დუმილით დავაშავე? - კვირის პალიტრა

დუმილით დავაშავე?

ამ საღამოსაც გვიან გამოვედი რედაქციიდან. 9 საათი იყო დაწყებული. პეკინის ქუჩა გადავკვეთე და შუქნიშანთან, გაჩერებაზე დავდექი. მიცკევიჩის ქუჩის კუთხეში, “ჯეოსელის” ოფისთან ყურადღება მიიქცია ხმაურმა.

ლაწირაკი, დაახლოებით 15-16 წლის, ბიჭი მთვრალი იყო და ბრაზიანად იჭაჭებოდა. ღრიალით იგინებოდა სავარაუდოდ მთელი ქვეყნიერების მიმართ, თქვენი დედა ასე და ისეო. მერე უცებ გამოექანა და იქვე შუქნიშანთან დამაგრებულ მწვანე სანაგვე ურნას მთელი ძალით დაარტყა წიხლი. ასაკით მოწიფულ და ოჯახზე ზრუნვით დამძიმებულ კაცს რომ ჰგვანებოდა, ვიფიქრებდი, უგულავას ნაგვის გადასახადმა გააგიჟა და მთვრალმა ჯავრი ურნაზე იყარა – მეთქი.

კვლავ ღრიალით განაგრძო გზა მორიგ, უკვე ლითონის, უზარმაზარ ურნამდე და იმასაც გამეტებით გლიჯა წიხლი. უკან ორი მისი კბილა ყმაწვილი მოჰყვებოდა. რატომღაც ყურმოჭრილებივით ემორჩილებოდნენ უზრდელ გადარეულს, სხვის დედასთან ერთად თავისასაც რომ გამუდმებით აუღლებდა “გინებით ბრუნვებში.” ახლა კი ვწერ ამ პოსტს შედარებით მშვიდად, მაგრამ მის მაცქერალს ძალიან მომეშალა ნერვები.

სანამ ტაქსი გააჩერა და თანმხლებთან ერთად მანქანაში ჩაეტენა, ვფიქრობდი როგორ მოვქცეულიყავი, გამეჩერებინა, წასვლის უფლება არ მიმეცა და მეთქვა, რომ ძალიან ცუდად იქცეოდა, თუ პოლიციაში დამერეკა და ტაქსის მარკა და ნომერი მიმეთითებინა? წამებში გადავხარშე, თუ შევაჩერებდი, ისეთი აღგზნებული იყო, ყველა შემთხვევაში მომაყენებდა შეურაცხყოფას, რისთვისაც საეჭვოა, გამეძლო და სულ მცირე სახეში არ შემომერტყა, ამას თავისთავად მოჰყვებოდა სკანდალი და პოლიციის გამოძახება. იმ საცოდავსაც არ ასცდებოდა ვირის აბანოში ხანგრძლივად ყურყუტი. რა ვიცი რას “შეტენის” პოლიცია და რით დაუმახინჯებს ცხოვრებას - მეთქი, ვიფიქრე და იმ უზრდელთან კონტაქტი და პოლიციის გამოძახება გადავიფიქრე. ახლა კი მაინც ვერ ვისვენებ. ავტომობილში ჩაჯდომამდე ვიღაცას დაურეკა ტელეფონზე, ვაკეში გამოვდივარ და ძირს ჩამოეთრიეო?! ვაითუ ვაკეში გასვლის შემდეგ იჩხუბეს. ვაითუ ვინმე მოკლა ან ვინმემ მოკლა, ან სულაც დაასახიჩრეს ერთმანეთი. იქნებ პოლიციის გამოძახებით კარგი საქმე გამეკეთებინა მისთვის?

... და საერთოდაც რა სჭირთ ამ ბავშვებს, რამ გააბოროტათ ასე? რა ჯანდაბას აკეთებენ მათი მშობლები, როდესაც შვილები მოლიპულ გზაზე იწყებენ ბორიალს?

ან ჩემს საქციელს რა ჰქვია, ყველას მამიდობა? როგორ უნდა მოიქცე ასეთ დროს? დუმილით დავაშავე?