ევრო მთელ საბერძნეთზე ძვირფასია - კვირის პალიტრა

ევრო მთელ საბერძნეთზე ძვირფასია

ევროკავშირის ლიდერმა ქვეყნებმა საბერძნეთს ულტიმატუმი წაუყენეს

საბერძნეთში ქამრების დაუსრულებლად შემოჭერას მხოლოდ პოლიტიკოსების ნება აღარ ჰყოფნის. ქვეყნის მთავრობაში ამ მძიმე პასუხისმგებლობის გადანაწილება მოისურვეს, მაგრამ ვითარების შეცვლის შესაძლებლობები არცთუ დიდი აღმოჩნდა. ევროკავშირი შოკში ჩავარდა, როცა წინა კვირაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგიუს პაპანდრეუმ ცალმხრივად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. პაპანდრეუს სურდა, ბერძნებს გადაეწყვიტათ, მიიღონ თუ უარი თქვან 130-მილიარდიან დახმარებაზე. 4 დეკემბრის რეფერენდუმით, ფაქტობრივად, ისიც გაირკვეოდა, სურთ თუ არა ბერძნებს ევროზონაში დარჩენა, რადგან ევროკავშირის გეგმის უარყოფა ევროზონაში მათ წევრობასაც საფრთხის ქვეშ დააყენებდა. მოულოდნელ სიახლეს მსოფლიო ბაზრებზე ლამის პანიკა მოჰყვა.

არასასიამოვნოდ გაკვირვებულმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა საბერძნეთს ულტიმატუმი წაუყენეს და გააფრთხილეს, რომ ქვეყანა ევროპული დახმარებიდან 1 ცენტსაც ვერ მიიღებს, სანამ არ გადაწყვეტს, სურს თუ არა ევროზონაში დარჩენა. საბერძნეთის მთავრობას ევროკავშირის ლიდერებმა ღიად მიანიშნეს, რომ მათთვის ევროს ბედი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბერძნეთის გადარჩენა. შეაჩერეს ათენისთვის განკუთვნილი დახმარების მორიგი, 8-მილიარდიანი ტრანშიც. საბერძნეთის დეფოლტის, მისი მთავრობის გადადგომის, ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლისა და მთელი ამ ზონის დესტაბილიზაციის რისკი რეალური გახდა.

რეფერენდუმის დაანონსებამ, ფაქტობრივად, ნულამდე დაიყვანა სამიტის შედეგები, რომელზეც საბერძნეთისთვის ვალების ნახევრის ჩამოწერა გადაწყდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ბერძნების 70% წინააღმდეგია საბიუჯეტო ხარჯების შემცირებისა, მაგრამ ეს დახმარების მიღების წინაპირობაა.

პაპანდრეუს იდეა საბერძნეთის რამდენიმე მინისტრმა დაიწუნა. მათ განაცხადეს, რომ ადგილი ევროზონაში საბერძნეთისთვის „ისტორიული მონაპოვარია“ და ის მასების ნებაზე ვერ იქნება დამოკიდებული...

რამდენიმედღიანი ვნებათაღელვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა რეფერენდუმის იდეაზე უარი თქვა და დათანხმდა დროებითი მთავრობის შექმნის საკითხის განხილვას (რაც მანამდე ოპოზიციამ წამოაყენა), შემდეგ კი გადადგომასაც. პაპანდრეუსთან დაახლოებულმა წყარომ მედიას შეატყობინა, რომ თუ პოლიტიკური ძალები მოახერხებდნენ პოზიციების შეჯერებას, რეფერენდუმის აუცილებლობა აღარ იარსებებდა.

მოამზადა დავით კობახიძემ