მსოფლიო ბირჟებზე ოქრო რეკორდულად გაძვირდა - კვირის პალიტრა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო რეკორდულად გაძვირდა

ოქროს ფასმა გასულ კვირას (5-8 ოქტომბერი) მსოფლიო ბირჟებზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. უნციის ფასი აზიის ბირჟებზე 1058 დოლარსაც გადასცდა, ნიუ-იორკის ბირჟაზე კი 1056 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. წლის დასაწყისიდან ოქროს ფასი დაახლოებით 20%-ითაა გაზრდილი.უოლ-სტრიტზე ოქროს ფასის ზრდას ეკონომიკის გამოცოცხლების ინდიკატორად მიიჩნევენ, კერძოდ, ოქროს გაძვირებას, სავარაუდოდ, ეკონომიკური ზრდა უნდა მოჰყვეს.

გაძვირდა სხვა ძვირფასი ლითონებიც -ვერცხლის ფასმა თითქმის 1%-ით, 17,5 დოლარამდე მოიმატა, გაძვირდა პლატინაც და უნციის ღირებულებამ 1337 დოლარს გადააჭარბა. ფინანსური ანალიტიკოსები ოქროს ფასის შემდგომ ზრდას ვარაუდობენ, კერძოდ, ბრიტანული ბანკის "ბერკლიზის" პროგნოზით, წლის ბოლოსთვის უნცია ჯერ 1020 დოლარამდე გაძვირდება, ხოლო შემდეგ 1500 დოლარსაც მიაღწევს. გერმანული "დოიჩე ბანკი" კი ვარაუდობს, რომ 2010 წლამდე ოქროს ფასი 1100 დოლარამდე გაიზრდება. ექსპერტების ნაწილი უნციის ღირებულების 2000 დოლარამდე ზრდასაც ვარაუდობს, რადგან გაზრდილი ფინანსური რისკების ფონზე ოქროზე, როგორც რისკების ჰეჯირების (დაზღვევის, შემცირების) საუკეთესო ინსტრუმენტზე მოთხოვნა იზრდება.

შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილ უფროს ალან გრინსპენის თქმით, ოქროს სწრაფი გაძვირება იმის სიგნალია, რომ ძვირფას ლითონებს ინვესტორები ყიდულობენ, რათა ვალუტის კურსის ცვლილებით წარმოქმნილი რისკები დააზღვიონ. ასე რომ, უახლოეს 3-6 თვეში ახალი რეკორდების მოწმენი გავხდებით. ინვესტორებმა დოლარის გაყიდვა და ალტერნატიული და უფრო საიმედო ოქროს ყიდვა დაიწყეს. უმსხვილეს ფონდ SPDR GOLD TRUST-ის ოქროს მარაგი ათეულობით ტონით, 1150 ტონამდე გაიზარდა.

რამ გამოიწვია ოქროს მკვეთრი გაძვირება? სპეციალისტები რამდენიმე ვერსიაზე მსჯელობდნენ, ბოლოს კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ოქრომ ახალი რეკორდები დოლარის შესუსტების ხარჯზე დაამყარა. ამას დაერთო ინფორმაცია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა შესაძლოა უარი თქვან ნავთობის დოლარზე გაყიდვაზე. შესაბამისად, დოლარი ძირითადი ვალუტების -იაპონური იენისა და ევროს მიმართ მინიმალურ ნიშნულამდე გაუფასურდა.

ისტორიულ მაქსიმუმს, როგორც წესი, ან ახალი ისტორიული მაქსიმუმი ან ვარდნა მოჰყვება. თუმცა უცხოელი ექსპერტები ამბობენ, რომ ორივე შემთხვევაში ინვესტირების შესაძლებლობა მაინც რჩება.

ქართველი სპეციალისტების თქმით, საქართველოში ოქროში ინვესტირებისთვის სამი არჩევანია. ოქროს საინვესტიციო მონეტა, რომლის რეალიზაციას ეროვნული ბანკი ახდენს, მეორე -ოქროს ნაკეთობების შეძენა საიუველირო მაღაზიებსა და ე.წ. ოქროს ბირჟაზე, მესამე -საქართველოს მოქალაქეებს დანაზოგის ინვესტირება ოქროს ფიუჩერსებშიც შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ბროკერების მეშვეობით.

ეროვნული ბანკი უკვე სამი წელია უშვებს "ოქროს საწმისის" მონეტებს. ეს არის ყველაზე მაღალი, 999 სინჯის ოქროს მონეტები, 6 სხვადასხვა წონის -3,1 გრ; 7,7 გრ; 15,5 გრ; 31,1 გრ; 155,1 გრ და 311 გრ. აქედან ყველაზე პოპულარული 3,1 გრამიანი მონეტებია, რომლის ფასი პირდაპირ ოქროს  მსოფლიო ფასზეა მიბმული. შესაბამისად, ბოლოდროინდელი გაძვირების შემდეგ მისმა ფასმაც ერთ კვირაში დაახლოებით 5%-ით მოიმატა და ახლა სებ-ს 203 ლარად აქვს შეფასებული. ექსპერტები ოქროს მონეტებს საინვესტიციოდ მიმზიდველად და საიმედოდ მიიჩნევენ, რადგან ინფლაციას არ ექვემდებარება.

დავით ასლანიშვილი ("საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი+"-ის დამფუძნებელი): "ყველაზე მაღალი სინჯის და საინვესტიციოდ კარგი არის ოქროს ზოდები. მაგრამ ზოდები საქართველოში არ მზადდება (ოქროს ზოდი არც ეროვნული ბანკის საცავში აქვთ). ზოდები რომ იყიდებოდეს, ბაზრისთვის ხელსაყრელი იქნებოდა, მით უფრო, რომ მადნეულის ოქრო გვაქვს. აქ მოპოვებული ოქროთი ჯერ ადგილობრივი ბაზარი მომარაგდებოდა და შემდეგ გაიტანდნენ საექსპორტოდ. ეს ქვეყანას ინფლაციის კონტროლისთვის გამოადგებოდა, ამასთან ეროვნული ბანკისთვის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნებოდა, მაგრამ მადნეულში მოპოვებული ოქრო მთლიანად ქვეყნის გარეთ გადის.

ოქროზე მოთხოვნა ანუ მისი საინვესტიციო მიმზიდველობა, კრიზისის პერიოდში იზრდება, რაც ახლა ხდება. კრიზისის დროს სხვა აქტივებში, როგორიცაა მიწა, შენობები, სხვადასხვა წარმოება, უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, ვალუტა, ინვესტორს ფულის ჩადების ეშინია და ურჩევნია, დანაკარგებისგან თავი დაიზღვიოს. ოქრო კი არსად გაიქცევა და მეტია შანსი, რომ მას მომავალში მომატებულ ფასად გაყიდის.

იმ არჩევანს შორის, რაც საქართველოში არსებობს, ფულის ინვესტირებისთვის ოქროს საინვესტიციო მონეტა საუკეთესოა. ინფლაციისა თუ ფასების რყევებისგან ის უფრო დაზღვეულია. მეორე ვარიანტია ოქროს ნაკეთობის სავაჭრო ქსელში შეძენა, მაგრამ ის გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე რეალურად ღირს. მესამე ვარიანტია ყიდვა ე.წ. ოქროს ბირჟაზე. საბაზროსთან მიახლოებულ ფასში, მაგრამ დიდია შანსი, რომ ნაკეთობა გაყალბებული აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ ნაკეთობას ხშირად აქვს მინარევები და ძნელია გარჩევა, რომელია ნამდვილი და რომელი ყალბი. ქვეყანაში ძვირფასი ნაკეთობების კონტროლის მექანიზმი არ არის. დამღის დამსმელი არ არსებობს. საქართველოში არც ექსპერტიზის ბიურო არსებობს. ეს ხელს უშლის ამ ლითონში ინვესტირებას".

ბაზარზე რამდენიმე სინჯის ოქროა. უმაღლესი -999-სინჯიანი (1 გრამი 30-34 დოლარი ღირს), 750-იანი -ე.წ. კბილის ოქრო და 583 სინჯის მქონე, რომელიც ყველაზე დიდი ოდენობითაა ბაზარზე. მათ შორის განსხვავების კოეფიციენტი დაახლოებით 1,33-ია. ეს ფასებზეც უნდა აისახებოდეს, თუმცა ასე არ ხდება. მაღაზიებში ოქროს ნაკეთობებს ძვირად, ხშირად ოქროს რეალურ ღირებულებაზე 6-7-ჯერ გაზრდილ ფასად ყიდიან, ოქროს ბირჟასა და ლომბარდებშიც 750-სინჯის ოქრო 999-სინჯიანს ფასში იყიდება. მყიდველი სინჯისა და ფასის შეფარდებას უნდა დააკვირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ მისი გაყიდვა გაუჭირდება. ნამატს მაღაზიები ნაკეთობის ფასად ასაღებენ, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ამხელა სხვაობა არ შეიძლება იყოს. უცხოეთის ბაზარზე ნაკეთობის ფასნამატი 20-25%-ს არ აღემატება.

მსოფლიო ბაზარზე კრიზისის დროს ოქროზე მოთხოვნა ტრადიციულად იზრდება, ჩვენთან კი საპირისპირო ტენდენციაა. საიუველირო მაღაზიებს გაყიდვები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. ზარაფხანა შემოსავლების შენარჩუნებას სახელმწიფო შეკვეთებისა (სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ორდენებსა და მედლებს ამზადებს) და სუვენირების ხარჯზე ახერხებს.

ბირჟის სავაჭრო აგენტები შიშობენ, რომ ვალუტა გაუფასურდება იმის გამო, რომ მთავრობები რეცესიასთან ბრძოლისთვის დიდ ფულს ხარჯავენ, რაც ძვირფას ლითონებზე მოთხოვნის ზრდას მისცემს ბიძგს. აქციებისა და ფასიანი ქაღალდების ყიდვა გაცილებით სარისკოა, ამიტომ ბროკერები დანაზოგის უსაფრთხოდ შესანახად ოქროს შეძენას ურჩევენ. ექსპერტები ამბობენ, რომ ოქროს ყიდვის დროა, რადგან მომდევნო 10 წელში ოქროს ფიუჩერსების ფასი 2 ათას დოლარს გადააჭარბებს.

ნონა ქვლივიძე