გზა ურმის გადაბრუნების შემდეგაც არ ჩანს - კვირის პალიტრა

გზა ურმის გადაბრუნების შემდეგაც არ ჩანს

ნინო მარტოიანი ჯერ მხოლოდ 26 წლის იყო. 18 თებერვალს შპს "ახალი სამშობიაროს" კუთვნილ კლინიკაში გარდაიცვალა. საღ-სალამათი მიიყვანეს სამშობიაროდ, იქიდან ბედნიერი, შვილთან ერთად უნდა  დაბრუნებულიყო, მაგრამ ისე მოკვდა, შვილისთვის თვალის შევლებაც ვერ მოასწრო.

ნინოს მკურნალმა ექიმმა თვითმკვლელობა სცადა.

მას შემდეგ, რაც გულის ოპერაციას დავესწარი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ თუ ექიმს ადამიანის სიცოცხლე არ უყვარს და მის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას არ გრძნობს, ჰიპოკრატეს ფიცისკენ არც უნდა გაიხედოს. პასუხისმგებლობასა და სიყვარულში მერყევი ადამიანი ერთ დღესაც ნებისმიერ ფიცს უღალატებს, შესაძლოა გონს მოსვლას თავის მოკვლის მცდელობაც მოჰყვეს.

ამ ტრაგიკული ამბის მთავარი გმირი ახლა ნინოს პატარა გოგონაა, რომლისთვისაც, მგონი ჯერ სახელიც არ შეურჩევიათ. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილის ოჯახს ბავშვი შინ არ მიჰყავს. არ სჯერათ, რომ ეს ის ჩვილია, რომელსაც ნინო 9 თვე ბედნიერი ატარებდა მუცლით, მარტოიანის ოჯახის წევრების თქმით, ორსულობის პერიოდში, ექოსკოპიური გამოკვლევების დროს, ექიმები აცხადებდნენ, რომ მარტოიანი ვაჟის დედა უნდა გამხდარიყო, “მშობიარობის შემდეგაც გვითხრეს, რომ ბიჭი დაიბადა და მერე უცებ გოგოთი შეცვალესო?!” _ აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ოჯახი შესაბამისი ანალიზის ჩატარებას ითხოვს.

ვნერვიულობ, როდის გაირკვევა, რომ გოგონა ნამდვილად ნინოს შვილია და მაინც მეფიქრება, ვაი და არ იყოს? ე.ი. დედასთან ერთად ჩვილიც მოკვდა? მაშინ ეს ბავშვი ვისია, ვიღაცამ მიაგდო და უცებ უდედოდ და უოჯახოდ დარჩენილი პატარა გარდაცვლილი მარტოიანის ოჯახისთვის ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიყენეს? ისეთი აზრები მომდის, თავში, რომ მინდა, გონება გამეთიშოს და არაფერი ვივარაუდო. საკუთარ თავშივე ვგრძნობ, რომ ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა და ჩვილ გოგონასთან დაკავშირებით ნებისმიერი ვარაუდი შესაძლოა დადასტურდეს.

გარდაცვლილის ჭირისუფლები ასევე ითხოვენ პასუხი აგოს ყველა იმ პირმა, ვისაც ნინოს სიკვდილში წვლილი მიუძღვის. მათი განმარტებით, სამშობიაროში მშობიარე ნორმალურ მდგომარეობაში მიიყვანეს. სამშობიარო ბლოკში გადაყვანის შემდეგ მარტოიანის მდგომარეობა რატომღაც მოულოდნელად დამძიმდა, პაციენტს დაეწყო ძლიერი სისხლდენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

სანამ ექსპერტიზა ზუსტ მიზეზს არ დაადგენს, გაუმართლებლად  მიმაჩანია მიზეზებზე ლაპარაკი. ასევე ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არ არის ერთი ოჯახის, ან ერთი ადამიანის ტრაგედია, რადგან სამწუხაროდ, არც იმის იმედი არ მაქვს, რომ ხვალ იგივე სხვა კლინიკაში არ მოხდება, თუნდაც ისეთში, სადაც ევრორემონტია გაკეთებული.  21 საუკუნის სტანდარტების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნიკის პულტთან შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმიც უნდა იდგეს.

ტრაგედიის გახმაურების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ შპს "ახალი სამშობიაროს" საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. უცნაურია,  ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ ნინო მარტოიანის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ დედაქალაქში არსებობს ისეთი კლინიკა (შესაძლოა კლინიკებიც) როგორიც შპს “ახალი სამშობიაროა.”

ნეტავ რის საფუძველზე დაარქვა ახალი სამშობიარო ამ შპს-ს პატრონმა, თუ დამფუძნებელმა თავის “ბიზნეს ობიექტს”? სავარაუდოდ, დღემდე ამ დაწესებულებაში ახალი, მხოლოდ სიცოცხლე იბადებოდა.

ურუშაძის განცხადებით, მოკვლევამ აჩვენა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში უხეშად ყოფილა დარღვეული კანონით დადგენილი პირობები, რაც რისკს უქმნის იქ მყოფი პაციენტების სიცოცხლეს. მათ სხვადასხვა სამშობიარო სახლებში გადაიყვანენ. მკურნალობის ხარჯებსაც სახელმწიფო დაფარავს.

ნინო მარტოიანის გარდაცვალების ფაქტს პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ და სამედიცნო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

მინისტრი ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის იმ პაციენტებს, რომლებიც აღნიშნულ ცენტრში მკურნალობდნენ.

გავგიჟდი!!!! ბოდიში მომითხოვია საზოგადოებისთვისაც და თქვენს მიმართ შესაძლოა აგრესიული ტონისთვისაც ბატონო მინისტრო, მაგრამ აქამდე სად იყავით, გეძინათ? იქნებ იმდენად გაერთეთ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ახალი საავადმყოფოების გახსნასა და პრეზიდენტთან ერთად ქარბორბალასავით ბზრიალში, რომ მინაგავებული ე.წ. კლინიკები დაგავიწყდათ? კი მაგრამ, როგორ გაიცა ასეთი ობიექტისთვის მუშაობის ლიცენზია? რატომ დაუშვით მისი ასეთი პირობებით არსებობა აქამდე? იქნებ იმიტომ, რომ “კეთილი ნება” გამოიჩინეთ და ეკონომიკურად წელში გატეხილ, მაგრამ შვილოსნობის მოსურნე ოჯახებს საშუალება მიეცით, უბრალოდ საავადმყოფოდ წოდებულ დაწესებულებაში ემშობიარათ? ევროსტანდარტებიან სამშობიარო სახლებს ხომ ყველა ვერ შეწვდება. ახლა უფინანასებს სახელმწიფო “ახალი სამშობიაროდან” ევაკუირებულ პაციენტებს მკურნალობას და მშობიარობას? “ახალ სამშობიაროში” მისვლამდე რომ თქვენთან მოსულიყვნენ და დახმარება ეთხოვნათ, ფული არ გვაქვს, მაგრამ ნორმალურ პირობებში გვინდა ვიმშობიაროთ ან ვიმკურნალოთ და დაგვეხმარეთო, რა პასუხით გაისტუმრებდით? პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე რას იტყვით? თქვენ არაფერ შუაში არ ხართ ამ ტრაგედიასთან? თუ ამას ხმამაღლა არ იტყვით და რაღა თქმა უნდა, არც გადადგებით ამ ამბის გამო, ვიმედოვნებ, გულში მაინც გაივლებთ, რომ თქვენც მიგიძღვით წილი ამ ტრაგედიაში. უდანაშაულობის პრეზუმციას ვარღვევ?  დამიმტკიცეთ, რომ თქვენ და სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ ამბავში უდანაშაულონი ხართ,

სამწუხაროდ, ნინო მარტოიანის ტრაგედია ერთ-ერთია, რომლის შემდეგაც იტყვიან, რომ ურემი გადაბრუნდა, მაგრამ გზა არ გამოჩნდა. ამ ქვეყანაში არც ჯანმრთელობის გაუარესების ზუსტ მიზეზებს იკვლევენ და ზოგადად ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი ჯანდაცვის სისტემის ავადმყოფობის ზუსტი მიზეზის დადგენაზეც არ მუშაობენ. ამიტომაც გადაჭარბებულია იმაზე ლაპარაკი, რომ განვიკურნებით.