მოკეტეთ - კვირის პალიტრა

მოკეტეთ

საქართველოს ხელისუფლებამ ახალი გადასახადები და საჯარიმო სანქციები შემოიღო. კიდევ ერთი განკარგულებით ლიმიტი დააწესა ლაპარაკზეც. დიახ, ლაპარაკი ფასიანია, მხოლოდ 300 სიტყვის წარმოთქმა შეგიძლიათ. ამის შემდეგ უფლება გაქვთ, შეიძინოთ კიდევ სამასი სიტყვა, თითო ოთხ თეთრად. თუ ეს ლიმიტიც ამოგეწურათ, ტარიფი ხუთმაგდება. ხელისუფლებამ საბოლოდ გადაწყვიტა შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა. თუმცა, ამ არადემოკრატიულ ქმედებას იმით ხსნის, რომ საზოგადოებას დაბრძენებაში ეხმარება.

დედაქლაქის მერის გიგი უგულავას ლოგიკით,  ყველა ეცდება ენას კბილი დააჭიროს და შეიცნოს, რომ დუმილი ოქროა, მოზომილად (ანუ ეკონომიურად) ნათქვამ სიტყვას კი ასევე ოქროს ფასი ექნებაო. ოპოზიციამ რა თქვა? თავიდან კი აყაყანდნენ, მაგრამ უზარმაზარი საჯარიმო გადასახადი რომ მიუვიდათ, “მოკეტეს”. ახლა გამწარებული წერენ საპროტესტო და დახმარების მუდარით სავსე წერილებს ევროკავშირს. შალვა ნათელაშვილი კი ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ მდუმარე საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. ამჯერად აღარ იყვირებს, მხოლოდ პლაკატს ააფრიალებს წარწერით, “დაუნ ზი დიქტეიტ.”

საქართველოს მთარობის გადაწყვეტილებამ მხოლოდ ერთი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ვერ აღაშფოთა. დამახასიათებელი ღიმილით ჩაუჩურჩულებია, ჩემთვის 300 უფასო სიტყვაც ზედმეტიაო. ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ თევზაძე მხოლოდ იმ შემთხვევაში აღშფოთდება, გადასახადი გაუხმოვანებელ ფიქრებზეც თუ დაწესდება. ჯერ არავის გამოუგონია ასეთი ფიქრების დამთვლელი აპარატი. ამიტომაც ყოფილ მინისტრს თავდაჯერებულად უთქვამს, მანამ არაფერი მეტკინოს, სანამ მსგავს ხელსაწყოს ვერ შექმნითო.

მოკლედ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ახალი ექსპერიმენტი ჩაატაროს და ხალხი თევზებად აქციოს. ამასთან, ფულიც შეუვა ბიუჯეტში. დამრღვევს უმკაცრესი ფულადი ჯარიმის გადახდა ეკისრება. ნაადრევია თქვენი სიხარული, თუ გგონიათ, რომ ბევრი ფული გაქვთ და თვეში სულ მცირე 3000 სიტყვის ყიდვას შეძლებთ. ხელისუფლების მიზანი ხომ ის არის, რომ სამუდამოდ გადაგვაჩვიოს მეტყველებას და მხოლოდ მაშინ მიიღოს პასუხი, როდესაც ხალხს ქვევრივით რაღაცას ჩასძახებს ამოძახილით სიამოვნების მისაღებად. შედეგი ექნება თუ არა? რატომაც არა?!

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეზღუდვა არავის მოეწონა, მოსახლეობის უმრავლესობამ ერთი ამოიოხრა და ისევ მოთმინებას მისცა თავი, რა ვქნათ, არ ვილაპარაკებთ და ეგ იქნებაო. დიასახლისებმა ტელევიზორები ჩართეს და უფრო მეტი სერიალი მოძებნეს სხვადასხვა არხებზე, ერთის დასრულებისთანავე მეორეზე გადასართავად, რათა პაუზა არ ჰქონდეთ და ხელი არ წასცდეთ ტელეფონზე სალაპარაკოდ. დღეში სულ რაღაც ათიოდე სიტყვას ამბობენ, რომ თვის განმავლობაში 300 უფასო სიტყვიანი ლიმიტი მალე არ ამოწურონ. კაცებიც მდუმარედ უყურებენ საფეხბურთო ტელეარხებს და აღტაცებას მხოლოდ ღმუილით და ღრიალით გამოხატავენ.

ეჰ, მაგათ რა უჭირთ, მე ვიკითხო და ჩემნაირებმა.  წეღანაც კართან ზარის ხმა გაისმა. სათვალთვალოში რომ გავიხედე, ინკასატორი იდგა ხელში ქვითრით. ღმერთო ჩემო, როგორც ჩანს, სადღაც ისევ გადავაჭარბე ლიმიტს - მეთქი, ამოვიოხრე და კარი გავუღე. აშკარად თანაგრძნობით ჰქონდა თვალები სავსე, მაგრამ რა ექნა? მოვალეობა, მოვალეობაა.. უხერხულად ატრიალებდა ხელში იმ ჩემი ცოდვით სავსე საჯარიმო ფურცელს.  ქვითარს დავხედე, საჯარიმო ადგილი ლიტ - კაფე, ლიმიტს 35-ჯერ გადააჭარბეთ. საჯარიმო თანხა სამიანით იწყებოდა, მის გვერდით მიწერილ ნულებს რომ დავხედე, თვალებში დამიბნელდა. შეგიძლია განვადებით გადაიხადო, ან  მთელი წლის განმავლობაში ენას კბილი დააჭირო და ჩამოგექვითება, მითხრა მან და თვითონაც მიხვდა, რომ სისულელე თქვა, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ არაფერია ჩემთვის ენაზე კბილის დაჭერაზე და კლავიატურის დავიწყებაზე უფრო ძნელი.

ჰო, ერთიც დამავიწყდა. სოციალურად გაჭირვებულებისთვის შეღავათებია, უფასოდ ილაპარაკეთ რამდენიც გინდათო, მაგრამ სადღა აქვთ ლაპარაკის თავი?!