მსო: ვარიანტი, რომლითაც "ყველა კმაყოფილია"?! - კვირის პალიტრა

მსო: ვარიანტი, რომლითაც "ყველა კმაყოფილია"?!

რა უხარია ქართულ მხარეს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრების საკითხზე ბოლოს მხოლოდ საქართველო აყენებდა წინაპირობებს, თუმცა წინააღმდეგობის მარტო გაწევის რესურსი ამოეწურა და შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას დათანხმდა. მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში 9-10 ნოემბრისთვის არის დანიშნული. თუ რუსული მხარე შვეიცარიის კომპრომისული წინადადების მიღებას ოფიციალურად დაადასტურებს, გაწევრებამდე მხოლოდ პროცედურული საკითხები დარჩება. მსო-ში რუსეთის საკითხს 153 ქვეყანა მინისტერიალზე 15 დეკემბერს განიხილავს.

ქართული მხარის მტკიცებით, ამ შემოთავაზების საფუძველზე შესაძლებელი ხდება საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის მონიტორინგი, რასაც სპეციალური მონიტორები განახორციელებენ. საუბარია სამი ე.წ. სავაჭრო კორიდორის გაკონტროლებაზე. ერთი იწყება მდინარე ფსოუდან და მთავრდება ქალაქ ზუგდიდში. მონიტორები მდინარე ფსოუზე განთავსდებიან და გააკონტროლებენ, რა შევა აფხაზეთში. მეორე სავაჭრო კორიდორი როკის გვირაბის ჩრდილოეთით იწყება და ქალაქ გორში მთავრდება, მესამე კორიდორი კი ლარსის გამშვებ პუნქტთან დაწესდება.

შვეიცარია ნეიტრალური, მესამე მხარის როლს შეასრულებს. ის კერძო კომპანიას დაიქირავებს, რომელიც ტვირთების მოძრაობას მონიტორინგს გაუწევს.

შვეიცარიის წინადადების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან „სავაჭრო დერეფნების თავსა და ბოლოში განთავსდებიან და მონიტორინგს გაუწევენ, რა შედის და რა გამოდის ამ დერეფნებში". ისინი სეპარატისტულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე კი გადის, მაგრამ გეოგრაფიული კოორდინატებით განისაზღვრებიან და არა დასახელებებით.

მესამე სავაჭრო დერეფანი ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რუსეთ-საქართველოს საზღვრის არასადავო მონაკვეთზეა.

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, დამკვირვებლები რუსეთის საზღვრის რუსულ მხარეს განლაგდებიან, ხოლო სხვა ჯგუფები ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს იმოქმედებენ, ანუ ისინი სეპარატისტული რეგიონების შიგნით არ განთავსდებიან. მესამე სავაჭრო დერეფანი ბევრად მცირე იქნება და მონიტორების ორი ჯგუფი საზღვრის ორივე მხარეს განლაგდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, მსო-ოს საკითხის კომპრომისული ვარიანტი საქართველოს ხელისუფლებაში დიპლომატიურ გამარჯვებად შეირაცხა. თავის მხრივ, კრემლში რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრების სიკეთეები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) საქართველოს წარმომადგენლობაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლით საქართველო მხოლოდ მოგებული დარჩება. ევროკომისიის ხელმძღვანელობამ კი განაცხადა, რომ ევროკავშირი თბილისსა და მოსკოვს მიღწეული შეთანხმების განხორციელებაში დაეხმარება. თვით მსო-ში რუსეთის გაწევრების საკითხს პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილად მიიჩნევენ.

მოამზადა დავით კობახიძემ