დედა-ქალიშვილობა?! - კვირის პალიტრა

დედა-ქალიშვილობა?!

საღამოს 9 საათი იყო,  რედაქციიდან დაღლილობის გამო გათიშული გამოვედი. ყვითელ მიკროავტობუსს ხელი დავუქნიე და ორ წამში სალონში ვიჯექი. გვერდით სავარძელზე, სავარაუდოდ 17 წლის ასაკის გოგონას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს. ტელეფონის მიკროფონს იმდენად მაღალი ხმა ჰქონდა, რომ ჩემნაირ ყურებდაცქვეტილს, ყველაფრის მოსმენა შეეძლო. თან საუბარი ისეთი ტექსტებით დაიწყეს, სულ დამავიწყდა დაღლილობა. აი, ასეთ დიალოგს შევესწარი:

- დედა შევხვდი.

- როგორია?

- საყვარელი, ქერა, ჩემზე მაღალია, ზოგადად მაღალი არ არის, მაგრამ არც მე ვარ ცამაღალა. ცისფერი თვალები აქვს, ძალიან ლამაზი, ძალიან ლამაზი ტუჩები და ცხვირი. აუ, ძალიან საყვარელია დე.

- რა ეტყობა, როგორი შეძლების მამა ჰყავს?

- რა ვიცი, კარგად ეცვა.

- გოგოოოო (კივილი ისმის ტელეფონიდან) კარგად ეცვა კი არა, რით იყო მოსული, სად წახვედით?

- რა გაკივლებს? მეტროსთან შეხვდით, მეტროდან ამოვიდა, მერე მთელი დღე ”თბილისი ცენტრალში” გავატარეთ. მკითხა სად გინდა წასვლაო, მე ვერ მოვიფიქრე ვერაფერი და იქ დავრჩი. ხან ნაყინი ვჭამეთ, ხან მზესუმზირა და კი გავიდა დღე.

- 8 საათია სახლიდან წახვედი და მთელი დღე ”თბილისი ცენტრალში” ნაყინის და  მზესუმზირის საჭმელად იყავი? ხისთავიანია? მაგათ, სვანებს, მძიმე ხასიათი აქვთ, თან ფულიც თუ არ აქვს მამამისს, უფრო მძიმე იქნება.

- კარგი რა დედა, ძალიან საყვარელია.

- ეგ ახლა, მისი ცოლი რომ გახდები, მერე უფულობა დაგანახებს, რომ შენი ბიჭი სულაც არ არის საყვარელი. ჯიბეგაფხეკილი ყველა მამაშენივით დეგენერატია.

- კარგი, რა დედა.

გოგონამ დედას ტელეფონი გაუთიშა. თუმცა დედამ კვლავ სცადა საუბრის გაგრძელება:

- რა გინდა, შემეშვი, სახლში მოსვლამდე მაინც მუ მომიშლი ნერვებს.

- გოგო, დაფიქრდი, მანქანა არ ჰყავს, მეტროთი მოჩერჩეტდა, მთელი დღე ვაგზალზე გაბორიალა.

- ვაგზალზე არა დედა, ”თბილისი ცენტრალში” ვიყავით.

- გოგო, ეგ ვაგზალია, ახლა ჰქვია ცენტრალი თუ ჯანდაბა, თორემ ადრე ბოზების თავშეყრის ადგილი იყო.

- რაში მაინტერესებს რა იყო ადრე, დღეს კარგად ვიყავი იმ ბიჭთან. დამიჯერე, ძალიან საყვარელია.

- ხომ არ აკოცე, იქნებ აკოცე უკვე? მოგკლავ.

- არა, რა სისულელეა. პირველ შეხვედრაზე ხომ არ მივვარდებოდი?

- არ არის ეგ ბიჭი შენი საქმე და სახლში მოსვლამდე დაივიწყე. უკეთესს ნახავ.

- დედა, რატომ მელაპარაკები ასე?

- ???????

ამჯერად დედამ გათიშა ტელეფონი. გოგონა ანერვიულდა. ვიღაცასთან, სავარაუდოდ დაქალთან დარეკა.

- დედაჩემმა დამირეკა. თუ ფულიანი არ არის ის ბიჭი, შენი საქმე არ არისო. მე კიდევ ძალიან მომეწონა. როგორ გავიგო ფული აქვს თუ არა და თუ არ აქვს, რა ვქნა?

- შენც ვერ მოატყუე დედაშენს? წავიდოდა და შეამოწმებდა?

- სახლში მისვლა არ მინდა, ტვინს გაბურღავს...

ამასობაში მიკროავტობუსი ჩემს გაჩერებას მიუახლოვდა და მიყურადებას გამოვეთიშე. იტყვით ახლა, რას უსმენდიო? მე კი არა, მთელი სალონი სმენად იყო ქცეული. მძღოლმა სულელურ სიმღერებს რომ გვახვევდა თავზე, ისიც კი დათმო. ბოლომდე ჩაუწია ხმა და ყველას გულისყური სატელეფონო დიალოგისკენ იყო მიმართული, ეს დიალოგი კი, დამეთანხმებით ალბათ,  დღევანდელი რეალობის ნათელი მაგალითია.  განსჯა თქვენთვის მომინდია, ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ვისმინე.  ერთსაც გირჩევთ, ცოტა ჩაუწიეთ ტელეფონის მიკროფონს, თორემ სალონში თანამოსაუბრის ხმა ზარივით ისმის ხოლმე, მოპასუხეზე აღარაფერს ვამბობ. თანაც გაითვალისწინეთ, ერთ დღეს თქვენს გვერდით სავარძელზე შესაძლოა მე აღმოვჩნდე და ”გაგაბლოგოთ”.