ქართული თხილით ხშირად თურქი ტრეიდერები ხეირობენ - კვირის პალიტრა

ქართული თხილით ხშირად თურქი ტრეიდერები ხეირობენ

საქართველოში წლეულს თხილის უხვი მოსავალი მოვიდა, დაახლოებით 45 ათასი ტონა, მაგრამ თურქეთში მცირე მოსავლის გამო, ბაზარზე მოთხოვნაც დიდია და ფასიც შარშანდელთან შედარებით მაღალი.მეტიც, მოსავლის მოწევიდან დღემდე, თხილის ჩასაბარებელი ფასი ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, თუ სექტემბრის დასაწყისში თხილის გადამმუშავებელი ქარხნები მოსახლეობისგან 1 კგ თხილს 2,60-2,70 ლარად იბარებდნენ, ახლა ფასი 3,80-3,90 ლარია, წლის ბოლომდე, როცა მარაგები ამოწურვაზე იქნება, თხილის ფასი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

ამას ისიც ემატება, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, გალში მოწეული თხილი ზუგდიდში ნაკლებად შემოდის. გალელები ამბობენ, რომ წლეულს თხილის გადამმუშავებელი რამდენიმე ქარხანა გალშიც გაიხსნა, ამიტომ მოსავლის ჩატანა ზუგდიდში გარისკვად და სატრანსპორტო ხარჯად არ უღირთ.

ნანა ლაკერბაია (გალის რაიონის მკვიდრი): "წლევანდელი მოსავლით კმაყოფილი ვართ. თხილი ჩვენთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. აქამდე მოსავალი გასაყიდად ზუგდიდში მიგვქონდა, მაგრამ ახლა თხილის გადამმუშავებელი ორი ქარხანა გალშიც გაიხსნა და აქვე ვაბარებთ, კილოგრამში 60-65 რუბლს გვიხდიან. როგორც ამბობენ, შემდეგ ეს თხილი რუსეთში გააქვთო.

დღეს ვიყავი ზუგდიდში და ვნახე, რომ თხილის ჩაბარების ფასი იქ შედარებით მაღალია, მაგრამ რისკის გაწევად არ მიღირს. თუ დაგაკავეს რუსმა სამხედროებმა, რომ თხილი გადაგვაქვს ე.წ. საზღვარზე, ჯარიმა 2000 მანეთია, ამიტომ ყველას ურჩევნია, აქვე გაყიდოს".

ბეგი სიორიძე (თხილის საექსპორტო კომპანიის დამფუძნებელი): "დაახლოებით ოცი დღეა, თხილის ფასი სტაბილურია. დღეს თხილის ჩაბარების ფასი, მაგალითად, გურიაში 3,80-3,90 ლარია კილოგრამზე. ნაჭუჭიანი თხილის საექსპორტო ფასი 2,60-2,65 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მზა პროდუქციის ფასი 7 დოლარს აღწევს. ზუსტად ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ, მაგრამ სავარაუდოდ, თხილის ფასი წლის ბოლოსთვის მოიმატებს. ამის თქმის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ თურქეთში, რომელიც ევროპის ბაზარზე თხილის მთავარი მიმწოდებელია, წლეულს რეკორდულად დაბალი მოსავალი იყო. თხილის შესყიდვა ჯერაც გრძელდება, მაგალითად, ოზურგეთში ბაზარზე ყოველ დღე შემოდის 80-100 ტონა თხილი. იმავდროულად, თხილი ექსპორტზეც გადის. გლეხებისთვის შემოსავლის თვალსაზრისით საუკეთესო წელია, ასეთი მაღალი მოსავალი ჯერ არ მიუღიათ".

მამუკა თოდუა (თხილის ექსპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი): "არავინ იცის, ახალ წლამდე რა მოხდება. თურქეთში თხილის ცუდი მოსავალი იყო, მაგრამ სხვა ბაზრებზე, მაგალითად, ამერიკასა და იტალიაში ძალიან დიდი მოსავალია. ამიტომ, წლეულს ისეთი კატასტროფული დეფიციტის პროგნოზირება, როგორიც 2004-ში შეიქმნა, არასწორი იქნება. თხილის კარგი მოსავალი ჰქონდათ აზერბაიჯანშიც. ახალ წლამდე თხილის ჩაბარებისთვის აქტიური პერიოდი იქნება, თუმცა წლის ბოლოსთვის თხილის რეკორდული ფასის მოლოდინი ნაჩქარევი დასკვნა მგონია და ამან შესაძლოა ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის შემოსვლას შეუშალოს ხელი.

მეც მსმენია, რომ გალში რამდენიმე თხილის გადამმუშავებელი ქარხანა გაიხსნა, მაგრამ იმხელა რესურსი არ აქვთ, რომ მთელი მოსავალი ჩაიბარონ, ამიტომ გალელებს თხილი ზუგდიდშიც ჩამოაქვთ".

საექსპორტოდ თხილი ძირითადად გერმანიასა და იტალიაში გადის, აგრეთვე, ერაყში, სირიაში, ჩინეთში. ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსული იყო ბიზნესმენთა ჯგუფი ისრაელიდან, რომლებიც ასევე თხილის შესყიდვით არიან დაინტერესებული. ებრაელი ბიზნესმენების ქართული თხილით დაინტერესებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ბოლო დროს ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ისრაელი ახალ მომწოდებლებს ეძებს. ექსპორტიორები იმასაც ამბობენ, რომ ხარისხით ქართული თხილი თურქულს არაფრით ჩამოუვარდება, თუმცა ბევრად უფრო იაფი ღირს, რაც თურქი მარკეტოლოგების დამსახურებად მიაჩნიათ. მსოფლიო ბაზარზე თურქები თხილის ძირითადი გამყიდველები არიან და უმეტესწილად, ქართული და აზერბაიჯანული თხილიც მათ გააქვთ გასაყიდად. ეს ნიშნავს, რომ მოგების წილი, რომელიც წესით ქართველ ტრეიდერებს უნდა რჩებოდეთ, მარკეტინგული უნიათობის წყალობით, მოხერხებულ მეზობლებს რჩებათ.