"გააჩერეთ, საგადასახადო ინსპექციაა?!" - კვირის პალიტრა

"გააჩერეთ, საგადასახადო ინსპექციაა?!"

გიორგი პერტაია: საგადასახადო მონიტორების დამატების აუცილებლობას ვერ ვხედავ

საგადასახადო სისტემაში ხშირი ცვლილება რომ მეწარმეს არასტაბილურობის განცდას უქმნის და არც ბიზნესის განვითარებისთვის ვარგა – ძველი ამბავია. თუმცა სტაბილურად ცუდი ნორმების დაკანონებას ალბათ მაინც ბიზნესისთვის ხელშემწყობი ცვლილების შეტანა სჯობს. როგორც მთავრობა ირწმუნება, მორიგი ცვლილებები სწორედაც ბიზნესს წაადგება, ოპონენტები პირიქით, მასში უკან გადადგმულ ნაბიჯებს ხედავენ. ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია ჩვენთან საუბრისას ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. მთავრობის ინიციატივებს პარლამენტი იხილავს და სავარაუდოდ, დაამტკიცებს კიდეც. მეორე მოსმენით ეს ცვლილებები მიღებულია.

ბაზრობებს ენიჭებათ სპეციალური სავაჭრო ზონების სტატუსი და მფლობელებმა უნდა აღრიცხონ არა მარტო სავაჭრო ადგილების გაქირავება, არამედ ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მოძრაობა. სპეციალურ სავაჭრო ზონაში საქონელი მხოლოდ ცენტრალიზებული სალარო პუნქტების მეშვეობით უნდა გაიყიდოს. მოვაჭრეები საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოებისგან გათავისუფლდებიან. საგადასახადოსთან ურთიერთობა მათ ნაცვლად სავაჭრო ზონის მეპატრონეს ექნება, რომელსაც მეწარმეები ქირას გადაუხდიან. კანონში დაგეგმილი ცვლილებით, მათ მიერ გაყიდული საქონელი ფიქსირებული 3%-იანი განაკვეთით დაიბეგრება.

ამასთან ერთად, სპეციალურ სავაჭრო ზონაში მიღებული შემოსავალი, რომელიც 3%-ით დაიბეგრება, პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ დაექვემდებარება. ბიზნესომბუდსმენს ამ ცვლილებების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რადგან მიაჩნია, რომ ბაზრობაზე მოვაჭრეებს ახალი რეჟიმი მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს.

ერთ-ერთი ცვლილებით, თუ მეწარმე ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას სალარო აპარატს არ გამოიყენებს, გაფრთხილების გარეშე დააჯარიმებენ. "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელ ლევან კალანდაძეს ეს მცირე მეწარმეების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია. მისი თქმით, აქამდე მეწარმეს პირველ ჯერზე აფრთხილებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ აჯარიმებდნენ 500 ლარით. ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია "ეკოპალიტრასთან" საუბრისას ამბობს, რომ არც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს პირველ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილებას.

KvirisPalitra.Ge"მეწარმე, რომელსაც სალარო აპარატის ჩეკის ამოურტყმელობაში გამოიჭერენ, ჯარიმდება. თუმცა სადაგასახადოში თუ გაასაჩივრებს, შეიძლება ჯარიმა გაფრთხილებით შეუცვალონ. პირველ ჯერზე გაფრთხილება რომ ნორმა ყოფილიყო ან იყოს – ნებისმიერი მეწარმე დაელოდება გამოჭერას და მერეღა დაიწყებს ჩეკის ამორტყმას", - ამბობს პერტაია. თუმცა ჯობია მცირე ჯარიმების შემოღება, რათა მეწარმეც მიეჩვიოს სალარო აპარატის გამოყენების აუცილებლობას.

მიწაზე ქონების გადამხდელ ფიზიკური პირებს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებს და მმართველობებს 2005 წლამდე არსებულ დავალიანებებს და საურავებს ჩამოაწერენ. კოდექსში ასევე ზუსტდება, რომ 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები საშემოსავლო გადასახადის 12%-იანი განაკვეთით დაიბეგრება. ხოლო რეექსპორტისა და გარე გადამუშავების რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და მათთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლდება. გიორგი პერტაია მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივები ნამდვილად კარგია, ჯარიმებზე დარიცხული საურავები ზოგჯერ ჯარიმის თანხასაც აჭარბებს და სწორედ მეწარმეების ინიციატივით შეიტანეს კანონპროექტში.

რეექსპორტზე შეღავათების მიზანი კი ის არის, რომ საქართველო გახდეს სხვა პროდუქციისთვისაც ისეთივე მიმზიდველი, როგორც, მაგალითად, ავტომობილების შემთხვევაშია. დღეს მსუბუქი ავტომობილები საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ლიდერია. მეზობელი ქვეყნები საქართველოში ჩამოტანილი მსუბუქი მანქანების მყიდველები არიან. ეს აიხსნება საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით, პროცედურების სიმარტივით; განსაზღვრული ვადის განმავლობაში არ არის გადასახადები რეექსპორტზე. იგივე შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ პროდუქციაზე, რაც საქართველოში შემოდის და შემდეგ აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში თუ რეგიონის სხვა ქვეყნებში გააქვთ. მთავარია, აქ ამ პროდუქციის დასაწყობების პირობები შეიქმნას.

საგადასახადო კანონმდებლობის ინიციატივა, რომელიც ე.წ. საგადასახადო მონიტორების შემოღებას უკავშირდება, ლევან კალანდაძეს არ მოსწონს და წარსულში არსებული ე.წ. ოდეერების სისტემას ადარებს, ხოლო გიორგი პერტაია აუცილებელ ნაბიჯად არ მიიჩნევს. პერტაიას თქმით, ფუნქციები ზუსტად განსაზღვრული არ არის. "უშუალოდ მონიტორები არ აჯარიმებენ, მაგრამ მათ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე. თუმცა მაშინ, როცა საგადასახადოს აქვს ქრონომეტრაჟის უფლება, კონტროლის ძალიან ბევრი საშუალება, მართალი გითხრათ, მონიტორების დამატების აუცილებლობას ვერ ვხედავ“. ხელისუფლების ახსნა ის გახლდათ, რომ საგადასახადოს წარმომადგენელი ბიზნესს კონსულტაციას უწევს და არ აჯარიმებს.

ბიზნესომბუდსმენს არ მოსწონს, რომ საგადასახადოს თანამშრომელს ქუჩაში მოძრავი ნებისმიერი ავტომობილის გაჩერების უფლება ენიჭება.

"პატრული არ აჩერებს უმიზეზოდ მანქანას. ასეთი ინიციატივის შემოღება რა საჭიროა - გაუგებარია. იდეა არის ზედნადების გარეშე გადაზიდული ტვირთის გამოვლენა, მაგრამ რა მექანიზმებით აპირებენ ამის კონტროლს, არ ვიცი. ვერ წარმომიდგენია საგადასახადოს თანამშრომელი, რომელიც დგას გზაზე და ნებისმიერ მოძრავ მანქანას აჩერებს“, - აცხადებს პერტაია.