგმება და დამთავრებულია ეს საკითხიო. ყველა დოკუმენტი, თავისი ესკიზითა და ფოტოებით მერიაში იდო, როცა მოვითხოვე, მითხრეს, დაიკარგაო. თავიდანვე რომ ეთქვათ, კერძო პირისთვის ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, ამდენ ხარჯს აღარ გავწევდი. 11 ათასი დოლარი, ფაქტობრივად, წყალში მაქვს გადაყრილი. დღეს იმ ადგილებში, სადაც პროექტის თანახმად ჩემი ჯიხურები უნდა მდგარიყო, სხვა ჯიხურები დგას. "კეთილმოსურნეებმა" მითხრეს, ისეთი ხალხის არის ეს ჯიხურები, არ გამოგივა მათთან ბრძოლაო".

თინა ხიდაშელი (თბილისის საკრებულოს წევრი): "ბევრი ლაპარაკის მიუხედავად, რომ ჯიხურებთან დაკავშირებით ერთიანი სტანდარტი უნდა შეემუშავებინათ, კანონი ადრინდელივით ბუნდოვანი დარჩა. დიდხანს გვესმოდა, რომ ჯიხურები არ უნდა ყოფილიყო 2,5 მეტრზე მაღალი, 6 კვ.მ.-ზე მეტი ფართის, რომ ჯიხურებს შორის დაშორება უნდა ყოფილიყო 50 მეტრზე მეტი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ზეპირი განმარტებები და ამის შესახებ არსად წერია. ამან გააჩინა ეჭვი, რომ მიდგომები ისევ შერჩევითი იქნებოდა. ასეც მოხდა, ამ კანონის ძალით და სახელით ეტაპობრივად დაიწყეს ჯიხურების აღება: ჯერ 2006 წელს, შემდეგ კი 2010-ში, როცა ქალაქის ბიუჯეტიდან ჯიხურების დემონტაჟისთვის 450 ათასი ლარი დაიხარჯა. იმავდროულად, ახალი ჯიხურები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა. რეალურად, თბილისის ცენტრალური უბნებიდან მცირე მეწარმეობა, ფაქტობრივად, მოსპეს. ახლა იგივე ქალაქის სხვა უბნებშიც არის მოსალოდნელი.

პირველი დიდი ქსელი, რომელმაც ნებართვა მიიღო, იყო "ნუგეში". მის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ დარღვეულია ყველა ის დებულება, რომელიც ჯიხურების აღების მთავარ მიზეზად მიიჩნეოდა. პირველი: ჯიხური მიკროარქიტექტურულ გარემოს უნდა შეესაბამებოდეს. "ნუგეშმა" 80 ჯიხურზე ნებართვა მიიღო ერთი ფოტოსურათით, რომელიც გადაღებულია ნუცუბიძის ერთ-ერთ კვარტალში. ანუ, მიუხედავად იმისა, იქნებოდა ეს ჯიხური ქალაქის ისტორიულ ნაწილში თუ მასივებში, ყველაზე გაიცა ნებართვა ერთი ფოტოთი. მეორე - რასაც ასევე ზეპირად განმარტავდნენ, არის ის, რომ ისინი არ უნდა იდგეს გაზონებზე. ძალიან ბევრი ჯიხური დგას გაზონებზე... ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ჯიხურების რიგის გაჩენას და ამ საბაბით უარს ეუბნებიან ადამიანებს ჯიხურის დადგმაზე ან ნებართვის გაგრძელებაზე. ხილული მაგალითი გვაქვს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის წინ, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ექვსი ჯიხური დგას და 50-მეტრიანი დაშორებაც არ არის დაცული.

KvirisPalitra.Geჯიხურები, რომლებიც დღეს დგას და მერიის ახალი პროექტის გამო დღეს-ხვალ დემონტაჟი ემუქრება, თავის დროზე იმ ადგილებში დაიდგა, სადაც ვაჭრობა მომგებიანი იყო. ამას თავად ბაზარი კარნახობს. შესაბამისად, ძველისა და ახლის თანხვედრა ძალიან დიდია. ვფიქრობ, ახალ პროექტში მცირე გამონაკლისებს დაუშვებენ, რამდენიმე მცირე მეწარმეს მართლაც მისცემენ აუქციონში გამარჯვების შესაძლებლობას, რათა შემდეგ ეს მუდმივად თვალსაჩინო მაგალითად გამოიყენონ. სინამდვილეში კი ამ ათასი ჯიხურის უდიდესი ნაწილი მონოპოლისტური ქსელის საკუთრებაში იქნება. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ დღემდე ნებართვებს მხოლოდ ასეთი მონოპოლისტები იღებდნენ. შემთხვევითი ადამიანები აქ, როგორც წესი, ვერ ხვდებიან. ამოცანა ის არის, რომ ბიზნესსაქმიანობა ქალაქში ხელისუფლების კონტროლს მიღმა არ უნდა მიმდინარეობდეს. ის, რაც სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაში მოხდა, ახლა მცირე ბიზნესს ემუქრება.

- ე.წ. შაბათ-კვირის ბაზრობების მოსაწყობად ქალაქში ტერიტორიები შეირჩევა, დაიდგმება კარვები (ახლა კონკურსი კარვების დიზაინის შექმნაზეა გამოცხადებული) და თითქოს ესეც არჩილ გეგენავას სახელს უკავშირდება...

- "მეფის კარზე" არსებული არეულობის ფონზე, როცა გეგენავას პრობლემები შეექმნა ცენტრალური ხელისუფლებისგან და ის ძალიან დაზარალდა ფინანსურად, რადგან მას მთავარი კონტრაქტები ჩამოართვეს, მისმა მეგობარმა ქალაქის მერმა გადაწყვიტა ამ დანაკლისის ერთგვარი კომპენსაცია. ეს ბაზარი იქნება საკვების პროდუქტებთან დაკავშირებული მისი ინტერესის დაკმაყოფილების კიდევ ერთი საშუალება".

P.S. რაც შეეხება ახალ მოდერნიზებულ ჯიხურებს, ქალაქის მერიაში ახლობელს დავუკავშირდი, რომელსაც რჩევა ვთხოვე, თითქოსდა ჯიხურის დადგმის ტენდერში მონაწილეობისთვის. დაახლოებით ასეთი რამ მიპასუხა: უკვე წინასწარ არის გადაწყვეტილი, ვის შეხვდება კარგი სავაჭრო ადგილები, სხვა შემთხვევაში კი ხარჯის გაწევას არ გირჩევ, რადგან იჯარის გარდა, გადასახდელი გექნება თავად ჯიხურის, მისი დადგმის, კომუნიკაციების მიყვანის საფასური და გაწეული ხარჯი შესაძლოა ვერ აინაზღაუროო.