X-გადასახადები ინდმეწარმეებისთვის - კვირის პალიტრა

X-გადასახადები ინდმეწარმეებისთვის

იმ მოქალაქეთა ლაშქარი, რომლებმაც კომერციული საქმიანობა შეწყვიტეს, საგადასახადოში მისვლას უფრთხის

მრავალმა მოქალაქემ, რომელიც ბოლო წლებში ინდმეწარმედ დარეგისტრირდა, საქმიანობა შეწყვიტა. შემდეგ მათ აღარც საგასახადო სამსახურისთვის მიუკითხავთ, იმის შიშით, რომ შესაძლოა რამე უსიამოვნო სიურპრიზი დახვდეთ, დავალიანების ან სანქციის სახით. პრობლემა ის არის, რომ საკმაოდ ბევრნი არ იცნობენ ინდმეწარმეთა უფლება-მოვალეობებს. უმრავლესობას მიაჩნია, რომ ინდმეწარმე ფიზიკურ პირს საერთოდ არ ეკისრება გადასახადები. მაგრამ ეს ასე არ არის. "ეკოპალიტრამ" სცადა საკითხში გარკვევაში დახმარებოდა ინდმეწარმეებს.

გახსოვთ ალბათ, წლების წინ პრეზიდენტის ხმაურიან გამოჩენას "პირიმზეში" ასევე ხმაურიანი ცვლილებები მოჰყვა საგადასახადო კოდექსში. მცირე ბიზნესის წასახალისებლად, პრეზიდენტმა გადასახადებისგან ყველა ის მეწარმე ფიზიკური პირი გაათავისუფლა, ვინც დაქირავებულ შრომას არ იყენებს და დამოუკიდებლად ახორციელებს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საქმიანობიდან ერთ-ერთს. მეწარმეობის პერსპექტივით დაინტერესებულმა მოსახლეობამ რატომღაც მხოლოდ ცვლილების პირველ ნაწილს მიაქცია ყურადღება და ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ინდმეწარმედ დარეგისტრირდა.

ზოგს სამეწარმეო საქმიანობა არც უწარმოებია და ინდმეწარმის დამადასტურებელი დოკუმენტი მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ საკრედიტო ბუმის პირობებში, ბანკისგან ბიზნესსესხი მიეღო. გაისტუმრეს თუ არა ასეთმა "ინდმეწარმეებმა" ბანკის ვალები, ცალკე პუბლიკაციის თემაა. თუმცა ფაქტია, რომ მეწარმის ფიზიკურ პირად დარეგისტრირება იმდენად მარტივია, ხოლო მოსახლეობის კანონმორჩილება იმდენად დაბალი, რომ ხშირად ფიზიკური პირები სამეწარმეო საქმიანობას, სხვა პირზე გაცემული ინდმეწარმის დამადასტურებელი დოკუმენტითაც კი ახორციელებენ.

"დააახლოებით სამი წლის წინ ნათესავმა მთხოვა, საგადასახადო სამსახურში წავყოლოდი და ჩემს სახელზე ინდმეწარმის ცნობა ამეღო. დამამშვიდა, რომ ამისთვის სახელმწიფო არანაირ გადასახადს არ დამაკისრებდა, თავად კი ჩემი საბუთით ბიზნესის წარმოებას შეძლებდა. საგადასახადო სამსახურში ანკეტა შემავსებინეს და პირადობის მოწმობის საფუძველზე, დაახლოებით ნახევარ საათში, ინდმეწარმის საბუთი მომცეს. ამ დოკუმენტით ჩემი ნათესავი მართლაც წარმართავდა ბიზნესს, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სწრაფი კვების ობიექტი ჰქონდა გახსნილი. მეც მშვიდად ვიყავი, რადგან საგადასახადო სამსახურიდან არასოდეს არავის შევუწუხებივარ და ვფიქრობდი, რომ ნათესავი, რომელიც ჩემი ცნობით სარგებლობდა, პირნათლად აწარმოებდა საგადასახადო სამსახურებთან ანგარიშსწორებას.

თითქმის ერთი წელია, ჩემმა ნათესავმა სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა. ახლა გაურკვევლობაში ვარ, რადგან არ ვიცი, როგორც ინდმეწარმეს, რას მავალდებულებს კანონი. საგადასახადო სამსახურშიც ვერ მივდივარ, რადგან ვშიშობ, იქ სოლიდური ჯარიმები არ დამაკისრონ. მოკლედ, სირაქლემას მდგომარეობაში ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე", _ შემოგვჩივლა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

როგორც "ეკოპალიტრამ" გაარკვია, ამგვარ ვითარებაში საკმაოდ ბევრი რეგისტრირებული ინდმეწარმეა, ვინც აღარ ახორციელებს, ან შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა, მაგრამ ამის შესახებ საგადასახადო სამსახურებისთვის არ უცნობებია. ბევრმა შესაძლოა თავისი გვარ-სახელი ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც აღმოაჩინოს, სადაც იმ მეწარმე ფიზიკური პირების ვრცელი ჩამონათვალია, ვისაც სახელმწიფოს წინაშე ვადაგადაცილებული დავალიანება დაუგროვდათ. ჩვენ კი შევეცადეთ, ფინანსთა სამინისტროსგან დეტალური ინფორმაცია მიგვეღო, რა ვალდებულება ეკისრება ინდმეწარმე ფიზიკურ პირს სახელმწიფოს წინაშე.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ფიზიკური პირის ინდმეწარმედ რეგისტრაცია ხდება მისი საცხოვრებელი ან საქმიანობის ადგილის მიხედვით, განაცხადის ფორმისა და პირადობის მოწმობის საფუძველზე. ინდმეწარმედ დარეგისტრირების შემდეგ პირს გადასახადის გადამხდელის მოწმობა ეძლევა. ინდმეწარმე იხდის საშემოსავლო გადასახადს, რომლის განაკვეთი 20%-ია. მას ინდმეწარმე ფიზიკური პირი წელიწადში ერთხელ იხდის და დეკლარაციას საგადასახადო სამსახურში ყოველი წლის 1-ელ აპრილამდე წარადგენს. საშემოსავლო გადასახადისგან მხოლოდ ის მეწარმე ფიზიკური პირი თავისუფლდება, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ შრომას და რომელიც საქმიანობას ახორციელებს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის, ვ. ქვეპუნქტის შესაბამისად. ეს გახლავთ: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, ხალიჩების, საცვლების, თავსაბურავების წარმოება, ხის საოჯახო ნივთებისა და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლისა და ინვენტარის წარმოება, ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოება, ავტომობილის ტექნიკური მომსახურება და რემონტი, ტანსაცმლისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების რემონტი, სამდივნო და თარგმნითი მომსახურება, თმის დაბანა, შეჭრა, შეფერადება და სხვა.

"ინდმეწარმე ფიზიკური პირისთვის ქონების გადასახადი იმ შემთხვევაში წარმოიშვება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში მისი და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი 40 ათას ლარს გადააჭარბებს. ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულოა მაშინაც, თუ უძრავი ქონება აქვს იჯარით გაცემული. ამ შემთხვევაში შემოსავლის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, ინდმეწარმეს დაეკისრება იმ მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება, რომელზეც იჯარით გაცემული ფართი დგას.

ქონების გადასახადის ნაწილში არის გარკვეული შეღავათები სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით. ინდმეწარმე, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობს, ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასახადი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს მიწა უკვე იყო საკუთრებაში 2004 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით და 5 ჰექტარს არ აღემატება. შესაძლოა წარმოიშვას დღგ-ის გადახდის ვალდებულებაც, თუ ფიზიკური პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა 100 ათას ლარს გადააჭარბებს. ამ მომენტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 დღისა, პირი ვალდებულია, ეს საგადასახადო სამსახურს აცნობოს. შესაძლოა, ფიზიკურმა პირმა ასეთი შემოსავალი ერთჯერადი ოპერაციითაც მიიღოს და მაშინაც ვალდებულია, დამატებული ღირებულების გადასახადი გადაიხადოს.

ინდმეწარმე ფიზიკური პირი შესაძლოა იყოს აქციზის გადამხდელიც, თუ აწარმოებს აქციზით დასაბეგრ საქონელს. შესაძლოა ასევე წარმოიშვას სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებაც, თუ ინდმეწარმე ფიზიკური პირი ახდენს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას. გარდა იმ შეღავათებისა, რაც ვრცელდება ბაზრისა და ბაზრობის ტერიტორიაზე, ანუ არასტაციონალურ ტერიტორიაზე მოვაჭრეებისთვის", _ განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

გადასახადის გადამხდელი, მათ შორის ინდმეწარმე ფიზიკური პირი, მიუხედავად იმისა, ახორციელებს თუ არა სამეწარმეო საქმიანობას, სარგებლობს თუ არა საგადასახადო შეღავათებით, ვალდებულია საგადასახადო სამსახურში წარადგინოს ყოველწლიური დეკლარაცია, თუნდაც ნულოვანი. დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა იწვევს პირის დაჯარიმებას, დასარიცხი გადასახდელი თანხის 5%-ის ოდენობით, ყოველ დაგვიანებულ თვეზე, თუმცა სანქციის ჯამური თანხა არ უნდა იყოს 200 ლარზე ნაკლები. თუ საგადასახადო დეკლარაციის დასარიცხი გადასახდელი თანხა ნულის ტოლია, პირს ჯარიმა არ დაეკისრება.